დივერსია თუ შემთხვევითობა - 13 დამწვარი ბაზრობა და ხანძრის გამომწვევი უცნობი მიზეზები

2012 წლიდან დღემდე 13 ბაზრობა დაიწვა. ხანძრის შედეგად დამწვარი ბაზრობების სტატისტიკა კი ასეთია:



2012 წლის 15 ნოემბერი - ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილმა ხანძარმა 30-მდე სავაჭრო ობიექტი მთლიანად გაანადგურა, დაიწვა 500 კვ.მ ფართობი;

2013 წლის 26 თებერვალი - დაიწვა სავაჭრო ცენტრი „საბა“ - დაიწვა 6 500 კვ.მ ფართი. ზარალმა რამდენიმე მილიონი ლარი შეადგინა;

2014 წლის 25 აგვისტო - დაიწვა სენაკის აგრარულ ბაზრობა, დაიწვა 3 000 კვ.მ ტერიტორია. განადგურდა 250-მდე მოვაჭრის საქონელი;

2014 წლის სექტემბერი - დაიწვა ე.წ. ბოშების ბაზრობა;

2014 წლის 7 დეკემბერი - ბათუმი, დაიწვა ხოფის ბაზრობა, ხანძარი საახალწლო ფოიერვერკების მაღაზიას გაუჩნდა, რის შემდეგაც ცეცხლი სხვა მაღაზიებზეც გადავიდა. შედეგად ორი მოვაჭრე დაიღუპა, დაიწვა 50-მდე მაღაზია;

2014 წლის 27 დეკემბერი - ელიავას ბაზრობაზე ცეცხლი ძველი ავტომობილების ნაწილების ჯიხურებს გაუჩნდა. დაიწვა დაახლოებით 150 კვ.მ ფართობი.

2015 წლის 21 იანვარი - დაიწვა ისნის ბაზრობა, ცეცხლი ბაზრობის იმ ნაწილს გაუჩნდა, სადაც ავტონაწილებით ვაჭრობენ, დაიწვა 15-მდე მაღაზია;

2015 წლის 4 აგვისტო - ელიავას ბაზრობა, ცეცხლი საღებავების საწყობს გაუჩნდა;

2016 წლის 2 აგვისტო - ზესტაფონის ე.წ. შავი ბაზარი, ცეცხლი ბაზარში მდებარე სავაჭრო ობიექტებს ღამით გაუჩნდა. დაიწვა დაახლოებით ათასი კვადრატული მეტრი ფართობი;

2016 წლის 3 ოქტომბერი - ლილოს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე 300 კვ.მ ფართობი დაიწვა. დამწვარია შერეული საქონლის საწყობი;

2017 წლის 30 იანვარი - დაიწვა „ბავშვთა სამყარო“ და ე.წ. საბითუმო ბაზარი, მთლიანად დაიწვა სავაჭრო ცენტრი და ბაზრის ტერიტორია;

2017 წლის 2 ივლისი - ე.წ. ელიავას ბაზრობაზე დაიწვა 2000 კვ.მ ფართობი.

2017 წლის 10 ივლისი - ფოთი, ბაზრობის ტერიტორიაზე არსებულ სავაჭრო ცენტრი დაიწვა.



ყველა შემთხვევაზე გამოძიება დაწყებულია, მაგრამ უცნობია გამოძიების შედეგები, რადგან for.ge-ს მცდელობის მიუხედავად, შსს-ში სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ. შესაბამისად, უცნობია რა არის გახშირებული ხანძრების გამომწვევი მიზეზი - დივერსია, თუ შემთხვევითობა.

მაშ ასე, გიორგი მღებრიშვილის უწყება სატელეფონო ზარებს არ პასუხობს, ხელისუფლების ოპონენტები კი, ყველა ამ ფაქტის უკან, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ინტერესებს ხედავს. როგორც ჩანს, გარკვეული ჯგუფის ინტერესებში შედის დამწვარი ბაზრობები, მით უფრო წინასაარჩევნოდ, ვინაიდან ნებისმიერ შემთხვევაში, საზოგადოების რისხვა ხელისუფლებისკენ იქნება მიმართული, თუნდაც გამოუძიებელი საქმეების გამო.

გახშირებული ხანძრების ისტორიაში საინტერესო დეტალია ისიც, რომ სახანძრო ბრიგადებზე ადრე შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად ჩნდება „რუსთავი 2“-ის გადამღები ჯგუფიც.

საქართველოში უკვე ტრადიციად ქცეული ბაზრობების დაწვის ოთხ ვერსიაზე საუბრობს „სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრი კონტროლის, საქართველოს ცენტრის“ თავმჯდომარე, ბესიკ ალადაშვილი, რომლის შეფასებით, ერთი ვერსია მართლა ეს არის შემთხვევითობა და ხანძარი ჩნდება დაუდევრობის მიზეზით. მეორე ვერსია - ბიზნესგარიგება და ბიზნესთან დაკავშირებული ვითარება;

მესამე ვერსია - პოლიტიკური ოპოზიციის მიერ დაგეგმილი დივერსია, ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობის და უარყოფითი მუხტის შესაქმნელად, რადგან, მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, დაზარალებული მოსახლეობა მიდის ხელისუფლებასთან და მეოთხე ვერსია - ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედება, რომლის მიზანია დესტაბილიზაცია და საბოტაჟი ქვეყანაში.

„აშკრაა, რომ უცხოპლანეტელები არ მოვლენ. გვინდა თუ არა, ჩვენ უნდა მივიდეთ ხელისუფლებასთან, მაგრამ ხელისუფლებასთან უნდა მივიდეთ არა თხოვნით, არამედ მოთხოვნით - რამდენად არის გამოძიებული ასეთი ფაქტები. იმიტომ, რომ ეს შემთხვევითობები მერე უკვე კანონზომიერებაში გადადის, მით უმეტეს როცა მეორდება შემთხვევითობა. ფოთის მერი ამბობს, რომ რაღაცა ძალიან გახშირდა ხანძარიო, ანუ, თვითონ ხელისუფლების წარმომადგენელსაც გაუჩნდა ასეთი კითხვა.

ჩვენ უნდა ვიცოდეთ, არის თუ არა სათანადოდ ჩატარებული ექსპერტიზა, რა საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, გარკვეულია თუ არა წინა შემთხვევებში ხანძრის გამომწვევი მიზეზები. 5 წელი არ უნდა სჭირდებოდს იმის დადგენას, რატომ გაჩნდა ხანძარი. ერთდროულად რამდენიმე ადგილას გაჩნდა ხანძარი. ხელისუფლებას ევალება შეისწავლოს, ჩაატაროს გამოძიება და დაადგინოს რა მიზეზით მოხდა ესა თუ ის შემთხვევა“, - აცხადებს ბესიკ ალადაშვილი.

მისივე თქმით, ნიშანდობლივია ისიც, რომ ხანძარი ღამის საათებში ჩნდება და თუ დავუშვებთ დივერსიის ვერსიას, აშკარაა, რომ ხანძარი მსხვერპლზე არ არის გათვლილი. როგორც ალადაშვილი ამბობს, ფოთის ბაზრობა კარგად იცის და უშვებს შესაძლებლობას, რომ ამ შემთხვევაში მოწესრიგებული არ იყო სახანძრო უსაფრთხოების საკითხები, მაგრამ რაც შეეხება ელიავას ბაზრობას და „ბავშვთა სამყაროს“, ფიქრობს, რომ აქ უფრო სერიოზულად იყო მოწესრიგებული სახანძრო უსაფრთხოების საკითხები.

კითხვაზე, რამდენად საფუძვლიანია ოპონენტების კრიტიკა, რომ ამის უკან იკვეთება ბიძინა ივანიშვილის ბიზნესინტერესები, მით უფრო წინასაარჩევნო პერიოდში რატომ უნდა აწყობს ხელისუფლებას უკმაყოფილო მოსახლეობა, ალადაშვილი ამ შემთხვევაში ყოფილი პრემიერის ბიზნეს-ინტერესებს გამორიცხავს და პოლიტიკურ დივერსიაზე ამახვილებს ყურადღებას.

„არა მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილს ისეთი ბიზნეს-ინტერესები ჰქონდეს, რომ რაღაცეების დაწვა დაიწყოს. ივანიშვილის ინტერესები არის შემოგდებული თემა ოპოზიციის მხრიდან. ვის აწყობს - კარს მოგვადგა ადგილობრივი არჩევნები და ეს განაწყენებული მოსახლეობა, რომ ამ ხელისუფლებას არ მისცემს ხმას ეს აშკარაა. საკმაოდ ორიგინალური აზროვნების მქონე უნდა იყოს ხელისუფლებაში მყოფი ადამიანი, ის ტოტი მოჭრას, რომელზეც ზის. აქედან გამოდინარე, ეს ვერსია ლოგიკურად მიუღებელია.

პირიქით შეიძლება ითქვას, იქნებ - ოპოზიცია და ოპოზიციაში არსებული მესამე ძალა, რომელიც ხან ხელისუფლებას ამოეფარება, ხან ოპოზიციას?! ეს აპრობირებული მეთოდია, სწორედ მას აწყობს ორივე მხარე ერთამანეთს იყოს გადაკიდებული და ქვეყანაც გახლეჩილი იყოს. ამიტომ, ჩვენ უფლება გვაქვს მოვთხოვოთ ხელისუფლებას ამ ფაქტების გამოძიება, - ეს იყო დივერსია თუ შემთხვევითობა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ბესიკ ალადაშვილმა.

თამთა ქარჩავა

2017-07-11 15:00:12