საქართველოს უსაფრთხოების მოლოდინში: ახალი ეფექტური ორგანო თუ კვლავ „ჩამოწერილი“ კადრების თავშესაფარი
2018-06-21 21:22:17
269
სახელმწიფო ორგანო, რომელსაც იდეაში უსაფრთხოების კუთხით ინფორმაციის აკუმულირება, ანალიზი და შემდეგ სახელმწიფო პოლიტიკა უნდა განესაზღვრა, ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში ორჯერ გაუქმდა. უკვე რამდენიმე თვეა ქვეყანა მსგავსი ორგანოს გარეშე განაგრძობს არსებობას, მხოლოდ ახლახანს გახდა ცნობილი, რომ მსგავსი ორგანო ისევ ყალიბდება, ამჯერად უსაფრთხოების მაკოორდინირებელი საბჭოს სახით.
“ნამდვილად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მაკოორდინირებელი საბჭოს შექმნა. ჩვენ აუცილებლად შემოვალთ ინიციატივით პარლამენტში, ჩვენი დედლაინებიც აუცილებლად იქნება დაცული, რომ სექტემბრამდე აღნიშნული ინსტიტუტი აუცილებლად შევქმნათ. ის უზრუნველყოფს ეფექტურ კოორდინაციას ყველა უწყებას შორის“,– ბრძანა პარლამენტში ქვეყნის პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.
ანალიტიკოსები წარსულში არსებულ ორგანოების ეფექტურობას ხშირად აკრიტიკებდნენ. აღნიშნულ საკითხზე, მსგავსი საერთოდ არსებობის აუცილებლობაზე და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე „აქცენტი“უშიშროების გადამდგარ პოლკოვნიკს ბესიკ ალადაშვილს ესაუბრა, რომელსაც საკუთარი რეკომენდაციები აქვს:
ალადაშვილს ზემოთაღნიშნული შექმნა–გაუქმების პოლიტიკა უქმნის განცდას, რომ „ქვეყანაში ეროვნული უსაფრთხოების აღქმა საერთოდ არ არსებობს“.
ბესიკ ალადაშვილი: ჩვენ მახინჯი კონსტიტუციის ტყვეები ვართ – არსებობს პრეზიდენტის ინსტიტუტი, მაგრამ ბოლო ორ წელიწადში ფაქტობრივად, ნომინალურ ფიგურად იქცა. აქედან გამომდინარე, პრეზიდენტთან, რომელსაც არ აქვს მთავარსარდლის რეალური ფუნქცია, ვერ წყვეტს საკადრო საკითხებს, არავინ ექვემდებარება, უშიშროების საბჭოს არსებობის აზრს ვერ ვხედავ. მსგავს ვითარებაში ის ფიქტიური ორგანოა. რაც შეეხება კიდევ ერთ ორგანოს – კრიზისების მართვის საბჭოს, ის „ჩამოწერილი“ მინისტრების თავშესაფარად იქცა. და როგორც დავინახეთ, საბოლოოდ მისი აქტივობა სტიქიური უბედურებებისას მოქმედებათა კოორდინაციამდე დავიდა.
უნდა გვესმოდეს, რომ უსაფრთხოების საკითხები მინისტრთა კაბინეტსაც ცდება, გადადის პარლამენტში. ეს არის ანალიტიკური ორგანო, რომელიც ამზადებს დოკუმენტს – სტრატეგიას და ის საფუძვლად უნდა დაედოს სახელმწიფო პოლიტიკას.
შემიძლია, რამდენიმე მაგალითი მოგიყვანოთ: სამოქალაქო დაძაბულობის შექმნა შეიძლება პურზე ფასის გაძვირებით, პურის დეფიციტით. სახელმწიფოს არ აქვს ხორბლის სტრატეგიული მარაგები და არც პოლიტიკა ამ მიმართულებით; 10 წელია საუბრობენ გაზსაცავის, ანუ გაზის სტრატეგიული მარაგის შექმნაზე; არ გვაქვს ნავთობპროდუქტების მარაგები, ანუ ყველაფერი ის, რაც ეროვნული უსაფრთხოების კუთხით სახელმწიფოს სტრატეგიად უნდა იქცეს. ამ ყველაფერს უნდა არეგულირებდეს ერთი – საკოორდინაციო ორგანო. მეც მიმუშავია უშიშროების საბჭოში. რამდენიმე წლის განმავლობაში ვკურირებდი ეკონომიკურ უსაფრთხოებას (მაშინ ჯერ კიდევ იქმნებოდა ორგანო). გვქონდა უფლება, ნებისმიერ საკითხზე – სტრატეგიული ობიექტებისპრივატიზებასა თუ საგადასახადო სისტემაზე მოგვეწვია აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, კოორდინაცია გვქონდა საკანონმდებლო ხელისუფლებასთან, შემდეგ მზადდებოდა რეკომენდაციების ერთიანი პროექტი, რომელსაც პრეზიდენტი დაამტკიცებდა ან არა. დოკუმენტი ყველა სახელისუფლებო შტოსთან იყო შეთანხმებული და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
უკვე გადადგმული ნაბიჯებიდან გამომდინარე, არ მგონია, რომ ბოლომდეა გააზრებული, გათვლილი, რას მოგვიტანს ახალი ორგანო. თუ ის მხოლოდ ანალიტიკური ცენტრის ფუნქციით დაიტვირთა, ბუტაფორიულ ორგანოდ დარჩება. კატეგორიულად ვიმეორებ, ეს არ უნდა იყოს ისევ „ჩამოწერილი“ მინისტრებისა და კადრების თავშესაფარი.
უმაღლესი პოლიტიკური პირები ხშირად ამახვილებდნენ ყურადღებას უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე – იქნება ეს შიდა თუ რეგიონალური. ამდენად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საფრთხეების არსებობა აღქმულია, მაშ ეფექტური ორგანოს შექმნა რატომ გახდა პრობლემატური?
თუ მოვლენებს ფართო ჭრილში შევხედავთ, შეგვიძლია, კონსპირატიული თეორიაც ჩავრთოთ: „მარსიანელებს“ სურთ, საქართველო ვერ დადგეს ფეხზე, იყოს არშემდგარი სახელმწიფო, შესაბამისად მტკივნეულ წერტილებში მიმდინარეობს გამყინვარება – ვიცით რაში მდგომარეობს პრობლემა, ეს რჩება საუბრის დონეზე, შემდეგ კი საერთოდაც იჩქმალება. ეს ყველაფერი არა მხოლოდ სტრუქტურულ სრულყოფას, არამედ ეკონომიკურ უსაფრთხოებასაც ეხება. ამასთან, არსებობს ობიექტური პრობლემა – ჩვენი კონსტიტუცია. ის აუცილებლად დასახვეწია: ან საერთოდ უნდა გაუქმდეს პრეზიდენტის ინსტიტუტი, ან უნდა მივიღოთ ფუნქციური სტრუქტურა, სადაც ეროვნული უსაფრთხოების საკითხები რეალურად იქნება თავმოყრილი.
ნაკლებად სარწმუნოა, რომ პასუხისმგებელი პირებისთვის მთავარი დაბრკოლება კონსტიტუციური უფლებამოსილება. მაგალითად, სულ ახლახანს, სამკვირიანი მთავრობა მივიღეთ, რადგან, როგორც განიმარტა, მმართველი გუნდი პროცედურულ ვადებში ვერ ჩაჯდა...
ესეც მართალია. ან კვირიკაშვილი ყოფილიყო ეს სამი კვირა და შემდეგ მოეფიქრებინათ რა სურდათ.
შემაჯამებლად, მინდა გამოვყო სამი ძირითადი გამოწვევა, რაც სადღეისოდ ჩვენ ქვეყანას რეალურად უდგას:
ეკონომიკური განვითარება და სტაბილურობა – ეს ეხება როგორც საბანკო სექტორს, ისე – მონოპოლიას. ვხედავთ საწვავის ფასებზე აბსოლუტურ უკონტროლობას; ეკონომიკაში ჩამოყალიბდნენ რაღაც ხელშეუხებელი ჯგუფები (ფარმაციის, საბანკო, ნავთობისა და გაზის სფეროებში); ქვეყანაში ვერ ვითარდება საშუალო ბიზნესი, მაღალია უმუშევრობა, აქედან გამომდინარე, მაღალია სიღარიბე. ეს პირდაპირ კავშირშია უსაფრთხოებასთან. ხშირად სამართლიანი გაბრაზება ხელისუფლებაზე, უმართავ პროცესებში გადაიზრდებახოლმე.
პოლიტიკური სტაბილურობა – ერთ–ერთი უმთავრესია ქვეყნისთვის. აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება ქვეყნის ტვინი უნდა იყოს, მაგრამ აქაც იგივე მახინჯი კონსტიტუცია გვაფერხებს. ამ კონსტიტუციას დაერთო პიროვნული დაპირისპირება მარგველაშვილსა და დანარჩენებს შორის. სამწუხაროდ, ჩვენთან ჯერ კიდევ არ ესმით, რომ პოლიტიკა ურთულესი პროფესიაა. არ შეიძლება, დღეს ბიზნესმენი იყო, ხვალ პოლიტიკოსობა მოინდომო და გახდე კიდეც.
სამხედრო განვითარება – ჩვენი უმთავრესი პრობლემა იყო და არის. ამ ნაწილში ვგულისხმობ სპეცსამსახურებსაც. ათწლეულია ვერ შევთანხმდით ჯარის რა მოდელი გვინდა. მინისტრების ცვლილებასთან ერთად იცვლება კონცეფცია, იხარჯება უამრავი თანხა. ქვეყნისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია გამართული, პროფესიონალური სპეცსამსახური, რომელიც ჩვენ ან არ გვყავს, ან მათი მუშაობა ყველა სფეროში იმდენად უმნიშვნელოა, რომ არ შეიმჩნევა. მაგალითად, მაჩალიკაშვილების თემა – თუ კითხვებს დროულად არ გაეცა პასუხი, შესაძლოა, უფრო რთულ პროცესებში გადაიზარდოს, ვიდრე ხორავას ქუჩაზე მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებით მოხდა. თუ შეცდომაა დაშვებული, ყველა დონეზე უნდა მოხდეს ამის აღიარება. თუ კითხვებს პასუხს არ სემ, ტოვებ სივრცეს სპეკულაციებისთვის. მით უფრო, ძალიან სენსიტიურ საკითხთან გვაქვს საქმე: 19 წლის ბიჭი საკუთარ სახლში, ლოგინში მოკლეს. არაა მტკიცებულებები, რომ ეს ბიძი იყო ტერორისტი და ასევე არ გვაქვს მტკიცებულებები, რომ ოპერაციის ამგვარად ჩატარება აუცილებლობას წარმოადგენდა.
სამწუხარო ინფორმაცია გახდა ცნობილი: მალხაზ მაჩალიკაშვილმა თქვა, მას უთხრეს გასროლის განმახორციელებელი სპეცრაზმელის ვინაობა. მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე მიუთითებს...
ეს ძალიან ცუდია. ჩვენი სპეცსამსახურები გაძეძგილია უცხო ქვეყნის აგენტურით. ჩვენი მტერი ამ შემთხვევაში პანკისის თემით სპეკულაციას მაქსიმალურად ეცდება და ხომ ხედავთ, რომ უკვე ცდილობს? ამას ქვეყნის სტაბილურობა არ უნდა გადავაყოლოთ. დასასჯელი უნდა დაისაჯოს.
გარდა ამისა, არ გვქონდეს ილუზია, რომ მოწინააღმდეგე მხოლოდ რუსეთია – რეგიონში ძალიან ბევრი ოპონენტი გვყავს. ისინი მინიმუმ, ინფორმაციის მოპოვებას ცდილობენ, მაქსიმუმ – საკუთარი პროექტების განხორციელებას და საკუთარი კადრების გაყვანას აღმასრულებელ, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლებებში. ეს თემა სუს–ის ანგარიშშიც მოხვდა, მაგრამ რეალური შედეგი არის? ერთი დასაბუთებული შემთხვევა მაინც ხომ უნდა გვქონდეს?
მოკლედ შევეცადე გამომეყო ის ძირითადი მიმართულებები, რაზეც მაკოორდინებელმა ორგანომ უნდა იმუშაოს. ის მხოლოდ პრემიერის აპარატში ვერ ჩაიკეტება, უფრო მაღალი სტატუსის უნდა იყოს. მესმის, რომ არსებულ სიტუაციაში პარლამენტში ვერ გადაინაცვლებს, პრეზიდენტის უფლებამოსილება შეკვეცილია, და ჩემი რეკომენდაციაა, რომ დაიწყოს დისკუსია ანალიტიკოსებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, უნდა შემუშავდეს მოდელი, რომელიც რეალურად იმუშავებს და არ დარჩება ქაღალდზე.
ახალი ამბების სააგენტო „აქცენტი“