„გავრილოვის ვიზიტი საერთო დიდი ოპერაციის, დიდი გეგმის ნაწილი იყო, რომელიც ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ დაიგეგმა“

„გავრილოვის ვიზიტი საერთო დიდი ოპერაციის, დიდი გეგმის ნაწილი იყო, რომელიც ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ დაიგეგმა“
29 ივნისი, 2019
მანანა ნოზაძე

შეიძლებოდა თუ არა 20 ივნისის დაძაბული ღამის აცილება? ხელეწიფებოდა თუ არა მმართველ გუნდს მხოლოდ საპოლიციო ძალებით სიტუაციის მოგვარება, თუ მაინცდამაინც სპეცრაზმის ჩართვა და ადამიანებისთვის სახიფათო რეზინის ტყვიების გამოყენება იყო საჭირო? ამის შესახებ Fორ.Gე-ს „სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლი-საქართველოს ცენტრის“ თავმჯდომარე ბესო ალადაშვილი ესაუბრა.
20 ივნისის ღამეს გავრილოვის ქმედებით შეურაცხყოფილი ახალგაზრდების პროტესტი ცალკეულმა პოლიტიკოსებმა შესაძლოა სათავისოდგამოიყენეს, მაგრამ ყველაფერი შედეგით ფასდება და შედეგი უმძიმესია - დასახიჩრებული ადამიანები და საპროტესტო მუხტის გაძლიერებახალხში. საინტერესოა, რა შემთხვევაში შეიძლება მოხდეს მძიმე სიტუაციებში სპეცრაზმის ჩართვა, რომლის ჩარევაც, თუკი საქართველოსუახლოეს ისტორიას გავიხსენებთ, ყოველთვის ძალისმიერად მთავრდება?
- სანამ გავრილოვის თემა აქტუალური გახდებოდა, მანამ ერთი-ორი კვირით ადრე უკვე შეინიშნებოდა დაძაბულობა, თუნდაც პრაიდთან დაკავშირებით. ცხადია, განსაკუთრებული სიმწვავე პარლამენტში მომხდარმა ფაქტმა და გავრილოვის ქმედებამ შეიძინა. აქ უკვე იკითხება, რომ გავრილოვის საქართველოში შემოყვანა, პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე დაჯდომა აყვანილი იყო სახელმწიფო ღალატის ტოლფასად. ამას ადასტურებს ამ ფაქტის შემდგომი ისტერიული გაშუქება. ჩემი აზრით, გავრილოვის ვიზიტი საერთო დიდი ოპერაციის, დიდი გეგმის ნაწილი იყო, რომელიც ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ დაიგეგმა. ეს გათვლილი იყო იმაზე, რომ საქართველოში შიდა სიტუაცია დაძაბულიყო, რაც, სამწუხაროდ, ხშირად ხდება ხოლმე. რაც შეეხება პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს, თვითონ პოლიციას ჰყავს ე.წ. სპეცრაზმი, სპეცნაზს რომ ეძახიან, ანუ სპეციალური დანიშნულების რაზმი, რომლის ფუნქციც ზუსტად ისაა, განსაკუთრებულ სიტუაციაში შეძლოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა. თვითონ სპეცსამსახურების ფუნქციები უნდა განვასხვავოთ პოლიციისა და სპეცრაზმის ფუნქციებისგან. რა თქმა უნდა, ჩვენს სპეცსამსახურებს უნდა ჰქონოდათ ინფორმაცია, პირველ რიგში, გავრილოვის ვიზიტთან დაკავშირებით, რომ ეს ვიზიტი ასეთ ვნებათაღელვას გამოიწვევდა. სხვადასხვანაირი სიტუაციის მოდელირება შეიძლებოდა. თუკი გავრილოვი მოვიწვიეთ, შეიძლებოდა ასეთი პომპეზური სახე არ მიგვეცა ამ კაცის ყოფნისთვის საქართველოში, შეიძლებოდა პარლამენტის სხვა რომელიმე სხდომათა დარბაზში ამ შეხვედრის გამართვა. აქაც მოიკოჭლებენ ჩვენი სპეცსამსახურები. პარლამენტთან გამართული მიტინგი რომ უკვე აგრესიული გახდებოდა, წინმსწრები ინფორმაცია სპეცსამსახურს ამაზეც უნდა ჰქონოდა. ზოგადად, სპეცსამსახურის დანიშნულებაა ასეთი მოვლენების თავიდან აცილება, პრევენცია, როცა ასეთი მოვლენები ხდება, ეს ნიშნავს, რომ სპეცსამსახურებმა კარგად ვერ იმუშავეს. როდესაც ასეთი მძიმე შედეგია-მომიტინგეთა დასახიჩრება-დაინვალიდება, ეს უკვე ნიშნავს ძალის გადამეტებას. აქაც შეიძლება ძალიან ბევრი მოდელის შედგენა, რა მეთოდით, რომელ საათზე და რა ძალებით შეიძლებოდა იქ დარჩენილი მომიტინგეების დაშლა, თუკი ამის აუცილებლობა იყო და რამდენად იყო გამართლებული რეზინის ტყვიების გამოყენება.
ნუთუ არ შეიძლებოდა სიტუაციის განმუხტვა წყლის ჭავლით, ცრემლსადენი აირის გაშვებით? თუკი ამბობენ, რომ გადატრიალებისმოსურნენი იყვნენ ცალკეული პოლიტიკოსები, ნუთუ სპეცნაზს არ შეეძლო სპეცოპერაციის ჩატარება, არეულობის მომხრეების განეიტრალება? ამით ხომ უბრალო ადამიანები დასახიჩრებას გადაურჩებოდნენ?
- რა თქმა უნდა, ეს შეიძლებოდა, მაგრამ ხანდახან ღიმილის მომგვრელია, როდესაც მომხდარის შემდეგ ეძებენ ხოლმე მტკიცებულებებს. მაგალითად ავიღოთ ის ფაქტი, რაც ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებთან დაკავშირებით მოხდა. ეს პიროვნება თუკი შემჩნეული იყო საეჭვო რამეში, მაშინ რაღა ზუსტად იმ დროს აღმოაჩინეს ეს ფაქტი, როცა 20 ივნისის ამბავი მოხდა?! თუკი ინფორმაცია არსებობდა ამ პიროვნების შესახებ და ეს იყო აგენტურული, თუ ოპერატიულ-ტექნიკური ინფორმაცია, რაღა მაინცდამაინც იმ ღამეს ელოდებოდნენ? ხომ შეეძლოთ, იმ ადამიანისთვის მიეცათ საშუალება, მანქანამდე მაინც მიეტანა მოლოტოვის კოქტეილები, დანაშაულის ჩადენის რეალური მცდელობა ყოფილიყო და გზაში დაეპატიმრებინათ? მაშინ ამდენი კითხვა აღარ გაჩნდებოდა, რადგან მოსახლეობისთვის ხანდახან არ არის ხოლმე დამაჯერებელი მტკიცებულებები და მერე პროკურატურას უხდება ხოლმე სასამართლოზე ყოველნაირად დაამტკიცოს პირველი ვერსია. ძალიან რთული იქნება იმის დამტკიცება, რამდენად მიიღებს ამ კაცის სატელეფონო საუბარს არგუმენტად სასამართლო. ყოველთვის შეიძლება უფრო მაღალი დონის მტკიცებულებების მოპოვება, რაც რატომღაც არ ხდება ხოლმე.
ზოგადად, ცნობილი ფაქტია, როცა ასეთი მღელვარებაა, ხალხის დიდი მასებია, ხალხის განეიტრალება მშვიდობიანი მეთოდებით ხდება ხოლმე დილის 3-4 საათზე, როცა იქ ძალიან ცოტა ადამიანია დარჩენილი. ასე რომ მომხდარიყო, შეიძლება შემთხვევით გამვლელი ადამიანები არ დასახიჩრებულიყვნენ. საკმაოდ ბევრი გადაცდომაა. ვერ ვიტყვი, რომ ეს იყო სამსახურეობრივი დაუდევრობა, გულგრილობა, შეიძლება პირდაპირ გამოიკვეთოს სამსახურეობრივი დანაშაულიც კი. რომელი ჩინოვნიკებიც არ უნდა გამოიკვეთონ, არ უნდა მოხდეს ამის გადაფარვა, რათა ეს კიდევ ახალი მღელვარების მიზეზი არ გახდეს.
თქვენ დასაწყისში აღნიშნეთ, რომ პროვოკაცია ქვეყნის გარეთ იყო დაგეგმილი. აქ რუსეთის სპეცსამსახურების ინტერესები იგულისხმება დარა წილი აქვს ამ საქმეში „ნაცების“ ინტერესებს?
- აქ რუსეთის სპეცსამსახურებზეა საუბარი. სპეცსამსახური ზუსტად იმას ნიშნავს, რომ ის ხანდახან პირველ სვლას აკეთებს და შემდეგ უკვე აღარ ჩანს სპეცსამსახურის ქმედება. მოვლენის პროვოცირება რომ მოხდება, იმის შემდეგ მოვლენები ხანდახან თავისი დინებით მიდის. წარმოიდგინეთ, ზვავისებური რეაქცია, ზვავს რომ მივცეთ დასაწყისის საშუალება, მერე უკვე აღარ არის საჭირო ჩვენი ჩარევა, ის თავისით გააგრძელებს მოქმედებას. სამწუხაროდ, რუსეთის შესაბამისმა სტრუქტურებმა ჩვენი ხალხის ხასიათი, მენტალიტეტი კარგად იციან, კარგად იციან ისიც, სად შეიძლება „აგვაგდონ“ ჩვენი დაუფიქრებელი ტემპერამენტისა და ემოციების გამო. ბუნებრივია, ოპოზიცია ყოველთვის ცდილობს ყველაფერი გამოიყენოს, ხანდახან ოპოზიცია არც კი უყურებს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს რამდენად შეეფერება მისი მოქმედება, თუ განცხადება. ასე იყო ამ შემთხვევაშიც და ეს ყველაფერი ერთმანეთს დაემთხვა, ანუ აქ დაემთხვა ოპოზიციის სურვილები, ხელისუფლების შეგნებული დოყლაპიობა, თუ უუნარობა და სამწუხაროდ, მივიღეთ ის, რომ ქვეყანა დადგა დაპირისპირების ზღვარზე. ჩვენს ეკონომიკაზეც ამას მნიშვნელოვანი დარტყმა აქვს. ასევე, ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი კიდევ ერთხელ შეილახა.
რაც შეეხება დათვისთვის განკუთვნილ ტყვიებს, ამ დღეებში მომხდარის გამო ყველა იღებს სიტყვიერ პასუხისმგებლობას, მაგრამკონკრეტულად რაში გამოიხატება ამ პასუხისმგებლობის აღება, ეს არ ჩანს.
- რეზინის ტყვიების გამოყენება ყოველთვის სახიფათოა. 7 ნოემბრის დროსაც ასე მოხდა, თითქმის იგივე სიტუაცია იყო, რამდენად გადაუდებელი აუცილებლობა იყო ეს, ზუსტად ეს უნდა გაირკვეს.
გაისმა ანზორ ჩუბინიძის სახელი, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილის მითითებით სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმაანზორ ჩუბინიძემ გასცა დარბევის ბრძანება და რეალურად გახარიას არც გაუცია ბრძანება. ივანიშვილის დაცვის ყოფილ უფროსს 20 ივნისისსპეცოპერაციაში რა როლი ჰქონდა?
- შიდა სამზარეულოში რა ხდება, მინისტრებსა და სამსახურის უფროსებზე ვის მეტი ავტორიტეტი და გავლენა აქვს, მე არ ვიცი, ეს სხვა თემაა. მე უბრალოდ გეტყვით, კონსტიტუციითა და პროტოკოლით როგორ არის. პარლამენტი, ბუნებრივია, სამთავრობო ორგანიზაციაა და პარლამენტს იცავს სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახური, ანუ ანზორ ჩუბინიძე. რაც შეეხება გარე პერიმეტრს, იქ უკვე ეს ფუნქცია პოლიციის, პატრულის და სპეცრაზმისაა. თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ სპეცრაზმი ჰყავს, ასევე, სახელმწიფო დაცვის სამსახურსაც. ახლა აქ რომელი სპეცრაზმი იყო გამოყენებული, ან რა ეტაპზე, ვისი ბრძანებით, ეს გამოძიებამ უნდა აჩვენოს. აქ ვერანაირ კანონის დარღვევას ვერ ვხედავ, რადგან პარლამენტის შენობის დაცვაზე პასუხისმგებლობა აქვს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს, ოღონდ მის შიდა პერიმეტრზე.
მაგრამ ფაქტი ისაა, რომ სამართალდამცავები რეზინის ტყვიებს პარლამენტის შიგნით კი არა, გარეთ ესროდნენ მოსახლეობას.
- ეს გასაგებია, მაგრამ, როცა პარლამენტის და კანცელარიის შენობის დაცვაზეა საუბარი, შიგნით დაცვის ვალდებულება აქვს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს.
რამდენად მართალია, სპეცნაზი როცა ჩაერთვება საქმეში, იქ უკვე ყველაფერი დასრულებულია და ყველაფრის უფლება აქვს სპეცნაზს?
- ეს აბსურდია, რომ სპეცრაზმი რახან ჩაერთვება, მას ყველაფრის უფლება აქვს. სპეცრაზმი ერთვება იმ შემთხვევაში, თუ დამნაშავეთა მოგერიებას შსს ვერ ახერხებს. მაგალითად, ბანკზე მოხდა თავდასხმა, პოლიცია ბანკის თავდამსხმელთა მოგერიებას ვერ ახერხებს და ამიტომაც ხდება შსს-ს სპეცრაზმის ჩართვა. სპეცრაზმის ფუნქცია ზუსტად ის არის, მათ ჰქონდეთ უნარ-ჩვევები, ისინი ფსიქოლოგიურად მომზადებულნი იყვნენ, ასევე, იყვნენ ნავარჯიშები, ჰქონდეთ ზუსტად ამ არალეტალური იარაღის გამოყენების უნარ-ჩვევები და უფლება, ჩვეულებრივი პოლიციელი ამისთვის არ არის მზად. სპეცრაზმის დანიშნულება ყოველთვის მკაფიოდაა განსაზღვრული, სპეცრაზმი ჰყავს იმავე სუსსაც, ჰყავს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურსაც, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს და მათი ფუნქციები მკაფიოდ განსაზღვრულია.

რატომ არ შეფასდა რისკები: "ქვეყანა შტორმში შეგდებულ ნავს ჰგავს"
2019-07-01 14:08:28, საშინაო პოლიტიკა, ინტერვიუ
20 ივნისს პარლამენტში და მის გარეთ განვითარებული მოვლენებიდან ერთი კვირის თავზე შს მინისტრმა, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარე გიორგი გახარიამ აღიარა, რომ რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის ვიზიტის თანმდევი რისკები ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ფორმატში განხილული არ ყოფილა. საბჭო, რომელიც შექმნის დღიდან მხოლოდ ერთხელ – პირველ მაისს შეიკრიბა, აღნიშნულ საკითხზე სამსჯელოდ არც რუსი დეპუტატების ვიზიტამდე და არც ვიზიტის შემდეგ შეკრებილა.
„აქცენტი“ სფეროს სპეციალისტებს ესაუბრა.
უსაფრთხოების ექსპერტი ბესო ალადაშვილი: სურათი იმაზე მეტყველებს, რომ ქვეყანაში ინსტიტუტები სათანადოდ ვერ მუშაობენ. საკითხები, რაც უსაფრთხოების საბჭოს დღის წესრიგში უნდა იყოს, რეალურად არ არის, შესაბამისად, მასზე არც პრევენციულად მუშაობს ვინმე. ქვეყანა აღელვებულ ზღვაში შეცურებულ ნავს ჰგავს, რომელსაც ტალღები აქეთ–იქეთ ახეთქებს. გამიზნული პროგრამა, სტრატეგია არ იგრძნობა. აქ მნიშვნელოვანია როგორც საკადრო პოლიტიკა, ისე ჩვენი სპეცსამსახურების ცუდი მუშაობა.
ფიქრობთ, რომ საკითხ უსაფრთხოების საბჭოს მიერ განილვას და რისკების შეფასებას იმსახურებდა, მით უფრო, რომ მმართველი გუნდის წევრები აცხადებენ, მგონი სერგეი გავრილოვის მხრიდან პროვოკაციას ჰქონდა ადგილიო...
სპეცსამსახურების ფუნქციაა, გააანალიზონ სიტუაცია ქვეყანაში, ქვეყნის გარეთ და შესაბამისი რეკომენდაციები პოლიტიკურ ხელმძღვანელობას გადასცენ. ჩვენი სპეცსამსახურები უნდა ისხდნენ და თითოეულ ნიუსს, განცხადებას სწავლობდნენ, რადგან ფონი ჯერ კიდევ ვიზიტამდე არსებობდა, სიტუაციის უკვე იძაბებოდა. სწორედ ესაა ჰიბრიდული ომი. შემდეგ უკვე გავრილოვის პარლამენტის სხდომათა დარბაზში შესვლა, პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე დაჯდომა უკვე სკანდალის ფონზე მოხდა და გახდა საბაბი პარლამენტთან განვითარებული მოვლენებისა. გავრილოვის საკითხი თუ უსაფრთხოების საბჭოს დღის წესრიგში არ იყო, გასაგებია, მაგრამ შემდეგ, როდესაც სიტუაცია დაიძაბა, სასწრაფოდ, იმ საღამოსვე უნდა მოწვეულიყო სხდომა და მომხდარიყო სხვადასხვა ვარიანტების განხილვა. უსაფრთხოების საბჭოს მეტი ფუნქცია არ აქვს. უნდა ვაღიაროთ, რომ ძალიან ცუდი პრეცედენტი მოხდა: არ შეიძლება, მსგავს საკოორდინაციო საბჭოს ერთ–ერთმა წევრმა უხელმძღვანელოს, ამ შემთხვევაში შს მინისტრმა – ოპერატიული ხელმძღვანელობა მისია, რომელსაც არ აქვს შესაბამისი განათლება, გამოცდილება სტრატეგიული კვლევების, სტრატეგიული ოპერატიული მუშაობის. შედეგად იმ სურათს ვიღებთ, რომელიც სახეზეა.
ვისი პასუხისმგებლობა იკვეთება?
შეიქმნა სერიოზული სახელისუფლებო კრიზისი, რომელიც სამწუხაროდ, მძიმე შედეგით დასრულდა, რადგან სულ მცირე, ორი ადამიანი გვყავს დასახიჩრებული, პოლიციელებიც არიან დაშავებულები. ამ შემთხვევაში ლოგიკური შეკითხვა ისმის – როდესაც რომელიმე უწყებაში, მით უმეტეს, საჯაროში, რაიმე ამოცანა ვერ სრულდება, პასუხისმგებელი ვინ არის? ბუნებრივია, ხელმძღვანელი. ღონისძიება კარგად დაგეგმილი მაშინ იქნებოდა, თუ სულ მცირე, რეზინის ტყვიების გამოყენება არ გახდებოდა საჭირო. ოპერაციის დაწყება, შემდეგ დემონსტრანტების დევნა...მართლაც 2007 წლის ნოემბრის საშინელი დღე გაგვახსენდა. ამდენად, პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი ცალსახად იკვეთება.
უსაფრთხოების სამსახურის პასუხისმგებლობის საკითხს ვერ ხედავთ? ინფორმაციას რომელი უწყება იძიებს და შემდეგ უკვე რისკებს ვინ აფასებს?
კი, ეს სპეცსამსახურების მოვალეობაა, მაგრამ ჩვენ სამწუხაროდ, ასე არ ვართ განებივრებულები. ყურისძირში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე რა ხდება, ის არ ვიცით. უშუალოდ დემონსტრანტების დარბევის საკითხზე პასუხისმგებლობა შსს–ს ეკისრება.
გასაგებია, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ 19–20 ივნისის მოვლენებზე, დარბევამდელ პერიოდზე. 20 ივნისის აქცია ხომ უშუალოდ პარლამენტში განვითარებული მოვლენების გამოძახილი იყო...
ამაზე პასუხისმგებელი უპირველესად, პოლიტიკური ხელმძღვანელობაა, რადგან სპეცსამსახურების მუშაობა ორი ძირითადი გზით ხორციელდება: დავალებით და ინიციატივით. კერძოდ, პოლიტიკური ხელმძღვანელობა სპეცსამსახურს აძლევს დავალებას, ამა და ამ საკითხთან დაკავშირებით მინდა რისკების გათვლა, მოდელირება და ა.შ. ; მეორე შემთხვევაში კი სპეცსამსახურის ხელმძღვანელობა საკუთარი ინიციატივით თვლის რისკებს და ოპერატიულ ინფორმაციას აწვდის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას. ყველა ქვეყანაში ასეა.
ანუ ამ შემთხვევაში პრემიერ–მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხზე საუბრობთ?
რა თქმა უნდა, თუმცა ჩვენ არ ვიცით, „სამზარეულოში“ რა ხდებოდა: იყო თუ არა დავალება და თუ არ იყო, სპეცსამსახურების მხრიდან სიტუაციის მოდელირება განხორციელდა თუ არა. მოდელირება ყველა ვარიანტში უნდა მომხდარიყო და შემდეგ მონაცემები პრემიერ–მინისტრის ადმინისტრაციაში ოპერატიულად გადაეგზავნათ. ნორმალურ ქვეყნებში ასე ხდება.
ბუნებრივია, ჩვენ არ ვიცით, კაბინეტში ვინ რა მოამზადა, მაგრამ ფაქტია, აღიარეს, რომ სიტუაცია უსაფრთხოების ჭრილში არ შეფასებულა...
სამწუხაროდ უკვე მერამდენედ მტკიცდება, რომ ჩვენთან ინსტიტუტები არ მუშაობენ. ჩვენ არ ვიცით, ვერ მუშაობენ თუ შეგნებულად არ მუშაობენ. აქ სერიოზული კითხვები იბადება, თუმცა ორივეს ერთ შედეგამდე მივყავართ – ქვეყნის უაღრესად რთულ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ მდგომარეობამდე. სახელმწიფო ინსტიტუტებს სტაბილურობის გარდა რა უნდა მოვთხოვოთ, თუმცა ვეჭვობ, შესაბამისი დასკვნები გააკეთონ. აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ როდესაც საქმე ეროვნულ უსაფრთხოებას ეხება, ზღვარი ოპოზიციამაც უნდა გაავლოს და არსებული ვითარება არ უნდა გამოიყენოს პოლიტიკური ქულებისთვის, წუთიერი გამარჯვებისთვის. მაგრამ ყველა ქვეყანაშია ასეა. დონალდ ტრამპის „ტვიტებს“ თუ გადაავლებთ თვალს, იფიქრებთ, რომ „დემოკრატები“ ქვეყანაში შეგზავნილი აგენტები არიან.