„აშკარად ხდება თემის პოლიტიზირება, როცა მსგავს საკითხთან დაკავშირებით ითხოვენ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას“
31 იანვარი, 2020
თამთა ქარჩავა
ტერორიზმი ერთ-ერთი გამოწვევა და საფრთხეა მთელი მსოფლიოსთვის, მათ შორის საქართველოსთვის. მიუხედავად იმისა, რომ ამ კუთხით საქართველოს საფრთხე არ შექმნია, ანალიტიკოსების შეფასებით, ეს არ ნიშნავს, რომ სპეცსამსახურებს მოდუნების უფლება აქვთ. აქედან გამომდინარე, „სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრი კონტროლის, საქართველოს ცენტრის“ თავმჯდომარე, ბესიკ ალადაშვილი ამბობს, რომ საკმაოდ მოუზომელია გოგაშვილის განცხადება, რომელიც აპირებს მტკიცებულებების გამოქვეყნებას.
„რამდენად უფლებამოსია, რომ გაასაჯაროოს? ეს არის საიდუმლო დოკუმეტნები, რასთან გვაქვს საქმე? დღეს, ეს პატივცემული პიროვნება არის ჩვეულებრივი მოქალაქე და მან თავის თავზე რატომ უნდა აიღოს სამსახურეობრივი დოკუმენტებს გამოქვეყნება?! ბუნებრივია, ეს იქნება კანონის დარღვევა. აშკარად, პირდაპირი არაპროფესიონალიზმი გვაქვს სახეზე.
რაც შეეხება საფრთხეს, ზოგადად, არსებობს სახელმწიფოების მიერ ორგანიზებული ტერორიზმი. ანუ, რომელიმე ტერორისტული ორგანიზაციის მიერ შენიღბული, სხვა ქვეყნის სპეცსამსახურის მიერ ჩადენილი ტერაქტი. ჩვენ ამის საფრთხე უფრო მეტი გვაქვს, ვიდრე რომელიმე ისლამური ტერორისტული ორგანიზაციის მიერ ტერაქტის განხორციელება“, - აცხადებს ალადაშვილი.
მისი თქმით, არსებობს საფრთხე იმისა, რომ მოწინააღმდეგე სახელმწიფოებიდან განხორციელდეს ტერორიტული აქტი, ტერორისტული ორგანიზაციის ვითომ სახელით, რათა კიდევ უფრო დაიძაბოს ვითარება, მით უმეტეს, რომ ახლოვდება არჩევნები.
„ეს გათვლა არსებობს სპეცსამსახურებში, რათა ორი პოლიტიკური ძალა ერთმანეთთან დააპირისპირონ, ეს ცნობილი მეთოდია და არ არის გამორიცხული, რომ აქ მოხდეს რაღაცა სერიოზული დანაშაული და ამის გამო, რეალურად სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივიდეთ. ანუ, პროვოცირება გააკეთონ რაღაცა სისხლიანი მოვლენის, აფეთქების, ტერაქტის, ან პოლიტიკური მკვლელობის, რომელსაც მერე უკვე დიდი დაპირისპირება მოჰყვება ქვეყანაში. ამის რეალობას უფრო ვხედავ. არჩევნების მოახლოება საქართველოსთვის გახდა სტიქიური უბედურება, როდესაც ყველაფერს ცუდს უნდა ელოდო. იმდენად დაბალია პოლიტიკური კულტურა, პოლიტიკოსების პროფესიონალიზმი, რომ სამწუხაროდ, ყველაფერია მოსალოდნელი“, - აღნიშნა ფორ.გე-სთან საუბრისას ბესიკ ალადაშვილმა.
რაც შეეხება მაჩალიკაშვილის საკითხს, ალადაშვილის შეფასებით, ყველა უნდა შევთანხმდეთ, რომ დამნაშავე უნდა დაისაჯოს, დანაშაული უნდა გამოვლინდეს, მაგრამ აქ იწყება ის „მაგრამ“, რომელიც აჩენს კითხვებს ამ საქმის გარშემო.
„შეიძლება პარალელი გავავლოთ კორტების საქმესთან და მაჩალიკაშვილის საქმესთან. ორივე შემთხვევაში დამნაშვის გამოვლენა არ მოხდა სამართლებრივი გზით. ანუ, მოხდა ლიკვიდაცია. არც ერთ შემთხვევაში არ იყვნენ ბრალდებულებიც კი. ორივე შემთხვევაში იყვნენ ეჭვმიტანილები. ანუ, მათი ბრალი არ იყო დამტკიცებული. გარკვეულწილად ეს იწვევს სამართლიან კითხვებს:
რამდენად მოდიოდა საფრთხე, რომ ლიკვიდაცია მომხდარიყო? შეიძლებოდა თუ არა მისი დაკავება ისეთ ვითარებაში, რომელიც ამ მსხვერპლს გამორიცხავდა? რამდენად სწორად იყო დაგეგმილი სპეცოპერაცია და რამდენად შესრულდა?
პანკისი ხეობა საკმაოდ დაძაბული, გეპოლიტიკური წერტილია, იქ იკვეთება ბევრი ინტერესი, რუსების, იგივე ტერორისტული ორგანიზაციების, თუ სხვადასხვა ქვეყნების. სამწუხაროა, რომ ეს თემა კვლავ პრობლემის წარმომქმნელია“, - ამბობს ბესიკ ალადაშვილი.