რა იპოვეს ექსპერტებმა ბაჩალიაშვილის ავტომობილში და რის დადგენას შეძლებს გამოძიება მისი ექსპერტიზით
1 სექტემბერი, 2020
Fორ.გე
ლიკა ბერიკაშვილი
თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებიდან 45 დღის შემდეგ, არსებობდა მოლოდინი, რომ ავტომობილის ექსპერტიზა ბევრ რამეს იტყოდა. თუმცა როგორც ოჯახი და ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, ჯერჯერობით ამ ექსპერტიზამ ხელჩასაჭიდი ვერაფერი თქვა. თუმცა, საქმეში კიდევ ერთი საეჭვო გარემოება ჩნდება - რატომ არ იყო ავტომობილის გამაგრილებელი სისტემა ჩართული მაშინ, როდესაც ახალგაზრდა პროგრამისტი რამდენიმე საათის განმავლობაში, ჩაკეტილი შუშებით გადაადგილდებოდა? იყო, თუ არა გამოყენებული ე.წ ბუქსირი?
უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტი ბესიკ ალადაშვილი ფორ.გე-სთან აცახდებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილის ტექნიკური დათვალიერებიდან საკმაოდ დიდი დრო გავიდა, ამიტომაც ოპტიმისტიური განწყობა დიდად არ აქვს, რომ იგი რაიმე განსაკუთრებული შედეგის მომცემი იქნება. ალადაშვილის თქმით, საუბარი იმაზე, რომ ავტომობილის კარი გარედან დაზიანებულია და მანამდე არ ყოფილა, ეს შესაძლოა ევაკუატორით აწევის დროს მომხდარიყო: „არ არის გამორიცხული და არსებობს დიდი ალბათობა, რომ ევაკუატორით აყვანის დროს დაზიანების კვალი დარჩეს. თუმცა დღეს უკვე რთული იქნება იმის დადგენა ეს დაზიანება რისგან არის გამოწვეული“. ამიტომაც ექსპერტი ამბობს, რომ ყოველთვის ავტომობილის სწრაფად დათვალიერებას და ექსპერტიზას დიდი მნიშვნელობა აქვს. თუმცა ახლაც ბევრი რაღაცა ხელჩასაჭიდი ინფორმაცია მაინც შეიძლება მოგვცეს.
„ეს ავტომობილი გახსნეს თუ არა, მისი ექპერტიზა მაშნვე უნდა მომხდარიყო - გარე დათვალიერება მაინც. იქ სპეციალურად რკინის ჩასაბმელზე ნაკაწრი მაინც გამოჩნდებოდა. რაც შეეხება ავტომობილის შიგთავსს, როგორც ვნახე ინფორმაცია, უკანა სავარძელზე თმა არის აღმოჩენილი. ეს საკმაოდ საინტერესო ფაქტია და, ალბათ, გაირკვევა ვისი დნმ-ია. რაც შეეხება კონდენციონერს, როგორც პროკურატურის განცხადება მოვისმინე, ის ჩართული არ იყო. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის გოგონას გადაადგილების პერიოდშიც გამორთული იყო.
ამის დადგენა შეუძლებელია. ეს ავტომობილი, ბუნებრივია, გამორთული იპოვეს. დღევანდელი ინფორმაციით, უკვე პოვნის დროს კონდიციონერი არ მუშაობდა. როდესაც ავტომობილი უკვე კრიმინალისტებმა გახსნეს, მაშინვე ის უნდა დაექოქათ და მწყობრში მოეყვანათ, ამ შემთხვევაში ყველა ის ფუნქცია შესრულებას დაიწყებდა, რაც გამორთვამდე იყო. ეს იყო შიდა შუქები, მუსიკა, კონდიციონერი, მოსახვევი და ა.შ. თუ ამ შემთხვევაში კონდიციონერი არ ჩაირთო, მაშინ ფაქტია, რომ მანქანის გამორთვის დროს ის არ მუშაობდა. ან მეორე ვარიანტია, მუშაობდა, მაგრამ აკუმულიატორი დაჯდა და გაითიშა. ესეც უნდა შემოწმებულიყო. აი, ასეთი ე.წ. წვრილმანები, პატარა მოზაიკური ფილები, ბევრ მტკიცებულბებს გვაძლევს“, - ამბობს ალადაშვილი ფორ.გე-სთან.
მისივე თქმით, ექსპერტიზას ასევე შეუძლია იმის დადგენა, ავტომობილში მანქანა გარედან იყო ჩაკეტილი თუ შიგნიდან. თავიდანვე გაცხადდა ინფორმცია, რომ გასაღები ავტომობილში თავის ადგილზე შიგნით იყო და ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ეს საინტერესო თემაა, რადგან ზოგიერთ ავტომობილს აქვს ისეთი ფუნქცია, რომლის მიხედვითაც ავტომობილი რამდენიმე წამის შემდეგ ავტომატურად თვითონ იკეტება. ამ ყველაფერს კი შესწავლა უნდა, რადგან გარედან და შიგნიდან ავტომობილში ჩაკეტვას გამოძიებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ანალიტიკოსის თქმით, მას იმის მოლოდინიც არ ჰქონდა, რომ ავტომობილის ექსპერტიზა ასე სწრაფად დამთავრდებოდა.
„ჩემი აზრით ავტომობილი შიგნიდან საერთოდ უნდა დაშლილიყო. საბარგულიდან დაწყებული თვითონ სალონით დამთვრებული შემოწმება უნდა მომხდარიყო. დღეს კრიმინალისტიკა ისეთ დონეზეა, რომ სისხლის ან სხვა რაიმე პატარა კვალსაც კი პოულობენ. რაც შეეხება იმაზე საუბარს, რომ ავტომობილებს აქვთ ნავიგაცია და აჩვენებს მოძრაობის მარშუტს, ეს ყველა მოდელს არა აქვს. ამიტომ ზუსტად გასარკვევია ბაჩალიაშვილის ავტომობილი რა შესაძლებლობის მქონეა.
წარმოიდგინეთ ერთ-ოთახიანში გარდაცვლილი იპოვნო და მტკიცებულებების შეგროვება იქ უნდა მოხდეს. თუ გოგონა ავტომობილშია გარდაცვლილი, ან შემდეგ არის იქ მოთავსებული, ავტომობილი ამაზე ბევრ რამეს, წესით, იტყვის. უნდა შემოწმდეს თითის ანაბეჭდები: მინებზე, სარკეზე, იგივე გადაცემათა კოლოფზე, ბოლოს ვინ შეეხო. იქ გოგონას თითის ანაბეჭდები აუცილებლად უნდა იყოს. თუ არ აღმოჩნდა, მაშინ საგანგაშოა, ესე იგი გაწმენდილია. თუ სხვისი აღმოჩნდა, მაშინ დასადგენია, ვისია და ა.შ.“, - ამბობს ალადაშვილი ფორ.გე-სთან.