დაიმახსოვრეთ 2022 წლის 24 თებერვალი: ეს პუტინის დასასრულის დასაწყისია

დაიმახსოვრეთ 2022 წლის 24 თებერვალი: ეს პუტინის დასასრულის დასაწყისია

უკრაინაზე თავდასხმა რუსეთის იმპერიული პოლიტიკის გაგრძელებაა. საუკუნეები გავიდა მაგრამ რუსეთში არაფერი შეცვლილა. იქ კვლავ იმპერიული ფანტაზიებით სულდგმულობენ. ეს ფანტაზიები რომ საშიშად სიცოცხლისუნარიანია, რუსეთში ჩატარებულმა ერთ-ერთმა სოციოლოგიურმა გამოკითხვამაც დაადასტურა, როცა საბჭოთა (იგივე რუსეთის) იმპერიის, თუნდაც ტრნასფორმირებული სახით, აღდგენის მომხრე გამოკითხულთა ნახევარზე მეტი აღმოჩნდა. მრავალსაუკუნოვანი პროპაგანდისტული მუშაობის შედეგად მესიანური ფანტაზიები რუსეთის საზოგადოების უკვე ყველა ფენაშია ღრმად გამჯდარი. ხელისუფლების წარმომადგენელი იქნება ის, ინტელეგენციის თუ უბრალო “მუშა-მუჟიკი”, ყველა თვლის, რომ ახალი ტერიტორიების დაპყრობის (მათი აზრით “ნებაყოფლობითი შემოერთების”) შედეგად მათ “მისიონერული გმირობა” ჩაიდინეს. ამიტომ პუტინის აგრესიულ პოლიტიკას რუსეთში ბევრი უჭერს მხარს. რუსეთის პრეზიდენტი არასდროს მალავდა, რომ “სახელოვანი” კა-გე-ბეს
გაზრდილია. თუმცა, მის ბიოგრაფიაში არის პერიოდი (1990-1998 წლები), როცა პუტინი “დემოკრატობას” თამაშობდა. საკმარისი იყო 1998 წლის აგვისტოში პუტინი რუსეთის კონტრდაზვერვის (ანუ ეფ-ეს-ბეს) შეფად დაენიშნათ, რომ პირველსავე პრსკონფერენციაზე ამაყად განაცხადა – მე ორგანოები არასდროს დამიტოვებია, გულში ყოველთვის “ჩეკისტი” ვიყავიო. პუტინის მცირე ბიოგრაფიული და ფსიქოლოგიური პორტრეტის შექმნაც კი მეტად რთული საქმეა. მისი ბიოგრაფიის რეალური ფურცლები ან უკვე ამოხეული და განადგურებულია, ანდა საგულდაგულოდაა გადამალული. განსაკუთრებით კი ბავშვობის პერიოდის ამსახველი დოკუმენტებია გასაიდუმლოებული. საათი მარჯვენა ხელზე, “მეზღვაურული” სიარული, “მუსკულების ჩვენება” და სხვებისგან რამენაირად გამორჩეულობისკენ სწრაფვა _ ეს პუტინის პიროვნული თვისებებია და ბავშვობიდან იღებს სათავეს. სამბო-ძიუდოთი გატაცებაც ერთგვარი თვითდამკვიდრებისკენ სწრაფვა და ბავშვობიდან წამოყოლილი კომპლექსებისგან განთავისუფლების მცდელობა იყო. ბავშვობაში ვოვას ალბათ ბევრს აბრაზებდნენ პატარა ტანისა და მწითური თმის ფერის გამო. ვინც მისი ბიოგრაფიის და ცხოვრების ისტორიის დაწერას მოინდომებს, გაურკვევლობების ჭაობი უცბადვე ჩაითრევს. სად დაიბადა, ვინ ზრდიდა, სად იზრდებოდა, ვინ არიან ნამდვილი მშობლები _ ამ კითხვებზე ცალსახა პასუხი დღესაც ძალზე ბუნდოვანია. პუტინის საქართველოსა და ქართველებისადმი დაუფარავი ცინიზმი და გულღრძოობა უკვე ათწლეულებს ითვლის.. სიანტერესოა ხომ არ იყო ამის რაიმე პიროვნული მიზეზი? ამასთან დაკავშირებით ერთი ფაქტი გამახსენდა, რომელიც ოცი წლის წინ მოხდა. მაშინ ქართველებმა პუტინს დედა მოაგონეს. 2002 წელს, დსთ-ს ერთ-ერთ სამიტზე, რომელიც კიშინიოვში გაიმართა, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს 50 წელი შეუსრულდა. ბუნებრივია შეხვედრის მონაწილენი ამ თარიღისთვის მომზადებულნი აღმოჩნდნენ. იყო მრავალი საჩუქარი და მილოცვა. მაგრამ ამ სიჭრელეში მაინც გამოირჩეოდა საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის საჩუქარი. შევარდნაძემ იუბილარს სურათი აჩუქა _ ”დედის ოცნება”, რომელიც ზომებით იმდენად არ გამოირჩეოდა (სულ 80X60 სმ იყო), რამდენადაც გურული ეშმაკური მინიშნებით. სურათზე დახატული იყო მდინარის პირას მდგარი ქალი, პატარა ბიჭუნასთან ერთად. ახალგაზრდა ქალს ოცნებებში ჩაძირულ სახეზე შვილის დიდი მომავლის იმედი ესახებოდა.
ჩემი აზრით მეტად საინტერესო და საკმაოდ თამამი მინიშნება იმალებოდა ამ ერთი შეხედვით უბრალო საჩუქარის მიღმა. პუტინის რუსეთის პრემიერ-მინისტრად დანიშვნისთანავე ჩვენთან ატყდა დიდი აჟიოტაჟი: ვითომ პუტინი საქართველოში, კერძოდ კი კასპის რაიონის სოფელ მეტეხში იყო გაზრდილი, მამინაცვალი ცუდად ექცეოდა და, რომ მისი დედა, საკუთარი შვილისგან მივიწყებული, მაშინაც იქ ცხოვრობდა. ქართულ პრესაში დაიბეჭდა კიდეც სიმპათიური მოხუცი ქალის ფოტოსურათი_ჭაღარა ქალბატონის თვალებში წლების მანძიზე უნახავი შვილის დიდი სევდა თითქოს მართლაც იხატებოდა.
როგორც მოსალოდნელი იყო, რუსულმა მასმედიამ ირონიულად მიიღო ქართველების მორიგი “პროვინციული ახირება” და ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით საკმაოდ მკვახედ უარყო ეს ვერსია. საინტერესოა, ამ ფაქტის შემდეგ განვითარებული მოვლენები, კერძოდ კი, რუსეთის მიერ განხორციელებული საქართველოს წინააღმდეგ მიმართული მრავალი, ღია და ფარული ღონისძიება, ხომ არ იყო რუსეთის პრეზიდენტის პიროვნული პასუხი “აბეზარი” ქართველების ამ ღია მინიშნებაზე?
პუტინის პრეზიდენტობის პერიოდში სახეზეა რუსეთის ნეოკოლონიალური პოლიტიკის რეანიმირება. პუტინმა ისწავლა რუს “მუჟიკებზე” და “დერჟავნიკებზე” ზემოქმედების ტექნოლოგია. მისი პოლიტიკური და ეკონომიკური კურსი სახელმწიფო-ბიუროკრატიული კაპიტალიზმისკენაა მიმართული. მაქსიმალური სახელწიფო კონტროლი ეკონომიკაზე (სათბობ-ენერგეტიკული რესურსების მოპოვების, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის პროცესზე; ჩაკეტილი საბანკო სივრცე და ეკონომიკური ბერკეტების პოლიტიკური ზეწოლის იარაღად გამოყენება, “ჯიბის სათათბირო”, მასმედიაზე ოლიგარქების კონტროლი სრული სახელმწიფო (ფაქტიურად კი პირადად პუტინის) კონტროლით შეიცვალა, არასამთავრობო ორგანიზაციების აკრძალვა, მაქსიმალური კონტროლი მსხვილ ბიზნესზე და ა.შ.) _ეს ყველაფერი პუტინის პრეზიდენტობის შედეგია. თუ მის გუნდში ხარ “აბრამოვიჩი”, მილიარდერი და გუბერნატორი ხარ, ხოლო თუ რამეში ეწინააღმდეგები ან შენში კონკურენტს დაინახავს, მაშინ “ხოდორკოვსკი”ან “ნავალნი” ხდები და თუ მოგწვდა, ციმბირი ხელში გიჭირავს ან კილერის ტყვია გეძებს ლონდონში. . .
რუსული დემოკრატიული საზოგადოების წარმომადგენელებიც კი “ველიკოდერჟავულ” აზროვბნებას ვერ გასცდნენ. უკრაინაზე სამხედრო თავდასხმამ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ რუსეთში ნამდვილი დემოკრატები თითქმის არ არსებობენ, ან თუ არსებობენ ძალზე უმნიშვნელო გავლენას ახდენენ მოვლენებზე. თუ რუსი “პატრიოტები” საბჭოთა (იგივე რუსეთის) იმპერიის აღდგენაზე ხმამაღლა ლაპარაკობენ, ე.წ. “დემოკრატები” იმავე აზრს გულში ინახავენ და ხელისუფლებაში მოსულნი საქმით ცდილობენ მის აღსრულებას. რუსეთი უკვე აღარ თამაშობს ცხვრის ქურქში გახვეული მგლის როლს. ეს მას აღარ სჭირდება. მის ქმედებებში მგლურმა ინსტიქტმა იმძლავრა და მოჩვენებითი წესიერება რაღად უნდა? მსოფლიო არენაზე ის უკვე ღიად აცხადებს –“მსურს ამ რეგიონში ჩემი სტრატეგიული ინტერესები დავაფიქსირო, მსურს ამა და ამ ქვეყანში მყავდეს “მოკავშირე” - რეალურად მარიონეტი. პუტინის რუსეთის ნეოკოლონიალური პოლიტიკის რეანიმირებას სამწუხაროდ დასავლეთმა თავიდანვე სათანადო ყურადღება არ დაუთმო. 2008 წლის “აგვისტოს ომი” არ გამოდგა გაკვეთილად მსოფლიოსთვის: მათ ვერ შექმნეს პუტინის შეჩერების სტრატეგია. ამას მოჰყვა ყირიმის ანექსია, ამჟამად კი უკრაინაზე თავდასხმა.
ტელეეკრანიდანაც ნათლად ჩანს, რომ პუტინ-დიქტატორის ფსიქიკური მდგომარეობა ძალზე არასტაბილურია. რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის შეფს ნარიშკინს ენის ბორძიკით წამოსცდა: სანამ ამ “რესპუბლიკების” აღიარებას ხელს მოაწერთ, იქნებ აშშ-ს პრეზიდენტს შეხვდეთ და მოლაპარაკებები გამართოთო, რასაც პუტინის ცინიკური შენიშვნები მოჰყვა. საოცრად დაბნეულმა და აშკარად შეშინებულმა ნარიშკინმა სულ ბოდიშები იხადა. პუტინი კი ირონიულად იღიმოდა. უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკომ გუშინ განაცხადა: “პუტინი თანამედროვე ჰიტლერიაო”. მართლაც, ჰიტლერსაც “1918 წელს დაჩოქებული გერმანიის” აღორძინება სურდა – შემდეგ იყო ნიურბერგი. ყველა დიქტატორი ასე იწყებს და ასე ასრულებს: ჯერ ეძებს მიზეზებს, აღვივებს “პატრიოტულ მუხტს” და მეზობლებთან ომს აჩაღებს, ტერიტორიებს ართმევს, შემდეგ კი პასუხისმგებლობის დრო დგება.
დღეს, XXI-ე საუკუნეში რუსი “პოლიტიკოსების” იმპერიული აზროვნება ფსიქიატრების ქვემდებარე და შესასწავლია, ხოლო პუტინის მიერ იმპერიული პოლიტიკის რეალობად ქცევა სამხედრო ინტერვენციით, უკვე ჰააგის სამხედრო დანაშაულობათა საეთაშორისო ტრიბუნალის განხილვას ექვემდებარება. ეს კი აუცილებლად მოხდება.