ეკონომიკური იარაღი ტოტალიტარული რეჟიმების წინააღმდეგ
დიდი ალბათობით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პუტინი, თუ ჯანრთელობამ შეუწყო ხელი, 2024 წლამდე დარჩება რუსეთის ერთპიროვნულ მმართველად. მხოლოდ ამ პერსპექტივის გაცნობიერების შემდეგ დაფიქრდა მსოფლიო, თუ რა გლობალური საფრთხის შემცველია არადემოკრატიული, მაგრამ ბირთვული შეიარაღების მქონე ქვეყნის სათავეში დიქტატორული თვისებების მქონე პოლიტიკოსის კიდევ 10 წლით ყოფნა. “პუტინიზმი” უკვე რეალურ საფრთხედ აღიქმება მსოფლიოსთვის.
უკრაინის კრიზისი ჯერ კიდევ დაწყებული არ იყო, როდესაც სხვადასხვა ქვეყნების პოლიტიკოსებისა და ექსპერტების მიერ გამოითქვა მოსაზრებები, თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ ამ ახალ საფრთხეს. განსაკუთრებით საინტერესო იყო ამერიკელი ბიზნესმენის, ლუი ვუდჰოლის მიერ 2012 წელს გამოთქმული მოსაზრება ავტორიტარულ რეჟიმებში (რუსეთი, ირანი და ვენესუელა) ხელისუფლების შეცვლის შესახებ. ვუდჰოლი “რეიგანის სცენარის” გამოყენებას გვთავაზობდა, რომლის შესახებაც უფრო დაწვრილებით ქვემოთ ვისაუბრებთ.
იაფი ნავთობი დიქტატურის წინააღმდეგ
ამერიკელი ბიზნესმენი ლუი ვუდჰოლი გვთავაზობს დიქტატორულ რეჟიმებს ძირითადად ეკონომიკური მეთოდებით ვებრძოლოთ და “რეიგანის სცენარი” გავიხსენოთ. 1980 წელს აშშ-ის ხელისუფლებაში ახალი პრეზიდენტის რონალდ რეოგანის ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ, ამერიკის შესაბამისმა სტრუქტურებმა საბჭოთა კავშირის ეკონომიკაში პრობლემებისა და სუსტი წერტილების გამოვლენისა და მათი გაღრმავების ხელშეწყობის დავალება მიიღეს.
ცენტრალური სადაზერვო სააგენტოს ანალიტიკოსებისათვის ცნობილი იყო, რომ საბჭოთა ეკონომიკა მთლიანად ნედლეულის (ნავთობის, გაზის, ქვანაზშირის და ა.შ.) მოპოვებასა და ექსპორტზე იყო დამოკიდებული. ამავე დროს საბჭოთა კავშირი ძალზე სუსტი იყო მაღალტექნოლოგიური მოწყობილობა-დანადგარების წარმოების მხრივ. საბჭოთა ეკონომიკის პრობლემების გათვალისწინებით დასავლეთის ქვეყნებმა მთელი რიგი შეზღუდვები (“კოკომი”, “ჯექსონ-ვენიკის შესწორება” და სხვ.) დააწესეს საბჭოთა კავშირის და სხვა სოციალისტური ქვეყნების მიერ უახლესი ტექნიკისა და ტექნოლოგიების ოფიციალური შესყიდვის მხრივ. “რეიგანის სცენარი” მაკრეკონომიკურ ღონისძიებებსაც ითვალისწინებდა და საბჭოთა იმპერიას საფრთხე სამხედრო ხარჯების ზრდასთან ერთად “ენერგეტიკული ფრონტიდანაც” დაემუქრა.
საყოველთაო ჭეშმარიტებაა, რომ ეკონომიკური ძალაუფლება _ პოლიტიკურ ძალაუფლებას წარმოშობს, რომელიც თავის მხრივ კვლავ ახალი ბაზრების ხელში ჩასაგდებად ისწრაფვის. თანამედროვე ეტაპზე მიმდინარე გლობალურ გეოპოლიტიკურ ბრძოლებში გამარჯვების საწინდარი ენერგეტიკული რესურსების და მათი ტრანსპორტირების არხების კონტროლი გახდა. ამიტომაც ენერგეტიკა უფრო მეტია ვიდრე უბრალოდ ბიზნესი და ეკონომიკის ერთ-ერთი დარგი.
ამერიკელი ექსპერტების მიერ 1983 წელს ჩატარებული გათვლებით ერთი ბარელი (დაახლოებით 159 ლიტრი) ნავთობის ფასის 20 დოლარის ნიშნულზე დაფიქსირება აშშ-ის ყოველწლიურ ენერგეტიკულ დანახარჯებს 72 მილიარდი დოლარით შეამცირებდა. ამიტომაც, 1980-იანი წლების შუა პერიოდში აშშ-ის თხოვნით და საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე (უახლესი ამერიკული შეიარაღების მიღება და არაბულ სამყაროში ლიდერი ქვეყნის სტატუსის მოპოვება) მსოფლიოში ნავთობის უდიდესი საბადოების მფლობელმა საუდის არაბეთმა მნიშვნელოვნად გაზარდა ნავთობის მოპოვება, რასაც ფასების მკვეთრი შემცირება მოჰყვა. თუ 1985 წლის ნოემბერში ერთი ბარელი ნავთობი 30 დოლარზე მეტი ღირდა, ხუთი თვის შემდეგ მისი ფასი 12 დოლარამდე დაეცა. მსოფლიო ფასების მნიშვნელოვან შემცირებას საბჭოთა კავშირში ნავთობის მოპოვების მკვეთრი დაცემაც დაემთხვა. ამის შედეგად, ამერიკელი ექსპერტების გაანგარიშებით საბჭოთა კავშირმა ორ-სამ წელში 10-15 მილიარდი დოლარი დაკარგა, რაც მისი სავალუტო შემოსავლების 30-35%-იყო.
უნდა აღინიშნოს, რომ საბჭოთა კავშირში “პერესტროიკის” დაწყების ერთ-ერთი მიზეზი ეკონომიკური პრობლემები, მათ შორის “ნავთობდოლარების” შემცირება გახდა. “პერესტროიკა” საბჭოთა სისტემის თანდათანობითი დემონტაჟის ნაცვლად, რევოლუციური ნგრევის მიმართულებით განვითარდა და სულ მალე უმართავი პოლიტიკური, სამხედრო და სოცილურ-ეკონომიკური პროცესები მოჰყვა.
დასავლეთის მთავარი შეცდომა
1992 წლიდან მოყოლებული, ”სოციალისტური ბანაკის” დაშლის შემდეგ, “ერთპოლუსიან მსოფლიოში” ”გლობალური პოლიტიკური და ეკონომიკური წესრიგის (ანუ უსაფრთხოების)” გარანტად აშშ გამოდიოდა. მთავარი გეოპოლიტიკური მეტოქის, საბჭოთა კავშირის და “სოციალისტური ბანაკის” დაშლამ მოადუნა აშშ-ის პრეზიდენტების ბილ კლინტონის და ჯორჯ ბუშ-უმცროსის ადმინის¬ტრა¬ციების ყურადღება და "თაბრუსხვევა წარმატებებისაგან" სულ მალე ხანგრძლივ ეიფორიაში გადაიზარდა.
XX საუკუnის ბოლოს და XXI დასაწყისში აშშ-ის მიერ პოსტსაბჭოთა რუსეთისთვის სერიოზული პოლიტიკური და საფინანსო-ეკონომიკური დახმარებების მიუხედავად პოლიტიკურმა და საბაზრო რეფორმებმა ამ ქვეყანაში სრული კრახი განიცადა. რუსეთის ახალი ხელისუფლება 2000 წლიდან განუხრელად ცდილობდა “საბჭოთა ენერგეტიკული იმპერიის” აღდგენას. რუსეთმა ანტიამერიკული რეჟიმებისგან (ირანი, ვენესუელა, ბოლივია, ნიკარაგუა, კუბა, სირია, ჩრდილოეთ კორეა და სხვ.) საკმაოდ მძლავრი სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური ბლოკები შექმნა. ამ ბლოკებში გაერთიანებული ქვეყნების ლიდერების ოცნება და თვითმიზანი ყოველგვარი ხერხებით აშშ-ისა და “დასავლეთისთვის” პრობლემების შექმნაა.
რუსეთის გაზსადენების ქსელი “ობობას საცეცებივით” შემოეხვია მთელ ევროპას. დღეისათვის ცალკეული ქვეყნების ენერგოსექტორის დამოკიდებულება რუსეთის ბუნებრივ აირზე 25-40 % დიაპაზონში მერყეობს (იხ.სურათი)
2. სამხრეთ ამერიკის რესურსებით მდიდარი მარგინალური რეჟიმების (ვენესუელა, ბოლივია, ეკვადორი დას სხვ.) “გაწითლების” პროცესი. ამის შედეგად ეს ქვეყნები, რუსეთთან ერთად ხშირად ახდენენ ნავთობისა და ბუნებრივი აირის ფასების ხელოვნური ზრდის პროვოცირებას;
3. ირანისა და ჩრდილოეთ კორეიის “ატომური პროექტების” ირგვლივ არსებული რეალური თუ ხელოვნური პოლიტიკური პრობლემები სპეკულანტების მიერ აქტიურად გამოიყენება ენერგეტიკული რესურსების ფასების ხელოვნურად გასაზრდელად. სახეზეა რუსეთის მიერ ირანის და ჩრდილოეთ კორეიის “ატომური მისწრაფებების” ფარული წახალისება ამ გზით გეოპოლიტიკური პრობლემების ხელოვნური გამწვავება, რასაც საბოლოო ჯამში ენერგეტიკულ რესურსებზე ფასების ზრდამდე მივყავართ.
4. “მსოფლიოს უდიდესი მომხმარებელი” – აშშ – გეოპოლიტიკურ მახეში გაება: მან ვერ შეძლო ერთდროულად ყველა პრობლემის გადაწყვეტა: მარცხი იწვნია “ცხელ წერტილებში” (ირანი, ერაყი, ავღანეთი, რუსეთი, ლათინური ამერიკა, ჩრდილოეთ კორეა) და ვერ გადაჭრა “ხავერდოვანი” სავაჭრო-ეკონომიკური და ფინანსური პრობლემები ევროკავშირთან და იაპონიასთან; ერაყისა და ავღანეთის სამხედრო ოპერაციები “კარგი” მიზეზი აღმოჩნდა ნავთობის ფასებით საბირჟო სპეკულაციისთვის - ხუთი წლის მანძილზე ნავთობი 25 დოლარიდან 147 დოლარამდე (ანუ თითქმის ექვსჯერ) გაიზარდა. სამხედრო ოპერაცია ერაყში, რომლის დააფარული და ნამდვილი მიზანი სადამ ჰუსეინისთვის “ნავთობით მანიპულირების” კოზირის ხელიდან გამოცლა იყო, შინაარსობრივად სრული კრახით დასრულადა. ამ სამხედრო ოპერაციით სპეკულანტებმა უფრო ისარგებლეს და ნავთობის ფასების ხელოვნური გაზრდის პროვოცირება მოახდინეს;
5. რუსეთის ცდილობს ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვებისა და ტრანსპორტირების ალტერნატიული გზების სამხედრო-პოლიტიკური ხერხებით დაბლოკვას (მაგ. ომი საქართველოსთან; აზერბაიჯანის რესურსების სრულ შესყიდვაზე პრეტენზია და პოსტსაბჭოთა სივრცეში მონოპოლური მდგომარეობის შენარჩუნების მცდელობა; შუა აზიის ქვეყნებზე – ყაზახეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი - სამხედრო-პოლიტიკური ზემოქმედების ბერკეტების გამოყენება და ა.შ.) და დსთ-ს წევრი ქვეყნებიდან ნავთობისა და ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების სრული მონოპოლიზებას;
2008 წლის “აგვისტოს ომის” შემდეგ გამოჩნდა, რომ XXI საუკუნის დასაწყისში რუსეთის მიერ ღია და ფარული მეთოდებით პროვოცირებული მოვლენები ისეთი ისტორიული მნიშვნელობის გეოპოლიტიკური რყევებს გამოიწვევდა, რომ მსოფლიო ახალი “ცივი ომის” საფრთხის წინაშე აღმოჩნდებოდა. დასავლეთის ქვეყნებმა წაუყრუეს საქართველოს პრობლემებს და სულ მალე გაცილებით ფართო მასშტაბიანი ომი მიიღეს პირდაპირ ევროპის საღვრებთან. თუმცა გეოპოლიტიკური შეცდომები ჯერ კიდევ 2000-აინი წლების დასაწყისში იქნა დაშვებული, როცა ენერგეტიკულ რესურსებზე ფასწარმოქმნაზე დასავლეთის ქვეყნებმა კონტროლი დაკარგეს.
ამის შედეგად, მხოლოდ 2000-2008 წლების მანძილზე მსოფლიოს ბაზრებზე ნავთობის ფასების 20-დან 147 დოლარამდე გაზრდამ რუსეთის ბიუჯეტს დაახლოებით 1 ტრილიონი დოლარის შემოსავალი მოუტანა და ამ გარემოებამ მნიშვნელოვნად შეცვალა ძალთა თანაფარდობა პოლიტიკურ ბლოკებსა და ცალკეულ სახელმწიფოებს შორის. დასავლეთი ძალზე გვიან გამოფხიზლდა. “უკრაინის კრიზისის” საპასუხოდ რუსეთის დასჯას დასავლეთი ნავთობზე მსოფლიო ფასების შემცირებითა და ეკონომიკური სანქციებით ცდილობს.
ამას კი მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ხანგრძლივი ერთსულოვნება სჭირდება, რაც ნაკლებად მოსალოდნელია. ფაქტია რომ დასავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყყანის კერძო ეკონომიკური ინტერესები და შიდა პოლიტიკური ვითარება, გაცილებით მნიშვნელოვანია ვიდრე საქართველოს, უკრაინის ან მოლდოვას ტერიტორიული მთლიანობა.
2014 წლის ნოემბრის ბოლოს რუსეთის ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილუანოვმა განაცხადა, რომ ეკონომიკური სანქციებისა და ბავთობის გაიაფების გამო რუსეთის ბიუჯეტი დაახლოებით 140 მილიარდ აშშ დოლარს დაკარგავს (შესაბამისად: 40 მლრდ დოლარი ეკონომიკური სანქციების, ხოლო 100 მლრდ დოლარი ნავთობის გაიაფების გამო). თუმცა ეს მონაცემები გათვლილია ნავთობის 30%-იანი გაიაფების პირობებში. დეკემბრის შუა რიცხვებისთვის კი ერთი ბარელი ნავთობის ფასი თითქმის 40% დაეცა (107 დოლარიდან 67 დოლარამდე). ამიტომ, თუ გაიაფების ტენდენცია შენარჩუნდა რუსეთის ფინანსური დანაკარგები გაცილებით დიდი იქნება. უცხოელი ექსპერტების პროგნოზით 2015 წელს ნავთობის ფასი კიდევ უფრო შემცირდება. ასე, რომ რუსეთის (ისევე, როგორც ირანის, ვენედუელას და სხვ) ხელისუფლების პირდაპირ ინტერესებშია სხვადასხვა ობიექტური და სუბიექტური გეოპოლიტიკური მოვლენების (შეიარაღებული კონფლიქტის დაწყება ან განახლება, ტერორისტული აქტი და ა.შ.) პროვოცირებით ნავთობის (შედეგად კი ბუნებრივი აირის) ფასების ზრდა. ამგვარი, მრავალჯერ აპრობირებულ სცენარი სავსებით რეალურია. ამასთან ერთად რუსეთში დასავლეთ ევროპისა და აშშ-სგან დიდი ხანია შემნილია “მტრის ხატი” და დასავლეთის ეკონომიკური სანქციები რუსეთის მოსახლეობის ფართო მასებში პუტინის პოპულარობას და მისი ხელისუფლების მხარდაჭერას უფრო გააძლიერებს.
ასე, რომ “პუტინიზმის” პრობლემა ისევ გადასაწყვეტი დარჩება.