სოციალური ქსელები, როგორც გეოპოლიტიკური იარაღი

სოციალური ქსელები, როგორც გეოპოლიტიკური იარაღი

1990-იანი წლების მეორე ნახევრიდან სულ უფრო და უფრო ხშირად იხმარება ტერმინები: კიბერთავდასხმა, ჰაკერი, კიბერშპიონაჟი, კიბერომები, კიბერტერორიზმი და ა.შ. ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა კიბერჯაშუშობის შემთხვევები და სხვადასხვა ქვეყნების ეროვნული საინფორმაციო სივრცე დახდა სპეცსამსახურების ფარული სამიზნე. დღეს ინტერნეტის გარეშე წარმოუდგენელია არა მარტო ჩვეულებრივი მოქალაქეების ცხოვრება (საქმიანი მიმოწერა, გადასახადების გადახდა, ბანკთან ანგარიშსწორება და აშ.), არამედ სახელმწიფო აპარატის ნორმალური
ფუნქციონირება. ევრკავშირის ბევრ ქვეყანაში პარლამენტის და მთავრობის სხდომები ინტერნეტით ღია რეჟიმში გადაიცემა.
ამავე დროს ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ქსელის გარეშე შეუძლებელია სატრანსპორტო, თავდაცვის, კავშირგაბმულობის, საბანკო-საფინანსო და ა.შ. უწყებების ნორმალური მუშაობა. სწორედ ინტერნეტის შეუცვლელობამ აქცია კიბერსივრცე სპეცსამსახურებისა და ტერორისტების მთავარი სამიზნედ.
თუ ადრე “ჰაკერები” იოლად გამდიდრების მსურველი ავანტურისტები ან სათვალიანი ახალგაზრდა გენიოსები იყვნენ, დღეს “კომპიუტერული ომები” და ჰაკერების მცირე "ხულიგნობა" უკვე ჩვეულ მოვლენად იქცა. გასულ წლებში მათი ძირითადი მიზანი კომერციული ბანკების, ტოტალიზატორებისა და სამორინეების ინტერნეტგვერდების "გატეხვა" და ფინანსური აფერის დატრიალება იყო. მადა ჭამაში მოდისო და ჰაკერებმა თავიანთი შესაძლებლობების უფრო სერიოზულ ასპარეზზე გამოცდა მოინდომეს და მალე შეძლეს სხვადასხვა ქვეყნის თავდაცვის სამინისტროების, სპეცსამსახურების, საიდუმლო კვლევითი ცენტრებისა და სამეცნიერო ლაბორატორიების ინტერნეტგვერდებზე შეღწევა. ამ "გართობამ" თანდათან პოლიტიკური და რელიგიური ელფერი მიიღო. უახლესი ტექნიკისა და ტექნოლოგიების განვითარებამ, გლობალიზაციამ და ჩვენი პლანეტის მოსახლეობის სწრაფვამ სოციალური ქსელებით ურთიერთობისა და ელექტრონული მედიით სარგებლობისკენ, უფრო გააიოლა და გაამარტივა სპეცსამსახურების საქმიანობა. დღეს მსოფლიო ელექტრონული საინფორმაციო ქსელი უკვე გახდა უდიდესი პოტენციური საფრთხის მატარებელი ნებისმიერი ქვეყნისთვის. წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც სპეცსამსახურები ინტერნეტს მხოლოდ ღია ინფორმაციის მოსაპოვებლად და დეზინფორმაციის გასავრცელებლად იყენებდნენ. ამჟამად კიბერსივრცე სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურების ფარული დაპირისპირების და ბრძოლის არენადაა ქცეული.
თუ აქამდე შეტევების მთავარი მიზანი ძირითადად სახელმწიფო სტრუქტურების (უპირველესად კი სამხედრო და სპეცსამსახურების) საინფორმაციო კომპიუტერული სისტემებიდან საიდუმლო ინფორმაციის მოპოვება იყო, ამჟამად სოციალური ქსელები (ფეისბუქი, ტვიტერი, ვქონტაქტე, ოდნოკლასნიკი და სხვ.) და “ფორუმები” გახდა სპეცსამსახურების დეზინფორმაციული ოპერაციების მთავარი ობიექტი. ასეულ მილიონობით ადამიანი ყოველ დილას სოციალური ქსელებისა და ელექტრონული მედიის გაცნობით იწყებს. ეს კი “საუკეთესო” შესაძლებლობაა “ფეიკების” გასავრცელებლად. უფრო მეტიც: სოციალურ ქსელებში “ტროლების” გამოყენებით უკვე სავსებით რეალურია ნებისმიერი, თვით მსოფლიოს უძლიერესი, ქვეყნების განვითარების გეოპოლიტიკური მიმართულების შეცვლა, საპრეზიდენტო არჩევნებში ფარული ჩარევა და სეპარატისტული მოძრაობების ხელშეწყობა. მკითხველი. ქვემოთ მოტანილი ფაქტების გაცნობის შემდეგ, თავად დარწმუნდება ამაში.

სოციალური ქსელები მოსკოვის ფარულ იარაღად იქცა
სოციალური ქსელების ფარული მანიპულირების საშუალებით საკუთარი გეოპოლიტიკური მიზნების მიღწევის მცდელობის გამო რუსეთის ხელისუფლებას ამჟამად სამ სერიოზულ ბრალდებას უყენებენ: 2016 აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის სასარგებლოდ ამერიკის მოსახლეობის პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე ზემოქმედება; სოციალური ქსელებით ფარული ზემოქმედება დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის რეფერენდუმზე და კატალონიის ესპანეთიდან დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოყოფის მხარდასაჭერად ასევე სოციალური ქსელების გამოყენება.
  კრემლი აშშ-ის პრეზიდენტს ირჩევს

ჯერ კიდევ ერთი წლის წინ მაშინდელი აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი აცხადებდა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლოა პირადად ხელმძღვანელობდა იმ ჰაკერული ოპერაციის დაგეგმვას, რომელიც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების პროცესში ჩარევას ისახავდა მიზნად. ეს მოსაზრება ლოგიკას არაა მოკლებული, რადგანაც პუტინი მკაცრად აკონტროლებს ყველა ოპერაციას, რომელსაც რუსეთის სპეცსამსახურები ქვეყნის გარეთ ახორციელებენ და აქედან გამომდინარე, მან ჰაკერული თავდასხმის შესახებ ყველა დეტალი იცოდა.
სეპარატისტული კატალონიის ჩრდილოელი მეგობარი
ესპანეთის მთავრობამ რუსი ჰაკერები კატალონიის კრიზისში ჩარევაში დაადანაშაულა. როგორც ესპანეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადებით სოციალური ქსელებით გავრცელებული სეპარატისტების მხარდამჭერი ბევრი გზავნილების ნაწილი რუსეთის ტერიტორიიდან, ნაწილი კი ვენესუელიდან მოდიოდა. ევროპარლამენტში ესპანეთის მმართველი პარტიის წარმომადგენელის განცხადებით კი რუსი ჰაკერების კატალონიის კრიზისში ჩარევის მიზანი, ევროკავშირის ერთიანობის დარღვევა იყო.
     “ბრექსიტი” კრემლიდან იმართებოდა?
2017 წლის 15 ნოემბერს ბრიტანულმა გაზეთმა „თაიმსმა“ სენსაციური ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც სოციალურ ქსელ ტვიტერის რუსმა მომხმარებლებმა “ბრექსიტის” შესახებ 45 ათასამდე შეტყობინება გააგზავნეს სულ 48 საათის განმავლობაში, ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლაზე 2016 წლის რეფერენდუმის დროს. აღმოჩნდა, რომ ტვიტერის რუსი მომხმარებლების აქტივობამ კულმინაციას მიაღწია 23 და 24 ივნისს - ანუ კენჭისყრის დღეს და რეფერენდუმის შედეგების გამოცხადების დღეს. ამავე გაზეთის მიხედვით ტვიტერის რუსი მომხმარებლები ბრიტანელებს “ბრექსიტის” მხარდაჭერისაკენ მოუწოდებდნენ.
ჯერ კიდევ 2016 წელს გაჩნდა ეჭვები, რომ რუსი ჰაკერები ბრიტანეთის მედიასაშუალებების, ტელეკომუნიკაციისა და ენერგეტიკული სექტორის წინააღმდეგ აქტიურად მოქმედებდნენ. გასული წლის ბოლოს კი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ, რუსეთი პირდაპირ დაადანაშაულა სხვა ქვეყნების არჩევნებში ჩარევაში და დემოკრატიული ფასეულობების განადგურების მცდელობაში.

 “რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო”
ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსების წუხილი გასაგებია, თუმცა ჩვენი აზრით უკვე დაგვიანებულია “თითზე კბენანი”. რუსეთის ხელისუფლების მიერ ინტერნეტ სივრცისა და საოციალური ქსელების გეპოლიტიკურ იარაღად გამოყენების პირველი მცდელობა ჯერ კიდევ 2007 წლის გაზაფხულზე იყო. მაშინ არც ევროპელ და არც ამერიკელ ლიდერებას არ გამოუთქვამთ სერიოზული პროტესტი და ეს “ცელქობა” რუსეთს შეჩა. 2007 წლის აპრილამდე არასოდეს ყოფილა, რომ ერთი ქვეყნის ელექტრონული სივრცის წინააღმდეგ გამოეყენებინა ვინმეს უზარმაზარი ფინანსური და ტექნიკური რესურსები. ზოგიერთი უცხოელი ექსპერტი მიიჩნევს, რომ მსოფლიოში პირველი სერიოზული კიბერომი ერთი სახელმწიფოს (კერძოდ ესტონეთის) წინააღმდეგ, ორგანიზებული იყო 2007 წლის აპრილ-მაისში რუსეთის სპეცსამსახურების მიერ და მათი “საერთო რეჟისურით” მიმდინარეობდა. ინტერნეტის ხელმისაწვდომობიდან გამომდინარე ამ პროცესში შემდგომ აქტიურად ჩაერთნენ სხვადასხვა ქვეყნების რუსი ეროვნების მოქალაქეები. კიბერტერორისტების მიერ შექმნილი და ინტერნეტით გავრცელებული სპეციალური პროგრამების საშუალებით კომპიუტერები უბრალო “ზომბირებულ ყუთებად” იქცნენ და მფლობელებისგან დამოუკიდებლად ჰაკარების დავალებებს “უსიტყვოდ” ასრულებდნენ. ერთი თვის მანძილზე დიდი შეფერხებებით მუშაობდა ესტონეთის პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის, სამინისტროების, ბანკებისა და წამყვანი გაზეთების საიტები. მაშინ ესტონეთის უდიდესი ბანკი – “ჰანსაბანკი”, იძულებული გახდა რამდენიმეჯერ მრავალი საათით შეეჩერებინა კლიენტთა საბანკო ოპერაციების ინტერნეტით მომსახურება. ამ პერიოდში მისმა ზარალმა რამდენიმე მილიონ დოლარს გადააჭარბა. ესტონეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები თითქმის ერთი კვირის მანძილზე ელექტრონული ფოსტის გარეშე დარჩნენ. მდგომარეობის სერიოზულობიდან გამომდინარე ესტონეთის ხელისუფლებამ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელობასთან დააყენა საკითხი, რომ კიბერტერორიზმი და ჰაკერების ორგანიზებული შეტევები გათანაბრებოდა ნატო-ს წევრი ქვეყნის მიმართ სამხედრო აგრესიას.
უკანასკნელ წლებში რუსეთის ხელისუფლება ცდილობს სოციალურ ქსელების გამოყენებით აქტიურად ჩაერიოს სხვა ქვეყნების საპრეზიდენტო არჩევნებში და ხელი შეუწყოს სეპარატისტული მოძრაობებს, რათა მოახერხოს ამ ქვეყნების გეოპოლიტიკური ორიენტირების შეცვლა ან თუნდაც საზოგადოებრივი განხეთქილების პროვოცირება. გასული წლის ბოლოს ძალზე საყურადღებო განცხადება გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჰერბერტ მაკმასტერმა. მან აღნიშნა, რომ რუსეთი გახდა “ახლი თაობის ომის” ინიცატორი, სადაც უმთავრეს იარაღს წარმოადგენს ინტერნეტის მეშვეობით სოციალური ქსელებით დეზინფორმაციის გავრცელება. მისი აზრით რუსეთი ცდილობს ერთმანეთს დაუპირისპიროს ამერიკის საზოგადოების სხვადასხვა ფენები და მათ შორის გააღვივოს რასობრივი და რელიგიური შუღლი. უნდა ვაღიაროთ, რომ ეს უკვე რეალობაა და ვერსად გავექცევით, უბრალოდ გასაკვირია, რომ ამერიკის ხელისუფლება ასე გვიან გამოფხიზლდა. მათთვის ნუთუ უცნობია საბჭოთა სპეცსამსახურების დეზინფორმაციისა და ფსიქოლოგიური ომის მრავალფეროვანი ოპერაციების შესახებ?

ფსიქოლოგიური ომისა და დეზინფორმაციული ოპერაციების საბჭოთაAგაკვეთილები

დეზინფორმაცია (შემოკლებით “დეზა”) სპეცსამსახურების მუშაობის ერთ-ერთი უმთავრესი მეთოდი და ამავე დროს “ფარული ომის” მძლავრი იარაღია. იმ მიზნის მიღწევას, რასაც წინა საუკუნეებში არმიები, ომები და უამრავი მსხვერპლი სჭირდებოდა, დღეს კარგად დაგეგმილი “დეზას” ოპერაცია უსისხლოდ და უმსხვერპლოდ აგვარებს. ამ ოპერაციებს სპეცსამსახურები “აქტიურ ღონისძიებებსაც” კი უწოდებენ. ფსიქოლოგიურ ომში ფართოდ გამოიყენება ყოველდღიურ რეკლამაში კარგად აპრობირებული მეთოდები, კერძოდ კი რასაც ბევრჯერ და დამაჯერებლად გაიმეორებ, ხალხი იჯერებს ან სულ მცირე_“ეჭვის ჭია” მაინც შეეპარება. საბჭოთა სპეცსამსახურები ამ საქმის “დიდოსტატები” იყვნენ. ქვეყნის გარეთ“აქტიური ღონისძიება”_ უმთავრესად დეზინფორმაციული სახის ოპერაციაა, რომელიც მიმართულია სხვა ქვეყნის ან არასასურველი პიროვნების წინააღმდეგ. “დეზა” ესაა აშკარა ტყუილი ინფორმაციის ფაბრიკაცია (შექმნა ან გადაკეთება) და გავრცელება წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით. მას იყენებენ მკაფიოდ განსაზღვრული, ხანმოკლე ან ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე. მიზნებიც შესაბამისი პერიოდით ისაზღვრება: რაც უფრო მცირე ვადებშია მისაღწევი დასახული მიზანი (მაგ. რომელიმე ქვეყანაში კარსაა მომდგარი საპრეზიდენტო ან საპარლამენტო არჩევნები და საჭიროა რომელიმე არასასურველი პოლიტიკოსის კომპრომეტირება), მით უფრო არარეალურ და დაუჯერებელ, მაგრამ სუპერსენსაციურ “ფაქტებსა” და “დოკუმენტებს” ავრცელებენ სპეცსამსახურები.
საბჭოთა სპეცსამსახურები “დეზას” წარმატებისთვის სამ უმთავრეს პრინციპს იყენებდნენ:
1) საწყისი მასალა მაქსიმალურად დამაჯერებელი უნდა იყოს. თუ 90% სიმარ-თლეს 10% ტყუილთან შევაზავებთ, დეზინფორმაციის დამაჯერებლობის ხარისხი ძალზე მაღალი იქნება. ამასთან ერთად, რაც უფრო სენსაციური იქნება “ფაქტი”, საინფორმაციო საშუალებები მას მით უფრო სწრაფად და ფართოდ გაავრცელებენ;
2) “დეზას” გავრცელების მაშინდელი არხები (გაზეთები, ტელეარხები, საინფორმაციო სააგენტოები და ა.შ.) მაქსიმალურად სოლიდური, ფართოდ პოპულარული და დიდტირაჟიანი უნდა ყოფილიყო;
3)“დეზას” გადამოწმების დროს, რაც უფრო ძნელდება ტყუილის პირველ-წყარომდე მისვლა და სიმართლის დადგენა, მით უფრო მაღალ შეფასებას იმსახურებენ ოპერაციის შემსრულებლები.
“დეზას” ღონისძიება შეიძლება იყოს ღია და ფარული, რომელთა გავრცელების არხებია შესაბამისად: მასმედია (ტელევიზია, გაზეთები, საინფორ-მაციო სააგენტოები, ამჟამად კი უკვე ინტერნეტიც ) და საზოგადოების ფართო ფენები (სადაც “დეზა” ვრცელდება, როგორც “არაფორმალური კომუნიკაცია”, ტერმინი, რომელიც გამოიყენება მენეჯმენტის სფეროში . . .…. ჩვეულებრივი ჭორის აღსანიშნავად).
1960-70-იან წლებში კა-გე-ებეს “აქტიური ღონისძიებების” სამსახური მთელი დატვირთვით მუშაობდა: ავრცელებდა ჭორებს და ქმნიდა ანეგდოტებს ებრაელებზე (გავიხსენოთ: ეს ის პერიოდია, როცა საბჭოთა კავშირში მცხოვრებმა ებრაელებმა მოინდომეს ისტორიულ სამშობლოში _ ისრაელში დაბრუნება. მათ კანონიერ სურვილს კა-გე-ბე ყოველმხრივ ბლოკავდა და ყველა საშუალებით ხელს უშლიდა. საზოგადოებაში ებრაელთა მიმართ ზიზღის გაღვივების მიზნით უშიშროების საკავშირო და რესპუბლიკურ უწყებებში იქმნებოდა ათასგვარი ბინძური ჭორი და ანეგდოტი ( რომელთა შემდგომ “ტირაჟირებას” და მოსახლეობაში გავრცელებას სპეცსამსახურებისა და მილიციის ფარული თანამშრომლები ახდენდნენ), დისიდენტებზე, არალეგალურად მოქმედ ეროვნული მოძრაობის ლიდერებზე. ჭორები ეხებოდა მათ ადათჩვეულებებს, რელიგიას, ცხოვრების წესს, “არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციას” და ა.შ.
ჯერ კიდევ 1970-90-იან წლებში საბჭოთა სპეცსამსახურების მუშაობის უმთავრესი მიმართულებები იყო: ა) აშშ-ის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ყოველმხრივი კომპრომეტირება და დისკრედიტირება (საბჭოთა ლიდერები განსაკუთრებით ვერ იტანდნენ რონალდ რეიგანს და 1980-იანი წლების დასაწყისში აშშ-ში გამართული “ანტირეიგანული” დემონსტრაციების სცენარები და თვით ლოზუნგებიც კი, როგორც წესი, კა-გე-ბეს კაბინეტებში იწერებოდა).
ბ) აშშ-სა და ევროპის ქვეყნებს შორის კონფლიქტების პროვოცირება და ურთიერთობის გაფუჭება;
გ) განვითარებად ქვეყნებში აშშ-ის და მისი მოკავშირეების “იმიჯის” ყო-ველმხრივი შელახვა;
დ) მსოფლიოში ე.წ. “სამშვიდობო მოძრაობების” საბჭოთა პროპაგანდის შირმად და საფარად გამოყენება.
უკვე იმ წლებში საბჭოთა სპეცსამსახურებს უმაღლეს დონეზე ჰქონდა დამუშავებული ჭორების შექმნისა და გავრცელების “ხელოვნება”. ჭორი ძირითადად საზოგადოების სხვადასხვა ფენებში გავლენის აგენტების მიზანმიმართული “შემოქმედების” შედეგად ვრცელდება. “ჭორიკანობაში” მთავარი სამიზნე აშშ, ხოლო მიზანი მთელ მსოფლიოში ანტიამერიკული მოძრაობის გაღვივება იყო.
ყოველივე ახალი, კარგად დავიწყებული ძველია
რუსეთის სპეცსამსახურები დღესაც იგივეს აკეთებენ ოღონდ “გლობალიზაციის პირმშოს” - ინტერნეტის გამოყენებით, სადაც წამყვენ როლს სპეციალურ “ფერმებში” მოკალათებული “ტროლები”, “ბოტები” ასრულებენ, რომლებიც ყავას მიირთმევენ და დაუნდობლად “ტროლავენ”.