სპეციალური ქიმიური პრეპარატების გამოყენება – წარსული და აწმყო
ტოქსიკური და ფსიქოტროპული საშუალებები ოდითგანვე გაამოიყენებოდა სპეცსამსახურების მიერ. მემუარული ლიტერატურიდან ცნობილია ლიკვიდაციის ან ზემოქმედების სხვა, საკმაოდ ორიგინალური მეთოდებიც. მაგალითად მგზავრებით სავსე თვითმფრინავში ადამიანის უხმაურო ლიკვიდაცია, “კილერები” იყენებენ სამხრეთ ამერიკაში გავრცელებული “ჩხრიალა გველის” შხამის საფუძველზე დამზადებულ ნივთიერებას, რომლის ერთი წვეთის მოხვედრაც მსხვერპლის კანზე ან ტანსაცმელზე რამდენიმე დღის შემდეგ იწვევს სიკვდილს “გულის უკმარისობით”, თანაც შხამის კვალის პოვნა ძალზე ძნელია. იგივე შხამით შეიძლება ავტომობილის საჭის ან ტელეფონის ყურმილის დამუშავებაც და მსხვერპლი, შხამის დოზიდან გამომდინარე, განსაზღვრულ დროს იღუპება ან დიდი ხნით გამოდის მწყობრიდან. ზოგი ამ ისტორიებს დაუჯერებელსა და სპეცსამსახურების მიერ შეთხზულს უწოდებს, თუმცა ქვემოთ მოყვანილმა ორმა ისტორიულმა ფაქტმა ეს სკეპტიკოსებიც უნდა დაარწმუნოს ამგვარი საშიში სპეციარაღის რეალობაში.
ამერიკის აგენტის მწყობრიდან გამოყვანა
1963 წლის 10 აგვისტოთი დათარიღებულ ლიტვის სსრ სუკ-ის უფროსი რეფერენტის პოდპოლკოვნიკ ტუმანცევის მიერ შედგენილ სრულიად საიდუმლო დოკუმენტში (“ცნობა აგენტურული დამუშავების ობიექტის “მანტასის” საქმეზე ჩატარებული ღონისძიებების შესახებ”), დაწვრილებითაა მოთხრობილი იმის შესახებ, თუ რა სპეციალურ საშუალებებს იყენებდა კა-გე-ბე ოპერატიული დამუშავების ობიექტის წინააღმდეგ. საქმე კი შემდეგში იყო. 1954 წელს ავსტრალიიდან სამშობლოში დაბრუნებული ერთ-ერთი ლიტველი რეემიგრანტი ადგილობრივმა სუკ-მა ოპერატიულ დამუშავებაში აიყვანა, როგორც ამერიკის დაზვერვის აგენტი. ფსევდონიმად “მანტასი” შეურჩიეს და მის გარემოცვაში რამდენიმე გამოცდილი სუკ-ის აგენტი ჩანერგეს. “მანტასს” ხელს არ აკარებდნენ და მის კავშირებს ადგენდნენ, მაგრამ ერთხელაც, როდესაც ამერიკის დაზვერვის აგენტმა საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქალაქებში გამგზავრება მოინდომა, ლიტვის სსრ სუკ-ი დილემის წინაშე აღმოჩნდა: “მანტასის” მგზავრობა არასასურველი იყო და ამის ოპერატიული აუცილებლობა არც იყო. მთელი მგზავრობის განმავლობაში მასზე თვალთვალიც შეუძლებელი იქნებოდა. ამიტომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, არ დაეშვათ მგზავრობა ისე, რომ არ დაეკავბეინათ, რათა ოპერატიული დამუშავების ობიქტი არ დაეჭვებულიყო. აგენტ “კარბელისის”დახმარებით, რომლის ბინაშიც ცხოვრობდა “შანტასი”, შეისწავლეს მისი დღის გრაფიკი და ზუსტად დაადგინეს დრო, როდესაც ის აბანოს სტუმრობდა. ოპერატიულმა მუშაკმა სისხლის სამართლის სამძებრო მუშაკის სახელით კავშირი დაამყარა აბანოს თანამშრომელთან, რომელიც გააფრთხილეს, რომ ზოგჯერ სამძებროს მუშაკი არაოფიციალურად, მალულად ამოწმებს ნივთებს, ადგენს ეჭვმიტანილის კავშირს ქურდობასთან და ა.შ. “შანტასიც” ასეთ ეჭვმიტანილად დაასახელეს და აბანოს თანამშრომელს შეუთანხმდნენ, რომ განსაზღვრულ დროს ისინი მოვიდოდნენ “ეჭვმიტანილის” ნივთების სანახავად. როდესაც “შანტასი” გამოვიდა საკუთარი ბინიდან და აბანოსკენ წავიდა, მას ოპერთანამშრომლები გაჰყვნენ. აბანოში ერთ-ერთი ისე იქცეოდა, როგორც აბანოს ჩვეულებრივი კლიენტი, თან “შანტასს” უთვალთვალებდა. მეორე “ოპერი” კი გასახდელში დარჩა, გააღო “შანტასის” კარადა, დაათვალიერა ტანსაცმელი. შემდეგ კი მალულად “შანტასის” ფეხსაცმელს შიგნიდან დაასხა სპეციალური პრეპარატი. “შანტასმა” ბანაობის შემდეგ ისე ჩაიცვა, რომ ვერაფერი ვერ იგრძნო და ვერც გაიგო. უკვე მეორე დღეს აგენტმა “კარბელისმა” ლიტვის სსრ სუკი-ს მეორე სამმართველოს შეატყობინა, რომ “შანტასს” მოულოდნელად ასტკივდა ფეხი და ვერსადაც ვერ მოახერხებს წასვლას. ამ ხერხით “შანტასი” დიდი ხნის განმავლობაში ვერ გამოდიოდა საკუთარი ბინიდან, რამაც შეუშალა მას ხელი, შეესრულებინა დავალება საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. ტუმანცევის მიერ მომზადებული ეს “სრულიად საიდუმლო” დოკუმენტი მხოლოდ ლიტვის სსრ სუკი-ს ხელმძღვანელობისთვის იყო განკუთვნილი და მასში აღწერილ ფაქტებში ეჭვის შეტანის მიზეზი არ არსებობს.
სპეცპრეპარატები დივერსანტების გამოსავლენად
მეორე “სრულიად საიდუმლო” დოკუმენტიც ლიტვის სსრ სუკ-ის საიდუმლო სპეცოპერაციას ეხება. ირკვევა რომ 1982 წლის დეკემბრის ბოლოს ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში მდებარე ჩარხმშენებელ ქარხანა ’ჟალგირისში”, რომელიც სამხედრო დანიშნულების პროდუქციასაც აწარმოებდა, უცნობმა პირებმა დივერსია განახორციელეს. ამ ფაქტმა ახლადდანიშნული საბჭოთა ლიდერის, იური ანდროპოვის განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია. საბჭოთა უშიშროების მთელი სისტემა, უზარმაზარი აპარატი და აგენტურული ქსელი “ყურებზე დადგა” დამნაშავეთა დასადგენად. ტრადიციულ მეთოდებთან ერთად ნოვატორული ხერხებიც გამოიყენეს, რომელთა შესახებაც უფრო დაწვრილებით ქვემოთ მოტანილი დოკუმენტი მოგვითხრობს.
სსრკ კგბ-ს ოპერატიულ-ტექნიკური სამმართველოს უფროს,
გენერალ-ლეიტენანტ ვ. პ. დემინს
ქ. მოსკოვი
სპეციალური პრეპარატების “СП-36” და “СП-I08” გამოყენების შედეგების შესახებ
ამასთან ერთად, გიგზავნით ცნობას სპეციალური პრეპარატების “СП-36” და “СП-I08”გამოყენების შედეგების შესახებ, ვილნიუსის მანქანათმშენებელ ქარხანა „ჟალგირისში“ დივერსიაში ეჭვმიტანილ პირთა შემოწმებისას.
თავმჯდომარის მოადგილე
გენერალ-მაიორი ვ. ვ. ზვეზდენკოვი
ცნობა
ვილკიცკაიას, სტვოლოვიჩისა და იუგაის შემოწმებისას სპეციალური პრეპარატების “СП-36” და “СП-I08”გამოყენების შედეგების შესახებ
1982 წლის 22 დეკემბერს, ვილნიუსის მანქანათმშენებლობის ქარხანაში „ჟალგირისში“ განხორციელებული დივერსიის გამოძიების დროს მიღებული ოპერატიული მასალების საფუძველზე შემოწმდა:
ვილკიცკაია ირენა ფრანცის ასული, დაბადებული 1931 წელს, „ჟალგირისის“ მე-6 საამქროს მუშა. მან შეატყობინა აგენტ „Семён“-ს ვინმე რადიშჩევსკისა და ზუმბრიცკაიას დივერსიაში მონაწილეობის შესახებ, რომელთა დადგენა პიროვნების დადგენა ვერ მოხერხდა;
სტვოლოვიჩი კაზიმირ სტანისლავის ძე, დაბადებული 1952 წელს, „ჟალგირისის“ საჩამომსხმელო საამქროს მუშა, ძმები სტაკუნებთან ერთად ეჭვმიტანილი იყო დანაშაულის ჩადენაში;
იუგაი რობერტი ნიკოლაის ძე, დაბადებული 1944 წელს, ქარხნის კაპიტალური მშენებლობის განყოფილების უფროსი, ქარხნის ყოფილი დირექტორის მ.ა. ბიხოვსკისა და ვინმე სიდოროვის უახლოესი კონტაქტი, რომლებიც ეჭვმიტანილნი იყვნენ დივერსიის ორგანიზებაში.
სსრ კავშირის კგბ-ს ხელმძღვანელობის სანქციის თანახმად, სსრკ კგბ-ს ოპერატიულ-ტექნიკური სამმართველოს თანამშრომლებთან იური მიხეილის ძე პოჩატოვსა და ჩაივანოვა მარინა ალექსეის ასულთან ერთად ვილკიცკაიას შემთხვევაში გამოყენებული იყო სპეცპრეპარატი “СП-36”, ხოლო სტვოლოვიჩისა და იუგაის შემთხვევაში - “СП-I08”.
შედეგად დადგინდა, რომ ვილკიცკაია ი. ფ.-ს არ გააჩნდა ინფორმაცია დივერსიაში მონაწილე პირების შესახებ, ხოლო ზუმბრიცკაია და რადიშჩევსკი აგენტ „Семён“-თან საუბარში სხვა საკითხთან დაკავშირებით ახსენა.
კ. სტვოლოვიჩი პრეპარატის ზემოქმედების ქვეშ იტყობინება: რომ მას გააჩნია ცეცხლსასროლი იარაღი /შემდგომში მას ჩამოართვეს სანადირო თოფი, რომელსაც უკანონოდ ინახავდა/, ასევე მისი ინტიმური ურთიერთობების შესახებ, დანაშაულის ღამეს თავისო ადგილმდებარეობის შესახებ. მისი და ძმები სტაკუნოვების დივერსიაში მონაწილეობას სტვოლოვიჩი კატეგორიულად უარყოფდა, რაც დადასტურდა შემდგომი აგენტურულ-ოპერატიული მოქმედებების დროს. რ. იუგაისგან მიღებული იყო ინფორმაცია: თუ რა ხასიათის ურთიერთობა აკავშირებდა მას სიდოროვთან, ბიკოვსკისთან ერთად ჩადენილ თაღლითობაზე ქარხნის ხარჯზე საზაფხულო აგარაკისა და პირადი ბინების მშენებლობისას, 1982 წლის 21 დეკემბერს ქარხანაში ვიზიტის მიზეზების შესახებ (ამ დროს იუგაი შვებულებაში იმყოფებოდა). ამასთან ერთად იუგაი გამორიცხავდა სიდოროვის, ბიხოვსკისა და თავის მონაწილეობას დანაშაულში. შემდგომში მიღებულმა ოპერატიულმა ინფორმაციამ დაადასტურა სიდოროვისა და იუგაის უდანაშაულობა და იმავდროულად აჩვენა, რომ ბიხოვსკისი, ერთობლივი თაღლითობის მიუხედავად, არ ენდობოდა იუგაის, შედეგად ამ უკანასკნელის ინფორმაცია ბიხოვსკის შესახებ იყო სუბიექტური და ვერ გამოირჩეოდა სრულყოფილბით.
პრეპარატები “СП-36” და “СП-I08” გამოყენებულ იქნა ობიექტებთან ოპერატიული თანამშრომლების საუბრისა და ალკოჰოლური სასმელების მიღების დროს. მომდევნო დღეებში ობიექტები საუბრის შინაარს ვერ გადმოსცემდნენ და ათ მიმართ სპეცპრეპარატების გამოყენებაში ეჭვი არ შეპარვიათ.
ლიტვის სსრ კგბ 6 განყოფილების უფროსი
ვიცე-პოლკოვნიკი
მისიუკონისი მ.პ.
„ ____“ აპრილი 1983 წელი
მადლობელნი უმდა ვიყოთ ლიტველი მეგობრების, რომლებთაც პოლიტიკური ნება ეყოთ და უკვე მხოლოდ ისტორიული ღირებულების ლიტვის სსრ სუკ-ის საიდუმლო დოკუმენტების სკანირებული ასლები ინტერნეტში განათავსეს და ხელმისაწვდომი გახადეს ყველასთვის. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს სსრ სუკ-იც ხშირად იყენებდა პრეპარატ “СП-36” და “СП-I08” - უპირველესად ემიგრანტების, ეროვნული მოძრაობის ლიდერებისა და სხვადასხვა ფარულად მოქმედი პოლიტიკური პარტიების წევრების მიმართ. სამწუხაროდ ამ სპეცოპერაციების ამსახველი საარქივო დოკუმენტები კვლავ ხელმიუწვდომელია. თუ წარსულში სპეცპრეპარატების გამოყენების კუთხით საბჭოთა სპეცსამსახურები ‘ლიდერობდნენ”, რა გასაკვირია, რომ დღეს მათი იდეური მემკვიდრეები _ რუსეთის სპეცსამსახურები წარმატებით იყენებენ ამ ბინძურ მეთოდებს. სავარაუდოა, რომ ფსიქოტროპული ნივთიერებები აქტიურად გამოიყენებოდა საქართველოს დელეგაციების რუსეთში ვიზიტებისას. კონტროლდაკარგული ქართველი მაღალჩინოსნები, მათ შორის ძალოვნებიც, ალბათ მრავალჯერ გამხდარან ამ ფარული აგრესიის მსხვერპლნი. გაბრუებული ქართველი გენერლების, მინისტრების, მოადგილეების და დეპარტამენტების უფროსების შეტყუება კაზინოებში, ქალებში და. . . . . ალბათ კიდევ სხვაგან _ სირთულეს აღარ წარმოადგენდა. შემდეგ კი ფარული ჩანაწერებით შანტაჟის გზით რუსეთის სპეცსამსახურებს აღარ გაუჭირდებათ მათი გადაბირება. უნდა ითქვას, რომ ანალოგიური მეთოდების გამოყენება სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებისგანაცაა მოსალოდნელი. ამიტომ ხელისუფლების წარმომადგენლები განსაკუთრებით დაკვირვებულნი და ფრთხილნი უნდა იყვნენ რათა ‘ზედმეტი გულახდილობით” სახელმწიფო საიდუმლოებები არ გაამჟღავნონ.