რუსეთის “ჰიბრიდული ომი” საქართველოს რესპუბლიკის წინააღმდეგ (1918-1921 წწ.

რუსეთის “ჰიბრიდული ომი” საქართველოს რესპუბლიკის წინააღმდეგ (1918-1921 წწ.

“ჰიბრიდული ომი”, როგორც წესი, არასამხედრო ფაქტორების (მეთოდების) ამოქმედებით იწყება, რომელთა შორის უმთავრესია ეკონომიკური ზემოქმედების მეთოდები (ეკონომიკური სანქციები, ეკონომიკური ბლოკადა და ეკონომიკური ომი). რომელთა მიზანია მოცემული ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის შესუსტება ან(და) განადგურება.
საქართველოს სახელმწიფოებრივ და ტერიტორიალურ მთლიანობასთან დაკავშირებული პრობლემები “არ ახალია, ძველია”. 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების პირველივე დღიდანვე დაიწყო ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ეკონომიკური ბერკეტების ღია და ფარული გამოყენება, როგორც “ბოლშევიკური” რუსეთის, ასევე დენიკინისა და ვრანგელის ე.წ. “მთავრობების” მხრიდან. საქართველოს, როგორც რეალური დამოუკიდებლობის გზაზე დამდგარი ქვეყნისთვის მთავარი პრობლემები – ასი წლის წინათ და ამჟამადაც იდენტურია. ესაა სტრატეგიული რესურსების (უპირველესად ნავთობისა და მარცვლელულის) ქვეყნისთვის საჭირო რაოდენობით არ არსებობა. ამიტომ საციცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს უმთავრესი რესურსებით საქართველოს ეკონომიკისა და მოსახლეობის სტაბილურ უზრუნველყოფას, რაც მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული საზღვაო და სახმელეთო სატრანსპორტო არტერიების შეუფერხებელ მუშაობაზე. ჩვენი ქვეყნის დიდი გეოპოლიტიკური და სტრატეგიული მნიშვნელობით თავის მოწონება სასაცილო გახდება, თუ ჩვენი “კეთილი მეზობლები” ეკონომიკურ ბლოკადას მოგვიწყობენ და სატრანსპორტო არტერიებს გადაგვიკეტავენ.

1918-1921 წლები. ბრძოლა გადარჩენისთვის “ეკონომიკურ ფრონტზე”

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელმძღვანელობა აცნობიერებდა რა ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვან დამოკიდებულებას ნავთობისა და მარცვლელულის შეუფერხებელ იმპორტზე, დამოუკიდებლობის გამოცხადების პირველივე დღეებიდან ცდილობდა კარგი ურთიერთობა დაემყარებინა დამოუკიდებელი აზერბაიჯანის მთავრობასთან, ასევე ყუბანისა და ჩრდილოეთ კავკასიის მრავალრიცხოვანი თვითგამოცხადებული რეგიონების მმართველებთან. მეფის დამხობის შემდეგ, კრაზანების ბუდესავით ავად აშლილი რუსეთის სხვადასხვა `მთავრობები~ მრავალრიცხოვან შეიარაღებულ ფორმირებებს აკონტროლებდნენ და საქართველოს ჩრდილოეთ საზღვრებს იყვნენ მომდგარნი. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ისინი საქართველოს დამოუკიდებლობას აღიარებდნენ.
ცალკე საკითხი იყო საბჭოთა რუსეთთან და დენიკინის (შემდგომ ვრანგელის) ე.წ. “მთავრობასთან” ეკონომიკურ საკითხებზე შეთანხმების მიღწევა, რადანაც ისინი საქართველოს დამოუკიდებლობას არ აღიარებდნენ და მთელ რიგ პოლიტიკურ და ტერიტორიულ მოთხოვნებს გვიყენებდნენ. ასე რომ 1918-1921 წლებში საქართველოს ხელისუფლებას ბრძოლა უხდებოდა არამარტო საბჭოთა (ბოლშევიკური) “ წითელი” რუსეთის, არამედ ე.წ. “თეთრი” (მონარქისტული) რუსეთის მტრულ ღია და ფარულ გეგმებთან. საქართველოში 1918-1921 წლებში გამომავალი გაზეთები კარგ საინფორმაციო რესურსს წარმოადგენენ ასი წლის წინანდელი ისტორიული მოვლენებისა და ფაქტების აღსადგენად და გასაანალიზებლად. ქვემოთ ციტატები მოტანილია 2013 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეგიდით გამოცემული კრებულიდან: `დამოუკიდებლობის 1028 დღე. საქართველოს პირველი რესპუბლიკის ყოველდღიური მატიანე (1918-1921). ავტორ-შემდგენელთა ჯგუფის ხელმძღვანელი და რედაქტორი პროფ. დ. შველიძე~. საქართველოს და აზერბაიჯანის მთავრობები ერთობლივად ცდილობდნენ მიეღწიათ დამოუკიდებლობის აღიარებისთვის. 1920 წლის თებერვლის დასაწყისში პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე მყოფ ორივე ქვეყნის დელეგაციებს წერილი გაუგზავნიათ საფრანგეთში აშშ–ის ელჩისთვის. სადაც ისინი თხოვდნენ აშშ-ის ხელისუფლებას, რომ დაედასტურებინა ანტანტის წევრ–სახელმწიფოთა გადაწყვეტილება საქართველო–აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის ცნობით. (`საქართველოს რესპუბლიკა~ 1920წ. 12.02. #32).
იმ წლებში ორი ქვეყნის კეთილმეზობლური ურთიერთობა განსაკუთრებით მჟღავნდებოდა კრიზისული სიტუაციების დროს. ცნობილია რომ 1920 წლის 18-20 თებერვალს საქართველოში ძლიერი მიწისძვრები მოხდა. განსაკუთრებით დაზარალდა გორი, სადაც შენობა-ნაგებობების დიდი ნაწილი დაინგრა და გარდაცვლილთა რაოდენობამ 200 გადააჭარბა. ამ მძიმე დღეებში აზერბაიჯანის ხელმძღვანელებმა თანადგომა გამოუცხადეს ჩვენ ქვეყანას და საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას ბაქოდან შემდეგი შინაარსის დეპეშა გამოუგზავნეს: „გთხოვთ თქვენს განკარგულებაში მიიღოთ 200 000 მანეთი მიწისძვრისგან დაზარალებულთა სასარგებლოდ. თანხას გადმოგცემთ ჩვენი რწმუნებული პეპინოვი”. (`საქართველოს რესპუბლიკა~ 1920წ. 27.02; #46).
საქართველო-აზერბაიჯანის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაუმჯობესება ორივე ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო. თუ საქართველო ნავთობის შეუფერხებელი იმპორტით იყო დაინტერესებული, აზერბაიჯანიც საქართველოს რკინიგზის გარეშე სხვა ქვეყნებში ნავთობის ექსპორტს ვერ განახორცილებდა. გარდა ამისა ბაქოს ჭირდებოდა ქართული ქვანახშირი და ხე-ტყე საკუთარი სარკინიგზო ხაზების ექსპლუატაციისთვის. ამიტომ რკინიგზის, ქვანახშირისა და ნავთობპროდუქტების საკითხი ორივე ქვეყნის მთავრობების ყოველდღიური ზრუნვის საგანი იყო.
1920 წლის ხუთ თებერვალს ბაქოში ხელი მოეწერა ორ ქვეყანას შორის “სატრანზიტო ხელშეკრულებას”, რომელსაც ადასტურებდნენ აზერბაიჯანის მთავრობის წევრები და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენელი აზერბაიჯანში გრიგოლ ალშიბაია. საკითხების დასაზუსტებლად 1920 წლის 10 თებერვალს ბაქოში გაემგზავრა სახაზინო რკინის გზათა უფროსი ინჟინერი ა. კანდელაკი, რომელიც საქართველოს რკინის გზების წარმომადგენელ ჩაჩიბაიასთან ერთად მოლაპარაკებას აწარმოებს აზერბაიჯანის მთავრობასთან, საქართველოსთვის ნავთობის შესყიდვის შესახებ. (`საქართველოს რესპუბლიკა~; #32).
1920 წლის 19 მარტს საქართველოს დამფუძნებელი კრების სხდომაზე მოხდა რატიფიკაცია “საქართველოს და აზერბეიჯანის რესპუბლიკების მთავრობათა შორის დადებულ ხელშეკრულებისა”. ეს დოკუმენტი არეგულირებდა ორ ქვეყანას შორის მნიშვნელოვან სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებს და ჩვენი აზრით წარმოადგენდა მყარ საფუძველს მომავალი კეთილმეზობლური ურთიერთობების გაუმჯობესებისათვის. თუმცა თბილისსა და ბაქოში ბჭობდნენ, მოსკოვში კი “იცინოდნენ”.
1920 წლის გაზაფხულზე წითელი რუსეთის მთავარი სამიზნე აზერბაიჯანი, კონკრეტულად კი ნავთობის საბადოების ხელში ჩაგდება იყო. კოლჩაკისა და დენიკინის არმიების დამარცხების შემდეგ კავკასიაში სამხედრო ინტერვენცია ბოლშევიკურმა რუსეთმა 1920 წლის გაზაფხულზე დაიწყო.
1920 წლის 17 აპრილს ორჯონიკიძემ ლენინისგან შემდეგი შინაარსის დეპეშა მიიღო: `... ბაქოს აღება ჩვენთვის ძალზე საჭიროა. მთელი მოქმედებები აქეთ წარმართეთ. ამასთან აუცილებელია განცხადებებში უაღრესი დიპლომატიურობა გამოიჩინოთ... იგივე ეხება საქართველოს, თუმცა გირჩევთ მას კიდევ უფრო ფრთხილად მოეპყროთ~. ბოლშევიკების XI არმიამ 1920 წლის 28 აპრილს ბაქო ფაქტობრივად, ბრძოლის გარეშე დაიკავა. ამის შემდეგ საქართველო ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან მტრული სახელმწიფოების გარემოცვაში აღმოჩნდა. ბოლშევიკური რუსეთი ყოველმხრივ ცდილობდა საქართველოს პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დესტაბილიზაციას. 1920 წლის 25 სექტემბერს გაზეთი `საქართველოს რესპუბლიკა~ იტყობინებოდა: “იუსტიციის სამინისტრომ მოიპოვა იმის უტყუარი ცნობები, რომ საბჭოთა რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების დადების შემდეგაც, სოხუმის ოლქში კომუნისტები განაგრძობენ არალეგალურ საქმიანობას, რასაც ადასტურებს: უდავო საბუთები, ოქმები, თვით კომუნისტთა ჩვენებანი და ექსპერტიზა. დაზვერვამ გამოარკვია რომ ისინი მართავდნენ თათბირებს, იძენდნენ იარაღს, ისინი ამზადებდნენ აჯანყებას და ამზადებენ დამცემ ჯგუფებს. ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს ორგანიზაციის მოთავე გაგრის სამაზრო კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ ვოლკოვი, კუხალეიშვილი, ბიგრიანოვი, კონსტანტინე მაკაროვი, ნიკოლოზ სვანიძე, ვასილ აიბრა. ეჭვმიტანილთა ბინების ჩხრეკისას აღმოჩენილ იქნა იარაღი, ასაფეთქებელი მასალები, პროკლამაციები, ქართული სამხედრო დანაყოფების განლაგების რუკები და სქემები, 14 მეომარი რაზმის სია 560 კაცით და სხვა მამხილებელი საბუთები (#216). ტერორისტული და დივერსიული გეგმების გარდა ბოლშევიკები ეკონომიკური საბოტაჟის სპეცოპერაციებსაც მიმართავდნენ საქართველოს მოსახლეობაში მთავრობის საწინააღმდეგო განწყობების გასაღვივებლად. 1920 წლის 7 ოქტომბერს გაზეთი `საქართველოს რესპუბლიკა~ წერდა: “მთავრობის თავმჯდომარის განკარგულებით ადმინისტრაციული წესით, 3 თვის ვადით დააპატიმრეს წისქვილების მეპატრონენი: იაკობოვი, დადახიანი, ალიხანოვი და ეგაიანი, ასევე ქალაქის კონტროლიორი სამოვიჩი და ტექნიკური განყოფილების უფროსი ბულიოტი. მათ ბრალად ედებათ სამსახურეობრივი უყურადღებობა პურიLღირსების გაუმჯობესების საქმეში. (`საქართველოს რესპუბლიკა~; №226).
გარეშე და შიდა მტერი ტერორისტული აქტებით ცდილობდა ქვეყანაში კრიმინალური მდგომარეობის დაძაბვას და მოსახლეობაში შიშის დათესვას. 1920 წლის 19 ივნისს თბილისში სომხური დაშნაკ–ცუტიუნის პარტიის წევრებმა რევოლვერით დაჭრეს აზერბაიჯანის პირველი და ყოფილი პრემიერ–მინისტრი ხან-ხოელი (ფატალი–ხან ხოისკი), რომელიც ერთი დღის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ბოლშევიკური რუსეთის მტრული მოქმედებების მიუხედავად საქართველოს ხელისუფლება ცდილობდა ნორმალური, მეზობლური ურთიერთობები დამყარებინა, როგორც ახალ, აზერბაიჯანის ბოლშევიკურ მთავრობასთან, ასევე მოსკოვთანაც. ამ მიზნით საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია 1920 წლის სექტემბრის ბოლოს შეხვდა საქართველოს წარმომადგენელს საბჭოთა აზერბაიჯანში გრიგოლ ალშიბაიას და აზერბაიჯანის საგარეო და ფინანსთა კომისარ მ. ჰუსეინოვს. შეხვედრაზე საუბარი იყო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დასადებ სატრანზიტო–სავაჭრო ხელშეკრულების შესახებ. (`საქართველოს რესპუბლიკა~; #217).
1920 წლის 18 ოქტომბერს ბაქოდან ჩამოსულ კიროვის მაგივრად დანიშნულ საბჭოთა რუსეთის სრულუფლებიან წარმომადგენელ აარონ შეინმანს თბილისის რკინიგზის სადგურზე, მეგობრული დიპლომატიური ეტიკეტის გამოსახატავად საქართველოს მთავრობის წევრები: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნ. ქარცივაძე და სამხედრო მინისტრის მოადგილე გენერალი ოდიშელიძე შეეგებნენ. თუმცა მოსკოვს მეგობრობის როდის სჯეროდა?