საქართველო სტალინის საიდუმლო არქივებში

საქართველო სტალინის საიდუმლო არქივებში
1921 წლის თებერვალში საქართველოზე განხორციელებულ თავდასხმას ბოლშევიკები დიდი ხანი ამზადებდნენ. სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება, საქართველოს დამოუკიდებკლობის ცნობა და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება – ეს ყველაფერი საერთაშორისო საზოგადოების თვალის ასახვევად და საქართველოს მთავრობის ყურადღების მოსადუნებლად კეთდებოდა. ფარულად კი “ბორჩალოელ მუშათა აჯანყება” და “შულავერის კომიტეტის” შექმნა იგეგმებოდა. საქართველოსთან გაფორმებული სამშვიდობო ხელშეკრულება რუსეთისთვის მხოლოდ “ლეღვის ფოთლის” ფუნქციას ასრულებდა. 1920 წლის გაზაფხულზე რუსეთს ძალა არ ჰქონდა, თორემ საქართველოს ოკუპაცია ადრევე მოხდებოდა. თავად “სამშვიდობო ხელშეკრულების” ხელმოწერისწინა პროცესში კიდევ ერთხელ დადასტურდა “ბოლშევიკების” გაიძვერობა. საქართველო-რუსეთს შორის 1920 წლის 7 მაისის სამშვიდობო ხელშეკრულება ფიქციაა და ბოლშევიკური რუსეთის მხრიდან დროის გაყვანის ტაქტიკა რომ იყო, სტალინის არქივში შემორჩენილი საიდუმლო დოკუმენტებით კიდევ ერთხელ დასტურდება. 1920 წლის 29 ნოემბერს მოსკოვში მყოფი ბოლშევიკების ერთ-ერთი ბელადი იოსებ სტალინი ბაქოში საიდუმლო დეპეშას (#5712) უგზავნის სერგო ორჯონიკიძეს. აღნიშნული დეპეშის შინაარსი იმდენად საინტერესო იქნება ქართველი მკითხველისთვის, რომ ამ ტექსტის თარგმანს სრულად გთავაზობთ:
ბაქო. ამხ. ორჯონიკიძეს
#5712 28/11 სასწრაფო პირდაპირი ხაზი
„შენ გუშინ უკვე უნდა მიგეღო გადაწყვეტილება. აჩქარება არ ღირს, საჭიროა დამატებითი ძალების დალოდება, თურქებთან ბრძოლა დაშნაკების მაგივრად, საჭირო არაა, მაგრამ თურქებისთვის ყველაფრის დათმობაც აგრეთვე დაუშვებელია. საჭიროა თურქებს სომხებისთვის ალექსანდროპოლის შესახებ დაველაპარაკოთ, თუმცა ყარსის შესახებ საკითხი ჯერჯერობით ღია დავტოვოთ. როგორც ჩანს სომხეთში თურქები მოქმედებენ ანტანტის ნებართვით, ამიტომ მათი ნდობა არ შეიძლება. აუცილებელია ისინი (თურქეთი – ბ.ა.) მოვწყვიტოთ ანტანტას, საჭიროა თურქეთი მივუსიოთ საქართველოს და შევხედოთ, წავლენ თუ არა ისინი საქართველოს წინააღმდეგ”. საინტერესოა, რომ ბაქოში აღნიშნული დაშიფრული დეპეშა 29 ნოემბრის დილას გაშიფრეს და დედანი დაწვეს, რასაც მშიფრავის ხელმოწერა ადასტურებს. აღნიშნული ტექსტიდან კარგად ჩანს, რომ ბოლშევიკები საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობას არასდროს შეურიგდებოდნენ და საკუთარი მიზნების მისაღწევად თურქეთის გამოყენებასაც არ მოერიდებოდნენ, რაც შენდგომ თვეებში განვითარებულმა მოვლენებმა დაადასტურა. 1920 წლის 22 ნოებერს სტალინი საიდუმლო დეპეშას (#182) უგზავნის ბოლშევიკური რუსეთის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარ გ. ჩიჩერინს, ხოლო ასლს – ვლადიმერ ლენინს. ტექსტი ასეთია:
“ჩიჩერინს, ასლი ლენინს
თქვენი #9056 დეპეშის პასუხად: ბურჟუაზიული საქართველოს დახმარება უნდა არა ანტანტის არამედ თურქეთის წინააღმდეგ. თუ ანტანტა ბათუმს დაიკავებს იმისთვის რომ დაეხმაროს საქართველოს. ლოზუნგი“საქართველოსთვის“ ნიშნავს თურქეთის წინააღმდეს კომბინაციებს, რასაც უეჭველია ცდილობს ანტანტა, რათა ჩვენ დგვაპირისპიროს თურქეთთან. აი რას მატყობინებს გუსეინოვი: “საქართველოში ამჟამად დიდი შეშფოთებაა თურქების შემოტევის გამო. ჟორდამიან გულახდილად გვითხრა მე და შეიმანს, რომ ინგლისმა სომხეთი გაყიდა და იგივეს გაიმეორებს საქართველოსთან მიმართებაში. მან ისიც თქვა, რომ ქემალებთან ომში საქართველოს რუსეთი დაეხმარება“. ჟორდანიას უნდა თქვას, რომ საფრთხე მოდის არა ანტანტიდან, რომელთანაც საქართველო დაკავშირებულია, არამედ თურქეთიდან, რომელიც მიზნად ისახავს ბათუმის კონვენციის გატარებას. ამასთან ერთად თურქეთთან ომი პოპულარულია საქართველოში, რასაც ვერ ვიტყვით ანტანტასთან ომთან დაკავშირებით. ჩემი აზრით ერთ-ერთი საუკეთესო კომბინაციაა თურქეთის წარმატებული ომი საქართველოსთან, რაც საშუალებას მისცემს რუსეთს ჩაერიოს როგორც შუამავალი და გადამრჩენი. მარდა ამისა მე ისიც უნდა ავღნიშნო, რომ საქართველოზე ჩვენ შეტევას ამჟამად არანაირი პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ, რომ ჩვენი ჯარები ძლზე შორს იმყოფებიან საქართველოდან და მათი გადაადგილება შეფერხებით ხდება. სტალინი.“ თუმცა სულ ორიოდე თვეში მდგომარეობა რადუკალურად შეიცვალა, რასაც ბოლშევიკების ლიდერის, ვ. ლენინის შემდეგი საიდუმლო შიფრ-დეპეშაც ადასტურებს. 1921 წლის 15 თებერვალს ლენინმა დაშიფრული დეპეშა გაუგზავნა მე-11 არმიის ხელმძღვანელებს: “ მე-11 არმიის ოპერაციები ცკ-ას მიაჩნია ნეიტრალური ზონის აჯანყებულთა დასაცავად მიმდინარე დახმარება. გაითვალისწინეთ ყველა საჯარო გამოსვლებში ამ ოპერაციის ეს პოლიტიკური შეფასება. ჩვენ ველით მე-11 არმიისგან ენერგიულ და სწრაფ მოქმედებებს ტიფლისის ასაღებად, რაც სამხედრო თვალსაზრისით აუცილებელია ნეიტრალური ზონის დასაცავად”. 1921 წლის 17 თებერვალს სტალინი ორჯონიკიძისადმი გაგზავნილ დეპეშაში ნოე ჟორდანიას აქილიკებდა: “ჟორდანიას შეცდომა – მისი მთავრობა შედგენილი იყო თითქმის გურულებისაგან, რის გამოც იგი არ სარგებლობდა აღმოსავლეთ საქართველოს თანაგრძნობით, ჩვენ არ უნდა გავიმეოროთ”-ო.
1921 წლის თებერვალში მე-11 არმიის საქართველოზე შეტევას, სამხრეთიდან რუსეთ-თურქეთს შორის არსებული ფარული შეთანხმებით გათვალისწინებული თურქეთის ჯარის შტევაც დაემატა. ეს ყველაფერი, ბოლშევიკების, უპირველესად კი სტალინის მიერ შემუშავებული ცინკური გეგმის ნაწილი იყო, რასაც ჯერ კიდევ 1921 წლის 13 იანვარს სტალინის მიერ ორჯონიკიძისადმი გაგზავნილი საიდუმლო შიფრ-დეოპეშაც ადასტურებს: “თქვენი შეკითხვის პასუხად ცკ გაცნობებთ: რადგანაც ჩვენ თურქებთან სრული შეთანხმების გზაზე ვართ (ჩვენთვის ბათუმის, ახალქალაქის და ახალციხის დატოვების საფუძველზე) თურქეთთან სამხედრო შეჯახება გამოირიცხება. ყველა ეს ქალაქი, განსაკუთრებით კი ბათუმი, დაიკავეთ თურქებთან ერთად, თუ ეს დაპირისპირებას არ გამოიწვევს. მოიქეცით დიპლომატიურად. რეგულარულად მოგვაწოდეთ ინფორმაცია”. 1921 წლის 19 მარტს სტალინი შიფრ-დეპეშას უგზავნის თბილისში ორჯონიკიძეს, რომელიც კვლავ საქართველოს ტერიტორიის განაწილებას ეხება. ტექსტი ამგვარია:
„ტიფლისი ამხ ორჯონიკიძეს
„თურქებთან უკვე მოწერილი ხელშეკრულების მიხედვით ბათუმი საქართველოს დარჩა. კარაბეკირმა ეს უნდა იცოდეს, რომ (ტექსტი არ იკითხება – ბ.ა.) მაგრამ........ (ტექსტი არ იკითხება – ბ.ა.) უნდა შევძლოთ თურქების ბათუმიდან გაყრა და შემდეგ კი, ეს, როგოც გაუგებრობა ისე ავხსნათ. ინიციატივა უნდა აიღონ თავის თავზე მეთაურებმა; მათ საქართველოს მთავრობა უნდა დაეხმაროს, მაგრამ ჩრდილში უნდა დარჩეს”.
19/03/21 #132 სტალინი“.
თურქეთთან ბოლშევიკური რუსეთის ფარულ კავშირებზე სტალინის არქივში შემორჩენილია მცირე მოცულობის ხელნაწერიც ადასტურებს, რომლითაც მან ლენინს 1921 წლის 7 ნოემბერს გაუგზავნა:
„ ამხ. ლენინ! თურქებს საჭიროა მივცეთ გათვალისწინებული ფინანსების მეორე ნაწილიც (1100000 რუბლი), ამავე დროს ნათლად და გარკვევით ავუხსნათ მათ, რომ ჯერჯერობით სამწუხაროდ ჯერ არ შეგვიძლია მეტის მიცემა რუსეთში დაწყებული შიმშილის გამო, რაც შეეხება უკვე მათთვის განკუთვნილ იარაღს ისიც მივცეთ“. სტალინი. 7/11.21.
სტალინის საიდუმლო არქივიდან ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა ის დოკუმენტები, რომლებიც საქართველოს ეხება. ამჟამად სამ დოკუმენტს გავეცნობით.
1925 წლის 23 მაისს სტალინი საიდუმლო შიფრ დეპეშას უგზავნის თბილისში ორჯონიკიძეს, სადაც ვკითხულობთ: „ ჩემთან იყვნენ ტოკოევი და სხვა ოსები. საქმის ყურადღებით გაცნობის შემდეგ დავრწმუნდი, რომ შეიძლებოდა დავთანხმებულიყავით ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთის ავტონომიის შექმნას საქართველოს შემადგენლობაში.“ შიფრ დეპეშას სტალინი შემდეგი სიტყვებით ამთავრებს: „ ეს ყველაფერი ჩემი პირადი აზრია. მომწერე სამხარეო კომიტეტის აზრი“. საინტერესოა რამ განაპირობა სტალინის ამგვარი გადაწყვეტილება: ვითომდა საქართველოს გაძლიერებისა და ტერიტორიების გაფართოების სურვილმა? ან ხელოვნურად შექმნილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გამო სინდისის ქენჯნამ? რათქმა უნდა არა. სტალინი როგორც ცინიკოსი პოლიტიკოსი ამ გადაწყვეტილებაშიც საბჭოთა იმპერიის გაძლიერების გზებს ეძებდა. კერძოდ სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიის შექმნა საქართველოს ტერიტორიულ და პოლიტიკურ ფარგლებში, უნდა გამხდარიყო მნიშვნელოვანი დარტყმა ინგუშებისთვის. კარგადაა ცნობილი, რომ ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის შექმნის დროს ინგუშებით დასახლებული დიდი ტერიტორიები ოსებს გადასცეს, რის გამოც ინგუშებსა და ოსებს შორის მრავალწლიანი შუღლი ჩამოწვა, რომელიც დღესაც ფეთქებადსაშიშ ფაქტორს წარმოადგენს მთელი ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიისთვის. ასე რომ ნაადრევი იქნება ქართველი სტალინისტების აღფრთოვანებული შეძახილები: „ხედავთ სტალინი როგორ ფიქრობდა საქართველოზე!“ სინამდვილეში კი სტალინის მთავარ ამოცანას ერთიანი საბჭოთა იმპერიის შექმნა და გაძლიერება წარმოადგენდა. ამ სტრატეგიაში კი მრავალი ათწლეულებზე გათვლილი, შენელებული მოქმედების „ნაღმები“-ს ჩადებაც იგულისხმებოდა. რაზეც ქვემოთ მოყვანილი საიდუმლო შიფრ-დეპეშაც მეტყველებს, რომელიც სამეგრელოს ავტონომიის შესაძლო შექმნას ეხება.. 1925 წლის 16 სექტემბერს სტალინი შიფრ დეპეშას უგზავნის თბილისსში ორჯონიკიძეს, სადაც აღნიშნავს: „ ვწუხვარ რომ სამეგრელოს შესახებ ხუმრობა სეროიზულად აღიქვეს მიამიტმა ამხანაგებმა. შეგიძლია ჩემი სახელით განუცხადო, რომ მე სამეგრელოს ავტონომიის სასარგებლოდ არაფერი განმიცხადებია და არც ვაპირებ განვაცხადო. ამის შესახებ შეგიძლია განაცხადო იმ ფორმით, როგორსაც ჩათვლი საჭიროდ. ოსების შესახებ კი მოვილაპარაკოთ შენი ჩამოსვლის შემდეგ“. ავტონომიური რესპუბლიკების და ოლქების ხელოვნურად შექმნა, ისტორიული მიწებიდან სხვადასხვა ეროვნების ხალხის აყრა და სხვა ტერიტორიებზე გადასახლება, ჩვენი აზრით, ბოლშევიკების და პირადად სტალინის მიერ შემუშავებულ ერთიან მზაკვრულ გეგმას წარმოადგენდა. რამაც მძიმე შედეგები უკვე მოგვცა და სამწუხაროდ ეს პრობლემა კვლავ აქტუალურია.