სტალინის საიდუმლო არქივიდან
სტალინისა და კრუპსკაიას „მხურვალე რომანი“
ჯერ კიდევ ლენინის სიცოცხლეში არავისთვის იყო დამალული, რომ „დიდი ბელადის“ მეუღლე ნადეჟდა კრუბსკაია სტალინისადმი საკმაოდ მტრულად იყო განწყობილი. სტალინიც დამოკიდებულებაც ანალოგიური იყო. დღეისათვის ძნელია დანამდვილებით იმის თქმა, მათ შორის ურთიერთობა 1920-იანი წლების დასაწყისამდე იყო თუ არა დაძაბული, თუმცა ფაქტია, რომ ლენინის სიცოცხლის ბოლო წლებში სტალინსა და კრუპსკაიას ურთიერთობა განსაკუთრებით მტრული გახდა. ამას დაემთხვა ლენინისა და სტალინის პოზიციების განსხვავება საბჭოთა კავშირში ნაციონალური საკითხის გადაწყვეტის შესახებ. საბჭოთა ისტორიაში ეს ფაქტი ე.წ. “ქართველთა საქმის” სახელწოდებითაა შემორჩენილი. დაპირისპირების საგანი იყო საქართველოს შესვლა საბჭოთა კავშირში -დამოუკიდებელი საბჭოთა რესპუბლიკის, თუ ამიერკავკასიის ორ სხვა რესპუბლიკასთან (აზერბაიჯანი და სომხეთი) გაერთიანებული სტატუსით. სტალინი წინააღმდეგი იყო დამოუკიდებელი რესპუბლიკის სტატუსით საქართველოს საბჭოთა კავშირში შესვლისა. იგივე საკითხი იქცა შემდგომ სტალინის და ორჯონიკიძის, ბუდუ მდივანთან და ფილიპე მახარაძესთან დაპირისპირების მიზეზად. ლენინის გადაწყვეტილებით საქმის მოგვარება ძერჟინსკის დაევალა. ეს საკმაოდ რთული საკითხი განხილვის სტადიაში იყო, როდესაც ლენინი მძიმედ გახდა ავად. 1922 წლის 18 დეკემბერს ბოლშევიკების პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა პერსონალურად სტალინს დაავალა ლენინისთვის ექიმების მიერ დაიშნული მკურნალობისა და ცხოვრების რეჟიმის შესრულებაზე პასუხისმგებლობა. სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება სტალინისა და კრუბსკაიას შორის ერთ-ერთი ცნობილი კონფლიქტი, რომელსაც შორს მიმავალი შედეგები მოჰყვა. 1922 წლის დეკემბრის ბოლოს, სავარაუდოდ 23-24 დეკემბერს, სტალინი ტელეფონით ესაუბრა კრუპსკაიას და საკმაო უხეში სიტყვებით მოითხოვა, რომ ლენინი ზედმეტად არ შეეწუხებინა არავის, მათ შორის მის მეუღლესაც. რაზედაც კრუპსკაიამ ასევე მკვახედ უპასუხა: „მე ლენინის ცოლი ვარ და ყველაზე კარგად ვიცი თუ რა არის მისთვის უკეთესი და რა არა“. გაბრაზებულმა სტალინმა კი მიახალა: „ჩვენ ჯერ კიდევ ვნახავთ, თუ ლენინის, როგორი ცოლი ხართ“. მრავალი წლის შემდეგ მოლოტოვი იხსენებდა სტალინის სიტყვებს კრუპსკაიაზე: „ მე რა მას უნდა ველაქუცო? ლენინის ცოლობა არ ნიშნავს იმას, რომ ლენინიზმშიც კარგად ერკვეოდე“. სტალინთან საუბრის შესახებ კრუპსკაიამ ლენინს უამბო, რაც სტალინსა და ლენინს შორის კონფლიქტის მთავარი მიზეზი გახდა.
“მე არ წავალ ნ.კ-სთან და მასთან ქართველების შესახებ არ ვისაუბრებ”
სტალინის პირად არქივში არსებული ერთი სიდუმლო დოკუმენტი ნათელს ჰფენს იმ ფაქტს, რომ ლენინის ავადმყოფობის პერიოდში (1922-1923 წწ.) მისი მეუღლე, ნადეჟდა კრუპსკაია ცდილობდა აქტიურად ჩარეულიყო მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში, რაც სტალინის გაღიზიანებას იწვევდა. სანამ დოკუმენტის შინაარსს გავეცნობოდეთ უნდა ავღნიშნოთ, რომ იმ პერიოდში „საბჭოთა ბელადებს“ შორის მიმოწერის ერთი სპეციფიკა არსებობდა: კერძოდ, რომელიმე თათბირის დროს ერთ-ერთი „ბელადი“ საკუთარ შეხედულებას განსახილველ საკითხთან დაკავშირებით დაწერდა ფურცელზე და შემდეგ ამ ფურცელს სხვა „ბელადებს“ გადააწოდებდა, ისინიც დააფიქსირებდნენ თავის შეხედულებას. სტალინის არქივში საკმაოდ ბევრი ამგვარი სახის ჩანაწერის დედანია შემორჩენილი. ერთ-ერთ თათბირზე, რომელიც სავარაუდიდ 1922 წლის მიწურულს გაიმართა, შედგა სტალინისა და ზინოვიევის კულუარული მიმოწერა, რაც საქართველოს ეხებოდა. „ნ.კ. (ნადეჟდა კრუბსკაია -ბ.ა.) რეკავს. გვთხოვს, რომ თქვენ და მე ვნახოთ ქართველების საქმესთან დაკავშირებით. მე მოვიმიზეზე პოლიტბიუროს სასწრაფო სხდომა. ის დაჟინებით მოითხოვს დღეს საღამოს შეხვედრას. მე არაფერი ვუპასუხე, ვუთხარი რომ თვენთან მოვილაპარაკებ. როგორ მოვიქცეთ ?“. - წერს ზინოვიევი. სტალინმა უპასუხა: „თქვენი არ ვიცი, მე კი არანაირი სურვილი არ მაქვს ვესაუბრო ნ.კ. -ს ქართველებზე. დაე ცკ-ს საკონტროლო კომისია გადაწყვიტოს სინდისიერად“. ამას კვლავ ზინოვიევის კომენტარი მოყვა: „ძალზე უხერხულია უარი ვუთხრათ მას. ჯობს დავიტანჯოთ და შევუაროთ. მე რათქმა უნდა ამაში განსაკუთრებულ სიამოვნებას ვერ ვხედავ მაგრამ რა ვქნათ? მხოლოდ ჩემს საუბარს აზრი არ აქვს“. როგორც ჩანს სტალინი ძლზე გაღიზიანდა, რაც მის რეპლიკასაც ეტყობა: „რატომ არის უხერხული? ცკ-ს საკონტროლო კომისიის პრეზიდიუმში ნ.კ.-ს წერილის შემდეგ მე არ მსურს „უკლონისტების“ საქმეში ჩავერიო, რასაც არ ვმალავ და მზად ვარ თუ გნებავთ ნ.კ.-საც შეულამაზებლად მივწერო. განსაკუთრებით არ მინდა ჩავერიო ნ.კ.-სთან ერთად. მე არ წავალ ნ.კ-სთან და მასთან ქართველების შესახებ არ ვისაუბრებ, რადგანაც ეს ჩემი გადასაწყვეტია და არავის დაუვალებია ჩემთვის ნ.კ.-სთან ერთად რაიმე საკითხის ერთობლივი განხილვა“. სტალინის ამგვარი დამოკიდებულებით გაგულისებული კრუპსკაია სამაგიეროს გადახდას შეეცადა ლენინზე ზემოქმედების მოხდენის გზით, რის შედეგადაც შემდგომში ლენინმა ყოველგვარი ურთიერთობა გაწყვიტით დაემუქრა სტალინს. 1922 წლის 23 დეკემბერს ლენინმა დაწერა “წერილი ყრილობას”, რომელითაც 1923 წლის აპრილში გასამართ ბოლშევიკების XII ყრილობას მიმართავდა. ეს წერილი უფრო “ლენინის ანდერძის” სახელწოდებითაა ცნობილი. ჩვენი აზრით სწორედ კრუპსკაიას ჩაგონებით დაამატა ლენინმა ტექსტში სტალინის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნა. ამ დოკუმენტის არსებობის შესახებ მხოლოდ ორმა პიროვნებამ იცოდა : ლენინის მდივანმა ფოტიევამ, ვისაც კარნახობდა და ლენინის ცოლმა, ნ. კრუპსკაიამ.
ლენინის ანდერძი
“მე გირჩევთ, ჩვენს პარტიულ შემადგენლობაში ცვლილებები შევიტანოთ. რამდენიმე ისეთი საკითხის გაზიარება მინდა თქვენთვის, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია. უპირველესად, ცენტრალური კომიტეტის წევრთა რაოდენობა უნდა გავზარდოთ... თუნდაც 100-მდე. ასე პარტიას ნაკლები საფრთხე დაემუქრება... შემდგომ, ჩემი აზრით, მხარი უნდა დავუჭიროთ გოსპლანს და, ამასთან ერთად, ამხანაგ ტროცკის... მე ვფიქრობ, სტალინისა და ტროცკის ურთიერთობის განხილვაც მნიშვნელოვანია. მათი ურთიერთობა მომავალი განხეთქილების დიდ საშიშროებას ქმნის. სწორედ ამიტომ შემოგთავაზეთ პარტიის წევრთა რაოდენობის 50-დან 100 კაცამდე გაზრდა.
23 დეკემბერი, 1922 წელი
ამხანაგმა სტალინმა, გახდა რა გენერალური მდივანი, მოიპოვა დიდი გავლენა და მე არ ვარ დარწმუნებული, რომ იგი ამ გავლენას სიფრთხილით გამოიყენებს. მეორე მხრივ, ამხანაგი ტროცკი... გამოირჩევა არამხოლოდ ინტელექტითა და შესაძლებლობებით. პირადად იგი არის ყველაზე უნარიანი ადამიანი დღეს ცენტრალურ კომიტეტში, თუმცაღა ახასიათებს დიდი წარმოდგენა საკუთარ თავზე და ყოველთვის თავდაჯერებულია; ამავე დროს ხშირად გაიტაცებს ხოლმე ადმინისტრაციული გვერდითი საქმეები. ორი გამოკვეთილი ლიდერის ეს ორი თვისება შესაძლოა პარტიის რღვევის მიზეზი გახდეს და თუ ჩვენმა პარტიამ არ მიიღო ზომები, განხეთქილება გარდაუვალია. მე არ დავახასიათებ პარტიის დანარჩენ წევრებს, თუმცა ზინოვიევისა და კამენევის ოქტომბრის ეპიზოდი არ ყოფილა შემთხვევითი, მაგრამ მხოლოდ ამის გამო მათ ვერ დავადანაშაულებ, როგორც ვერ დავადანაშაულებ არაბოლშევიკობის გამო ტროცკის. მინდა, ორიოდე სიტყვა ვთქვა ბუხარინზე: იგი გამორჩეულია, იგი არა მხოლოდ პარტიის თეორეტიკოსია, იგი კანონიერად ითვლება პარტიისთვის პატივსაცემ ადამიანად, მაგრამ ხშირად მისი თეორიები არ ეთანხმება მარქსისტულს, რადგან არის მასში რაღაც სქოლასტიკოსის (მას არასოდეს უსწავლია და, ვფიქრობ, არასოდეს ერკვეოდა დიალექტიკაში).
24 დეკემბერი
სტალინი ძალიან უხეშია და ეს ნაკლი, რომელიც გასაძლისია ჩვენს გარემოში, კომუნისტებში, გაუსაძლისი ხდება გენერალურ სამდივნოში. ამდენად, მეგობრებო, გთავაზობთ, კარგად აწონ-დაწონოთ და იფიქროთ იმაზე, როგორ გადავანაცვლოთ სტალინი გენერალური მდივნის პოსტიდან და როგორ დავნიშნოთ მის ადგილზე სხვა ადამიანი, რომელიც... იქნება უფრო მომთმენი, ლოიალური, უფრო კეთილგანწყობილი, ზრდილობიანი და უფრო ყურადღებიანი მეგობრების მიმართ, ნაკლებად კაპრიზული და ა.შ. ეს გარემოება თქვენ შეგიძლიათ უმნიშვნელოდ ჩათვალოთ, მაგრამ მე ვფიქრობ, განხეთქილების თავიდან ასაცილებლად და ტროცკისა და სტალინის ურთიერთობის შესახებ ჩემ მიერ ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, ეს არ არის უმნიშვნელო საკითხი, ან უმნიშვნელოა იმდენად, რომ შესაძლოა შეიძინოს გადამწყვეტი მნიშვნელობა.
ლენინი
ჩაიწერა ლ. ფოტიევამ. 1923 წლის 4 იანვარი ”.
კრუპსკაიამ ეს წერილი მხოლოდ ლენინის სიკვდილის შემდეგ გადასცა ცენტრალური კომიტეტის სამდივნოს. ხელისუფლებისთვი სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ჩაბმული სტალინი და ტროცკი წინააღმდეგნი იყვნენ ყრილობაზე ანდერძის წაკითხვის. მაგრამ კრუპსკაიამ მოითხოვა. ანდერძის პირველი ოფიციალური წაკითხვა მოხდა 1924 წლის 22 მაისს პარტიის მეცამეტე ყრილობაზე, როდესაც ის კამენევმა წაიკითხა. სტალინი და ტროცკი ცდილობდნენ სათავისოდ გამოეყენებინათ “ლენინის ანდერძი”. მოვლენების შემდგომმა განვითარებამ გვიჩვენა, რომ პოლიტიკური ინტრიგების დიდოსტატმა, იოსებ სტალინმა “ლენინის ანდერძის” შინაარსით უფრო ისარგებლა ვიდრე ლენინის მიერ საკუთარ მემკვიდრედ მიჩნეულმა ლევ ტროცკიმ. ეს უკანასკნელი ჯერ სამშობლოდან გააძევეს, ხოლო შემდეგ კი 1940 წელს შორეულ მექსიკაში სტალინის პირადი დავალებით მოუსწრაფეს სიცოცხლე.