„ჰარვარდის პროექტის“ ქართველი რესპონდენტები: მიხეილ კედია

„ჰარვარდის პროექტის“ ქართველი რესპონდენტები: მიხეილ კედია

მიხეილ კედია ქართველი ემიგრანტი, პროგერმანული მიმართულების პოლიტიკოსი იყო. მეორე მსოფლიო ომის დროს იგი აქტიურად თანამშრომლობდა „აბვერთან“- თან (გერმანიის კონტრდაზვერვის ორგანო) , იყო ქართული ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. ახალგაზრდობაში სწვალობდა ბერლინსა და ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში - იურიდიულ ფაკულტეტზე. 1921 წლიდან ემიგრაციაში ცხოვრობდა პარიზში. სხვადასხვა დროს იყო სოციალ–ფედერალისტთა და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიების წევრი, ორგანიზაცია „თეთრი გიორგის“ ერთ–ერთი დამაარსებელი, მონაწილეობდა „კავკასიის კონფედერაციის“ საქმიანობაში, თანამშრომლობდა ჰაიდარ ბამატის ჟურნალ „კავკასიასთან“.
გერმანიაში მოღვაწე ქართველ ემიგრანტებს შორის მიხეილ კედია ერთ–ერთი იყო იმ პიროვნებათაგან, რომელიც სარგებლობდა გერმანელ მაღალჩინოსანთა განსაკუთრებული ნდობით, პოლიტიკური გავლენით და ავტორიტეტით. მას მიაჩნდა, რომ საქართველოს ბოლშევიკური ანექსიისაგან განთავისუფლება ნაცისტური გერმანიის მხარდაჭერით იქნებოდა შესაძლებელი. თავის ინტერვიუში იგი აღნიშნავს: „გულწრფელად უნდა ვაღიარო, რომ ჩემი შეხედულებები ყოველთვის პროგერმანული იყო. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ 1918 წლის შემდეგ ყველაზე მეტად გერმანია იცავდა ჩვენს ინტერესებს. გარკვეულ მომენტში კი საკუთარი მოკავშირეების - თურქების წინააღმდეგაც კი, ის იბრძოდა ჩვენთან და ჩვენთვის.“ მას მიაჩნდა, რომ საქართველოს უპირველესი მტერი იყო რუსეთი. „ჩვენთვის რუსები - ამას პირდაპირ ვამბობ: არა საბჭოთა კავშირი, არამედ რუსები - იყვნენ და რჩებიან მთავარ მტრად.” აქედან გამომდინარე, მის მიერ განხორციელებული თითოეული ქმედება მიმართული იყო საქართველოს (ქართველი ერის) საკეთილდღეოდ და რუსეთის საზიანოდ.
1943 წელს მისი ხელმძღვანელობით დაარსდა „სამეკავშირეო შტაბი“ , რომლის ფუნქციაც გახლდათ იმ სამხედრო ერთეულების წესრიგში მოყვანა , რომელშიც ირიცხებოდნენ ქართველები. ექვს თვეში ამ შტაბმა მოახერხა კავკასიელი და ქართველი მუშების უფლებრივად ევროპელ მუშებთან, ხოლო ქართველი ჯარისკაცების გერმანელ ჯარისკაცებთან გათანაბრება. მიუხედავად იმისა რომ მიხეილ კედია აქტიურად თანამშრომლობდა გერმანიის მთავრობასთან, ის არ ეთანხმებოდა „ნაცისტების მხეცურ პოლიტიკას“ და მეგობრობდა ჰიტლერთან დაპირისპირებულ გავლენიან გერმანელებთან. მისი დამოკიდებულება ეს–ეს -ის მიერ გატარებული ძალისმიერი ქმედებების მიმართ იყო აშკარად მტრული.ის მიიჩნევდა, რომ ისინი ატარებდნენ არასწორ პოლიტიკას აღმოსავლეთის ხალხების მიმართ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მიხეილ კედია თავის გულმხურვალე თანამოაზრედ მხოლოდ ორ პიროვნებას მიიჩნევდა: ფონ მენდეს და გრეფს. 1944 წელს ეს–ეს – ის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე კედია ღიად დაუპირისპირდა გენერალ ვლასოვს. „ჰარვარდის პროექტის“ ფარგლებში ჩაწერილ ინეტრვიუში იგი აღნიშნავს: „წამოვდექი და განვაცხადე - ჩვენ არ ვართ დაინტერესებული მისი მოხსენებით, რადგან ვიცით მისი შეხედულებები. არ მსურს გავხდე რუსული მიწების შემგროვებელი . ვლასოვმა პასუხის გაცემა სცადა, ბოლოს ის ჩაებღაუჭა იმ არგუმენტს, რომ რაიხსფუერერმა მისცა მას უფლებამოსილება, ამიტომ უნდა დავემორჩილო. მე ვუპასუხე, რომ უფლებამოსილებები მომცეს კავკასიის ხალხებმა ამიტომაც მე მის წინაშე არანაირი ვალდებულება არ გამაჩნია.“
მიხეილ კედიამ უამარავი ქართველი ებრაელი და ქართველი მაჰმადიანი სიკვდილისაგან იხსნა. მას თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ „ქართველი შინდლერი“. იგი გულმხურვალედ იცავდა ქართველი ემიგრანტების უფლებებს. მიხეილ კედიას მიერ გაკეთებული ყალბი საბუთებით ათასზე მეტი ქართველი და ევროპელი ებრაელი გადაურჩა სიკვდილს. საშიშროების მიუხედავად ქართველებს უკან არ დაუხევიათ და სწორედ ამ საქმიანობის გამო მიხეილ კედიამ პარიზის დიდი რაბინის ვაისის და ებრაული კულტურის ასოციაციის ხელმძღვანელის მოსერის მადლობა დაიმსახურა. მიუხედავად მისი დიდი ღვაწლისა, იგი გულდაწყვეტით აღნიშნავს თავის ინტერვიუში: „მე ვერ მივაღწიე მიზანს მიეღოთ "განსაკუთრებული კანონი საქართველოს მთის ებრაელების შესახებ".
ის მეორე მსოფლიო ომის დროს იგი აქტიურად მონაწილეობდა სამხედრო ტყვეების განთავისუფლებაშიც. მრავალი მოგონება და ემიგრანტული პუბლიკაცია მოიხსენებს მიხეილ კედიას, როგორც ნაცისტურ გერმანიაში ქართველების ინტერესებისა და თავისუფლების თავდაუზოგავ დამცველს. მიხეილ კედია სიცოცხლის ბოლომდე ღრმად იყო დარწმუნებული, რომ მის მიერ გადადგმული ყოველი ნაბიჯი, ადამიანებთან ურთიერთობისა და მოქმედების ნებისმიერი ფორმა გამართლებული იყო იმ პატრიოტიზმით, რომლითაც იგი „ებრძოდა ბოლშევიკებს“ და იცავდა თანამემამულეებს. ის მოქმედებდა შემდეგი პრინციპით - ”ჩემი მტრის მტერი, ჩემი მეგობარია“.
ზოგიერთი წყარო ირწმუნება, რომ მიხეილ კედიამ 1952 წელს თავი მოიკლა გაურკვეველ ვითარებაში, თუმცა მისი გარდაცვალების შესახებ შეტყობინება ჟენევის გაზეთში გამოქვეყნდა 1954 წლის 20 აგვისტოს.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მაგისტრანტი, ანა ჯიშკარიანი