ილჰამ ალიევის გეოპოლიტიკური თამაშები

ილჰამ ალიევის გეოპოლიტიკური თამაშები

უკვე ერთი წელია აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკური ვექტორი მნიშვნელოვნად შეიცვალა. უკნასკნელი 10 წლის მანძილზე ილჰამ ალიევის ხელისუფლებისთვის აშშ-სა და ევროპასთან ურთიერთობა უპირველესი საგარეო მიმართულება იყო, თუმცა 2014 წლიდან აშკარად შეიმჩნევა აზერბაიჯანის ხელისუფლების გაღიზიანება დასავლელი პარტნიორების მიმართ. ამის უმთავრესი მიზეზი მთიანი ყარაბაღის პრობლემის მოუგვარებლობაში უნდა ვეძიოთ, თუმცა ამავე დროს „განხეთქილების ვაშლი“ დასავლეთის მიერ აზერბაიჯანის შიდა პოლიტიკურ მდგომარეობის კრიტიკაცაა, განსაკუთრებით სიტყვის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. მინდინარე წლის ივლისის შუა რიცხვებში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მთავრობის სხდომაზე ძალზე საყურადღებო განცხადება გააკეთა. „სახელმწიფო ჩინოვნიკების, დეპუტატებისა და საზოგადოებრივი მოღვაწეებისაგან ხანდახან მესმის, რომ ევროპაში ინტეგრაცია უნდა მოვახდინოთ. დაფიქრდით, როცა ამაზე ლაპარაკობთ. უპირველესად, პრეზიდენტის პოზიცია უნდა იცოდეთ. მეორეც, რა ფორმით უნდა მოხდეს ინტეგრაცია? გჭირდებათ ეს ინტეგრაცია თუ არა? რა რანგში უნდათ აზერბაიჯანის მიღება? -- როგორც მეორეხარისხოვანი, ასოცირებული წევრის თუ გვერდიდან მიმაგრებული ქვეყნის? ასეთი ფორმატი არ გვჭირდება. იქ, სადაც საჭირო იყო, ინტეგრირებულნი ვართ. თუკი დღეს, არსებული სიტუაციის გათვალისწინებით ჩვენ გადაწყვეტილების მიღება მოგვიწევდა, შესაძლოა, არც შევსულიყავით ევროპის საბჭოში. რამდენჯერ შეიძლება აზერბაიჯანის შეურაცხყოფა?! როდემდე შეიძლება გამოყენებული იყოს მცდელობები, რათა ჩვენ დაგვამცირონ?! ჩვენი მოთმინების ფიალა აივსო. ჩვენ მშვენივრად ვიცხოვრებთ ევროპის საბჭოს გარეშე და გვიცხოვრია კიდეც. იმ დროს აზერბაიჯანში სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა, იყო სომხური ოკუპაცია, პოლიტიკური კრიზისი, ეკონომიკის დაცემა, მაგრამ ვიცხოვრეთ, არ დავიხოცეთ“, -- განაცხადა ილჰამ ალიევმა. მისივე სიტყვებით, აზერბაიჯანი ევროსაბჭოში, უპირველესად, მთიანი ყარაბაღის პრობლემის გადასაჭრელად გაწევრიანდა. „ვიცოდით, რომ სომხეთი ევროსაბჭოში შესვლას აპირებდა. ჩვენც იქ გვინდოდა ყოფნა, რათა ეს საკითხი სამართლიანად გადაჭრილიყო. თუმცა უსამართლობა, ორმაგი სტანდარტები, ისლამოფობია, შური და არაკეთილმოსურნეობა დავინახეთ . . თუ საჭირო გახდება, აზერბაიჯანი სხვა გაერთიანებაში შევა, მაგრამ როგორც თანასწორუფლებიანი პარტნიორი, როგორც ღირსეული ქვეყანა.“, -- აღნიშნა მაშინ ილჰამ ალიევმა. ნოემბრის დასაწყისში კი ბი-ბი-სიმ აზერბაიჯანის პრეზიდენტის მორიგი განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვით ევროპაში არსებული დისკრიმინაციისა და ისლამოფობიის ფონზე, აზერბაიჯანი ევროპულ საზოგადოებაში ინტეგრაციას არ აპირებს. ილჰამ ალიევმა ევროპა გააფრთხილა, რომ ის აზერბაიჯანის საქმეებში არ უნდა ერეოდეს. „კეთდებოდა განცხადებები, რომ ჩვენ ევროპაში ინტეგრაცია გვჭირდება. მინდა გითხრათ - არა, ინტეგრაციის არანაირი საჭიროება არ არსებობს, განსაკუთრებით - დისკრიმინაციისა და ისლამოფობიის პერიოდში. ჩვენ არასდროს არავინ არ გვეხმარებოდა. ყველაფერს საკუთარი ძალისხმევით მივაღწიეთ. დახმარებას არავისგან არ ველოდებით და არც გვჭირდება. ჩვენს საქმეებში ნუ ერევით. აზერბაიჯანი ძლიერი, ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული სახელმწიფოა“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა. ბოლო დრომდე აზერბაიჯანის პრეზიდენტი დასავლეთის მიმართ უკმაყოფილებას საჯაროდ არ გამოხატავდა. 2015 წლის დასაწყისიდან, კი ილჰამ ალიევი მკაცრ შეფასებებს და უკმაყოფილებას უკვე საჯაროდ აცხადებს. ამავე დროს არის ერთი ფრიად მნიშვნელოვანი გარემოებაც, რომელიც შესაძლოა ყველასთვის თვალნათელი არ იყოს, კერძოდ აზერბაიჯანის პრეზიდენტის მიერ ქვეყნის სპეცსამსახურებში (უპირველესად ეროვნული უშიშროების სამინისტროში) მოულოდნელი საკადრო წმენდის ჩატარება. 2015 წლის 17 ოქტომბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ყველასთვის მოულოდნელად, თანამდებობიდან გაათავისუფლა ამ ქვეყნის ეროვნული უშიშროების მინისტრი ელდარ მაჰმუდოვი, რაც, ჩვენი აზრით, აზერბაიჯანის საგარეო-პოლიტიკური კურსის ცვლილების კიდევ ერთი ნიშანი უნდა იყოს.
მცირე დოსიე: გენერალ-პოლკოვნიკი ელდარ მაჰმუდოვი დაიბადა 1956 წელს ბაქოში. 1980-2004 წლებში მუშაობდა აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე. 2004 წლის დასაწყისში იგი დანიშნეს აზერბაიჯანის შსს-ში ნარკოტიკებთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსად, ხოლო 2004 წლის 23 ივლისს ე. მაჰმუდოვი, ილჰამ ალიევის ბრძანებით აზერბაიჯანის ეროვნული უშიშროების მინისტრად დაინიშნა. 2014 წლის 27 მარტს მას გენერალ პოლკოვნიკის წოდება მიენიჭა.
როგორც ვხედავთ ე. მაჰმუდოვი ილჰამ ალიევის კადრი იყო და ათი წლის მანძილზეAმისი სრული ნდობით სარგებლობდა. პარალელურად გაანთავისუფლეს ან დააპატიმრეს უშიშროების სამინისტროს ცენტრალური აპარატის და ტერიტორიული განყოფილებების 20-მდე ხელმძღვანელი პირი, მათ შორის: ანტი-ტერორისტული ცენტრის უფროსი, ოპერატიულ-ტექნიკური და კადრების დეპარტამენტების უფროსები, ტრანსპორტსა და ენერგეტიკულ ობიექტებზე უშიშროების მთავარი სამმართველოს უფროსი და სხვ. ამ გადაწყვეტილებების ოფიციალურ მიზეზად უშიშროების მაღალჩინოსანთა მიერ წლების მანძილზე უკანონო ფარული მოსმენები და აზერბაიჯანელი ბიზნესმენების „დატერორება“ (წილებში ჩაჯდომა, ყოველთვიური გადასახადის „შეწერა“ და ბიზნესის წართმევა) დასახელდა. აზერბაიჯანის ოფიციალური მასმედიის განცხადებით გენერალური პროკურატურის ანტიკორუფციული სამსახურს ერთ წელზე მეტია, რაც ოპერატიულ დამუშავებაში ჰყოლია უშიშროების მარალჩინოსნები და ამ საქმეზე მრავალი დოკუმენტური მტკიცებულება არსებობს. ჩვენი აზრით, კი მოულოდნელი და რადიკალური ცვლილებები აზერბაიჯანის მთავარ სპეცსამსახურში, ამ ქვეყნის გეოპოლიტიკური ვექტორის ცვლილებასთანაა დაკავშირებული. მაჰმუდოვის განთავისუფლებას არაფერი მოასწავებდა, იმიტომ, რომ ამ ფაქტამდე 10 დღით ადრე ბაქოში მისი ხელმძღვანელობით ძალზე მიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა.

საიდუმლო სერობა ბაქოში
2015 წლის 7-9 ოქტომბერს ბაქოში გაიმართა თურქულენოვანი სახელწიფოების სპეცსამსახურების ხელმძღვანელების მე-18 კონფერენცია. შეხვედრაში მონაწილეობდნენ: აზერბაიჯანის, თურქეთის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის დაზვერვის სამსახურების ხელმძღვანელები. დამკვირვებლის სტატუსით შეხვედრაზე მიწვეულები იყვნენ რუსეთის, უკრინისა და საქართველოს დაზვერვის სამსახურების ხელმძღვანელები. საქართველოს მხარეს ჩვენი ქვეყნის “მთავარი მზვერავი” დავით სუჯაშვილი წარმოადგენდა. ოფიციალური თემატიკა საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლა და „ისლამური სახელეწიფო“-ს წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაციების კოორდინირება იყო. ამასთან ერთად აზერბაიჯანის ეროვნული უშიშროების მინისტრმა ელდარ მაჰმუდოვდა რამდენჯერმე „მწარედ უკბინა“ სომხეთს და მთიანი ყარაბაღის პრობლემის გადაწყვეტა სპეცსამსახურებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების ერთ-ერთ მთავარ პირობად დაასახელა. შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ: თურქეთის სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჰაკან ფიდანი, ყაზახეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორი ჰაბიტ ბაიჯანოვი, და ყირგიზეთის წარმომადგენელი. ოფიცალურ შეხვედრაზე საქართველოსა და უკრაინის დელეგაციები რუს კოლგებს აქეთ-იქიდან უმშვენებდნენ გვერდს. საინტერესოა რა თემაზე ისაუბრეს საქართველოსა და უკრაინის დაზვერვის სამსახურების ხელმძღვანელებმა რუს „მეგობრებთან“? კონფერენციის მონაწილენი 8 ოქტომბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მიიღო, რაც ჩვენი აზრით ელდარ მაჰმუდოვისადმი ნდობის კიდევ ერთი დადასტურება იყო. ცხრა დღის შემდეგ კი ფაქტიურად აზერბაიჯანის უშიშროების სამინისტროს მაღალჩინოსნები, მაჰმუდოვის “თამადობით” ან დააპატიმრეს ან სამსახურიდან დაითხოვეს. ამ ორ მოვლენას შუა კი იყო ძალზე საინტერესო შეხვედრა ყაზახეთში.
რა მოხდა ყაზახეთში?
2015 წლის 15-16 ოქტომბერს ყაზახეთში გაიმართა დსთ-ს წევრი სახელმწიფოების მეთაურთა შეხვედრა, სადაც შედგა რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების საუბარიც. ჩვენი ინფორმაციით საუბარი შეეხებოდა პრობლემების ფართი სპექტრს: მთიანი ყარაბაღის პრობლემას ენერგეტიკულ საკითხებს და ტერორიზმთა ბრძოლის კოორდინაციას. ვფიქრობთ, რომ ამ შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტმა ჩვეული სტილით „მოხიბლა“ აზერბაიჯანელი კოლეგა და მრავალი (მაგრამ შეუსრულებელი) დაპირება მისცა. არც ილჰამ ალიევს დაუშურებია კომპლიმენტები პუტინისთვის. რუსეთისათვის მთავარი ის კი არაა აზერბაიჯანი საუკეთესო მეგობრების რიგში იხილოს (ეს ადგილი უკვე სომხეთს უკავია), არამედ აშშ-სა და ევროპას ჩამოაცილოს. ამისთვის პუტინი აქტიურად იყენებს “მათრახისა და თაფლაკვერის” პოლიტიკას. ნებისმიერ ქვეყანაში უშიშროების მინისტრის პიროვნება (ისევე, როგორც თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების) ამ ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური კურსის მაჩვენებელია. ელდარ მაჰმუდოვი თერთმეტი წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა ჩვენი მეგობარი ქვეყნის უშიშროების სამინისტროს და ეს პერიოდი აზერბაიჯანის დასავლეთთან დაახლოების წლებიც იყო. რეალური, თუ მოჩვენებითია ილჰამ ალიევის დემარში დასავლეთის წინააღმდეგ, ამას ისიც გვიჩვენებს თუ ვის დანიშნავს აზერბაიჯანის პრეზიდენტი უშიშროების მინისტრად. იმ დროს კი, როდესაც ეს სტატია იწერება თანამდებობა კვლავ ვაკანტური რჩებოდა. ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორს - აზერბაიჯანს, რომელსაც საკუთარი ეროვნული ინტერესები ყოველთვის კარგად ახსოვს, ევროკავშირისგან არც შაქარყინული სჭირდება (თავადაც უამრავი აქვს!) და არც მოწოდება-ულტიმატუმები დემოკრატიულობისკენ. ილჰამი ცდილობს გააგრძელოს მამის - ჰეიდარის საგარეო პოლიტიკას, თუმცა დაკარგული ტერიტორიებისა და ასი ათასობით დევნილის პრობლემების “დემოკლეს მახვილი” ადრე, თუ გვიან ძალზე სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის. დასავლეთი თუ რუსეთი? ილჰამ ალიევი ორცეცხლშუა იმყოფება. ამ ვითარებაში ბევრია დამოკიდებული ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და აშშ-ზე: მათ სხვადასხვა ულტიმატუმებით არ უნდა უბიძგონ ალიევს რუსეთთან “ჩახუტებისკენ”.