აშშ-ის სადაზვერვო სისტემა ახალი გამოწვევების წინაშე

06.03.2017

აშშ-ის სადაზვერვო სისტემა ახალი გამოწვევების წინაშე
13 თებერვალი და თანაც ორშაბათი, საკმაოდ მძიმე დღე აღმოჩნდა აშშ-ის ახალი პრეზიდენტისთვის. ამ დღეს დონალდ ტრამპის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკლ ფლინი, რომელიც სერიოზულ ტყუილში ამხილეს, იძულებული იყო თანამდებობა დაეტოვებინა. მკითხველისთვის უფრო კარგად გასაგები რომ გახდეს გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტ ფლინის მიერ დაკავებული თანამდებობა, ვიტყვით, რომ აშშ-ის პოლიტიკურ ძალთა ორბიტაზე პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თანამდებობაა. მრჩეველი აშშ-ის უშიშროების საბჭოს წევრია და მას, სხვა ფუნქციებთან ერთად, ევალება აშშ-ის სპეცსამსახურების ხელმძღვანელებსა და პრეზიდენტს შორის ოპერატიული და შეუფერხებელი კონტაქტის შენარჩუნება. მაიკლ ფლინმა აღიარა, რომ თეთრ სახლს არასრული ინფორმაცია მიაწოდა აშშ-ში რუსეთის ელჩთან სერგეი კისლიაკთან კონტაქტების შესახებ. გაირკვა, რომ 2016 წლის 29 დეკემბერს ბარაქ ობამას მიერ რუსეთისთვის მორიგი სანქციების შემოღებისას ამერიკულმა სპეცსამსახურებმა ჩაიწერეს სატელეფონო საუბარი აშშ-ში რუსეთის ელჩსა და მაიკლ ფლინს შორის, რომელმაც ერთი თვის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის თანამდებობა დაიკავა. სატელეფონო საუბრის დროს ფლინმა დააიმედა რუსეთის ელჩი, რომ მომავალი პრეზიდენტი ტრამპი რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს მნიშვნელოვნად შეარბილებდა.
ახალი სახეები აშშ-ის სპეცსამსახურებში
2017 წლის იანვარში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეროვნული დაზვერვის დირექტორად ანუ ყველა ამერიკელი მზვერავის “შეფად” რეი ქოუთსი დანიშნა. ამიერიდან სწორედ მას უნდა დაექვემდებაროს აშშ-ის მთელი სადაზვერვო სისტემა. ეროვნული დაზვერვის დირექტორატი წარმოადგენს ადმინისტრაციულ და არა სადაზვერვო დანაყოფს. რომელმაც კოორდინაცია უნდა გაუწიოს სხვადასხვა უწყებების სადაზვერვო დანაყოფებს. .
ამჟამად აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორატი აერთიანებს 16 დამოუკიდებელ დანაყოფს:
I. სახელმწიფო დეპარტამენტის დაქვემდებარებაში მოქმედ “ინფორმაციისა და კვლევების სამმართველოს”, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში განლაგებული აშშ-ის საელჩოების მეშვეობით უზრუნველყოფს საგარეო პოლიტიკური, სამხედრო, ეკონომიკური და სხვ. ინფორმაციის მოპოვებას, ანალიზს და ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირთათვის წარდგენას.
II. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს საფინანსო დაზვევისა და ტერორიზმთან ბრძოლის სამმართველოს. რომლის ძირითადი ფუნქციებია ეროვნული საფინანსო სისტემის დაცვა (ყალბი ფულის, საკრედიტო ბარათების და ფასიანი ქაღალდების დაბეჭდვის და გავრცელების ) ასევე “ფულის გათეთრებისა” ტერორისტული ორგანიზაციების დაფინანსების არხების გამოვლენა და მათი აღკვეთა;
Ш. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში მოქმედ “ბირთვული უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამმართველოს”. იქ შეისწავლიან რუსეთის, ჩინეთის და სხვა ქვეყნების ბირთვულ პროგრამებს, მონაწილეობენ ბირთვული იარაღის გამოცდის აღმოჩენის საჰაერო-კოსმოსური დაზვერვის სისტემების დამუშავებაში და სხვ.
IV. აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურაში მოქმედ: 1. “ნარკოტიკებთან ბრძოლის სამმართველოს”
2. გამოძიების ფედერალური ბიუროს
V. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ:
1. სამხედრო-საჰაერო ძალების დაზვერვის სამმართველოს
2. სამხედრო-საზღვაო ძალების დაზვერვას სამმართველოს
3. კოსმოსური დაზვერვისა და კარტოგრაფიის სამმართველოს;
4. თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის საამმართველოს
5. თანამგზავრული რადიოელექტრონული დაზვერვის სამმართველოს;
6. ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს;
7. სახმელეთო ძალების დაზვერვის სამმართველოს;
8 საზღვაო ქვეითთა კორპუსის სადაზვერვო სამმართველოს.

VI. ეროვნული უსაფრთხოების სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ:
1. “აშშ-ის საიდუმლო სამსახურს”, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის უმაღლეს თანამდებობის პირთა და მათი ოჯახის წევრების, უცხოეთის ოფიციალური დელეგაციების, აშშ-ის ტერიტორიაზე განლაგებული სხვა ქვეყნების საელჩოების და საკონსულოების დაცვა;
2. სანაპირო დაცვის სადაზვერვო სამსახურს
VII. ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს..
“არსენალის” მკითხველი ნათლად წარმოიდგენს თუ რა სირთულეს წარმოადგენს 16 დამოუკიდებელი სპეცსამსახურის კოორდინაცია. საინტერესოა რა გამოცდილებისა და კვლიფიკაციისა ეროვნული დაზვერვის დირექტორად დანიშნული რეი ქოუთსი..

რეი ქოუთსი – პოლიტიკოსი მზვერავის ნაცვლად
ამერიკელი პოლიტიკოსი დანიელ რეი ქოუთსი, დაიბადა 1943 წლის 16 მაისს ჯექსონში, მიჩიგანში. მისი მშობლები იყვნენ ვერა (ნორა) ელისაბეთი და ედვარდ რაიმონდ ქოუთსი. 1961 წელს ქოუთსმა დაასრულა ჯეკსონის უმაღლესი სკოლა. შემდგომში ის სწავლობდა ილინოისში, ვიტონის კოლეჯში, სადაც 1965 წელს პოლიტიკურ მეცნიერებათა დარგში მოიპოვა ბაკალავრის ხარისხი. ვიტონში, ის იყო აქტიური სტუდენტი და სპორტსმენი საფეხბურთო გუნდში.
1966-1968 წლებში მსახურობდა შეერთებული შტატების ჯარებში. 1972 წელს ინდიანას რობერტ მაკკინის სამართლის უნივერსიტეტში მოიპოვა სამართლის დოქტორის წოდება, სადაც ის ასევე იყო ინდიანას სასამართლო პროცესების მიმოხილვის ასოცირებული რედაქტორი. პარალელურად, მუშაობდა ფორტ ვეინის სადაზღვევო კომპანიის ვიცე-პრეზიდენტად.
სანამ სენატორად წარადგტენდნე, 1981-1989 წლებში ის იყო ამერიკის შეერთებული შტატების კოგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრი. 1988 წელს მან დაიკავა სენატორის პოსტი და ჩაანაცვლა დენ ქვილს, რომელიც გახდა შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი.
სენატორის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, 2001-2005 წლებში, ქოუთსი დანიშნეს შეერთებული შტატების ელჩად გერმაიაში, შემდგომ კი რამოდენიმე წელი მუშაობდა ლობისტად ვაშინგტონში. 2010 წელს იგი იქნა არჩეული სენატორად, ხოლო 2016 წელს ქოუთსმა უარი განაცხადა არჩევნებში მონაწილეობაზე და მისი ადგილი დაიკავა ტოდ იანგმა. როგორც ვხედავთ აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორს სპეცსამსახურებში მუშაობის ერთი დღის გამოცდილებაც არა აქვს. ეს გარემოება კი დადებით ფაქტორად ნამდვილად ვერ ჩაითვლება.

ვინაა ამერიკის მთავარი მზვერავი?
Pპრეზიდენტ Dდონალდ ტრამპმა აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს დირექტორად მაიკ პომპეო დანიშნა. ის დაიბადა 1963 წლის 30 დეკემბერს ორეინჯის რაიონში, კალიფორნიაში. 1982 წელს სწავლობდა ლოს ამიგოს უმაღლეს სკოლაში, შემდეგ ჩაირიცხა აშშ-ს ვესტ ფოინთის სამხედრო აკადემიაში, სადაც იყო მექანიკოს ინჟინერი. 1986-1991 წლებში მსახურობდა აშშ-ის სახმელეთო ჯარებში და მონაწილეობდა “სპარსეთის ყურეს” სამხედრო ოპერაციაში, თადარიგში კაპიტნის სამხედრო წოდებით გავიდა. 1994 წელს დაამთავრა ჰარვარდის უნივერსიტეტი და მიიღო სამართლის დოქტორის ხარისხი. 1994-2010 წლებში მაიკ პომპეო კერძო ბიზნესით იყო დაკავებული. ხოლო 2011-2017 წლებში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში იქნა არჩეული. Aასე რომ ამერიკის მთავარი მზვერავიც პოლიტიკოსია და სადაზვერვო სტრუქტურებში მუშაობის გამოცდილება არა აქვს. როგორც ვხედავთ პრეზიდენტმა Dდონალდ ტრამპმა სპეცამსახურების ხელმძღვანელებად პროფესიონალები კი არა, არამედ პოლიტიკურ ინტრიგებში გამოწრთობილი პიროვნებების კანდიდატურები შეარჩია

კვლავ იგივე მიდგომები, კვლავ იგივე შეცდომები

აშშ-ის ახალი პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებულმა სკანდალურმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამერიკის სპეცსამსახურები საკმაოდ ღრმა კრიზისშია. 2000 წლიდან მოყოლებული აშშ-ის სპეცსამსახურებმა ერთბაშად იმდენი შეცდომა დაუშვეს, რაც მათი შექმნის დღიდან არ მოსვლიათ. ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო, სადაც გადამწყვეტი მაინც ჯორჯ ბუში-უმცროსისა და ბარაკ ობამას ადმინისტრაციების სადაზვერვო სტრუქტურების არაკომპეტენტურობა იყო, ამერიკელი “ჯეიმს ბონდების” კუნთების დასუსტება უკვე ერაყის ომის დროს გამოჩნდა – ისინი აბსოლუტურად მოუმზადებელნი აღმოჩნდნენ პარტიზანული ომის პირობებში სადაზვერვო და ოპერატიულ-აგენტურული მუშაობისთვის. 2008 წლის ნოემბრის ბოლოს ერთ-ერთ ინტერვიუში ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა-უმცროსმა თავის მთავარ შეცდომად ერაყში ამერიკის დაზვერვის “ჩაფლავება” დაასახელა. თუმცა სამწუხაროდ აშშ-ის გეოპოლიტიკური მარცხი გაცილებით შთამბეჭდავია. ეს ეხება აშშ-ს სპეცსამსახურების მიერ XXI საუკუნის დასაწყისში დაშვებულ ოთხ საბედისწერო შეცდომას, რომელმაც შეიძლება ზოგადად “დასავლური დემოკრატიის” დასამარება გამოიწვიოს. ესენია:
1. შეცდომა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შესაძლებლობის ანალიზისას;
2. შეცდომა ერაყში საომარი ოპერაციების დაწყების აუცილებლობისა და შემდგომი ესკალაციის პროგნოზირებისას;
3. შეცდომა რუსეთის ხელისუფლებაში ნეოიმპერიალისტური სულისკვეთების გაძლიერების და “ცივი ომის” ახალი ტალღის დაწყების რეალობის შეფასებისას.
4. აშშ-ის დაზვერვამ (უმთავრესად კი ცსს და ეროვნული უშიშროების სააგენტომ) “ლათინური სოციალიზმის” ნელი მოქმედების “ნაღმების” ფორმირების პროცესი ვერ გათვალა და ვერც რამენაირად შეუშალა ხელი. რის შედეგადაც ცენტრალურ და ლათინურ ამერიკაში მიმდინარე სახიფათო პროცესებს აშშ-ის ადმინისტრაცია უკვე ვეღარ აკონტროლებს. აშშ-ის არმია და სპეცსამსახურები ისე ღრმად ჩაეფლნენ ჯერ ერაყისა და ავღანეთის ომებში, ხოლო შემდეგ კი სირიის ომში, რომ იქვე ახლოს ლათინური ამერიკის “გაწითლება” გამოეპარათ.
ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში კი “არაბულმა რევოლუციებმა”, ყირიმისა და სირიის მოვლენემბა კვლავ აჩვენა აშშ-ის სპეცსამსახურების არაინფორმირებულობა და მოუმზადებლობა.. თუ ამას ე.წ. “ისლამური სახელმწიფოსგან” და სხვა ტერორისტული ორგანიზაციებიდან მოსალოდნელ საფრთხეებს დავამატებთ, დავინახავთ თუ რა სერიოზული გამოწვევების წინაშეა აშშ.
აშშ-ის სპეცსამსახურები კვლავ ღრმა კრიზისში არიან

აშშ-ის სპეცსამსახურები ძირეულ რეფორმებს და ახალი სიცოცხლის შთაბერვას საჭიროებენ. შეძლებს კი ამერიკის ახალი პრეზიდენტი დონალ ტრამპი, რომელსაც საგარეო-პოლიტიკური და შიდა ადმინისტრაციულ-მმართველობითი გამოცდილება არ გააჩნია, ახალი საფრთხეების ფონზე ამ ქვეყნის სპეცსამსახურებისთვის უწინდელი დიდების დაბრუნებას? როგორც ვხედავთ რუსეთის ნეოიმპერიალისტური მოქმედებების წინააღმდეგ “ბებერი ევროპა” უძლური. აშშ-ს ახალი და გამოუცდელი პრეზიდენტი კი ურთულესი გეოპოლიტიკური არჩევნის წინაშეა – თვალი დახუჭოს რუსეთის მიერ საერთაშორისო ნორმების უხეშ დარღვევებზე და “იმეგობროს” რუსეთთან, თუ მტკიცე პოლიტიკის გატარებით აღიდგინოს დაკარგული სახე. ამერიკის სპეცსამსახურები რომ სერიოზულ გარდაქმნას საჭიროებენ ეს საკამათო არაა, თუმცა მსოფლიოში ახალი “ცივი ომის” რეალური დაწყების პირობებში, რუსეთის ნეოიმპერიალისტური ამბიციების რეალიზაციის ეტაპზე, “თეთრხელთათმანიანი დილეტანტების” ერთ-ერთ ყველაზე საკვანძო პოსტებზე დანიშვნა გამართლებული ნამდვილად არაა.
ჩვენი აზრით მაიკლ ფლინთან დაკავშირებული სკანდალი უკანასკნელი არ იქნება ტრამპის ადმინისტრაციაში და ახალი პრეზიდენტის მიერ ჩატარებული ცვლილებები შეიარაღებული ძალებისა და სპეცსამსახურები ხელმძღვანელობაში, სამწუხაროდ რეალურ შედეგს კვლავ ვერ მოიტანს.