ახალი გამოცემა

ახალი გამოცემა
ახლახანს გამოიცა და “ბიბლუსის” ქსელს გადაეცა ეკონომიკის აკადემიური დოქტორის, პროფესორის, უშიშროების გადამდგარი პოლკოვნიკის, ბესიკ ალადაშვილის ახალი წიგნი:
`სპეცსამსახურების არქივები. ლუსტრაცია~, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურის არქივებში დაცულ მრავალფეროვან დოკუმენტებსა და მათ ანალიზს ეხება. მრავალი ათასი განსაიდუმლოებული საარქივო დოკუმენტიდან მკითხველს საშუალება ეძლევა გაეცნოს ორასამდე ყველაზე საინტერესოს. აღნიშნული საარქივო მასალები შეირჩა პრინციპით, თუ რამდენად შეეხებოდა საქართველოს და ქართველ მოღვაწეებს.
სპეცსამსახურების არქივები წარსულის შესწავლის უმთავრესი მატერიალური წყაროა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის შემთხვევაში. ტოტალიტარული რეჟიმების არქივების შესწავლას არა მარტო ისტორიული, არამედ დიდი პრაგმატული მნიშვნელობაც აქვს ნებისმიერი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისათვის. ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხი დიდწილად ისტორიულ არქივებთან დამოკიდებულებითაც განისაზღვრება: თუ ქვეყნის ხელისუფლება საზოგადოებას არ უმალავს წარსულის ამსახველ ისტორიულ დოკუმენტებს (რაც არ უნდა მძიმე იყოს ის!), ამ შემთხვევაში დემოკრატიულობის მაღალ სტანდარტთან გვაქვს საქმე და პირიქით.
ლუსტრაციის, როგორც ყველა სხვა რთული პოლიტიკური, მორალური და იურიდიული პრობლემის გადაჭრა ლოგიკურ თანმიმდევრობასა და საღ განსჯას მოითხოვს. უპირველესად გასარკვევია, თუ როგორია სუკ-ის არქივების დღევანდელი მდგომარეობა, რა რეალური ბაზა გაგვაჩნია ლუსტრაციის პროცესის დასაწყებად და რა დოკუმენტურ წყაროებს უნდა ვენდოთ. რა კრიტერიუმებით, სამართლებრივი ბაზით და რომელი არქივებით უნდა ვისარგებლოთ აგენტების დასახელებისას? ჩვენ გვჭირდება არა პოპულიზმი და მოჩვენებითი პატრიოტობა, არამედ სიმართლე და პროფესიონალიზმი და პოლიტიკური ნება!
დოკუმენტები მოიცავს პერიოდს XX საუკუნის დასაწყისიდან საბჭოთა კავშირის ლიკვიდაციამდე. სპეცსამსახურების არქივებზე მუშაობის პროცესში შესწავლილი იქნა: 1. რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო არქივში დაცული საიდუმლო დოკუმენტები `სტალინის პირადი არქივიდან~; 2. ადამიანის უფლებების დამცველი და დისიდენტი ვლადიმერ ბუკოვსკის მიერ შედგენილი `საიდუმლო დოსიე~ საბჭოთა კავშირის ცენტრალური კომიტეტისა და კა-გე-გებეს არქივებიდან; 3. `ალექსანდრე იაკოვლევის არქივი~; 4. ლიტვის სსრ (ამჟამად ლიეტუვა) სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის არქივი; 5. ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (ცსს) საარქივო მასალები; 6. `ვასილი მიტროხინის არქივი~; 7. საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივების მასალები. ზემოაღნიშნულ არქივებში მოძიებული საიდუმლო დოკუმენტების ანალიზი ნაშრომში მოცემულია ცალკე თავების სახით. სპეცსამსახურების არქივების შესწავლისას ავტორი გვერდს ვერ აუვლიდა ჩვენი ქვეყნისთვის ისეთ აქტუალურ პრობლემას, როგორიცაა საქართველოს სსრ კა-გე-ბეს არქივების განსაიდუმლოებისა და ლუსტრაციის საკითხი.