ჩინეთი მოდის! (ნაწილი I)

ჩინეთი მოდის! (ნაწილი I)

ძნელია არ დაეთანხმო პოლიტოლოგების აზრს, რომ XIX საუკუნე დიდი ბრიტანეთის იმპერიის ბატონობის ხანა იყო, XX საუკუნე – ამერიკის შეერთებული შტატების. XXI საუკუნე კი ჩინეთის ბატონობის პერიოდი იქნება. საერთაშორისო ორგანიზაციების გათვლებით უკვე 2050 წლისთვის ჩინეთი შეძლებს მსოფლიოს ლიდერობის მოპოვებას მთელი რიგი სტრატეგიული მიმართულებებით. ამ მიზნის მისაღწევად ჩინეთი აქტიურად იყენებს თავის სპეცსამსახურებს. ევროკავშირის შიდა უსაფრთხოების სამსახურმა ევროპელი დიპლომატები და სამხედრო სტრუქტურების წარმომადგენლები გააფრთხილა ევროკავშირის ქვეყნებში რუსული და ჩინური სპეცსამსახურების მრავალრიცხოვანი ქსელის გააქტიურების შესახებ. თუმცა ისინი უკვე ათწლეულებია, რაც წარმატებით მუშაობენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ჩინეთის ეროვნული ინტერესების გასატარებლად.

ჩინური ინვესტიციები ევროკავშირში: საფრთხე, თუ განვითარება?

ევროკავშირის კულუარებში უკვე წლებია საუბრობენ იმის შესახებ, რომ ჩინეთი ნელ-ნელა ხელში იგდებს მთელ კონტიგენტს: ყიდულობს ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფო ფასიან ქაღალდებს, ხოლო ეკონომიკის სტრატეგიულ დარგებში ინვესტირებას ახდენს. ათენის პორტი, ლონდონის აეროპორტი ჰიტროუ, ესპანური საფეხბურთო კლუბი “ატლეტიკო”, VOLVO, Pირელლი და ა.შ. - ისინი მთლიანად ან ნაწილობრივ ჩინელი ბიზნესმენების, რეალურად კი ჩინეთის საკუთრებაა, რადგანაც ჩინეთში, სახელმწიფო კერძო ბიზნესს პირდაპირ რომ აკონტროლებს ცნობილი ფაქტია. ჩინეთის ლიდერმა, სი ცზინპინმა 2013 წელს “ახალი აბრეშუმის გზის” პოლიტიკის დაწყების შესახებ განაცხადა. ამის შემდეგ ჩინური ინვესტიციები ევროკავშირის ქვეყნებში განუხრელად იზრდებოდა. “ჩინური შეტევის” ძირითადი მიმართულებები იყო: ევროპის სატრანსპორტო და ენერგეტიკული ობიექტები, ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიების მწარმოებელი კომპანიები და ა.შ. ქვემოთ მოტანილი დიაგრამა კარგად აჩვენებს, რომ ჩინეთის ინვესტიციების პიკი 2016 წელზე მოვიდა და 37 მლრდ ევროზე მეტი შეადგინა, შემდეგ კი დაღმასვლა დაიწყო და 2018 წელს ორჯერ შემცირდა. საინტერსოა რა იყო ამის მიზეზი?

ევროკავშირის ქვეყნებში გაჩნდა ეჭვი, რომ ჩინელები ევროპულ კომპანიებს ძირითადად არა მოგების მიღების მიზნით ყიდულობდნენ, არამედ ამ კომპანიებში აკუმულირებული ინტელექტულური და ტექნოლოგიური სიახლეების ხელში ჩასაგდებად და სამშობლოში, ჩინეთში გადასატანად. ასევე რეალური იყო ევროკავშირის ქვეყნების ეკონომიკის სტრატეგიულ დარგებზე ჩინეთის მხრიდან ფარული ზემოქმედების საფრთხეც. პირდაპირ უნდა ითქვას: იმ პერიოდშიც და ამჟამადაც ევროკავშირის ქვეყნებში უცხოური ინვესტიციების უსაფრთხოების გაკონტროლების ერთადერთი მექანიზმი “ეკონომიკური კონცენტრაციის” (ანუ ანტიმონოპოლიური) მოთხოვნებია. ინვესტიციების წარმოშობას და მათ შესაძლო უარყოფით ზემოქმედებას ევროპის ქვეყნების ეკონომიკაზე, არსებული ინფორმაციით, ევროკავშირის არც ერთი სტრუქტურა არ შეისწავლის. ამ პირობებში ევროკავშირის ზოგიერთმა ქვეყანამ (მაგ. გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი) უცხოური ინვესტიციების შემოწმების დამატებითი ღონისძიებები ინდივიდუალურად შემოიღო. გერმანიის ხელისუფლებამ 2018 წელს მიიღო გადაწყვეტილება სპეციალური საფინანსო ფონდის შექმნის შესახებ, რათა არ დაუშვას ჩინეთის მიერ გერმანული კომპანიების შესყიდვა. 2019 წლის თებერვალში გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა პეტერ ალტმაიერმა განაცხადა, რომ სახელმწიფო თავად შეიძენს სტრატეგიული მნიშვნელობის კომპამიების წილებს, რათა ისინი ხელში არ ჩაუვარდეს ჩინეთს. ასე, რომ ევროკავშირში ჩინური ინვესტიციების შემცირების მთავარი მიზეზი ინვესტიციების უსაფრთხოების მონიტორინგის გამკაცრებული მოთხოვნები გახდა, თუმცა ჩინეთი მას რომ არ დასჯერდება შემდეგი ინფორმაციაც ადასტურებს. 2019 წლის თებარვალში ლიეტუვას სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტმა ყოველწლიურ ანგარიშში ჩინეთი იმ ქვეყნების რიგში დაასახელა, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ლიეტუვას ეროვნულ ინტერესებს. ლიეტუველი კონტრმზვერავები აცხადებენ, რომ ჩინეთის სპეცსამსახურები ცდილობენ მოიპოვონ ინფორმაცია ევროკავშირისა და ნატო-ს ქვეყნების გეგმების შესახებ. ამ მიზნებისთვის ცინელი მზვერავები ცდილობენ გადაიბირონ ლიეტუვას მოქალაქეები, რისთვისაც იყენებენ სხვადასხვა მეთოდებს, მაგალთად: უფასო მოგზაურობა ჩინეთში, იქ სწავლის დაფინანსება, ფულადი და სხვა სახის საჩუქრები და ა.შ. ჩინეთი არის ერთ-ერთი უძლიერესი გლობალური მოთამაშეა მსოფლიოში და ევროკავშირის წუხილი გასაგებია. ჩინეთი, ჯერ ერთი, ეძებს ბაზარს თავისი პროდუქციისთვის, ამავე დროს, ჩინეთისთვის კვლავ პრობლემაა მოსახლეობის დასაქმება, ტერიტორიების სიმცირე და ამ ქვეყნის ხელისუფლების დიდი მონდომებით ცდილობს მაქსიმალურად დაეხმაროს ჩინური ინვესტიციების გაფართოებას მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში. ამ მიზნებისთვის დიდი წარმატებით მოქმედებენ ჩინეთის სპეცსამსახურები.

უცნობი ნაცნობი ჩინეთი
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა 1949 წელს შეიქმნა და პირველ ათწლეულშივე საბჭოთა კავშირის დიდი მხარდაჭერით სარგებლობდა, თუმცა გარდატეხის პერიოდი მაინც უკავშირდება სტალინის კულტს, როდესაც არა მარტო ჩინეთი, სოციალისტური ბანაკის სხვა სახელმწიფოებიც შეშფოთდნენ იმ ტალღისებური განვითარებით, რაც შეიძლებოდა, მოჰყოლოდა ხრუშჩოვის ცნობილ გამოსვლას 1956 წელს პარტიის მეოცე ყრილობაზე. მანამდე ჩინეთი და სსრკ საკმაოდ ახლოს იყვნენ სამხედრო-პოლიტიკურად და ეკონომიკურად, მეტსაც გეტყვით, საარქივო მასალებში შემხვდა ინფორმაცია, რომ სტალინის დავალებით, საბჭოთა სპეცსამსახურები აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას ჩინეთის სპეცსამსახურების ფორმირებაში. ცოტა იუმორნარევ მოარულ ამბავს გავიხსენებ, რომელიც არ ვიცით, რამდენად შეესაბამება სინამდვილეს, მაგრამ საინტერესოა: გასული საუკუნის 50-ანი წლების დასაწყისში მაო ძედუნმა თითქოს მიმართა საბჭოთა კავშირს, რომ ჩინეთი მიეღოთ მეთექვსმეტე რესპუბლიკად და სტალინი სხვადასხვა მიზეზით უარს ეუბნებოდა. ერთხელაც ასეთი საუბარი გამართულა ხრუშჩოვსა და სტალინს შორის, ხრუშჩოვი ჩინეთის შემოერთების აქტიური მხარდამჭერი იყო და სტალინს უთქვამს მისთვის, გავა 50 წელი, საბჭოთა კავშირი აღარ იქნება და იქნებიან ჩინელები და ცკ-ას მდივანიც ჩინელი გეყოლებათო. გასული საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში ჩინეთსა და საბჭოთა კავშირს შორის იმდენად გაუარესდა ურთიერთობა, რომ დიპლომატიური კავშირიც კი გაწყვიტეს. 1969 წელს მათ შორის სერიოზული სამხედრო დაპირისპირებაც მოხდა და ურთიერთობები მხოლოდ გორბაჩოვის პერიოდში აღდგა. ჩინეთი მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში თავისი ეკონომიკური და პოლიტიკური ნების მისაღწევად წარმატებით იყენებდა სპეცსამსახურის რესურსს, განსაკუთრებით, ჩინურ დიასპორას, რომელიც მთელ მსოფლიოშია, განსაკუთრებით – აშშ-ში და ის ყოველთვის იყო ჩინეთის სპეცსამსახურის დასაყრდენი. თავად ჩინეთში სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებს ნულოვანი წარმატება აქვთ. იმის გათვალისწინებით, რომ ჩინეთის კონტრდაზვერვა ძალიან ხისტი და ყურადღებიანია. ამიტომ ჩინეთში სხვა ქვეყნების დაზვერვა დიდი წარმატებით ვერც არალეგალურად მუშაობს და ვერც დიპლომატიური საფარის ქვეშ. მაო ძედუნის დროს ჩინეთი, მართლაც, ჩაკეტილი სახელმწიფო იყო. შემდეგ, 1977-1978 წლებიდან ჩინეთის ეკონომიკური სასწაული დენსიაოპინის სახელს დაუკავშირდა, თორემ სახელისუფლო სტრუქტურები კვლავ კომუნისტურია და ჩინეთის “ეკონომიკური სასწაული” ჩინეთის სპეცსამსახურების დამსახურებაცაა. ისინი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ ეკონომიკურ დაზვერვას, სამეცნიერო-ტექნიკური მიღწევების მოპარვას და ჩინეთის დაზვერვა ამ კუთხით ერთ-ერთი მოწინავეა მსოფლიოში. ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში ეკონომიკურმა სიძლიერემ შვა ჩინეთის პოლიტიკური ამბიციებიც, მას გლობალური მოთამაშის ამბიციები გაუჩინა და არცაა გასაკვირი. ბევრი ეკონომიკური მაჩვენებლით, ჩინეთი მსოფლიოში პირველია და თანხებსს არ იშურებს სპეცსამსახურების დასაფინანსებლად.

სტალინი ჩინეთის დაზვერვის სათავეებთან

საბჭოთა დაზვერვის ისტორიკოსთა შორის გავრცელებულია ვერსია, რომ 1949 წელს სტალინმა Mმეგობრობის და მოკავშირეობის დასადასტურებლად ჩინეთის ლიდერ მაო ძე დუნს ჩინეთში მოქმედი საბჭოთა აგენტურის სია გადასცა. საინტერესოა რა მიიღო სანაცვლოდ? უპირველესად ჩინეთის ხელისუფლების უსაზღვრო ნდობა.
ამიტომაც ჩინეთის ბელადმა თავისი ქვეყნის სპეცსამსახურების ორგანიზება მოსკოვს მიანდო და 1949 წელს შექმნილი სპეცსამსახურის სტრუქტურა საბჭოთა კა-გე-ბეს ანალოგიური იყო. მოსკოვიდან სპეციალური მისიით მიავლინეს საგარეო და სამხედრო დაზვერვის ექსპერტები, რომლებიც კოორდინაციას უწევდნენ ჩინეთის დაზვერვისა და კონტრდაზვერვის სტრუქტურების შექმნას.

ჩინეთის სპეცსამსახურების სტრუქტურა

ამჟამად არსებულ საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ჩინეთის სპეცსამსახურები კვლავ საბჭოთა ყაიდაზე არიან ფორმირებული და სამხედრო დაზვერვისა და სახელმწიფო უშიშროების სამინისტროსგან შედგებიან.
1. სამხედრო დაზვერვის სტრუქტურა ჩინეთის სახალხო განმანთავისუფლებელი არმიის შემადგენლობაშია, სადაც ცალკე ფუნქციონირებს:
აგენტურული დაზვერვა, რეზიდენტურის კოორდინაცია და რადიო-ელექტრონული დაზვერვა.
2. ჩინეთის სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო (ექვემდებარება ჩინეთის კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტს) ამგვარია:
Pპირველი ბიურო – ჩინეთის ტერიტორიაზე აგენტურული დაზვერვა;
Mმეორე ბიურო - ოპერაციები საზღვარგარეთ;
მესამე ბიურო - ოპერაციები ჰონკონგში, ტაივანზე, მაკაოზე;
მეოთხე ბიურო - ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
მეხუთე ბიურო - სუს-ს დანაყოფების რეგიონული დანაყოფების კოორდინაცია;
მეექვსე ბიურო – კონტრდაზვერვა;
მეშვიდე ბიურო – მოპოვებული სადაზვერვო მასალის ანალიზი;
მერვე ბიურო – თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი;
მეცხრე ბიურო – პირადი უშიშროება, არმიის სამხედრო ნაწილებში მოქმედი სპეციალური განყოფილებების (სამხედრო კონტრდაზვერვა) კოორდინაცია;
მეათე ბიურო – სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის მოპოვება;
მეთერთმეტე ბიურო – რადიოელექტრონული დაზვერვა და კომპიუტერული უშიშროება;
საგარეო საქმეთა ბიურო – უცხოურ სპეცსამსახურებთან Oოფიციალური კონტაქტები;
სინხუა – საინფორმაციო სააგენტო, რომლის საფარქვეშაც ხშირად მოქმედებენ ჩინელი მზვერავები.

კიბერშეტევები და რადიოელექტრონული დაზვერვა
ჩინეთის ეკონომიკური წინსვლა უპირველესად სპეცსამსახურებისა და შეიარაღებული ძალების ტექნიკურ აღჭურვასა და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას დაეტყო. ჩინეთის სახალხო-განმანთავისუფლებელი არმიის ხელმძღვანელობამ ოფიციალურად აღიარა, რომ ჩვეულებრივი იარაღის სახეობებით ჩინეთის არმიას არ ძალუძს აშშ-სთან კონკურენცია, ამიტომ ჯერ კიდევ 2000 წლის დასაწყისში არმიის მთავარმა შტაბმა შეიმუშავა საინფორმაციო ომის წარმოების სპეცპროგრამა.