ფორ.გე 17.09.2021, ლიკა ბერიკაშვილი

ფორ.გე 17.09.2021,
ლიკა ბერიკაშვილი

უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსი ბესიკ ალადაშვილი ამბობს, რომ სამწუხაროდ, მსოფლიო პრაქტიკაში კომპრომისებით ბრძოლა მიღებულია და ამით გამონაკლისი არც ჩვენი ქვეყანაა. ამიტომ მსგავსი ჩანაწერების გამომქვეყნებლის ვინაობის დადგენა რთულია. როდესაც ამხელა ინსტიტუტიდან ვიღაცას ეს ინფორმაცია გამოაქვს, მან ასევე კარგად იცის როგორ შეინიღბოს. ალადაშვილი ფორ.გე-სთან ამბობს, რომ გიროგი გახარია და მისი გუნდი, რა თქმა უნდა, ეჭვმიტანილებს შორის არიან და ეს ლოგიკურიც არის, მაგრამ სხვადასხვა ვერსიებიც შეიძლება დაშვებული იყოს. მისი აზრით, არაა გამორიცხული ეს ჰაკერული თავდასხმაც იყოს სუს-ზე, საიდანაც ინფორმაციის მასობრივი მოპარვა მოხდა.
„მგონია, გამოძიებამ რამდენიმე მიმართულებით უნად იმუშაოს. რა თქმა უნდა, გახარია და მისი გუნდი არიან ის ადამაინები, რომლებსაც მსგავსი ინფორმაციის გამოტანა შეეძლოთ, მაგრამ ასე ხელაღებით მტკიცებულებების გარეშე, რთულია დავაბრალოთ. საქმე ისაა, რომ სუს-ში ყველაფერი ასე მარტივად არ არის. როდესაც ხოჯევანიშვილია მბობს, რომ ის ამ მიმართულებას არ კურირებდა, მართალია, რადგან ყველა დეპარტამენტს და განყოფილებას თავისი ხელმძღვანელი ჰყავს.
ხოჯევანიშვილთან მხოლოდ უკვე გაანალიზებული და ანალიტიკურად დამუშავებული ინფორმაცია მიდიოდა და ასე დეტალურად, დიალოგების დონეზე ინფორმაცია არ მიეწოდებოდა. ეს არის ერთობლიობაში სხვადასხვა ოპერმუშაკების ნამუშევარი მასალა. ესაა კრებული, რომელზეც ხელი მხოლოდ ერთ ადამიანს არ მიუწვდება. ამიტომ ვამბობ, რომ გამოძიებისას მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მუშაობა არ შეიძლება. აქ დაშვება უნდა იყოს, რომ შესაძლოა, ეს ჰაკერული თავდასხმა იყო, საიდანაც ინფორმაციის მასობრივი მოპარავა მოხდა. ასევე, არ არის გამორიცხული, ეს იყოს, რომელიმე უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ ჩადენილი დანაშაული, რომლითაც საქართველოში წინასაარჩევნოდ დესტაბილიზაციის გამოწვევა სურთ“, - ამბობს ალადაშვილი ფორ.გე-სთან და არ გამორიცხავს, წინასაარჩევნოდ ვიღაცა მთავარ კოზირს ინახავდეს, ხოლო ეს ინფორმაცია მხოლოდ საზოგადოების და პოლიტიკური წრეების დასატესტად შემოაგდო.
ალადაშვილი ამბობს, რომ ჯოკერს ყოველთვის ბოლოსთვის ინახავენ, თუმცა დარწმუნებულია, რომ 2012 წლის ციხის წამების და კასრების მსგავსი კადრები მაინც ვერ იქნება. ანალიტიკოსი ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ რა გადაცდომებიც არ უნდა ჰქონდეს ჩადენილი, მსგავსი სისასტიკე და არაადამიანური ქმედება მაინც არ ექნება გაკეთებული. ანალიტიკოსი ამიტომ ვარაუდობს, რომ თუ რამე აქვთ, წინასაარჩევნოდ გამოაქვეყნებენ, რასაც ექნება გარკვეული ეფექტი, მაგრამ არა ისეთი, რომ „ოცნების“ ხელისუფლება დასრულდეს და ქვეყანაში ამის გამო დაპირისპირება დაიწყოს.