„გვინდა თუ არა, თბილისი ჯაშუშთა ქალაქია“
30 Mმარტი 2016 |
"აქცენტის" ინტერვიუ უშიშროების გადამდგარ პოლკოვნიკ ბესიკ ალადაშვილთან.
– უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა რუსული პროპაგანდის მომძლავრებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ საქართველოში არა მხოლოდ რუსული, არამედ მეზობელი და სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებიც მუშაობენ. მეზობელი ქვეყნებიდან ორს სტრატეგიულ პარტნიორად განვიხილავთ. რუსეთი ქვეყნის უსაფრთხოების მთავარ გამოწვევად სახელდება. მსგავს ვითარებაში რამდენად მიზანშეწონილი იყო მეზობელი ქვეყნების ამ კონტექსტში მოხსენიება?
– ზოგადად, მინდა, ვთქვა, რომ პროგრესია. არასდროს ყოფილა, რომ საქართველოს სპეცსამსახურები ანგარიშით წარმდგარიყვნენ პარლამენტის წინაშე. ეს პირველი შემთხვევაა და გარკვეული დადებითი ამაში არის. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, ამაში მე ვერ დავინახე ან პოლიტიკური მინიშნება, ან არამეგობრული განცხადება. გერმანია შეერთებული შტატების ერთ–ერთი სტრატეგიული პარტნიორია, მაგრამ მათ სპეცსამსახურებს შორის ხანდახან მკაცრი კონკურენციაა და ხანდახან მკაცრი საუბარიც. ეს იგივე ფარულ მოსმენებს ეხება, რომელსაც შეერთებული შტატების სპეცსამსახურები ახორციელებდნენ. ბატონმა გომელაურმა რეალური სიტუაცია აღწერა.
ზოგადად, სპეცსამსახურების მუშაობის სპეციფიკაა, იმუშავონ როგორც ოპონენტი, ისე მეგობარი ქვეყნების შესახებ ინფორმაციის მისაღებად. აქ საუბარი არ არის რაიმე ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე. ეს არის ჩვეულებრივი პროცესი. ჩვენს მეგობარსაც ასევე აინტერესებს, ჩვენთან შიდა პოლიტიკური პროცესი როგორ ვითარდება, როგორია რეალურ ძალთა განლაგება პარლამენტში, აღმასრულებელ ხელისუფლებაში და ა.შ.
– გასაგებია, რომ ყველა სახელმწიფოს თავისი ინტერესი აქვს, მათ შორის - სტრატეგიულ პარტნიორსაც. ბუნებრივია მუშაობენ სპეცსამსახურებიც, მაგრამ ამის ღიად თქმა რამდენად მიზანშეწონილია?
– საზოგადოებაც და მასმედიაც ამ თემატიკისგან შორს დგანან და დილეტანტიზმიც ჩანს. ამაში დასაძრახი არაფერია და უფრო ღიად უნდა იყოს საუბარი. თუ მოუსმენთ პოლონეთის ან სლოვაკეთის სპეცსამსახურების განცხადებებს, როცა საჭიროა, ის უფრო მკვეთრია, თუმცა დიპლომატია აუცილებელია. ხაზს ვუსვამ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის - შეერთებული შტატების, ევროკავშირის ქვეყნების (არაფერს ვამბობ იგივე თურქეთისა და აზერბაიჯანის სპეცსამსახურებზე) სპეცსამსახურები აქტიურობენ საქართველოში. პირველი, რაც მათ აინტერესებთ, ჩვენი ქვეყნის შიდა და საგარეო ორიენტირებია და ეს ბუნებრივია. ამასთან, მათ სურთ, უკვე მესამე, მათთვის საინტერესო ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მიღება, - იქნება ეს საელჩოები თუ ორგანიზაციები. ვთქვათ, აზერბაიჯანი სომხეთით ინტერესდება, სომხეთი - საქართველოთი, აღარაფერს ვამბობ რუსეთზე, რომელიც ყველაფრით ინტერესდება. გვინდა თუ არა, თბილისი ჯაშუშთა ქალაქია, იმიტომ, რომ ჩვენ გზაჯვარედინზე ვართ და აქ ბევრი ქვეყნის გეოპოლიტიკური ინტერესი იყრის თავს.
– ბატონმა გომელაურმა განაცხადა, რომ საქართველოში სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურები არიან შემოსული და მუშაობენ. ცოტა დამაბნეველია. სავარაუდოდ, უმაღლესი რანგის თანამდებობის პირი მსგავს განცხადებას ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით არ გააკეთებდა, ეს არასერიოზული იქნებოდა. ალბათ, საფუძველი ჰქონდა მსგავსი განცხადების გაკეთებისაც და საინტერესოა, ჩვენი ქვეყანა როგორ რეაგირებს? სპეცსამსახურის წარმომადგენელი იდენტიფიცირებულია და მას მუშაობის უფლება ეძლევა? მე მაქვს უფლება, ის ჯაშუშობისთვის დავაკავო...
– საინტერესო შეკითხვაა, მაგრამ სპეციფიკაც უნდა გავითვალისწინოთ. ტერმინი «მუშაობენ», ჩემი აზრით, გულისხმობს იმას, რომ მიდის მუშაობა როგორც ჩვენი ინტერესების საზიანოდ, ასევე თავიანთი ინტერესებისთვის, თუმცა ჩვენი ინტერესების არასაზიანოდ. ვთქვათ, ისრაელის სპეცსამსახურები დაინტერესებულნი არიან აქ არაბული სამყაროს წარმომადგენლებით, ბიზნესით, საელჩოებით. თურქეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ურთიერთობები გასაგებია. ეს, ასე ვთქვათ, მთელი ჯადოსნური წრეა. რთული იცით რა არის სპეცსამსახურების მუშაობაში? შესაძლოა, ჩვენ გვაქვს ოპერატიული ინფორმაცია, რომ რომელიმე საელჩოს, საკონსულოს, ან (როგორც წესი, ასეა) კომერციული, ან საქველმოქმედო, ხანდახან რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენელი არის უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომელი, ან გარკვეულწილად მათთან მუშაობაშია ჩართული, მაგრამ ამის დადასტურება ურთულესია. პროცესი შესაძლოა, წლობით გრძლდებოდეს. მხოლოდ ინტერვიუთი ნუ შევაფასებთ. ცოტა გაბრაზებულიც ჩანდა ბატონი გომელაური. ისე, მართლა საინტერესოა, უმრავლესობამ დღეს 76 დეპუტატი ვერ შეაგროვა?
– მაგრამ ფიგურაა და მისი მხრიდან გაკეთებული მსგავსი განცხადება დამაბნეველია. გომელაური ამბობს, არა მხოლოდ რუსული, არამედ სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებიც შემოსული არიან და მუშაობენო. ჩვენ ამ ოთხი წლის განმავლობაში არ გაგვიგია, რომ ჯაშუშობის ბრალდებით ვინმე დაეკავებინოთ. ყოველ შემთხვევაში, ოფიციალურად ამის შესახებ არავის უთქვამს...
– გეთანხმებით, მაგრამ სამართლიანობისთვის ვიტყვი, რომ არ ვიცი, ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის რომელი სჯობს - ხელოვნურად გამოგონილი ჯაშუშები, თუ ის, რომ ჯაშუშებს არ აკავებენ. წინა ხელისუფლების საქმეებში, სადაც ჯაშუშები ფიგურირებდნენ, იმდენად უსუსური მტკიცებულებები იყო და ზოგან არც ჰქონდათ მტკიცებულებები, რომ ეს ფაქტები ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ნამდვილად ვერ ჩაითვლებოდა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების წინააღმდეგ გადადგმულ სერიოზულ ნაბიჯად. ერთადერთი შემთხვევა იყო, თუ არ ვცდები, აფხაზეთის ომის დროს, დააკავეს რუსეთის სამხედრო დაზვერვის აგენტი. შემდეგ ის რუსეთს გადასცეს. 2006 წელს, როდესაც დააკავეს სამი პირი, საუბარი იყო რუსეთის სამხედრო დაზვერვის თანამშრომლებზე, შესაძლოა, ყოფილიყო ვარაუდი, მაგრამ არ იყო წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელიც ჩვენს პოზიციას გაამყარებდა და ეს გამოვიდა ზედაპირული. ჯაშუშობის მტკიცებულებების გამყარებას აქვს თავისი კრიტერიუმები. საჭიროა მტკიცებულებათა ერთობლიობა. ბატონი გომელაურის განცხადებას არ გამოუწვევია ჩემში დაბნეულობა იქიდან გამომდინარე, რომ ეს ინტერვიუ იყო და არა, ვთქვათ, ანგარიში. აქედან გამომდინარე, მინდა, ამას მოზომილად მივუდგე. თუმცა გეთანხმებით შეფასებაში, რომ მუშაობის შედეგი უნდა ჩანდეს და ეს უნდა აისახოს ანგარიშში.
აუცილებლად უნდა აღვნიშნო ისიც, რომ სამწუხაროდ, რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, მას შემდეგ გრძელდება სამწუხარო ტრადიცია ქართული სპეცსამსახურებისგან მტრის ხატის შექმნის. ეს - მაშინ, როდესაც უმრავლეს ქვეყანაში ამაყობენ საკუთარი სპეცსამსახურებით, ყოველ შემთხვევაში, არ ეზიზღებათ მაინც. იგივე გამოჩნდა უნივერსიტეტშიც. მტრად აცხადებენ იმ ხალხს, ვისაც სპეცსამსახურებში უმუშავია, პოლკოვნიკის ჩინი აქვს. ასე არ შეიძლება. როგორ უნდა მოვიზიდოთ ასეთ პირობებში ახალგაზრდა კადრები?! თან ვსაუბრობთ ეროვნულ ინტერესებზე. ჩვენ გვაქვს სპეცსამსახურების კადრების პრობლემა. ხომ უნდა ვენდოთ, ინფორმაციის გაანალიზება მაინც ხომ უნდა მოხდეს?! არ იციან, რომ „ოდეერი“ არის ოფიციალური თანამშრომელი, ის უნდა მუშაობდეს სუს–ში და უნდა იყოს მივლენილი კონკრეტულ ადგილზე. თავად ეს “ოდეერის“ თემა ხელოვნურად არის ატაცებული და რატომ არ ფიქრობენ არასამთავრობოები, თქვენ, რომ ჩვენს მტერს სწორედ ეს უნდა?! იგივე რუსეთის ინტერესებშია, რომ საზოგადოება თავისი ქვეყნის სპეცსამსახურებს გაემიჯნოს. აქ თანამშრომლობაზე კი არ არის საუბარი, უკვე ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ მარგინალიზებული გახდა სპეცსამსახური. კადრები საიდან უნდა მოვიზიდო? იგივე უნივეტსიტეტებიდან, ხომ, რომლებიც პატრიოტები და პროფესიონალები უნდა იყვნენ! ჩვენ ემოციებს ვართ აყოლილი და ზოგჯერ რაციონალური აზრი არ გვაქვს. უნივერსიტეტები სპეცსამსახურებისთვის, ასე ვთქვა, აღმოჩენაა. აქედან ხდება გადაბირება, გაზრდა, დაწინაურება. ამაში დიდი ინვესტიციები იდება. გარდა ამისა, ტერორიზმის რეალური პრობლემებია. დეკანს და სასწავლებლის ადმინისტრაციას ნუ მოვთხოვთ პასუხს კითხვაზე, ხომ არ ატარებს იქ ვინმე, ვთქვათ, „ისლამური სახელმწიფოს“ აგიტაციას და პროპაგანდას.
- როდესაც საუბრობთ ნდობაზე, ხომ არ ფიქრობთ, რომ მსგავს დამოკიდებულებას თავად მათი ქმედებები განაპირობებს? მაგალითად მოვიყვან დავით ბორჩაშვილის საქმეს, რომელიც ბატონმა იზორიამ პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას ახსენა. ბორჩაშვილი თბილისსა და ანაკარას შორის ორდღიანი «სეირნობის» შემდეგ პრაქტიკულად, იძულებით დაგვაკავებინეს თურქებმა. ახლა მას ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაში ვადანაშაულებთ და მიმდინარეობს სასამართლო პროცესები. მსგავსი, მსუბუქად რომ ვთქვათ, ლაფსუსები განწყობებზე არ მოქმედებს?
– მოქმედებს, გეთანხმებით. მეც ვფიქრობ, რომ ჩვენს სპეცსამსახურებს აკლიათ პროფესიონალიზმი, ძალიან ბევრი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის გავლენის ქვეშ არიან. ეს არცაა გასაკვირი, რადგან უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები უპირველესად, ისეთი სტრუქტურებით ინტერესდებიან, სადაც გადაწყვეტილებებს იღებენ. ამას ემატება თანამდებობებზე დანიშნვის დროს გაუგებარი კრიტერიუმები. ჯერ კიდევ გაუგებარია, როგორ არჩევენ, უშვებენ, ტოვებენ ან იღებენ ახლებს. არ ვიცი, რატომ ხდება, რომ მაინცდამაინც ერთ სტრუქტურაში უნდა იყოს ნამუშევარი - ბანკში ან კომპანიაში. როგორც ჩანს, სპეცსამსახურის თანამშრომლები ბანკში იბადებიან ან იზრდებიან. შს სამინისტროსა და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი პირები, ოპერატიული და ტექნიკური თანამშრომლები, რომლებიც ძირითად ბირთვს წარმოადგენენ, ბანკის თანამშრომლები არიან. პრობლემები არის, მაგრამ მნიშვნელოვანია ნდობის მიღწევა, მით უფრო - შექმნილ ვითარებაში. მე რომ ვიყო ხელმძღვანელი პირი, ჩამოვივლიდი უნივერსიტეტებს, შევხვდებოდი სტუდენტებს და ავუხსნიდი, „ოდეერი“ რისთვის და რატომ უნდა იყოს. საჭიროა კომუნიკაცია. საზოგადოებასთან მეტი კონტაქტი უნდა ჰქონდეთ, იგივე სამეცნიერო წრეებთან, არ უნდა ჩაიკეტონ და, რა თქმა უნდა, არ უნდა იყვნენ რომელიმე პარტიის ინტერესების ღიად თუ ფარულად გამტარებლები. ეს უმნიშვნელოვანესია.
დიანა მუსელიანი
ახალი ამბების სააგენტო "აქცენტი"