სპეცსამსახურების კვალი, თუ თვითმკვლელობა – რა საქმით იყო დაკავებული ბაჩალიაშვილი?
24 ივლისი, 2020
სარეკლამო ბანერი №26
1015 X 150
თამთა ქარჩავა FOღ.გე
გიორგი გახარია შინაგან საქმეთა სამინისტროს ავალებს, რომ მოახდინოს მოქალაქეების პროაქტიური ინფორმირება თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე, რათა არ დარჩეს არც ერთი სივრცე სპეკულირებისთვის. პრემიერ–მინისტრის განცხადებით, 23 წლის პროგრამისტის გაურკვეველ პირობებში გარდაცვალება, გასცდა ოჯახის ტრაგედიას და ხდება ქვეყნის ტრაგედია. შესაბამისად, პრემიერი მოუწოდებს ყველა მხარეს, რომ მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ მსგავს ტრაგიკულ შემთხვევებს.
„სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრი კონტროლის, საქართველოს ცენტრის“ თავმჯდომარე, ბესიკ ალადაშვილი ამბობს, რომ არც ერთი ვერსია არ უნდა გამოირიცხოს, რადგან მისი თქმით, შორიდან რაც უფრო მარტივად ჩანს საქმე და რომელიმე ვერსია ყველაზე პრიორეტულად, შეიძლება სწორედ ეს საქმე იყოს ყველაზე რთული.
„გამოძიების დროს ვერსიები უნდა დალაგდეს. გამოძიებას უნდა ვაცალოთ რამდენიმე დღე, რომ პასუხი გასცეს შემდეგ კითხვებს – გარდაცვალების მიზეზი; გარდაცვალების დრო; ხომ არ იყო ფსიქოტროპული, ან სხვა ნივთიერების ზემოქმედებისგან მოკლული. პარალელურად, გამოძიება უნდა მიმდინარეობდეს მოტივებზე და ბუნებრივია, ერთ–ერთი არის კონფლიქტი სამსახურში, ან იმ გარემოსთან, სადაც მას ჰქონდა შეხება.
ბევრი ნიუანსია, შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს დასახელებამ, რომ ისინი კანადიდან და ამერიკიდან იღებდნენ შეკვეთებს. დღეს, ძალიან იოლია აისეთი ლეგენდირება გააკეთო სულ სხვა ქვეყნის სახელით და სამწუხაროდ, სულ სხვა ქვეყნის დავალებას აკეთებდე ისე, რომ შენ თვითონ არ იცოდე. ესეც დასაშვებია“, – აცხადებს ფორ.გე–სთან საუბრისას ბესიკ ალადაშვილი.
კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია, რომ პროგრამისტის გაუჩინარება და შემდეგ უკვე ტყეში, საკუთარ მანქანაში მისი ცხედრის აღმოჩენა უკავშირდებოდეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს, სპეცსამსახურებს, ჯაშუშობას, ან კიბერუსაფრთხოების საკითხებს, ალადაშვილი პასხუხობს, რომ ეს ყველაფერი, გამოძიებამ უნდა დადოს.
„თუ ქვეყნებს შორის საიდუმლო ურთიერთობებზე გადის, ეს უკვე უსაფრთხოების სხვა კონტექსტში გადადის და აქ, ალბათ, უკვე უნდა ჩაერთოს სუს–ის კონტრდაზვერვის დანაყოფი. შეიძლება უკვე არიან კიდეც ჩართული. ისეთი შეფერილობა აქვს საქმეს, რომ ალბათ, უკვე სცილდება საქართველოს ფარგლებს. მას შემდეგ, როდესაც დაადგენენ სად მუშაობდა ეს გოგონა, რომელიც, როგორც ჩანს, ძალიან ნიჭიერი იყო, მერე უკვე შეიძლება გასვლა იმაზე, რა სახის დავალებას აძლევდნენ და რას სთხოვდნენ.
ორი დღე არ სჭირდება ამ იდუმალი ფრაზის, გოგონას მამის განცხდებას – „დიდ შარშია“ –ს გაშიფვრას. გოგონას მამამ უნდა თქვას, რას გულისხმობდა, ვისთან ჰქონდა საუბარი და რა დონის ჩინოვნიკია, თუ თანამშრომელი, რომელმაც უთხრა, რომ მისი შვილი „დიდ შარშია“. ამის შემდეგ უკვე გაეცემა პასუხი კითხვას – რატომ წავიდა იმ მიმართულებით და ვის ეძებდა ეს გოგონა. აქ მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ ტელეფონი ადგილზეა.
როდესაც ტელეფონი ადგილზეა, ბუნებრივია, ანძის საშუალებით უპრობლემოდ დადგინდება, ჰქონდა თუ არა ამ ტელეფონს აქტიურობა; არის თუ არა შემავალი და გამავალი ზარები; მათ შორის შეტყობინებები, ან ხომ არ არის წაშლილი. ტელეფონის ნაწილი მაეჭვებს, თუ ერთადერთი ტელეფონი ჰქონდა მხოლოდ? თუ ეს არის ძალადობრივი მკვლელობა, მაშინ, ბუნებრივია, რომ მკვლელი ეცდებოდა ყველა კვალის წაშლას, ან კვალის აბნევას, თავისი კვალის წაშლას და კვალის ასაბნევად სხვა ნივთების დადებას“, – აღნიშნა ფორ.გე–სთან საუბრისას ბესიკ ალადაშვილმა.
არაოფიციალური ვერსიით, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს შესაძლოა კავშირი ჰქონდა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან, მით უფრო, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებისთვის მოწყვლადია საქართველოს ტერიტორია. ბესიკ ალადაშვილის განცხადებით, შეიძლება აქ დაუშვა კავშირში აზერბაიჯანი–სომხეთის კონფლიქტთანაც.
„შეიძლება ამ ეტაპზე ფანტასტიკურად ჟღერს ჩემი ვერსია, მაგრამ არ არის გამორიცხული. ჩვენ არ ვიცით რა ინფორმაციის გადამუშავება ხდებოდა იმ კომპანიებში, სადაც ეს გოგონა მუშაობდა. ზოგადად უცხო ქვეყნის სპეცსასამხურები ზეაქტიურად მუშაობენ საქართველოში და განსაკუთრებით თბილისში, ეს სამწუხარო ფაქტია, რასაც ვერ დაესვა წერტილი. რა თქმა უნდა, ამის ბოლომდე აღმოფხვრა ვერასოდეს ვერ მოხდება, სულ მცირე იმიტომ, რომ თითოეულ საელჩოში შეიძლება ლეგალურად მუშაობდნენ ვითომ დიპლომატები და ამ დროს სპეცსამსახურის თანამშრომლები იყვნენ.
მაგრამ აქ უკვე არის საუბარი არა დიპლომატიურ საფარზე, არამედ ფირმებზე; არასამთავრობო ორგანიზაციებზე; კომერციულ სტრუქტურებზეც და არ არის გამორიცხული, რომ ჩვენმა მოწინააღმდეგეებმა ჩვენი ეთნიკური მრავალფეროვნებაც გამოიყენონ გადაბირებისთვის, აგენტურისთვის, ეს საკმაოდ სერიოზული საფრთხეა. მით უმეტეს იმ ფონზე, რაც ახლა ხდება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის.
წავიკითხე სუს–ის ანალიზი, მხოლოდ ფაქტების კონსტანტირებაა, რომ ვიღაცა რაღაცას ცდილობდა, რომ რაღაცა ჯგუფები ცდილობდნენ აზერბაიჯანთან ურთიერთობის გაფუჭებას დავით გარეჯის გამო. ეს შეიძლება ნებისმიერმა ჟურნალისტმა დაწეროს, ჩვენ უნდა ვიცოდეთ კონკრეტულად რა გაკეთდა, ეს საკითხი რა დონეზეა მიყვანილი. სუს–ის ანგარიში არ უნდა იყოს მიმოხილვა.
აგენტურასთან და სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების წინააღმდეგ ბრძოლაზე ამ ანგარიშში არაფერი არ წერია. მხოლოდ ტრაბახი იმაზე, რომ სუს–ი კარგ შეფასებას იღებს აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტისგან, ეს თვითკმაყოფილების საბაბი არ უნდა იყოს. ჩვენ უდიდესი პრობლემა გვაქვს. პრობლემის აისბერგი გამოჩნდება და ეს არის სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების მუშაობა. ვინ აკეთებს, რატომ, რა ძალებით და მეთოდებით, სამწუხაროდ, საიდუმლოების დაცვის ფორმებში საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია“, – აცხადებს ფორ.გე–სთან საუბრისას ბესიკ ალადაშვილი.