ნუ ილაპარაკებთ პირად საქმეებზე ტელეფონით _ ეს ყველაზე კარგი თავდაცვაა!
09 04 2014
საზოგადოების დიდი ნაწილის იმედი, რომ ხელისუფლებაში ახალი ძალის მოსვლის შემდეგ ტელეფონზე რებუსებით აღარ მოუწევდა საუბარი, ფუჭი აღმოჩნდა. მეტიც, კონკრეტული ორგანიზაციებისა და პოლიტიკოსების ოფისებსა თუ სახლებში მოსასმენი აპარატურის დამონტაჟების ერთი საქმეც არ არის გამოძიებული, მაგალითად, სულ ახლახან დიდი ხმაური გამოიწვია, ზუგდიდში სახალხო მოძრაობა «სამეგრელოს» ოფისში ნაპოვნმა მოსასმენმა აპარატურამ, თუმცა ამ ორგანიზაციის მწვავე განცხადებებს ხელისუფლების მიმართ, რეაგირება არ მოჰყოლია.
შს მინისტრი ალექსანდე ჭიკაიძე გვარწმუნებს, რომ არ გვისმენენ. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კოტე კუბლაშვილმა კი «დაგვამშვიდა», _ ფარული მოსმენების შუამდგომლობით მიმართვის შემთხვევები თბილისში _ 3-ჯერ, რეგიონებში კი 9-ჯერ შემცირდაო. რეალურად რასთან გვაქვს საქმე _ ვინ და რატომ ახორციელებს უკანონო მოსმენებს და სად გადის ზღვარი კანონდარღვევასა და კანონიერ მოსმენებს შორის? _ამ საკითხზე ორგანიზაცია «სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრვი კონტროლი _ საქართველოს ცენტრის» თავმჯდომარე, უშიშროების გადამდგარი პოლკოვნიკი, ექსპერტი ბესიკ ალადაშვილი გვესაუბრა:
_ ალბათ, ყველას ახსოვს, «ნაციონალური მოძრაობის» მოთხოვნით, ყველა აფთიაქსა თუ ბენზინგასამართ სადგურზე რომ დამონტაჟდა სათვალთვალო კამერები, რომლებიც ერთიან სისტემაში ირთვებოდა და ამით მთელი ქალაქი კონტროლდებოდა. ეს ყველაფერი საყოველთაო, ტოტალური კონტროლისკენ იყო მიმართული. დღეს კი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მოსმენა-მიყურადების საკითხის ასე მძაფრად წამოწევა პროპაგანდისტულ საქმიანობად მეჩვენება. რაც მთავარია, ამ ყველაფერზე არასიღრმისეულად და არაპროფესიონალურად საუბრობენ. ან ის ძველბიჭური რეკლამა რა არის, ყველა რადიო და ტელევიზია რომ ატრიალებს _ «ვაიმე, გიო, როგორ ხარ, კიდევ გვისმენენ, ძმაო» და მსგავსი ტექსტები?.. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ ყველაფერს აქტივობის წარმოსაჩენად აკეთებენ და არა პრობლემის სიღრმისეულად შესასწავლად. დავიწყოთ იქიდან, რომ ოპერატიულ-სამძებრო სამსახური, სპეცსამსახურები ფარული საქმიანობის გარეშე არ არსებობს. მსოფლიოს ყველა ქვეყანაში სპეცსამსახურები კრიმინალთან საბრძოლველად ოპერატიულ ტექნიკას იყენებს. სხვა საკითხია, კანონიერად თუ ხდება ამ ტექნიკის გამოყენება. ამიტომ ჩვენ ტექნიკას კი არა, პრობლემას უნდა ვებრძოლოთ. მთავარი არის ის, რომ ამ ყველაფრის უკან ადამიანები დგანან და ამიტომ ამ საკითხებზე სიღრმისეული დასკვნაა გასაკეთებელი...
_ დასკვნა რაში მდგომარეობს?
_ სისტემაა შესაცვლელი. უკანონო მოსმენა მხოლოდ ამ სისტემის შედეგია. ამიტომაც ვამბობ, რომ სისტემური ცვლილებებია საჭირო. ეს ცვლილებები კი სამი ძირითადი მიმართულებით უნდა განხორციელდეს. პირველი _ ეს არის საკანონმდებლო ცვლილება. ამ საკითხზე თითქოს მიმდინარეობს მუშაობა, მაგრამ არაპროფესიონალურ დონეზე. ასევე საჭიროა სტრუქტურული ცვლილებები. მაგალითად, შს სამინისტროში არ შეიძლება იყოს ცხრა ოპერატიული სამსახური, რომელთა ყველა თანამშრომელს ექნება შეხება და დაშვება ფარულ მოსმენებზე. ერთად არის შსს თავისი კრიმინალური სამსახურებით და იქვეა გაერთიანებული ეროვნული უსაფრთხოების მიმართულება _ კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, სახელმწიფო უშიშროების სააგენტო, უსაფრთხოების სააგენტო და ა.შ. ეს ყველაფერი განსაცალკევებელია. დღეს კი შსს-ში 9 ოპერატიული სამსახური რომ არის გაერთანებული, კიდევ არსებობს სამხედრო პოლიცია, სამხედრო დაზვერვა, ასევე არსებობს სამხედრო დაცვის სპეცსამსახურის ოპერატიული დანაყოფები, საგარეო დაზვერვისა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და სასჯელაღსრულების დეპარტამენტი. ანუ ამ ყველა სამსახურს აქვს ტექნიკა და კანონიც აძლევს საშუალებას, განახორციელოს მოსმენები, თვალთვალი და ა.შ. კონტროლის მექანიზმი ძალიან დაბალ დონეზეა და, რაც მთავარია, სასამართლო სისტემა ამ საკითხს ხელოვნურად ხვევს ბურუსში. კოტე კუბლაშვილის განცხადება, სადაც თქვა, ფარულ მოსმენებზე შუამდგომლობები შემცირებულიაო, საზოგადოებამ წყალობად კი არ უნდა მივიღოთ, არამედ ეს ყველაფერი ოფიციალურად უნდა ქვეყნდებოდეს, როგორც მსოფლიოს უამრავ ქვეყანაშია მიღებული. საუბარი არ არის საიდუმლოების გამჟღავნებაზე, რადგან არც პიროვნება სახელდება და არც ოპერაცია. მხოლოდ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებენ. სხვათა შორის, ამერიკელები იმასაც აქვეყნებენ, რა ჯდება საშუალოდ ერთი ფარული მოსმენის წარმოება. რუსეთიც იმავეს აკეთებს. რუსეთი ინტერნეტში დებს უამრავ ინფორმაციას. მაგალითად, რუსეთის სპეცსამსახურების სპეციალურ ვებგვერდზე წერია, რომ 2010 წელთან შედარებით, 2012 წელს გაორმაგდა მიმართვები და შუამდგომლობა ოპერატიულ სამძებრო სამსახურებთან. ამ მონაცემებს უამრავი ქვეყანა აქვეყნებს და რა გახდა, რომ საქართველოს სასამართლო ხელისუფლებამაც გაასაჯაროოს ინფორმაცია?!
_ ბატონო ბესიკ, ამჟამინდელმა ხელისუფლებამ არ გამოიძია ზუგდიდში, სახალხო მოძრაობა «სამეგრელოს» ოფისში ნაპოვნი მოსასმენი აპარატურის საქმე, მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხზე ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ზურაბ კვარცხელიამ სპეციალური პრესკონფერენცია მოიწვია, მწვავე განცხადებები გააკეთა და ხელისუფლება უკანონო მოსმენებში დაადანაშაულა.
_ თუ რატომ არ გამოიძია ხელისუფლებამ ეს საქმე, ჩემთვისაც გაუგებარია. ამ საკითხს სხვადასხვა ექსპერტი თუ პიროვნება სხვადასხვანაირად ხსნის. მაგალითად, ერთნი ამბობენ, რომ სპეცსამსახურებსა და პროკურატურაში ისევ ის ხალხი მუშაობს, რომლებიც გარეული იყვნენ უკანონო მოსმენებში და საკუთარ თავს ხომ არ გაასამართლებენო. უფრო მეტსაც გეტყვით, რაც რატომღაც ყველამ დაივიწყა. გაიხსენეთ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე «ქართული ოცნების» ოფისების მოსმენა და იქაური ჩანაწერების გამომზეურება _ ღარიბაშვილისა და სხვა პოლიტიკოსების ბილწსიტყვაობას ვგულისხმობ. ამ მოსმენების საქმე გამოძიებული არ არის. ანდა, რატომ არ არის გამოძიებული 2012 წლის არჩევნებამდე, 26 სექტემბერს, შს სამინისტროს მიერ 16 წლის ბიჭის დაკავების საქმე, რომელმაც შექმნა პროგრამა და «ქართული ოცნების» კომპიუტერი გატეხა, შემდეგ რამდენიმე პოლიტიკოსის საუბრის ჩანაწერი გადაიტანა დისკზე და ეს დისკი შს მინსტრის ერთ-ერთ მოადგილეს _ შოთა ხიზანიშვილს გადასცა, რომელმაც ავლაბრის რეზიდენციაში შეიტანა. ეს ხომ დამტკიცებული ფაქტია? ნაცვლად იმისა, რომ მომხდარი გამოეძიებინათ, საერთოდ აღარ უხსენებიათ. ამაზე თავის დროზე დავწერე კიდეც, ავლაბარგეიტი იწყება-მეთქი. ყველა კვალი ხომ იმჟამინდელ ხელისუფლებასთან მიდიოდა, რატომ არ გამოიძიეს? რიგით ოპერატიულ თანამშრომელს არ აინტერესებს რომელიმე პოლიტიკოსის ან სასულიერო პირის საუბრების მოსმენა, თუ კონკრეტული პირისგან დავალებას არ მიიღებს. ეს ხელისუფება კი ამ ვერტიკალს ვერ აჰყვა და ვერ გავიდნენ მოსმენის დამკვეთებზე. რა თქმა უნდა, უკანონო დავალების შემსრულებელი თანამრომელი იმსახურებს თავის წილ სასჯელს, მაგრამ რატომღაც ვერ დადგინდა ვინ უკვეთდა მათ ფარული ჩანაწერების წარმოებას. საზოგადოება არ იქნება დაცული, თუ დამნაშავე არ დაისჯება. არ არის გამორიცხული, რომ ახალმა ხელისუფლებამაც ოპერატიულ თანამშრომელს სიტყვიერი დავალება მისცეს მოსმენისა. რაზეა ლაპარაკი, როცა ამჟამინდელ ხელისუფლებას «ნაციონალური მოძრაობის» მმართველობის 9 წლის განმავლობაში განხორციელებული მოსმენების დოკუმენტაციაც კი ვერ უპოვია. ვერც ის დოკუმენტაცია ამოიღეს, რის საფუძველზეც უსმენდნენ ნინო ბურჯანაძესა და სხვებს. «ნაცმოძრაობის» წევრებს ძალიან ცუდი მეხსიერება აქვთ. თვითონ რომ არღვევდნენ კანონს და პრობლემებს გვიქმნიდნენ, ეს აღარ ახსოვთ და დღეს, როდესაც მათ შეეხო ესა თუ ის პრობლემა, ბევრს ლაპარაკობენ.
არის მეორე მომენტი, რომელსაც ყურადღებას არ აქცევენ. კანონით აკრძალულია, პოლიტიკური, საზოგადოებრივი და რელიგიური ორგანიზაცების მოსმენა. ეს კანონის სერიოზული დარღვევაა, რომელსაც ჩვენთან ყურადღება არ ექცევა და პრობლემის მოგვარება სწორედ აქედან უნდა დავიწყოთ. ეს კანონიც დასახვეწია, მასში არის უამრავი ლაფსუსი. მაგალითად, წერია, რომ პოლიტიკური ორგანზაციის მოსმენა არ შეიძლება, მაგრამ, თუ ეს ორგანიზაცია პოლიტიკურ გადატრიალებას აპირებს, ამ შემთხვევაში შეიძლებაო. თუ არ მოუსმინე, როგორ უნდა გაიგო, რას აპირებენ? ამ სფეროში გაცილებით მეტი სიდინჯე და პროფესიონალიზმია საჭირო. სწორედ ამ ქაოსის გამო, დღესაც არ ვართ დაცული, რომ ზედა ეშელონებიდან არ მოხდეს ამა თუ იმ ორგანიზაციაში აგენტურის შეგზავნისა და ფარული მიყურადების დავალების მიცემა.
_ შესაძლებელია, რომ «ნაციონალური მოძრაობა» კვლავ აწარმოებდეს ფარულ მოსმენებს?
_ სავსებით შესაძლებელია. დღეს რატომღაც აქცენტი მხოლოდ ფიჭური კავშირის პროვაიდერებში არსებულ შავ ყუთებზე კეთდება. ამის გარდა, მობილური ტექნიკა «ნაციონალების» მმართველობის პერიოდშიც შემოიტანეს და შემორჩენილი არიან ძველი სპეციალისტები, რომლებიც «ნაცმოძრაობას» მოსმენების წარმოებაში ემსახურებოდნენ, მათთვის ახალ ხელისუფლებას პასუხი არ მოუთხოვია და არ არის გამორიცხული, ეს ადამიანები საქმიანობას დღესაც განაგრძობდნენ. «ნაციონალებს» დღესაც ჰყავთ პროფსიონალი კადრები ამ დარგში, აქვთ ტექნიკა, ფული და ვიცი, რომ სპეცსამსახურების მინიჯგუფიც ჰყავთ _ საკუთარი პარტიული დაზვერვა, კონტრდაზვერვა და რატომ არის გასაკვირი, რომ ოპერატიულ საქმიანობას ახორციელებდნენ?!
_ თუ არსებობს საშუალება, რომ ჩვენი სატელეფონო საუბრის მოსმენა თავიდან ავიცილოთ?
_ ეს, პრაქტიკულად, გამორიცხულია. ამაში გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის მაგალითმაც დამარწმუნა, როდესაც ამერიკული სპეცსამსახურების მიერ მისი სატელეფონო საუბრების მოსმენის ამბავი გახმაურდა. ამიტომ მკითხველს ვურჩევ, ნუ ილაპარაკებს პირად საქმეებზე ტელეფონით _ ეს ყველაზე კარგი თავდაცვაა!
_ როგორ უნდა მივხვდეთ, რომ გვისმენენ?
_ რეალურად ვერ მივხვდებით, გვისმენენ თუ არა. ამას მხოლოდ მაშინ მივხვდებით, როდესაც წინ დაგვხვდება ჩვენივე ნასაუბრები.
ესაუბრა:ნინო მაისურაძე