საზოგადოების ინფორმირებულობა სპეცსამსახურების საქმიანობაზე

  

დიდი მსტოვრობა

17.03.2014
   

 ჯაშუშობა ადამიანთა მოდგმის ისეთივე უძველესი ხელობაა, როგორიც  პროსტიტუცია, პოლიტიკა და ვაჭრობა. მათ მარტო ისტორიული სიძველე როდი აკავშირებთ. მიზნის მისაღწევად ყველა ხერხისა და მეთოდის ამოქმედება, ადამიანური სისუსტეების _შიშის, სიხარბის, პატივმოყვარეობის, შურის და ა.შ., გამოყენება და ტყუილის, როგორც საქმიანობის ძირითად იარაღად მომარჯვება _ ეს ყველაფერი ამ ოთხ უძველეს პროფესიას ოდითგანვე საერთო აქვს. შპიონაჟსა და ზემოთ ჩამოთვლილ მოქმედებათა მთელ კომპლექსს კი სპეციალური სამსახურები ახორციელებენ.

 საგარეო პოლიტიკა და ეკონომიკა, კულტურა და სპორტი, ბიზნესი და პროფკავშირები, განათლების სფერო და მასმედია... დაუსრულებლად შეიძლება ჩვენი ცხოვრების იმ სფეროების ჩამოთვლა, რომლებიც საიდუმლო სამსახურების დაინტერესების ობიექტები არიან. დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია,რომ დღეს _ XXI-ე საუკუნის დასაწყისში, მსოფლიოში სპეცსამსახურების როლისა და მნიშვნელობის არნახული გაძლიერების ხანაში, ჩვენთან ამ საკითხების შესწავლა კვლავ თვითდინებაზეა მიშვებული.
იქნებ ესეცაა მიზეზი ჩვენი ქვეყნის საერთო-სახელმწიფოებრივი სისუსტისა?
 წლების მანძილზე საქართველოს სპეცსამსახურების პროფესიონალიზმი, ტექნიკური აღჭურვა და დაფინანსება ძალზე ჩამორჩებოდა ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების დონეს,  რომ არაფერი ვთქვათ განვითარებულ ქვეყნებზე.
 ეს კი პირველ რიგში, ჩვენი მტრების წისქვილზე ასხამს წყალს. არაა გამორიცხული, რომ ეს გარე ძალების მიერ მართვადი, კარგად გათვლილი და ორგანიზებული პროცესი იყო, რადგანაც უმარტივესი ფორმულაა:
 “სუსტი სპეცსამსახურები=სუსტ სახელმწიფოს”.

  საქართველოს უახლეს ისტორიაში სპეცსამსახურების თემა ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად შესწავლილია, რომ არაფერი ვთქვათ მის სიღრმისეულ ანალიზზე, სხვა ქვეყნების გამოცდილების გაცნობასა და შესაბამისი დასკვნების გამოტანაზე. თუ კომუნისტური რეჟიმის პერიოდში ეს თემა გასაგები მიზეზების გამო იყო საზოგადოებისათვის დახურული, დღეს არანაირი გამართლება არა აქვს ქვიშაში თავჩარგული სირაქლემის პოზაში ყოფნას.
 ჩვენ საზოგადოებას სპეცსამსახურების თემასთან ერთი მეტად საინტერესო დამოკიდებულება აქვს - ისინი მაშინ ახსენდება, როცა ჯონ ლე კარეს მშვენიერ ნაწარმოებებს კითხულობს ან ჯეიმს ბონდზე შექმნილ გასართობ ფილმებს უყურებს.
 სპეცსამსახურების თემა უფრო ხშირად მაშინ ხდება აქტუალური, როცა სხვადასხვა პარტიების ლიდერები არჩევნების წინ ერთმანეთს “კრემლის” და “ამერიკის” აგენტობას აბრალებენ.
 იქნებ ზოგიერთები არიან კიდეც?
 იქნებიან და ეს გასაკვირი არც უნდა იყოს_ ბევრი ქვეყანა ცდილობს საქართველოს პოლიტიკურ ელიტაში,ისევე როგორც ბიზნესელიტაში, მასმედიაში,სამეცნიერო წრეებში და ა. შ. საკუთარი დასყრდენი ჰყავდეს.
 ერთი წუთით წარმოიდგინეთ რა რუდუნებით ზრდიდნენ პიონერული, კომკავშირული თუ “ჰარვარდული” ასაკიდან მომავალ “გავლენის აგენტებს”, ოპერთანამშრომლებს და რეზიდენტებს, რამდენი დრო, ენერგია და ფულია დახარჯული მათზე, მათ პოლიტიკურ   და სამეცნიერო კარიერაზე, ბიზნეს წარმატებებზე. მათაც ხომ უნდა გაამართლონ იმედები.
 საინტერესოა უმართლებენ თუ არა ისინი იმედებს თავის პატრონებს?                                 

საყოველთაოდ ცნობილი ჭეშმარიტებაა, რომ სპეცსამსახური არ შეიძლება პოპულარული იყოს და საზოგადოებას უყვარდეს, მაგრამ მისი ხალხს კი არ უნდა ეშინოდეს, არამედ იმედი უნდა ჰქონდეს და პატივს სცემდეს. ეს ურთიერთდამოკიდებულება კი ათწლეულების მანძილზე ყალიბდება.
 ურთიერთობა საზოგადოებასა და სპეცსამსახურებს შორის დამოკიდებულია მრავალ, ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალებზე_ ინგლისელები სიამაყის, ამერიკელები _ პატრიოტული და მერკანტელური, ებრაელები _ ქვეყნის უდიდესი სიყვარულის გრძნობის გამო თანამშრომლობენ მშობლიურ სპეცსამსახურებთან.
  ქართველები?  
 ერთადერთი გამონაკლისი საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურები იყვნენ, რომლებიც საკუთარ მოქალაქეებს კომპრომატების გამოყენებითა და დაშინებით  აიძულებდნენ თანამშრომლობას.
 რამდენად შეიცვალა ამჟამად მდგომარეობა ქართულ სპეცსამსახურებში?
 ცნობილია, რომ საბჭოთა კავშირში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომელს კნინობითად _”შპიონად” და “აგენტად” მოიხსენიებდნენ, ხოლო “კა-გე-ბე-შნიკები” ყოველთვის “მზვერავები” ანუ დადებითი გმირები იყვნენ.
ვერ გავექცევით იმ ფაქტს, რომ სპეცსამსახურებთან ლოიალური დამოკიდებულების გარეშე გამორიცხული იყო პიროვნების დაწინაურება, უცხოეთში გამგზავრება და ა.შ. ასე იქმნებოდა საზოგადოებაში შიში და ავტორიტეტი საბჭოთა სპეცსამსახურების მიმართ. საბჭოთა სპეცსამსახურების სამართალმემკვიდრე დღეს რუსეთის საიდუმლო სამსახურები არიან.
 საინტერესოა, როგორ შეიცვალა მათი სტრუქტურა, მუშაობის ფორმები და მეთოდები ?   
 საკვირველია, მაგრამ შთაბეჭდილება რჩება, რომ სპეცსამსახურების თემა მივიწყებულია ჩვენში. ამ დროს კი, ბოლო 20-25 წელია საქართველოში მოხდა ისეთი მოტივაციის 20-ზე მეტი გახმაურებული “უბედური შემთხვევა”, პოლიტიკური მკვლელობა და თვითმკვლელობა(?), სახელმწიფო გადატრიალებისა და ტერაქტების რამდენიმე აშკარა თუ ფარული მცდელობა, სადაც სპეცსამსახურების ხელწერა აშკარაა.
 გარდა ამისა, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის დღევანდელ, ჯერ კიდევ მძიმე მდგომარეობამდე მიყვანაშიც დიდი “დახმარება” გაგვიწიეს უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებმა _ ფარული “აქტიური ღონისძიებების” და სპეცოპერაციების შედეგად.
 რას აკეთებენ საქართველოს სპეცსამსახურები ამის აღსაკვეთად?
საქართველოს სახელმწიფოებრივ და ტერიტორიალურ მთლიანობასთან დაკავშირებული პრობლემები “არ ახალია, ძველია”. ჩვენი ქვეყნის (ისევე,როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების) იდეოლოგიური, ტერიტო- რიული, ეკონომიკური და პოლიტიკური დაქუცმაცების კონკრეტული გზები ათწლეულების წინ დამუშავდა საბჭოთა (შემდეგ კი რუსეთის) სპეცსამსახურების მიერ. ამიტომაც არის, რომ 1980-იანი წლების ბოლოდან, განსაკუთრებით კი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ამ გეოპოლიტიკურ სივრცეში მოვლენების განვითარება ადრე შემუშავებული და შემდგომ კორექტირებული სცენარებით ვითარდება.
 რა ღონისძიებებს ატარებენ ამის საპასუხოდ ჩვენი ქვეყნის საპეცსამსახურები?
 ჭეშმარიტებაა მტკიცება იმის შესახებ, რომ არ არსებობს მეგობარი სპეცსამსახურები _არსებობენ მხოლოდ მეგობარი ქვეყნების სპეცსამსახურები.  
  სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა მსოფლიოს “ჭადრაკის დაფაზე” ელვის უსწრაფესად იზრდება. ამიტომაც ბუნებრივია სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურების ოპერატიულ-აგენტურული მუშაობის გააქტიურობა ამ რეგიონში.  
  შეიძლება ითქვას, რომ დღეისათვის “თბილისი შპიონთა ქალაქია”, სადაც მრავალი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების გადაკვეთა, მათი სპეცსამსახურების ინტენსიურ საქმიანობაში გამოიხატება, რაც ხშირად საზოგადოებისათვის ფარულად, მძიმე და დაუნდობელ ოპერატიულ  დაპირისპირებაში მიმდინარეობს (გავიხსენოთ თუნდაც აშშ-ის ცსს თანამშრომლის ფრედ ვუდროფის, იტალიელი ჟურნალისტის…ანტონიო როსის და  სხვა საიდუმლოებით მოცული მკვლელობა).
 დიდი მსტოვრობა ჩვენს ქვეყანაში დამოუკიდებლობის მოპოვების პირველი დღეებიდანვე დაიწყო. იხსნებოდა სხვადასხვა ქვეყნების საელჩოები, საკონსულოები, ფირმების სავაჭრო წარმომადგენლობები ანუ ლეგალური შპიონაჟის ე.წ. “სახურავები”. ეს პროცესი დღესაც გრძელდება.
ამჟამად საქართველოს ტერიტორიაზე აქტიურად მოქმედებენ აშშ-ის, რუსეთის, ჩინეთის, ევროპის წამყვანი ქვეყნების, თურქეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ირანის, საუდის არაბეთის და ბევრი სხვა ქვეყნის სპეცსამსახურები. მათი დაინტერესების ობიექტებია, როგორც საქართველოს, ასევე ერთმანეთის სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური, რელიგიური, სოციალურ-კულტურული და ა.შ. საკითხები.
 ოპერატიული-ტექნიკური და აგენტურული მუშაობის რა თანამედროვე მეთოდებს იყენებენ უცხოეთის სპეცსამსახურები და რას უპირისპირებენ საქართველოს შესაბამისი სტრუქტურები უცხოელ კოლეგებს?
 როგორაა დაცული მტერ-მოყვარისგან საქართველოს სახელმწიფო საიდუმლეობები?
 სპეცსამსახურების შესახებ წერა ძალზე რთული საქმეა. ამ სფეროში ძალზე ხშირია დეზინფორმაციის (ანუ კარგად გათვლილი სიცრუის) შეგნებული გავრცელება, რასაც ხშირად მიმართავენ ერთმანეთის წინააღმდეგ სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურები.
  როგორ გავარჩიოთ სიმართლე “დეზასგან”?
  ხომ არ მოგეჩვენათ,რომ ბევრი კითხვა დაისვა? დამეთანხმეთ _ დროა რომ, ამ და სხვა მრავალ კითხვაზე, რაც სპეცსამსახურებს შეეხება და რაც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს არა ვნებს, საქართველოს საზოგადოებამ ამომწურავი პასუხი მიიღოს.