საბჭოთა აგენტურის ლუსტრაცია

საბჭოთა აგენტურის ლუსტრაცია: პოზიტიური და ნეგატიური შედეგები

გასულ თვეში ცნობილი გახდა საბჭოთა აგენტურის ლუსტრაციის მორიგი ფაქტი. გაირკვა რომ კა-გე-ბეს აგენტი-ინფორმატორები იყვნენ ლიტვისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის გამოჩენილი მსახიობი დონატანას ბანიონისი (აგენტურული ფსევდონიმი “ბრიუნისი”) და ასევე სახელგანთქმული მუსიკოსი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი საულიუს სონდეცკისი (აგენტურული ფსევდონიმი “სალიუტასი”). ორივე ხელოვანს საბჭოთა სპეცსამსახური აშშ-ში მცხოვრები ლიტველი ემიგრანტების წინააღმდეგ ოპერატიულ-აგენტურული ოპერაციებისთვის იყენებდა. დ. ბანიონისს (1924-2014) საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის წოდება ჰქონდა მინიჭებული, ხოლო 1974 წელს ლიტვის სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატადაც (ანუ პარლამენტის წევრად) იყო არჩეული. საინტერესოა რომ დ. ბანიონისს საყოველთაო აღიარება მოუტანა 1960-იანი წლების ბოლოს გადაღებულმა საბჭოთა კინოფილმმა “მკვდარი სეზონი”, სადაც ის ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში არალეგალურად მოქმედი საბჭოთა დაზვერვის აგენტის როლს ანსახიერებს. შესაძლოა სწორედ ამ ფილმის გადაღების პროცესში გამოვლინდა მისი “აგენტურული ნიჭი”. ამ ფილმის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ ბანიონისის პოპულარობამ ზენიტს მიაღწია და ჩვენი აზრით გადაწყვეტილება მისი გადაბირების შესახებ საბჭოთა კა-გე-ბეს უმაღლეს, თვით მისი შეფის, იური ანდროპოვის, დონეზე იქნებოდა სანქცირებული. რამდენიმე წლის წინ რუსულ მედიაში გავრცელდა მოსაზრება, რომ ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში მუშაობის დაწყება სწორედ ამ ფილმის ნახვის შემდეგ გადაწყვიტა. ორი გამოჩენილი პიროვნების კა-გე-ბესთან თანამშეომლობის სკანდალური (და არა სენსაციური) ინფორმაცია გამოაქვეყნა “ლიტვის მცხოვრებთა გენოციდისა და წინააღმდეგობის ცენტრმა”, რომელიც უკვე ათეული წლებია საბჭოთა ლიტვაში მოქმედი კა-გე-ბეს აგენტურის ლუსტრაციის პროცესს აწარმოებს. ამ “ცენტრის” ინფორმაციით დ. ბანიონისის გადაბირება კა-გე-ბეს 1970 წელს მოუხდენია აშშ-ში ვიზიტის წინ. “ბრიუნისი” ამერიკაში ლიტველი ემიგრანტების მიუწვევიათ და კა-გე-ბეც ამ შანსს ხელიდან როგორ გაუშვებდა. ლიტვის სსრ კა-გე-ბეს საიდუმლო დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ აგენტ “ბრიუნისმა” წარმატებით გაართვა თავი დასახულ ამოცანას, დაამყარა კონტაქტი ლიტველ ემიგრანტებთან და წარმოადგინა მათი ლიდერების პიროვნულ-ფსიქოლოგიური პორტრეტები. ეს კი კა-გე-ბეს ლიტველი ანტისაბჭოთა განწყობის ემიგრანტების წინააღმდეგ ოპერატიულ-აგენტურული ოპერაციებისთვის სჭირდებოდა. განსაიდუმლოებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ დ. ბანიონისი აგენტურულ სიაში 1974 წლამდე ირიცხებოდა. “ბრიუნისის” დეპუტატად არჩევის შემდეგ, კა-გე-ბეს ინსტრუქციით, მისი აგენტურული საქმიანობა უნდა შეჩერებულიყო. თუმცა ჩვენი ვარაუდით შემდგომ წლებში გამოჩენილი ლიტველი მსახიობი საბჭოთა “ჩეკისტების” რაიმე “მეგობრული თხოვნის”Aშესრულებაზე უარს ვერ იტყოდა. საულიუს სონდეცკისის (1928-2016) ოპერატიული დავალებაც ანალოგიური იყო. ისიც ლიტველი ემიგრანტების წინააღმდეგ კა-გე-ბეს მიერ დაგეგმილ ოპერაციებში იღებდა მონაწილებას. პარალელურად აგენტ “სალიუტასს” ევალებოდა დაეყოლიებინა აშშ-ში მცხოვრები მამა, იაცკუსს სონდეცკისი საბჭოთა კავშირში დაბრუნებაზე. ამ დოკუმენტების თანახმად საულიუს სონდეცკისი აგენტურულ სიაში 1982 წლამდე ირიცხებოდა. როგორც მოსალოდნელი იყო აღნიშნულმა ინფორმაციამ ლიტვაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. საზოგადოების ერთი ნაწილი უკვე უსარგებლოდ მიიჩნევს საბჭოთა პერიოდის აგენტურის ლუსტრაციას და მათი ძველი ცოდვების საყოველთაოდ გამომზეურებას. ხოლო მეორე ნაწილი ფიქრობს, რომ ეს პროცესი აუცილებელია, რათა რომელიმე უცხო სახელმწიფომ ვეღარ შეძლოს კა-გე-ბეს ყოფილი აგენტებისა და მათი შთამომავლების დაშანტაჟება. მათ ერთ-ერთ არგუმენტად ის ფაქტიც მოჰყავთ, რომ დონატანას ბანიონისი საულიუს სონდეცკისი სიცოცხლის ბოლომდე რუსეთის ხელისუფლების დიდ მეხოტბეებად რჩებოდნენ. რომელი მხარეა მართალი? ეს კითხვა არ არის რიტორიკული, რადგანაც საბჭოთა აგენტურის ლუსტრაცია საქართველოსთვისაც კვლავ აქტუალურ პრობლემად რჩება.

სპეცსამსახურების არქივები, როგორც “ნელი მოქმედების ნაღმი”
ლუსტრაციის პროცესს უამრავი “წყალქვეშა რიფი” და ხშირად გაუთვალისწინებელი მოვლენები ახლავს თან, რომელიც მაქსიმალურად წინდაწინ უნდა გავითვალისწინოთ. ამ პროცესის სირთულე სპეცსამსახურების ოპერატიული საქმიანობის სპეციფიკითაა განპირობებული. ოპერატიული მუშაობა მრავალ, ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ, თანმიმდევრული ღონისძიებების გატარებას მოითხოვს. განსაკუთრებით რთულია აგენტურული მუშაობის “დოკუმენტირება”. ოპერატიული დამუშავების საქმე ამობრუნებულ პირამიდას წა-აგავს, რომელიც შეიძლება ერთი ანონიმური წერილით _ ”სიგნალით” იწყე-ბოდეს და თანდათან იზრდებოდეს. საქმიდან თუნდაც ერთი დოკუმენტის ამოღება ან პირიქით, “შეცურება”, თავდაყირა დააყენებს ისტორიულ ფაქტს და სიმართლეს ლუსტრაციის პროცესში ყველაზე დიდი “განძი” და იმავდროულად ყველაზე დიდი პრობლემა არქივებია, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია: სპეცსამსახურების აგენტურის ოპერატიული აღრიცხვის საქმეები, მოქმედი სპეცკონტიგენტის სია (ფსევდონიმების მითითებით), ქვეყნის გარეთ მოქმედი აგენტურის სია და მათთან კავშირის ხერხები, არქივული ოპერატიული აღრიცხვის საქმეების ოპერატიულ-საცნობარო კართოტეკა, კოდირებული ფარული ლეგენდების გასაღებები, საფარი დოკუმენტების სია, შიფრები და შიფრტექნიკა. ამ საიდუმლო დოკუმენტების ხელში ჩამგდები სპეცსამსახური შესძლებს რეალურად აკონტროლოს სხვა ქვეყნის აგენტურა: ის გადმოიბირებს და თავის სასარგებლოდ ამუშავებს ღრმა კონსპირაციაში მყოფ აგენტებს ან დააშანტაჟებს ურჩებს. საინტერესოა ვის ხელთაა და რამდენადაა დაცული სპეცსამსახურების არქივები? ვის შუძლია “შეაცუროს” ან ამოიღოს ოპერატიული აღრიცხვის ბარათები და სხვა დოკუმენტაცია? სპეცსამსახურების ამ ყველაზე საიდუმლო და ძვირფას “განძს” ერთი შეხედვით უმნიშვნელო და წმინდა წყლის ბიუროკრატი – არქივის უფროსი “დარაჯობს”. სწორედ ამ პიროვნებაზეა ბევრად დამოკიდებული არქივების სიზუსტე და ხელშეუხებლობა. ეს პროფესია ხშირად სიცოცხლისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს, რაზედაც ქვემოთ მოტანილი თუნდაც ერთი ფაქტი მეტყველებს. ბულგარეთი 2007 წლის 1 იანვარს ევროკავშირის წევრი უნდა გამხდარიყო. ამ რთულ გზაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება კომუნისტური პერიოდის საიდუმლო არქივების გახსნა და ლუსტრაციის კანონის მიღება იყო. 2006 წლის წლის ნოემბრის დასაწყისში ბულგარეთის პარლამენტმა მიიღო კანონი 1944 წლის სექტემბერ – 1991 წლის ივლისის პერიოდის ყველა არქივის განსაიდუმლოების შესახებ. საინტერესო კი მართლაც ბევრი იქნება: 1978 წელს ლონდონში ბულგარელი დისდენტის გიორგი მარკოვის მკვლელობის დეტალები, 1981 წლის 13 მაისს რომის პაპ იოან პავლე II-ზე თავდასხმის შემსრულებელთა ვინაობა და ა.შ. მალევე, 2006 წლის ნოემბრის ბოლოს, ბულგარეთის დაზვერვის სამსახურის ცენტრალური არქივის დირექტორი 61 წლის ბოჟიდარ დოიჩევი ცეცხლსასროლი იარაღი გარდაცვლილი აღმოაჩინეს სამუშაო კაბინეტში. დოიჩევი დიდი პერიოდი მუშაობდა ბულგარეთის უშიშროების ორგანოებში, 1990 წლიდან კი ცენტრალური არქივის დირექტორად დაინიშნა. ამ შემთხვევამ სერიოზული ეჭვი დაბადა არქივების ობიექტურობაში, რადგანაც ბულგარეთის მასმედიის ინფორმაციით არქივების გახსნის მოწინააღმდეგენი ქვეყნის პირველი პირები ყოფილან. ამიტომ არ გამორიცხავენ, რომ დოიჩევს შანტაჟის გზით აიძულებდნენ არქივების ყველაზე მამხილებელი კართოტეკები გაენადგურებინა. ეს შემთხვევა მკვლელობა იყო, თუ თვითმკვლელობა, ჯერ კიდევ დაუდგენელია.D ლუსტრაციის პროცესის საკმაოდ საინტერესო და იმავდროულად მძიმე გამოცდილება აქვთ ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებს.


პოლონეთი

2001 წლის გაზაფხულზე პოლონეთის “ეროვნული ხსოვნის ინსტიტუტის” და მისი ფილიალების (რომელსაც კანონის მიხედვით გადაეცათ პოლონეთის სპეცსამსახურების არქივები) წინ დიდი რგები შეინიშნებოდა. ვის არ ნახავდით მომლოდინე ადამიანთა შორის მეცნიერებათა და კულტურის გამოჩენილ მოღვაწეებს, პარლამენტის წევრებსა და მინისტრებს. ყველა მოთმინებით ელოდა იმ წუთს, როცა მათზე შედგენილი დოსიეების გაცნობის საშუალება მიეცემოდათ. მიუხედავად იმისა, რომ 1989 წელს პოლონეთის კომუნისტურმა ხელისუფლებამ შეძლო არქივების ნაწილის განადგურება, ინფორმაციის დიდი მოცულობა მაინც გადარჩა. საზოგადოებაში დაპირისპირების და პირადი ანგარიშსწორების თავიდან ასაცილებლად დოსიეებში წაშლილი იყო სპეცსამსახურის აგენტებისა და ინფორმატორების გვარები და ოპერატიული ფსევდონიმები. საიდუმლოდ დარჩებოდა ასევე იმ აგენტების ვინაობაც, რომლებიც კვლავ პოლონეთის სპეცსამსახურებზე აგრძელებდნენ მუშაობას. როგორც მოსალოდნელი იყო მოვლენები სულსხვა სცენარით განვითარდა.
2006 წლის 6 დეკემბერს რომის პაპმა ბენედიქტ XVI-ემ პოლონეთის ერთ-ერთი ქალაქის პლოცკის 67 წლის ეპისკოპოსი სტანისლავ ველგუსი ვარშავის არქიეპისკოპოსად დანიშნა. ეს გადაწყვეტილება ნიშანი იყო იმისა, რომ ველგუსი მოკლე ხანში მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი პოლონეთის კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელი გახდებოდა. მას უნდა შეეცვალა ცნობილი ანტიკომუნისტი მოღვაწე, კარდინალი იუზეფ გლემპი, რომელიც პოლონეთის კათოლიკურ ეკლესიას 1981 წლიდან, ყველაზე მძიმე პერიოდში ხელმძღვანელობდა.
მცირე დოსიე: სტანისლავ ველგუსი 1939 წელს დაიბადა, 1962 წელს მღვდლად აკურთხეს, წლების მანძილზე იყო ლუბლინის კათოლიკური უნივერსიტეტის დოქტორი, ხოლო 1989-1998 წლებში _ ამ უნივერსიტეტის რექტორი. 1999 წლის მაისში რომის პაპმა იოან პავლე II-ემ პლოცკის ეპისკოპოსად აკურთხა. პოლონეთის მშინდელი პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი ველგუსის ვარშავის არქიეპისკოპოსად დანიშვნის სასტიკი წინააღმდეგი იყო, თუმცა ვატიკანმა თავისი გადაწყვეტილება მაინც არ შეცვალა. სწორედ მაშინ გამოჩნდა პოლონურ გაზეთებში ველგუსის წინააღმდეგ მიმართული სტატიები – არქიეპისკოპოსს კომუნისტური პოლონეთის უშიშროების სამსახურთან თანამშრომლობას სდებდნენ ბრალად. ამ სკანდალური ინფორმაციის შემდეგ პოლონეთის “სახალხო ხსოვნის ინსტიტუტში” – ლუსტრაციის მთავარ სტრუქტურაში სპეციალური კომისია შეიქმნა, რომელმაც სპეცსამსახურის არქივებში არსებული ველგუსის პირადი საქმის შესწავლის შემდეგ უშიშროების ორგანოებთან მისი თანამშრომლობა დაადასტურა. გაირკვა რომ, არქიეპისკოპოსი, ოპერატიული ფსევდონიმით –“გრეი”, თითქმის 20 წელი აწვდიდა ინფორმაციას უშიშროებას. 2007 წლის 7 იანვრამდე ველგუსი უარყოფდა ამ ბრალდებებს და მოულოდნელად კათედრალურ ტაძარში შეკრებილი მრავალი მორწმუნის წინაშე საჯაროდ აღიარა აგენტობა. შეცბუნებულ ვატიკანს სხვა რაღა დარჩენოდა და არქიეპისკოპოსს გადაწყვეტილება მოუწონა. პოლონელი ექსპერტების აზრით, პოლონეთის კათოლიკური ეკლესიის მსახურთა 15-20 % “კომუნისტურ” სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა. ეს მართლაც რომ შემაშფოთებელი და დამაფიქრებელი ფაქტია. ლუსტრაციის პროცესის სირთულის დამადასტურებელი კიდევ ერთი შემთხვევა ლეხ ვალენსას, “სოლიდარობის” ლიდერს, პოლონეთის ექს-პრეზიდენტს და მშვიდობის ნობელის პრემიის ლაურეატს ხშირად ყველაზე ცნობილ ცოცხალ პოლონელსაც კი უწოდებენ. გარდა ამისა ის მსოფლიოში ყველაზე სახელგანთქმულ დისიდენტად იყო მიჩნეული. ბოლო დრომდე გავრცელებული შეხედულებით სწორედ მან დაიწყო პროფკავშირული გაერთიანება “სოლიდარობის” საშუალებით “კომუნისტური ბასტიონის” ნგრევა. თუმცა ბოლო დროს პოლონეთში განვითარებულმა სკანდალურმა მოვლენებმა შესაძლებელია ეს უკანასკნელი შეფასება ეჭვ ქვეშ დააყენოს.
პოლონელმა ისტორიკოსებმა და “ეროვნული ხსოვნის ინსტიტუტის” თანამშრომლებმა სლავომირ ცანკევიჩმა და პეტრე გონტარციკიმ პოლონეთის უშიშროების ორგანოების საარქივო დოკუმენტების საფუძველზე 2008 წელს გამოსცეს წიგნი: “უშიშროების სამსახური და ლეხ ვალენსა – ბიოგრაფიის დამატება”. სადაც ამტკიცებენ, რომ ვალენსა 1970 წელს “დაავერბოვკეს” პოლონეთის სპეცსამსახურებმა და ექვსი წლის მანძილზე მათი აგენტი იყო ოპერატიული ფსევდონიმით “ბოლეკი”. ამ წიგნს ყველაზე დიდი რეკლამა პოლონეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა და ლეხ ვალენსას მთავარმა ოპონენტმა გაუწია. ლეხ კაჩინსკიმ 2008 წლის 5 ივნისს, მაშინ როცა წიგნი ჯერ დაბეჭდილიც არ იყო, ერთ-ერთ ტელეინტერვიუში პირდაპირ განაცხადა, რომ ვალენსა სპეცსამსახურების აგენტი იყო, “ბოლეკის” ოპერატიული ფსევდონიმით მოქმედებდაო და საბუთად სწორედ ეს წიგნი დაასახელა. პოლონელი ჟურნალისტების აზრით, ძმები კაჩინსკები- იროსლავლი და ლეხი-1980-იან წლებში „სოლიდარობის“ აქტიური წევრები იყვნენ, მაგრამ ისინი შევიწროებულნი იქნენ ვალენსას პოლონეთის პრეზიდენტად გახდომის შემდეგ. „ვალენსამ მიანიშნა, რომ კაჩინსკი ახლა იყენებდა ინსტიტუტს მასზე შურისძიებისათვის წარსულის წყენის გამო“
ამ ბრალდებამ პოლონეთის საზოგადოება ორ ნაწილად გაყო – ერთნი მიიჩნევენ, რომ ლეხ ვალენსას პოლიტიკურმა ოპონენტებმა მოგონეს მისი აგენტობა, მეორენი კი დადასტურებულ ფაქტად მიიჩნევენ, რომ “ბოლეკი” – ვალენსა იყო.

ლუსტრაციის ბალტიური გამოცდილება

ბალტიისპრეთის სამივე ქვეყანაში ერთი მიდგომით მოქმედებდნენ. უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოებაც, რომ ეს ქვეყნები ყოველთვის გმობდნენ ”მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტს” და 1940 წელს საბჭოთა კავშირის მიერ მათი “ნებაყოფლობითი შეერთება” _ ანექსიად, ჯერ კიდევ სსრკ-ს დაშლამდე იყო ოფიციალურად აღიარებული. ამიტომაც საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურები (შტატიანი და ფარული თანამშრომლები) ამ ქვეყნებში დამოუკიდებლობის აქტის მიღებისთანავე კანონგარეშედ გამოაცხადეს. ყოფილი საბჭოთა აგენტურის გამოვლენა ბლტიის ქვეყნებში, ჩვენგან განსხვავებით, ადრევე დაიწყეს.