საზოგადოებრივი კონტროლი სპეცსამსახურების საქმიანობაზე

 

 

 

 დემოკრატიული კონტროლი საქართველოს სპეცსამსახურებზე: არსებული მდგომარეობის შეფასება

 

17.03.2014

  ეროვნული სპეცსამსახური, ამ ცნების ტრადიციული გაგებით, ჩვენში ჯერ კიდევ არ არსებობს. ამიტომაც აუცილებელი ცვლილებები, რომლებმაც საქართველოს სპეცსამსახურების მუშაობა უნდა დახვეწოს და უფრო ეფექტიანი გახადოს. საქართველოს სპეცსამსახურების რეფორმირების ძირითადი მიმართულებები აერთიანებს საკანონმდებლო, სტრუქტურული და ფუნქციონალური სახის ცვლილებებს, საკადრო და საფინანსო უზრუნველყოფის არსებული სისტემის რადიკალური ცვლილებებს.                                

       მთავარი ამოცანაა: სპეცსამსახურები რომელიმე მმართველი რეჟიმის ექსკლუზიურ დაქვემდებარებაში კი არ იყვნენ, არამედ ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მოქმედებდნენ.                                                    

დემოკრატიულ ხელისუფლებას ავტორიტარული რეჟიმისგან სწორედ სპეცსამსახურებზე ეფექტიანი კონტროლის არსებობა განასხვავებს. საქართველოს სპეცსამსახურებს რაც არასდროს ჰქონიათ, ეს სწორედ დემოკრატიული კონტროლის მექნიზმებია. რაც აერთიანებს: საკუთარი კომპენტენციის ფარგლებში საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებებიდან, ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაცებისა და „მეოთხე ხელისუფლების“ მხრიდან კონტროლს. შევეცდებით ათ ბალიანი სისტემით შევაფასოთ საქართველოს სპეცსამსახურებზე დემოკრატიული კონტროლის არსებული მდგომარეობა.

1.    საკანომდებლო დონეზე სპეცსამსახუების საქმიანობაზე დემოკრატიული კონტროლი უპირველესად გულისხმობს მკაფიოდ ჩამოყალიბებული საკანონმდებლო ბაზის არსებობას, ეს უპირატესად ინფორმაციის მოპოვებას, ხელმისაწვდომობას, გაცნობას, ფლობას და გამოყენებას ეხება.                                                                                

     ასევე საკანონმდებლო დონეზე უნდა განისაზღვროს საქართველოს სპეცსამსახურების საქმიანობის შემდეგი ძირითადი ასპექტები: ძირითადი მიზნები და ამოცანები; მათი მოქმედების სფერო; საზღვრები და კომპეტენცია; მათი ორგანიზაციული სტრუქტურა; სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურების ურთიერთთანამშრომლობის საზღვრები და ვალდებულება; სპეცსამსახურების საქმიანობაზე კონტროლის სახეები, ხერხები და მექანიზმები და ა.შ. უნდა გაიზარდოს შესაბამისი საპარლამენტო კომიტეტების (უპირველესად კი თავდაცვისა და უშიშროების) როლი და ფუნქციები კონტროლის გამკაცრების მხრივ.
 კერძოდ, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი უნდა აკონტროლებდეს აღმასრულებელ ხელისუფლებას (ანუ საქართველოს სპეცსამსახურებს) შემდეგი ძირითადი მიმართულებებით: სპეცსამსახურების მიერ ბიუჯეტის ხარჯვის მიზნობრიობა და ეფექტიანობა; საკადრო პოლიტიკა; სოეცსამსახურების საქმიანობის საკანონმდებლო უზრუნველყოფა და ა.შ.
დღევანდელი მდგომარეობა კი შემდეგია:
ა.    სპეცსამსახურების მიერ ფინანსური რესურსების მიზნობრივად და ეფექტიანად ხარჯვა „სახელმწიფო შესყიდვების კანონის“ პროცედურების დაცვასა და სათანადო დოკუმენტაციის შედგენით ამოიწურება. ხოლო ამ მრავაასეულმილიონიანი დანახარჯის შემდეგ რამდენად გამყარდა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება, ეს უკვე არავის აინტერესებას.  ამიტომ კარდინალურადაა შესაცვლელი სპეცსამსახურების დაფინანსების დღეს არსებული პრაქტიკა, როცა მათ ბიუჯეტს ფინანსთა სამინისტრო განსაზღვრავს და საფუძვლად საშტატო რიცხოვნობას იღებს. ამ სამინისტროს ჩინოვნიკები ბუნებრივია ვერ ერკვევიან სპეცსამსახურის მუშაობის სპეციფიკაში და სახელფასო მუხლების დაფინანსების შემდეგ თავისი მისია შესრულებულად მიაჩნიათ. დაფინანსების ეს პრაქტიკა ძალზე მოუქნელი და არაეფექტიანია. ის არ ითვალისწინებს ოპერატიულ-აგენტურული ღონისძიებების და “ფორს მაჟორულ” სიტუაციებში მოქმედების თავისებურებებს.                                                 

   ჩვენი სპეცსამსახურების დაფინანსება უნდა განხორციელდეს მსოფლიოს წამყვან სპეცსამსახურებში აპრობირებული პროგრამულ-მიზნობრივი მეთოდით, როცა თითოეული ჩასატარებელი ოპერაციის მიხედვით დანაყოფები წინასწარ ადგენენ ხარჯთაღრიცხვას (ოპერატიულ-ტექ-ნიკური ღონისძიებებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ხარჯები, ხელფასი და ა.შ.). ყველა დანაყოფიდან წამოსული “მცირე ბიუჯეტები” სპეცსამსახურის ერთიან ბიუჯეტად იკვრება (სადაც კოდური სახელწოდების მიხედვით იქნება დაშიფრული შესასრულებელი ოპერაციები) და ფინანსთა სამინისტროში გაიგზავნება მუხლობრივად განსახილველად და დასამტკიცებლად.                                

  ამ პროცესში გადამწყვეტი უნდა იყოს პარლამენტის „ნდობის ჯგუფის“ კომპეტენტურობა და პრინციპულობა. თუმცა წლების მანძილზე საქართველოს პარლამენტის “ნდობის ჯგუფი” პრეფერანსის მოყვარულთა დახურულ კლუბს დაემსგავსა, სადაც სპეცსამსახურების და თავდაცვის სამინისტროს დანახარჯების ანალიზისთვის დრო უკვე აღარ რჩებოდათ. მასმედიას და ექსპერტებს კი ამ ინფორმაციამდე ხელი  არ მიუწვდებოდათ.                                                     

  წელიწადნახევარზე მეტია, რაც ახალ პარლამენტს „ნდობის ჯგუფი“ ვერ აურჩევია და რა საპარლამენტო კონტროლზე შეიძლება ამ შემთხვევაში საუბარი? Aასე, რომ საპარლამენტო კონტროლი სპეცსამსახურების მიერ საბიუჯეტო თანხების ხარჯვაზე ამჟამად მხოლოდ ფორმალურია.                                              

     ბ.  საკანონმდებლო დონეზე შესაცვლელია სპეცსამსახურებში საკადრო პოლიტიკის დღეს არსებული პრაქტიკა.  აუცილებელია ინსტიტუციური ცვლილებების გატარება, კერძოდ: მისაღებია ახალი ნორმატიული აქტები, რომლებიც სპეცსამსახურებს მაქსიმალურად გამოიყვანს პოლიტიკური დაქვემდებარებიდან და ზეწოლიდან, ხოლო მათ ხელმძღვანელებს კანონით განსაზღვრული პერიოდის მანძილზე სტაბილური და დაწყნარებული მუშაობის გარანტიას მისცემს, ქვეყანაში სამთავრობო კრიზისებისა და პოლიტიკური კონიუნქტურის მიუხედავად.                                    

      სპეცსამსახურის ხელმძღვანელი არ უნდა იყოს რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი, მას ქვეყნის პირველი პირის წარდგინებით უნდა ამტკიცებდეს პარლამენტი წინასწარ განსაზღვრული ვადით. ამ პერიოდში მისი გათავისუფლება მხოლოდ რამდენიმე მიზეზით (ავადმყოფობა, პირადი სურვილი და კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა) იქნება შესაძლებელი. სხვა შემთხვევაში საქართველოს სპეცსამსახურებში ვიწრო პარტიული ინტერესების დაცვა და სუბიექტურობა განმეორდება.
ასე, რომ საპარლამენტო კონტროლი სპეცსამსახურებში საკადრო პოლიტიკაზე ამჟამად მხოლოდ ზოგადი და ფორმალურია. 

  2. სპეცსამსახურების მუშაობის ეფექტიანობა ქვეყნის აღმასრულებელი  ხელისუფლების მიერ დასახული საშინაო და საგარეო პოლიტიკური, სამხედრო, ეკონომიკური და ა.შ. ამოცანების რეალურ შესრულებაში გამოიხატება. აღმასრულებელი ხელისუფლების ცვლილება კი გავლენას არ უნდა ახდენდეს სპეცსამსახურების სტრატეგიულ კურსზე.  უკანასკნელ წლებში საქართველოს სპეცსამსახურებში გამოუცდელ, მაგრამ პირადი ერთგულების საფუძველზე შერჩეულ ადამიანებს გაეხსნათ გზა. გულგრილობა და აჩქარება სპეცსამსახურების კადრების შერჩევისა და მომზადების პროცესში, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის სერიოზული პრობლემების შემცველია. სპეცსამსახურების თანამშრომელთა მიმართ საკადრო გადაწყვეტილების მიღება (დატოვება, დაწინაურება, რეზერვში გადაყვანა ან დათხოვნა) საკმაოდ რთული საკითხია და ძალზე ფაქიზ მიდგომას მოითხოვს. სპეცსამსახურების ახალგაზრდა ხელმძღვანელებს უნდა ახსოვდეთ, რომ  თანამშრომელი, რომელიც ყველაზე სახიფათო დავალებებს ასრულებს, უნდა გრძნობდეს მაქსიმალურ მორალურ და მატერიალურ მხარდაჭერას ქვეყნისა და ამ ორგანიზაციისაგან.     განსაკუთრებულ ცვლილებებს საჭიროებს სპეცსამსახურებისთვის კადრების მომზადების და საკადრო გადაწყვეტილებების მიღების დღევანდელი პრაქტიკა, რომელსაც ერთიან, გააზრებულ საკადრო პოლიტიკამდე ჯერ კიდევ ბევრი აკლია.   მნიშვნელოვანი ცვლილებებია გასატარებელი სპეცსამსახურების  სტრუქტურული რეორგანიზაციის კუთხითაც. ამჟამად უკვე საკამათო აღარაა, რომ უშიშროების სისტემა შსს-ს სტრუქტურაში არ უნდა იყოს და      დამოუკიდებლად უნდა ფუნქციონირებდეს. შსს კი მთლიანად კრიმინალურ სამყაროში ოპერატიულ-აგენტურულ მუშაობაზე უნდა გადაერთოს, სადაც რეალური საქმე მართლაც რომ თავზე საყრელია.  
     3. კანონები უნდა არეგულირებდნენ სპეცსამსახურის საქმიანობას და  აწესებდნენ მათი მოქმედებების მკაცრ ჩარჩოებს. საერთო ზედამხედველობას კანონების შესრულებაზე კი მთავარი პროკურატურა და სასამართლოები უნდა ახორციელებდნენ. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო და სასამართლო ზედამხედველობის ეფექტიანობა კვლავ ბევრ კითხვას ბადებს. ამიტომ უფრო უნდა გაძლიერდეს საპროკურორო ზედამხედველობა. სპეცსამსახურები ინსტიტუციონალურად ისე უნდა იყვნენ მოწყობილნი, რომ უკანონო მოსმენებისა და ჩაწერების დროს არ დაიმალოს კანონდარღვევა. სპეცსამსახურების საქმიანობა უპირველესად უნდა შეფასდეს, როგორც ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარება და ამ კუთხით პრობლემაა ის, რომ საზოგადოებას არ აქვს რეალური კონტროლის მექანიზმი ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ სპეცსამსახურების მოქმედებების და გაკონტროლებისთვის.
4.  ჩვენი აზრით საზოგადოებრივი კონტროლი უნდა გახდეს იმის გარანტია, რომ ეროვნული უსაფრთხოების მიზნებს პიროვნების თავისუფლება და ადამიანის უფლებები არ შეეწირება. წლები გადის და მდგომარეობა არ იცვლება. დაფინანსების მრავალჯერად გაზრდას ჩვენ სპეცსამსახურებში ოპერატიულ-აგენტურული მუშაობის დემოკრატიული და პროფესიონალური ცვლილება არ მოუტანია. დღემდე არსებობს საფრთხე, რომ ვიღაცამ, პირადი თუ სხვა მიზნების გამო მოახდინოს ადამიანების მოსმენა, ჩაწერა და ა.შ.. კონტროლის მექანიზმის უქონლობის გამო, დამოკიდებულნი ვართ სამართალდამცავების და სპეცსამსახურების თანამშრომელთა კეთილსინდისიერებაზე. ამიტომ საჯარო და გამჭვირვალე უნდა გახდეს სპეცსამსახურებისა და რიგითი მოქალაქეების ურთიერთობა. ადამიანის უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე უნდა გავაანალიზოთ, ასრულებენ კი საქართველოს სპეცსამსახურები ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების დაცვის ამოცანებს?! სად მიდის გადასახადის გადამხდელების ფული, როგორ იხარჯება სპეცსამსახურების ბიუჯეტი?!
საერთო შეფასება კი ასეთია: ჩვენი აზრით ამჟამად საქართველოს სპეცსამსახურების საქმიანობაზე დემოკრატიული კონტროლის ეფექტიანობა  მინიმალურ დონეზეა
  „სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის საქართველოს ცენტრის“ თავმჯდომარე ბესიკ ალადაშვილი