თავი II
“სხვა ინფორმაცია” და “სხვა ცნობები”_ საბჭოთა გადმონაშთი?
სამართლის თეორიაში მიღებულია ნორმის განმარტებისას რამდენიმე მეთოდის გამოყენება, რომელთაგან ყველაზე გავრცელებული არის: გრამატიკული, სისტემური, ობიექტურ-თელეოლოგიური და ისტორიული მეთოდები. მოცემულ შემთხვევაში საინტერესო იქნება ისტორიული მეთოდის გამოყენება და დადგენა იმისა, თუ საიდან მოდის ჯაშუშობის მუხლი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში. ეს არ ატარებს უბრალოდ აკადემიურ ინტერესს_ისტორიულმაალიზმა შესაძლოა საკმაოდ საინტერესო შედეგებამდე მიგვიყვანოს და ჯაშუშობის მუხლი ამ შემთხვევაში გამონაკლისი არ არის.
როგორც აღვნიშნეთ შესავალში, მუხლის დისპოზიცია უცვლელი დარჩა კოდექსის მიღებიდან დღემდე. 2006 წელს გაიზარდა სანქცია, მაგრამ შინაარსი მუხლისა ხელუხლებელი გახდა. 2007 წლიდან, სახელმწიფო ღალატის მუხლის ამოღების შემდეგ, 314-ე მუხლი გავრცელდა საქართველოს მოქალაქეებზეც. როგორც აღვნიშნეთ, დღესდღეობითაც ბევრია ქვეყანა, სადაც ჯაშუშობის მუხლით შეიძლება გასამართლდეს მხოლოდ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი. იგივე სისტემა მოქმედებდა საბჭოთა კავშირშიც.
საქათველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის(რომელიც ზუსტად იმეორებდა სსრკ-ში შემავალი სხვა “დამოუკიდებელი” რესპუბლიკების სისხლის სამართლის კოდექსების შინაარსს) 66-ე მუხლში ჯაშუშობა შემდეგნაირად იყო ჩამოყალიბებული: “სახელმწიფო ან სამხედრო საიდუმლოების შემცველი ცნობების გადაცემა უცხო სახელმწიფოსათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან მათი აგენტურისათვის, ისევე როგორც ამგვარი ცნობების გატაცება ან შეგროვება მათთვის გადაცემის მიზნით, აგრეთვე სხვა ცნობების გადაცემა ან შეგროვება უცხოეთის დაზვერვის დავალებით სსრ კავშირის ინტერესების საზიანოდ მათი გამოყენებისათვის, თუ ჯაშუშობა ჩაიდინა უცხოელმა ან მოქალაქეობის არმქონე პირმა”.
მოცემული მუხლში ჩვენ ვხვდებით როგორც ბუნდოვან ტერმინს“სხვა ცნობები”(რუსულად_Иные сведения), ასევე ზოგად ტერმინებს “უცხოეთის ორგანიზაცია” და “ინტერესების საზიანოდ”, რომელთა განმარტება საბჭოთა კავშირის დროს მეტად ფართოდ შეიძლებოდა. ასეთ ინფორმაციად ითვლებოდა ცნობები პოლიტიკური, სამეცნიერო, სამეურნეო, კულტურული, ტექნიკური და თავდაცვითი საკითხების თაობაზე. ისინი შეუძლებოდა შეხებოდა საზოგადო მოღვაწეებისა ან თანამდებობების პირების მონაცემებს (მათი შანტაჟირების მიზნით) ან მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფის შესახებ დამახასიათებელი ინფორმაცია ყოფილიყო. თუმცა არსებობდა სხვა მოსაზრებაც, რომელიც “სხვა ცნობების” ასეთ ფართო გაგებას ეწინააღმდეგებოდა. ზოგიერთი საბჭოთა კრიმინალისტი ასეთ ცნობებს მიაკუთვნებდა გამოუცემელ მონაცემებს სამხედრო ობიექტების ადგილმდებარეობისა და მათი სამრეწველო სიძლიერის შესახებ, აგრეთვე ინფორმაციას, რომელიც შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ტყვია-წამლის წარმოების გეგმებსა და ნავთობის გამოუქვეყნებელი მარაგების რაოდენობასა და ადგილმდებარეობას ეხებოდა. აგრეთვე “სხვა ცნობებად” აღიარებული იყო სამოხელეო დოკუმენტები და ისეთი სპეციალური გამოცემები, რომლებიც არ ვრცელდება მასობრივად, როგორიცაა სამხედრო გაზეთები. ასეთ ცნობებად აგრეთვე მიიჩნეოდა პირადი დათვალიერებითა და მოსახლეობის გამოკითხვით მიღებული ინფორმაცია სამხედრო და ეკონომიკური ობიექტებისა და საბჭოთა პარტიული ორგანოებისა თუ ღონისძიებების შესახებ . ამავდროულად აღნიშნულია, რომ იმ მონაცემთა შეგროვება და დამუშავება, რომელიც ღიად ვრცელდება და უცხოელებს აქვთ ასეთ ინფორმაციასთან დაშვება, არ იწვევს ჯაშუშობის მუხლით ქმედების დაკვალიფიცირებას.
საერთოდ 66-ე მუხლი ბევრ რამეში ემსგავსება სსკ-ის 314-ე მუხლს, განსაკუთრებით იმ ნაწილში, რომელშიც ლაპარაკია “სხვა ცნობებზე”, რომელიც შემდგომში “სხვა ინფორმაციად” გადაკეთდა ისე, რომ შინაარსი ფაქტობრივად არ შეუცვლია. მნიშვნელოვანი განსხვავება არის ის, რომ თუ საბჭოთა კავშირის სისხლის სამართლის კოდექსში სხვა ცნობების შეგროვება/გადაცემასთან დაკავშირებით აღნიშნულია მხოლოდ უცხოეთის დაზვერვის დავალება და სსრკ-ს ინტერესებისადმი ზიანის არსებობა, სისხლის სამართლის კოდექსში ამ ადგილას ვხვდებით აგრეთვე “უცხოურ ორგანიზაცია”-ასაც. რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს ეს, საქართველოს კანონმდებელმა გააფართოვა ჯაშუშობის მუხლის ამ ბუნდოვანი ნაწილის მოქმედების არეალი იმასთან შედარებით, რაც საბჭოთა კავშირის დროს იყო და თუ ადრე “სხვა ცნობების” გადაცემა უცხოეთის(თუ უცხოური) ორგანიზაციისათვის თუნდაც სახელმწიფოს ინტერესების საზიანოდ ფორმალურად მაინც არ ითვლებოდა ჯაშუშობად, დღესდღეობით საქართველოში ასეთი მოქმედება სავსებით შესაძლებელია დაკვალიფიცირდეს 314-ე მუხლით.
რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის(შემდგომში-რფსსკ) 276-ე მუხლი(ჯაშუშობა) ფაქტობრივად რუსეთის საბჭოთა კავშირის დროინდელი სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის იდენტურია, გარდა იმისა, რომ ბუნდოვანი ფორმულა “სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ” შეცვლილია და უფრო ნათლადაა ჩამოყალიბებულია შემდეგი ფორმულით: “აგრეთვე სხვა ცნობების გადაცემა ან შეგროვება უცხოეთის დაზვერვის დავალებით რუსეთის ფედერაციის საგარეო უსაფრთხოების საწინააღმდეგოდ გამოყენების მიზნით, თუ ჯაშუშობა ჩაიდინა უცხოელმა ან მოქალაქეობის არმქონე პირმა”. საგარეო უსაფრთხოება რუსულ ლიტერატურაში განმარტებულია, როგორც სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და თავდაცვისუნარიანობის უსაფრთხოება საგარეო ზემოქმედებისგან. რუსულ სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ მარტო სახელმწიფოს საიდუმლოების დაცვა არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ქვეყნის უსაფრთხოება სათანადოდ იყოს დაცული. სრულიად შესაძლებელია, რომ საჯარო ინფორმაციის მოპოვებისა და დეტალური ანალიზის შედეგად დადგინდეს ქვეყნის უსაფრთხოებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტები. მაგალითად, სწორედ პუბლიცისტური გამოცემებით გერმანელემა ექსპერტებმა მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას დაადგინეს, რომ მათი წყალქვეშა ნავების მიერ დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ განხორციელებული ბლოკადა სათანადო შედეგს არ იძლეოდა.
“უცხოური ორგანიზაცია” რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლში ჯერ კიდევ არსებობს, მაგრამ ისევე, როგორც ძველი საბჭოთა კოდექსის დროინდელი მუხლი, ასეთი ორგანიზაცია ეხება მხოლოდ საიდუმლო ინფორმაციას და კავშირი არ აქვს “სხვა ცნობებთან”. აღსანიშნავია,რომ 2012 წლის სექტემბერში რუსეთის დუმაში მომზადდა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც რფსსკ-ს 276-ე მუხლიდან ამოღებულია სიტყვა “საგარეო” და უცხოეთის დაზვერვას დაემატა “ან მათი ინტერესებისათვის მოქმედი პირების დავალებით” და შესაბამისად მუხლის ის ნაწილი, რომელიც ეხება “სხვა ცნობებს” ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: “აგრეთვე სხვა ცნობების გადაცემა ან შეგროვება უცხოეთის დაზვერვისა ან მათი ინტერესებისათვის მოქმედი პირების დავალებით რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების საწინააღმდეგოდ გამოყენების მიზნით, თუ ჯაშუშობა ჩაიდინა უცხოელმა ან მოქალაქეობის არმქონე პირმა”.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაციის მსგავსი რეგულირება გააჩნიათ დსთ-ს სხვა ქვეყნებსაც, მაგალითად, აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლი(ჯაშუშობა) ფაქტობრივად იმეორებს რუსეთის ფედერაციის ანალოგიურ მუხლს. იმავეს თქმა შეიძლება ყაზახეთზე (კოდექსის 166-ე მუხლი). ფორმულა “სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ” დაკონკრეტებულია ტაჯიკეთის სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლში, რომელშიც პირდაპირაა მითითებული, რომ სხვა ინფორმაციის გადაცემა/შეგროვება უცხოური სადაზვერვო სამსახურის დავალებით გამოყენებული უნდა იქნას ტაჯიკეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, თავდაცვისა და საგარეო უშიშროების წინააღმდეგ. უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსი, მართალია იცნობს როგორც სახელმწიფო ღალატს, ისევე როგორც ჯაშუშობას, მაგრამ მისი ჯაშუშობის მუხლში “სხვა ცნობები” ან “სხვა ინფორმაცია” საერთოდ არ არსებობს(უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 114-ე მუხლი). იგივე შეიძლება ითქვას უზბეკეთზეც_მისი სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლში არაფერია ნათქვამია “სხვა ცნობებზე”. ყველა ზემოაღნიშნულ სახელმწიფოში ჯაშუშობის მუხლი არ ვრცელდება ამავე სახელმწიფოს მოქალაქეზე_ის ვრცელდება მხოლოდ უცხოელსა ან/და მოქალაქეობის არმქონე პირზე. ჯაშუშობის ჩამდენი სახელმწიფოს მოქალაქე სახელმწიფოს ღალატის მუხლით ისჯება. ყირგიზეთის სისხლის სამართლის კოდექსის 293-ე მუხლი რუსეთის ფედერაციის დანაწესის იდენტურია. იმავეს თქმა შეიძლება მოლდოვის სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლზე.
დასავლური ქვეყნები ჯაშუშობის საკითხს სხვადასხვანაირად აწესრიგებენ. მაგალითად, შვეიცარიის სისხლის სამართლის კოდექსში ცალკე მუხლებადაა გამოყოფილი პოლიტიკური, ინდუსტრიული და სამხედრო ჯაშუშობა (შვეიცარიის სისხლის სამართლის კოდექსი 272-ე, 273-ე და 274-ე მუხლები შესაბამისად) და “სხვა ინფორმაციას” ან “სხვა ცნობებს” აქ ვერ ვნახავთ. სამხედრო ჯაშუშობის მუხლში (274-ე მუხლი) ჯაშუშობად მიჩნეულია უცხოური სახელმწიფოსათვის “სადაზვერვო საქმიანობა” შვეიცარიის ინტერესების საზიანოდ ან ასეთი საქმიანობის ორგანიზაცია. აღსანიშნავია, რომ 272-ე მუხლში ვხვდებით “უცხოურ ორგანიზაციასაც”, რომლისათვის პოლიტიკური სადაზვერვო საქმიანობა ჯაშუშობად დაკვალიფიცირდება. უნგრეთის სისხლის სამართლის კოდექსის 147-ე მუხლის(ჯაშუშობა) პირველ ნაწილში გამოყენებულია ტერმინი “სადაზვერვო საქმიანობის განხორციელება”, რომელიც მიმართული უნდა იყოს უნგრეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ და უნდა შესრულდეს უცხოური სახელმწიფოს ან უცხოური ორგანიზაციის დავალებით. თუ ამ ქმედებას თან მოჰყვება სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურება, მაშინ ამავე მუხლის მეორე ნაწილით პირი უფრო მკაცრად აგებს პასუხს. მაშასადამე, აქაც განმარტების საგანი შეიძლება გახდეს “სადაზვერვო საქმიანობა”. ლატვიის სისხლის სამართლის კოდექსის 85-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია “კონფიდენციალური ინფორმაცია”, რომელიც არ უნდა იყოს “ოფიციალური საიდუმლო”(ამავე მუხლის მეორე ნაწილი). ლიტვის სისხლის სამართლის კოდექსის 119-ე მუხლის მიხედვით, დანაშაულის საგანი მხოლოდ სახელმწიფო საიდუმლოებაა. საკმაოდ დეტალურადაა ჩამოთვლილი ინფორმაციის სახეები ფინეთის სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 თავის მეხუთე ნაწილში: ასეთ ინფორმაციად ფინეთის კანონმდებლობით მიჩნეულია ცნობები ფინეთის თავდაცვაზე, საგარეო უსაფრთხოებაზე, საგარეო ვაჭრობაზე ან მარაგებზე. დეტალურადაა განხილული ჯაშუშობისა და სახელმწიფოს ღალატის საკითხები გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსში: 93-96 მუხლებში დეტალურადაა გადმოცემული სახელმწიფო საიდუმლოების ცნება, ღალატის, სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურების, მოღალატეობრივი ჯაშუშობის(96-ე მუხლი) დანაშაულთა შემადგენლობები. ყველა ზემოაღნიშნული ინფორმაციის საგანია სახელმწიფო საიდუმლოება.
ფაქტობრივად ყოვლისმომცველად არის ჯაშუშობის საკითხი განხილული აშშ-ს კანონმდებლობაში, კერძოდ კი, კანონთა მე-18 კარის(დანაშაულები და სისხლის პროცესი) 37-ე თავში(ჯაშუშობა და ცენზურა) დეტალურადაა ჩამოთვლილი ის ქმედებანი, რომლებიც ჩაითვლება ჯაშუშობად. ამ თავში ყველაზე საინტერესოა $793 და $794 პარაგრაფები, რომლებშიც მოცემულია სახელმწიფო უშიშროების ხასიათის ინფორმაციის(დეფენსე ინფორმატიონ) შეგროვება, გადაცემა ან დაკარგვა($793) ან ასეთი ინფორმაციის შეგროვება ან გადაცემა უცხოური მთავრობის დასახმარებლად($794). ამ პარაგრაფებით ინფორმაციის მთავარი მახასიათებელი უნდა იყოს მისი კავშირი სახელმწიფო უშიშროებასთან (რელატინგ(ცონნეცტედ) ტო ნატიონალ დეფენსე). ვინაიდან არ არსებობს საკანონმდებლო დონეზე უშიშროების, როგორც ცნების, განმარტება, გარკვეული პრობლემა შეიძლება დადგეს ეროვნული უშიშროებისა და უსაფრთხოების გამიჯვნისას. ეროვნული უსაფრთხოება(ნატიონალ სეცურიტყ) აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ “სამხედრო და მასთან დაკავშირებული ტერმინების ლექსიკონში” განმარტებულია, როგორც ერთობლივი ცნება(ცოლლეცტივე ტერმ), რომელიც მოიცავს, როგორც ეროვნულ უშიშროებას(ნატიონალ დეფენსე), ისე აშშ-ს საგარეო ურთიერთობებს. აქედან შეიძლება იმ დასკვნის გამოტანა, რომ ეროვნულ უშიშროებას განეკუთვნება უფრო შიდა ურთიერთობები, ისეთი საშიშროებანი, რომლებიც პირდაპირ აშშ-ს ინტერესებს ლახავს, იმ დროს, როდესაც ეროვნული უსაფრთხოება მოიცავს საგარეო ურთიერთობებში ხელსაყრელ მდგომარეობასაც (ფავორაბლე ფორეიგნ რელატიონს პოსიტიონ). მოსაზრება, რომ “უსაფრთხოება” უფრო ფართო ტერმინია, ვიდრე “უშიშროება”, არსებობს ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაშიც. აღსანიშნავია, რომ აშშ-ში ჯაშუშობის მუხლების საფუძველს წარმოადგენს 1917 წელს მიღებული ჯაშუშობის აქტი(Eსპიონაგე Aცტ).
ძალიან საინტერესოა საკითხის მოწესრიგება საფრანგეთის სისხლის სამართლის კოდექსში. “სხვა ინფორმაცია”, როგორც ასეთი, აქაც არ არის, მაგრამ საფრანგეთის სისხლის სამართლის კოდექსის 411-6-ე მუხლში უფრო დაკონკრეტებული სახითაა მოცემული ინფორმაციის ბუნება: ჯაშუშობის საგანია ის მონაცემები, ტექნოლოგიები, დოკუმენტები, საინფორმაციო მონაცემები, რომელსაც შეუძლია ზიანი მიაყენოს ერის ძირითად(ფუნდამენტურ) ინტერესებს. ერის ფუნდამენტური ინტერესებიც შეიძლება სხვადასხვანაირად განიმარტოს, მაგრამ ფართო განმარტებას ეს დათქმა მნიშვნელოვნად ბოჭავს. რაც შეეხება იმას, თუ ვისთვის უნდა განხორციელდეს ეს მოქმედება საფრანგეთის სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს უცხოურ სახელმწიფოს, უცხოურ საწარმოსა და ორგანიზაციას, აგრეთვე უცხოეთის კონტროლქვეშ მყოფ ორგანიზაციას და დაწესებულებას ან მათ ქვემდებარე სუბიექტებს.
ზემოაღნიშნულ სახელმწიფოთა სისხლის სამართლის კოდექსების მიმოხილვამ აჩვენა, რომ ბუნდოვანი ტერმინი “სხვა ინფორმაცია” ფაქტობრივად არის, გარდა იმ სახელმწიფოებისა, რომლებიც საბჭოთა კავშირის ან “ვარშავის პაქტის” ქვეყნების შემადგენლობაში შედიოდნენ.