თავი III
“სხვა ინფორმაცია” და 202-ე მუხლი
როგორც ადრე აღვნიშნეთ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლი გარკვეულწილად ემსგავსება 202-ე მუხლსაც იმ გაგებით, რომ ამ მუხლშიც კრიმინალიზირებულია საიდუმლო ინფორმაციის შემცველი ინფორმაციის უკანონოდ გადაცემა, გახმაურება, შეგროვება, ოღონდ ამ შემთხვევაში დანაშაულის საგანია “ინსაიდერული ინფორმაცია, კომერციული ან საბანკო საიდუმლოება”. 202-ე მუხლში მოცემული ინფორმაცია თვისობრივად კერძო ხასიათის ინფორმაციას წარმოადგენს_ეს გამომდინარეობს თვით მუხლის თელეოლოგიური განმარტებიდან. ინსაიდერული ინფორმაციის განმარტება მოცემულია “ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” საქართველოს კანონში, კერძოდ კი, 45-ე მუხლის პირველ ნაწილში: “ინსაიდერული ინფორმაცია ნიშნავს არასაჯარო, არსებით ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია ერთ ან რამდენიმე ანგარიშვალდებულ საწარმოსთან ან მათ საჯარო ფასიან ქაღალდებთან”. რაც შეეხება საბანკო საიდუმლოებებს, მათი დეფინიცია მოცემულია “კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლში, რომლის მიხედვითაც ასეთ ინფორმაციას შეიძლება მივაკუთვნოთ ცნობები ფიზიკური და იურიდიული პირების ანგარიშებისა და ოპერაციების შესახებ. კომერციულ ინფორმაციად თვლიან ისეთ ინფორმაციას, რომელთა გაცემამაც შეიძლება მხარე უსამართლოდ დააზარალოს ეკონომიკური თვალსაზრისით, მაგალითად, ასეთ ინფორმაციად ჩაითვლება კომპანიის მიერ დანერგილი სიახლე (ე.წ. ნოუ-ჰაუ) ან კომპანიის მთავარი პროდუქტის დამზადების წესი. ფაქტობრივად 202-ე მუხლი წარმოადგენს სამრეწველო ჯაშუშობის მუხლს და ერთი შეხედვით ასეთი დანაშაული მკვეთრადაა გამიჯნული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ჯაშუშობისაგან. სამწუხაროდ, 314-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადების ბუნდოვანი ჩამოყალიბების გამო, მათი ერთმანეთთან აღრევა წარმოუდგენელი სრულებითაც არ არის. ამას რამდენიმე მიზეზი განაპირობებს.
უპირველეს ყოვლისა, “სამრეწველო ჯაშუშობა”, როგორც წესი, სრულდება მოწინააღმდეგე მეწარმე სუბიექტის(უმეტესწილად კორპორაციულად მოწყობილი) მიერ, რომელსაც სურს უპირატესობის მოპოვება ბაზარზე. ასეთი დანაშაული ნაკლებად სავარაუდოა განხორციელდეს ცალკეული ფიზიკური პირის მიერ. ვინაიდან 314-ე მუხლი ითვალისწინებს ბუნდოვან “უცხოურ ორგანიზაციას”, მასში სრულიად შესაძლებელია უცხოური მეწარმე სუბიქტიც მოხვდეს. სახელმწიფო ინტერესებისადმი წინააღმდეგობა ფაქტობრივად ერთადერთ ბარიერია, რომელიც მნიშვნელოვან ზღვარს დებს სსსკ-ის 202-ე და 314-ე მუხლებს შორის. როგორც წესი, ძალიან ფართო განმარტებიდან თუ გამოვალთ, აბსოლუტურად ყველა დანაშაული რაღაც დოზით ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს, მაგრამ ყველა, რა თქმა უნდა, ვერ დაკვალიფიცირდება სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულით. ამიტომ სრულიად ლოგიკურია, რომ მოსამართლე არ შეუფარდებს 314-ე მუხლს იმ პირს, რომელმაც რომელიღაც პატარა ქალაქის ბანკის საიდუმლოება არამართლზომიერად გაიგო. ამავდროულად, მნიშვნელოვად რთულდება საკითხი, თუ ეს კომერციული საიდუმლოება გადაჯაჭვულია სახელმწიფოს ინტერესებთან. მოვიყვანოთ მაგალითი_უცხურმა ფირმამ ტენდერში გაიმარჯვა და მოიპოვა უფლება, საქართველოს ტერიტორიაზე ეძებოს ნავთობის მარაგები. ამ კომპანიამ მიაგნო მნიშვნელოვან მარაგებს, რომელიც ამავდროულად ჯერ არავისთვის არაა ცნობილი და ამ დროს რომელიმე უცხოური კონკურენტი ფირმა დაავალებს პირს ასეთ ინფორმაციის შეგროვებას, სახეზე გვექნება ჯაშუშობა თუ კომერციული საიდუმლოების გაცემა? ვინაიდან 314-ე მუხლის ლოგიკური და სისტემური განმარტებიდან გამომდინარე, საქართველოს ინტერესების წინააღმდეგობაში უპირველესად იგულისხმება მთავარი, ძირითადი ინტერესები, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ეს ქმედება დაკვალიფიცირდება, როგორც ჯაშუშობა, რადგან ნავთობის მარაგები წარმოადგენს განსაკუთრებულ სახელმწიფო რესურსს, რომელსაც დღევანდელ მსოფლიოში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. უცხო ფირმა აქ ფაქტობრივად მონაწილეობს, როგორც სახელმწიფოს ნების აღმსრულებელი. ზემოაღნიშნულ კაზუსში მდგომარეობა შეიძლება გართულდეს იმით, რომ ქმედების ჩამდენ პირს აზრადაც არ მოსვლია საქართველოსათვის ინტერესებისადმი ზიანი და მხოლოდ კონკურენტი ფირმისათვის ზიანის მიყენება და ბაზრიდან ჩამოცილება ამოძრავებდა. ჯაშუშობის ჩადენა კი შესაძლებელია მხოლოდ პირდაპირი განზრახვით . მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ჯაშუშობა თავისი არსით წარმოადგენს პირდაპირი განზრახვით ჩადენილ დანაშაულს, აქ მთავარ პლანზე გამოდის, აცნობიერებდა თუ არა პირი იმას, რომ ამ ინფორმაციის შეგროვებით ის ზიანს მიაყენებდა სახელმწიფო ინტერესებს. აქ უნდა გავითვალისწინოთ როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური კრიტერიუმები. სუბიექტური თვალსაზრისით, დეტალურად უნდა დადგინდეს ჰქონდა თუ არა პირს გაცნობიერებული თავისი ქმედების ანტისახელმწიფოებრივი მნიშვნელობა და ეს უნდა მოხდეს ყველანაირი მტკიცებულებების დახმარებით, მათ შორის გათვალისწინებული და დეტალურად შესწავლილი უნდა იქნას პირის ქმედებაც. ობიექტური თვალსაზრისით, ჩვენ უნდა გავარკვიოთ, როგორ იმოქმედებდა ამ სიტუაციაში საშუალო დონის ადამიანი. ამ შემთხვევაში, რთული წარმოსადგენია ისეთი “საშუალო” ადამიანის მოძებნა, რომლისთვისაც ნავთობის მარაგის შესახებ ცნობების შეგროვება არ იქნება სახელმწიფოს ინტერესებისადმი წინააღმდეგობა, რომ აღარაფერი ვთქვათ ზემოაღნიშნული შემთხვევაზე, როდესაც პირი მოღვაწეობს ამ სფეროში და წესით უნდა აცნობიერებდეს მისი მოქმედების სახელმწიფოს ინტერესებისადმი წინააღმდეგობას. ასეთ შემთხვევაში ჩვენ სახეზე შეიძლება გვქონდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-9 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული პირდაპირი განზრახვა, როდესაც პირს არ სურს შედეგის დადგომა, მაგრამ ითვალისწინებს მისი დადგომის გარდაუვლობას. ლიტერატურაში ასეთ განზრახვას ზოგჯერ მეორე ხარისხის პირდაპირ განზრახვასაც უწოდებენ.
მიუხედავად ამისა, სრულიად შესაძლებელია კერძო ხასიათის მქონე ინფორმაციის გავრცელებამ უფრო მეტი ზარალი მოუტანოს ქვეყანას, ვიდრე სახელმწიფო საიდუმლოების გაცემამ. კერძო და საჯარო სფეროები, როგორც აღვნიშნეთ, კედლით არ არიან გამიჯნულნი. ისინი ერთმანეთთან საკმაოდ ძლიერად არიან დაკავშირებულნი და ამან შეიძლება გარკვეული სირთულეებიც გამოიწვიოს. სამართალში დღესაც შეიძლება გამოჩნდეს საკითხი, რომლის უდავოდ მიკუთვნება კერძო თუ საჯარო სამართლის სფეროებისათვის შეიძლება გაჭირდეს. ავიღოთ მორიგი მაგალითი: იმ შემთხვევაში თუ კერძო კომპანიის საქმიანობის სფერო იმდენად დიდია(მაგალითად, ფაქტობრივად მთლიანად აკონტროლებს ფოლადის წარმოებას ქვეყნის მასშტაბით და დიდად ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკასაც), რომ მისი საიდუმლოების გახმაურებამ შესაძლოა საქართველოს ინტერესს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, რა გვექნება სახეზე_“სხვა ინფორმაცია” თუ უბრალოდ კომერციული საიდუმლოება, როდესაც უცხოური კონკურენტი ორგანიზაციის მიერ გამოგზავნილი პირი შეიტყობს ამ კომპანიის ყველა საიდუმლოებას? მაგალითად, უცხოეთის ორგანიზაციამ საქართველოს მოქალაქე დ-ს შესთავაზა კორპორაცია რ-ზე(რომელიც ლ-ს კონკურენტია ფოლადის მსოფლიო ბაზარზე) საიდუმლო ინფორმაციის მოპოვება. მოქალაქე დათანხმდა დიდი ანაზღაურების მიღების იმედით. დ-მ შეაგროვა ეს ინფორმაცია და მიაწოდა ამ უცხოეთის ორგანიზაციას. ლ ამ ინფორმაციის გამოყენებას აპირებს რ-ს გასაკოტრებლად და დ-მ ეს იცის. თუ აღმოჩნდება, რომ რ-ს გაკოტრება გამოიწვევს სახელმწიფოში ეკონომიკის დაუძლურებას ან ეკონომიკურ კრიზისსაც კი (და დ-მ ესეც იცის და სურს ეს შედეგი), შეიძლება თუ არა ეს შეფასდეს, როგორც სხვა ინფორმაცია და ქმედება დაკვალიფიცირდეს, როგორც ჯაშუშობა? 314-ე მუხლის ბუნდოვნების მიუხედავად, ამ მოქმედებას ჩვენ ვერ დავაკვალიფიცირებთ, როგორც ჯაშუშობას, სახეზეა ჩვეულებრივი კომერციული საიდუმლოება, მიუხედავად იმისა, თუ რაოდენ დიდ ზიანს მიაყენებს ის საქართველოს ინტერესებს. საიდუმლოება თვისობრივად ამ კორპორაციის (რ-ს) საკუთრებას წარმოადგენს და საჯარო სფეროსთან კავშირი მას არ აქვს. თუმცა არ არის გამორიცხული ბრალმდებელმა მხარემ ამტკიცოს, რომ ქმედება მართლაც ჯაშუშობას წარმოადგენს. საქართველოს ინტერესები, როგორც აღვნიშნეთ ძალიან ფართო ცნებაა და შეიძლება ყველაფერს ითვალისწინებდეს. აქაც შეიძლება მთავარი გახდეს თვით პირის სუბიექტური თვალსაზრისის დადგენა_თუ ითვალისწინებდა ის სახელმწიფოსადმი ზიანს და სურდა იგი. ამან შეიძლება სხვა პრობლემამდე მიგვიყვანოს_შეიძლება პირს ჰგონია, რომ ის ჯაშუშობს, მოქმედებს სახელმწიფოს ინტერესების საზიანოდ და სინამდვილეში კი მის მიერ მოპოვებული ინფორმაცია წარმოადგენს ჩვეულებრივ კომერციულ ან საბანკო საიდუმლოებას. ამ შემთხვევაში ჩვენ ვერ გამოვალთ პირის სუბიექტური დამოკიდებულებებიდან ქმედებისადმი და ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს არა სსკ-ის 314-ე მუხლით, არამედ 202-ე მუხლით.
საინტერესო საკითხს წარმოადგენს შემთხვევა, როდესაც უცხოური ორგანიზაცია(ან უცხო ქვეყნის დაზვერვის ორგანო) დაავალებს საქართველოში პირს მოიპოვოს და შეაგროვოს ისეთი საჯარო ინფორმაცია, რომლის გამოყენებასაც ის შემდგომში საქართველოს ინტერესების საზიანოდ აპირებს. პირმა იცის, რომ მის მიერ შეგროვებულმა საჯარო ინფორმაციამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფოს ინტერესებს და ის მიზანმიმართულად მოქმედებს ამ ზიანის მისაყენებლად. იქნება კი ეს ქმედება ჯაშუშობა(სსკ-ის 314-ე მუხლი)?
როგორც აღვნიშნეთ, დოქტრინაში მიღებულია მოსაზრება, რომ საჯარო ინფორმაცია არ განეკუთვნება სსკ-ის 314-ე მუხლით გათვალისწინებულ “სხვა ინფორმაციას”.ზემოაღნიშნულ შემთხვევაში პირი საქმეს უადვილებს ორგანიზაციას, მის მიერ მოპოვებული ინფორმაცია საჯაროა და მისი მოპოვება თვით ორგანიზაციასაც იოლად შეუძლია, ოღონდ უფრო მეტი ფინანსური დანახარჯის გაწევის შემდეგ. პირისათვის დავალების მიცემა განპირობებულია იმით, რომ, როგორც საქართველოში მცხოვრები პირი, ის უფრო ადვილად და შეუმჩნევლად მოიპოვებს ინფორმაციას და დროსა და ფულს დაუზოგავს დაზვერვის ორგანოს. მოცემულ შემთხვევაში ჩვენ გვექნება არა ჯაშუშობა (სსკ-ის 314-ე მუხლი), არამედ სსკ-ის 319-ე მუხლით გათვალისწინებული მტრულ საქმიანობაში დახმარება, რომელიც გამოიხატა პირის მიერ უცხო ორგანიზაციისათვის განზრახ საჯარო ინფორმაციის გადაცემაში საქართველოს ინტერესებისათვის ზიანი მიყენების მიზნით. ჯაშუშობის დროს კი პირი მიზანმიმართულად ცდილობს ასეთი ინფორმაციის მოპოვებას სხვადასხვა მეთოდით, საჯარო ინფორმაციისას მოპოვებისას კი მას რაიმე დიდი სირთულეები არ ექმნება. საჭიროა მხოლოდ ასეთი ინფორმაციის შეგროვება.