ხელოვანისა და ტირანის ბრძოლა
სტალინის პოლიტიკური მოღვაწეობისა და პირადი ცხოვრების ბევრი, აქამდე სრულიად გასაიდუმლოებული ათასობით დოკუმენტი კარგა ხნის მანძილზე ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო რუსეთის სახელმწიფო არქივის ვებგვერდზე РГАСПИ.Ф558. СТАЛИН И.В., სადაც 11 თემატური ერთეული იყო განთავსებული, რომლებიც, თავის მხრივ, 18 809 ერთეულ დოკუმენტს მოიცავდა. დღეისთვის კი ქართველი მკითხველისთვის ამ დოკუმენტების გაცნობა საკმაოდ გართულებულია, რადგანაც რუსეთის სახელმწიფო არქივის ვებგვერდზე განთავსებულ საარქივო დოკუმენტებზე წვდომა მხოლოდ რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეებს დაუტოვეს. რუსეთის ხლისუფლებამ სტალინის არქივის ასლები იელის უნივერსიტეტსაც გადასცა (უფრო სწორად მიჰყიდა), თუმცა იქიდან დოკუმენტების წასაკითხად გამოთხოვაც კი ფუჭი ოცნებაა. თავის დროზე ჩვენ შევძელით სტალინის პირადი არქივის ნაწილს გავნობოდით.
პირადი ბიბლიოთეკის წიგნების ფურცლებზე სტალინის ხელით გაკეთებული შენიშვნები და კომენტარები ადასტურებენ, რომ ის ძალზე ბევრს კითხულობდა: სამხედრო სტრატეგიის შესახებ დაწერილი მცირე ბროშურით დაწყებული და კონსტანტინე გამსახურდიას `დავით აღმაშენებლით~ დამთავრებული. სტალინი, როგორც ლიტერატურული რედაქტორი კარგადაა ცნობილი მემუარული ლიტერატურიდან, თუნდაც შალვა ნუცუბიძის მოგონებები გავიხსენოთ “ვეფხისტყაოსნის” რუსულად თარგმნასთან დაკავშირებით. ასევე აქტიურდ მონწილეობდა სტალინი ანა ანტონოვსკაიას “დიდი მოურავის” ხელნაწერის რედაქტირება-გამოცემის პროცესში. ქვემოთ “არსენალის” მკითხველს ვთავაზობთ სტალინის ყველაზე საინტერესო კომენტარებს და მინაწერებს “დავით აღმაშენებელი”-ს ქართულ ენაზე 1942 წელს გამოცემული ტეტრალოგიის პირველი წიგნიდან, რომელსაც ჩვენი ვარაუდით, სტალინი ომის შემდგომ წლებში უნდა გასცნობოდა. სტალინის შენიშვნები ორ ძირითად ჯგუფად შეიძლება დავყოთ: ერთი მართლაც რომ ობიექტური და სამართლიანი, ხოლო მეორე – ღვარძლიანი და სუბიექტური. თუმცა მკითხველი ამას თავადვე შეაფასებს. შენიშვნები ძირითადად ქართულ ენაზეა გაკეთებული. ალაგ-ალაგ მისთვის ჩვეულ, ცინიკურ შენიშვნას : “ Ха-ха-ха" , კი რუსულად წერდა. კითხვისას ძირითადად წითელი და ლურჯი ფერის ფანქარს იყენებდა. გვხვდება მუქი ლურჯი ფერის კალამიც. ჩანს, რომ შენიშვნებს სხვადასხვა დროს აკეთებდა ბელადი. წიგნის 252 და 260 გვერდებზე კონსტანტინე გამსახურდია “ჭივჭავს” წერს, სტალინი კი უსწორებს: “ჭილყვავი”. 290გვ.-ზე ორჯერ გადაუხაზია დიდი პროზაიკოსის ფრაზა: “ვერ შეეხიდება საქმეს” და “შეგბედა”, თანაც გვერდით კითხვის ნიშანიც დაუსვამს. აქ ალბათ სიტყვის ფორმა დაუწუნა დიდმა დიქტატორმა დიდ მწერალს. 304გვ. – “გააწვიეს” არ მოეწონა და კითხვის ნიშანი დასვა. 305 გვ. – “წამოიწია სელიდან დავით” – ეს ფრაზაც დაუწუნა, ალბათ სიტყვათა წყობა იყო მისთვის უჩვეულო. 347 გვ. – კ. გამსახურდია წერს -“ხერხემალი გადაუტეხეს უხსენებელს”, სტალინს ბოლო სიტყვა შეუცვლია და “უსახელო” ჩაუწერია. 411 გვ. “ჰავჭალის” – აქ ასო “ჰ” არ მოეწონა ბელადს, ლურჯი ფერის ფანქრით მსუყედ გადახაზა და კითხვის ნიშანიც დაუსვა.
H459გვ. “ზარები დაუცხრომლად ჟღარუნებდნენ” დაუწუნა სტალინმა პროზაიკოსს, უკეთეს ფორმად “ჟღარუნობდა” მიიჩნია და ლურჯი ფერის ფანქრით ქართულად ქვეშ მიაწერა. 463 გვ. - “ლაშქარისთვის” – “ჯარისთვის”, “ლაშქარნი” – “ჯარისკაცებით” ჩაანაცვლა, ხოლო “კოჰორტები” – “გუნდებით” შეცვალა. ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო სტალინის ის შენიშვნები, რომლებიც ტერმინ “მსტოვრებს” ეხება. კ. გამსახურდია ნაწარმოების 461 გვერდზე პირველად იყენებს ამ უძველეს ქართულ სიტყვას, ბელადი კი რატომღაც ძალზე მკაცრია, წითელი ფერის ფანქრით გაუხაზავს “მსტოვარნი” და წიგნის კიდეზე ქართულად, დიდი ასოებით მიუწერია: “მზვერავნი”. იგივე შენიშვნა აქვს 469 გვერდზეც. გავიხსენოთ სულხან-საბა ორბელიანის “ლექსიკონი ქართული” და იქ მოცემული განმარტება: “მსტოვარი - ესე არს აეშაგი მომხილველი ქვეყანასა, გინა მტერთა ლაშქართა და ეგევითარცა უცნაურად. აეშაგი ესე არს, რა კაცი ვინმე გაგზავნო ქვეყანათა გასასინჯველად, ანუ მტერთა ლაშქართა და ეგევითარცა უცნაურად”. “მზირი – ყაზახი, გინა მსტოვარი. .. გინა ჯაშუში”. “ჯაშუში სხვათა ენაა, ქართულად მსტოვარი და აეშაგი ჰქვიან”. დავიჯეროთ, რომ სტალინი არ იცნობდა სულხან-საბა ორბელიანის “ლექსიკონში’ მოცემულ ამ განმარტებებს? დიდი ქართველი პროზაიკოსი კონსტანტინე გამსახურდია “დავით აღმაშენებელი”-ს ტრილოგიის პირველ წიგნს რვაგვერდიანი ბოლოსიტყვაობით ასრულებს (“ხელმეორედ გამოცემის გამო”), სადაც მწერალი ცდილობს მკითხველს აუხსნას, თუ რა სიძნელეებს წააწყდა ამ მონუმენტური ისტორიული რომანის შექმნისას. ბოლოსიტყვაობის თითოეული გვერდი აჭრელებულია წითელი და ლურჯი ფერით. სტალინის დამოკიდებულება მწერლის მიმართ სწორედ აქ ჩანს. შენიშვნების და კომენტარების უმეტესობა დაუნდობელი სარკაზმითა და ღვარძლითაა გაჟღენთილი. წითელი ფანქრით, რუსულად მიწერილი კომენტარები კარგდ აჩვენებს სტალინის შინაგან ბუნებას. “Ха-Ха”, “ Чепуха’, ‘”Глупость ”, “Ха-Ха-Ха”,. - აი ამგვარი “ეპითეტებით” ამკობს საბჭოთა დიქტატორი დიდ პროზაიკოსის დღესაც საჭირბოროტო მოსაზრებებს. კ. გამსახურდია: “რომანი უძლიერესი და ყველაზე ტევადი ჟანრია.. სავსებით მართებულად სთვლიდნენ მას ჰეგელი და ბალზაკი პოეზიის უმაღლეს მწვერვალად” . სტალინის კომენტარი: “Ха-Ха”. (465 გვ.). იქვე: “საერთოდ წარსულის ასახვაში დიდი ზომიერებაა საჭირო, ყოველ ერს უთუოდ ფრიად ვნებს, როგორც გულისყრა და ნიჰილიზმი წარსულის მიმართ, აგრეთვე მონსტრულობის, ბუმბერაზობის მანია”. სტალინის კომენტარი: “ Чепуха’. მწერალი იქვე აღნიშნავს: “მონსტრულობის, გადაჭარბების და შინზრდილი პატრიოტული ისტორიის გზით რომ ვიაროთ შესაძლო იქნება ყოველი ფირალიდან ნაპოლეონი ან გარდაქეშანი გამოვიყვანოთ”. ეს მოსაზრება, რატომღაც განსაკუთრებით არ მოეწონა საბჭოთა დიქტატორს, წინადადება გადახაზა, ხოლო კიდეზე მიაწერა: ‘”Глупость ”. კ. გამსახურდია; “ცნობილია: ორი სტყვით ერთი ცნების გამოხატვა ენობრივი სირატაკის ნიშანია უთუოდ” – ამ წინადადების ქვეშ სტალინმა ლურჯი ფანქრით მიაწერა: “Неправда!» სტალინის ტირანულ ბუნებას კარგად წარმოაჩენს მისი კომენტარი კ. გამსახურდიას ერთ, გულიდან წამოსულ ბავშვობისდროინდელ მოგონებაზე: “დავით აღმაშენებლის ძვირფასი სახე მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე მხიბლავდა . . . მერმე ის იყო “ქართლის ცხოვრებაში” ამოვიკითხე ბალღმა დავით აღმაშენებელი მოკვდაო, მწარედ, მწარედ ვიტირე და ეს იყო პირველი სემთხვევა ჩემს ცხოვრებაში: წიგნში დაწერილმა ამბავმა რომ ამატირა” (გვ. 466). სტალინის დაუნდობელი ხელი და უგრძნობი გული აქაც ჩანს: “Ха-Ха” – მიუწერია წითელი ფანქრით. ამის შემდეგ ვინმეს კიდევ შეეპარება ეჭვი დიდი დიქტატორის ცოდვებში? შემდეგშიც მრავლად გვხვდება სტალინის ღვარძლიანი კომენტარები. მისი ერთადერთი დადებითი რეპლიკა კ.გამსახურდიას შემდეგმა მოსაზრებამ დაიმსახურა: “მე არ მიმაჩნია მისაბაძ მაგალითად ცნობილი რომანისტის ფოიხტვანგერის მაგალით, როცა იუდეველთა ომების აღწერისას თანადროულ ტერმინებს: “გენერალს” და “ოფიცერს” ხმარობს. ეს არის უთუოდ გაიოლებული გზით სიარული” (468 გვ.). ბელადს წინადადების ქვეშ წითელი ფანქრით მიუწერია: “მართალია”.
“რედაქტორის” სადამსჯელო ღონისძიებები
საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი 1938-1952 წლებში კანდიდ ჩარკვიანი მოგონებებში იხსენებს, რომ ბელადს მოსკოვში უგზავნიდნენ ყველა მნიშვნელოვან ლიტერატურულ გამოცემას, რომელიც თბილისში იბეჭდებოდა. კ. ჩარკვიანი, რომელიც ე.წ. “მეგრელების საქმეს” გადააყოლეს, აკაკი მგელაძემ შეცვალა. 2001 წელს რუსულ ენაზე გამოცემულ მოგონებებში ა. მგელაძე სტალინის შესახებ წერს: ”ქართველი პოეტებიდან გალაქტიონ ტაბიძეს გამოყოფდა. . . . კონსტანტინე გამსახურდიაზე კარგი შეხედულებისა იყო. ძალზე აფასებდა მის პროზას, განსაკუთრებით “დიდოსტატის მარჯვენას”. ეს სხვა წყაროებითაც დასტურდება. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მგელაძისათვის დაუნდობლად გაეკრიტიკებინა გამსახურდიას შემოქმედება 1952 წელს. “ბერიას საქმეზე” დაკავებული ავქსენტი რაფავა, რომელიც 1941-1948 წლებში საქართველოს უშიშროების ორგანოებს ხელმძღვანელობდა, 1954 წლის 26 მაისს დაკითხვისას შენდეგ ჩვენებას აძლევს: “ერთხელ ბერიამ, 1953 წლის მაისში თუ ივნისში, სხვათაშორის თქვა, რომ 40-იანი წლების ბოლოს ყირიმში დასასვენებლად მყოფ სტალინს, რომელიც უძილობას უჩიოდა, წასაკითხად გამსახურდიას რომანი “დიდოსტატის მარჯვენა” გადასცა. სტალინს შუაღამისას ბერიასთვის დაურეკავს და უთქვამს: “მე არ ვიცოდი გამსახურდია რა შესანიშნავი მწერალი ყოფილაო”. კ. გამსახურდია წერდა: “ჩემი სურვილი და წადილი იყო მართალი სიტყვა მეთქვა განწირული ხელოვანის ბედზე მეფე გიორგი პირველის ტირანულ სახელმწიფოში”. ამ ისტორიული რომანის დაბეჭდვისთანავე ცხადი გახდა მწერლის პირდაპირი მინიშნება საბჭოთა იმპერიაში გამეფებულ ტირანიაზე. ძნელი დასაჯერებელია სტალინი ამას ვერ მიმხვდარიყო, თუმცა ამისდა მიუხედავად სტალინს ეს ნაწარმოები განსაკუთრებით მოსწონდა. სამაგიეროდ არ გაუმართლა “დავით აღმაშენებელს”. ჩვენი ვარაუდით დიდი დიქტატორმა ჯერ ეს ნაწარმოები წაიკითხა, ხოლო შემდეგ – “დიდოსტატის მარჯვენა”. ზემოთმოყვანილი კომენტარები და შენიშვნები, როგორც ჩანს გასცდა სტალინის კაბინეტს და ბელადის დავალებით ამოქმედდა საბჭოთა იდეოლოგიური მანქანა. საკავშიროYჟურნალ “ზნამიას” 1945 წლის მეცხრე ნომერში გამოქვეყნდა კრიტიკოს ვიქტორ შკლოვსკის წერილი რომანების „დიდოსტატის მარჯვენასა“ და „დავით აღმაშენებლის“ შესახებ, სადაც დაგეშილი კრიტიკოსი გამსახურდიას ათასნაირ ცოდვაში სდებდა ბრალს. თითქოს მსხვერპლის გეში აიღესო საქართველოს მწერალთა კავშირშიც უმალ განახლდა მწერლის საწინააღმდეგო კამპანია. ხაზს უსვამდნენ, რომ "დავით აღმაშენებელი" გაუგებარი ენით იყო დაწერილი და ქართული სალიტერატურო ენის ამახინჯებდა. გამსახურდია სადად არ წერს და ხელოვნური სინტაქსით, არქაული სიტყვებით ანაგვიანებს მეტყველებას და ამით საფრთხეს უქმნის ენის განვითარებასო. გავრცელებული ინფორმაიით 1950 წელს უკვე დაბეჭდილი "დავით აღმაშენებელი"-ს მესამე წიგნის მთელი ტირაჟი დაჭრეს და დაწვეს. პარტიული ფუნქციონერები განსაკუთრებით აქტიურობდნენ. საქართველოს კომუნისტთა XV ყრილობაზე, 1952 წლის 15 სექტემბერს, აკაკი მგელაძე აღნიშნავდა გამსახურდია ენას ანაგვიანებს არქაიზმითა და მოგონილი სიტყვებით და დროა წეროს ხალხის გასაგები ენითო. მიუხედავად იმისა, რომ "დავით აღმაშენებლის" მესამე წიგნი მკითხველმა მხოლოდ სტალინის გარდაცვალების შემდეგ მიიღო, ხელოვანმა მაინც გაიმარჯვა ტირანიაზე.