საქართველო აშშ-ის დაზვერვის არქივებში

           

საქართველო აშშ-ის დაზვერვის არქივებში
საიდუმლო დოკუმენტების, მით უფრო მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი სპეცსამსახურის არქივების, გასაჯაროება რიგითი მოვლენა ნამდვილად არ არის. ამ თვალსაზრისით 2017 წელი ნამდვილად სასიამოვნო სიურპრიზით დაიწყო. ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ (ცსს) ინტერნეტში საარქივო მასალები გამოაქვეყნა, რომლებიც 1947-1990 წლის პერიოდს ეხება და 13 მილიონ გვერდს მოიცავს. ამასთან დაკავშირებით ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ინფორმაციის სამმართველოს უფროსმა ჯოზეფ ლამბერტმა განაცხადა, რომ არქივების გამოქვეყნების პროცესში აუცილებელი იყო აშშ-ის ეროვნული ინტერესების გათვალისწინება, ამიტომ აგენტებისა და ინფორმატორების სახელების, ასევე მუშაობის მეთოდებისა და ხერხების გასაჯაროება არ მოხდება. ეს მართლაც თვალსაჩინოდ ეტყობა საიდუმლო დოკუმენტებს, სადაც ზოგჯერ მთელი გვერდია დაშტრიხული. უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული დოკუმენტების გაცნობა აქამდეც შესაძლებელი იყო, თუმცა მხოლოდ აშშ-ში, მერილენდში მდებარე ეროვნულ არქივში. ამჟამად კი, ეს დოკუმენტები უკვე ცსს-ს ვებგვერდზე, ონლაინ-ბიბლიოთეკაშია განთავსებული. გამოქვეყნებულ დოკუმენტებს შორისაა საიდუმლო მოხსენებები ამოუცნობ მფრინავ ობიექტებზე, ტელეპატიურ ექსპერიმენტებზე, ასევე კორეიის, ვიეტნამის ომებისა და სხვა უმნიშვნელოვანესი მოვლენების შესახებ. ბუნებრივია რომ ჩვენს განსაკუთრებულ ყურადღებას ის საარქივო დოკუმენტები იმსახურებს სადაც საქართველოს სსრ-სა (ეკონომიკა, რელიგია, განათლება, მეცნიერება, სამხედრო მრეწველობა და ა.შ.) და ქართველ პოლიტიკოსებზეა (მაგ. ზვიად გამსახურდია) საუბარი. ამ დოკუმენტებიდან ძალზე ბევრ ახალ და საინტერესო ინფორმაციას ვეცნობით, რაც დაგვეხმარება უკეთ შევისწავლოთ XX საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოს ისტორიის მრავალი იდუმალებით მოცული ფურცელი. ასევე საინტერესოა იმის გარკვევაც, თუ კომუნისტური საქართველოს რა სფეროები წარმოადგენდა აშშ-ის დაზვერვის დაინტერესების მთავარ ობიექტს. ქვემოთ ‘არსენალის’ მკითხველს გავაცნობთ აშშ-ის ცსს-ს ინგლისურ ენაზე შედგენილი ერთი საიდუმლო დოკუმენტის ქართულ თარგმანს.
ვინ იყო “ალექსანდრე ასომიანი”?
ცსს-ს ფაილებიდან ჩვენი განსკუთრებული დაინტერესება ერთმა, მცირე მოცულობის საიდუმლო მოხსენებამ გამოიწვია, რომელიც ცსს საიდუმლო აგენტის მიერ 1952 წლის დეკემბერში იყო შედგენილი და ჩვენი ვარაუდით ქართველი ემიგრანტის მიერ გადაცემულ ინფორმაციას ეყრდნობა (იხ. დოკუმენტი #1)
ქვემოთ წარმოდგენილია ამ დოკუმენტის ქართული თარგმანი.
“1952 დეკემბრის დასაწყისში მე შევიტყვე, რომ ქართულმა ანტიკომუნისტურმა ორგანიზაციამ, რომლის მთავარი შტაბ-ბინა პარიზშია, ქალაქში ალექსანდრე ასომიანი ჩამოიყვანა. ეს ადამიანი ესპანეთში მცხოვრები ქართველი ანტიკომუნისტია. მე მჯერა, რომ პარიზში მისი ჩამოყვანა მიანიშნებს იმაზე, რომ ქართული ორგანიზაცია აპირებს საბჭოთა კავშირის შიგნით ფარული იატაკქვეშა მუშაობის გაფართოებას”. საინტერესოა ვინ იყო ესპანეთიდან პარიზში ჩასული ემიგრანტი “ალექსანდრე ასომიანი”, რომელსაც ამერიკის დაზვერვა ამგვარი ეპითეტებით მოიხსენიებდა და დიდ იმედებს ამყარებდა? უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ ქართულ ემიგრაციაში ამ გვარ-სახელის პიროვნება არ ყოფილა. მაშინ რასთან გვაქვს საქმე? ჩვენი აზრით დოკუმენტში ქართული გვარი არასწორადაა დაწერილი და “ასომიანი” უნდა იკითხებოდეს, როგორც “ასათიანი”. მართლაც, 1950-იანი წლების დასაწყისში, ცნობილი ემიგრანტი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ალექსანდრე ასათიანი ესპანეთს აფარებდა თავს.
მცირე დოსიე: ალექსანდრე ასათიანი (1889-1953). ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ–ერთი დამფუძნებელი. 1907 წელს დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი. შემდეგ დაამთავრა: მოსკოვის კომერციული ინსტიტუტის ეკონომიკური განყოფილება, ხოლო შემდეგ პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1914 წლის ბოლოს ა. ასათიანი სამშობლოში დაბრუნდა და ქუთაისში ნაფიცი ვექილის თანაშემწედ მუშაობდა. 1917 წლის ივნისში ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე ალექსანდრე ასათიანი აირჩიეს პარტიის თავმჯდომარის, სპირიდონ კედიას, მოადგილედ.
1918 წლის 26 მაისს გამოცხადდა საქართველოს სახელმწიფოებრივი აღდგენა და მოწვეულ იქნა დამფუძნებელი კრება. მიმდინარე პროცესებში აქტიურ მონაწილეობას იღებდა ეროვნულ–დემოკრატიული პარტია. ალექსანდრე ასათიანი საქართველოს დამფუძნებელ კრებაში, სხვებთან ერთად, წარმოადგენდა ედპ-ს ფრაქციას. 1921 წლის ოკუპაციის შემდეგ ა. ასათიანი საქართველოში დარჩა და ფარულად აგრძელებდა ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლას. ერთხანს მეტეხის ციხეშიც იჯდა, მაგრამ გაქცევა მოახერხა. ჯერ სტამბოლში ცხოვრობდა, შემდეგ საფრანგეთში დამკვიდრდდა. ა. ასათიანი ემიგრაციაში აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას ეწეოდა. 1924-1926 წლებში იყო სტამბოლში დაარსებული „კავკასიის დამოუკიდებლობის კომიტეტის" წევრი. 1926 წელს გიორგი გვაზავასთან და სხვებთან ერთად დააფუძნა „პრომეთეისტული" მოძრაობა. ა. ასათიანი იყო პარიზში ჟურნალ „პრომეთეს“ ერთ–ერთი რედაქტორი და „პრომეთეს“ პოლიტიკური კლუბის თავმჯდომარე. ინტენსიურად თანამშრომლობდა ემიგრანტულ პრესასთან („ივერია", „სამშობლოსათვის"). 1929-39 წლებში, საფრანგეთში გამოსცემდა ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის ბეჭვდით ორგანო –"სამშობლოს". მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ა. ასათიანი ოთხი წელი ესპანეთში ცხოვრობდა, შემდეგ ისევ პარიზში დაბრუნდა და საქართველოსა და კავკასიის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებულ საქმიანობა გააგრძელა. ა. ასათიანი ყველასთვის მოულოდნელად გარდაიცვალა მიუნხენში, სადაც ის 1953 წლის მიწურულს პარტიის დავალებით პარიზიდან იყო ჩასული. 1954 წლის 2 იანვარს დაკრძალეს მიუნხენში. მოგვიანებით იქიდან გადაასვენეს ლევილის ქართულ სასაფლაოზე.
ცნობილი ”ბოლშევიკის” სერგო ქავთარაძის მოგონებებიდან ირკვევა, რომ ის 1946 წელს, როდესაც სსრკ ელჩი იყო რუმინეთში, ათი თვოს მანძილზე იმყოფებოდა პარიზში, სადაც იმავე წლის ივლისს-ოქტომბერში მიმდინარეობდა პარიზის საზავო კონფერენცია. პარალელურად, სტალინის დავალებით ის ხვდებოდა ქართველ ემიგრანტებს და ცდილობდა სსრკ-ში ჩამოსვლაზე დაეთანხმებინა, თუმცა ს. ქავთარაძის სიტყვებით ნ. ჟორდანიამ, ნ. გეგეჭკორმა, სპ.კედიამ და ალ.ასათიანმა დაბრუნებაზე უარი უთხრეს. ამის შემდეგ ა. ასათიანი საფრანგეთში მომძლავრებულ საბჭოთა სპეცსამსახურებს გაერიდა და 1948 წლიდან ესპანეთს აფარებდა თავს. შეიძლება ითქვას, რომ იმ პერიოდში დიქტატორ ფრანკოს ესპანეთი მთელ მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა იყო, სადაც სტალინის აგენტებსა და კილერებს ფრთები ჰქონდათ შეკვეცილი. ა. ასათიანმა ესპანეთში ოთხი წელი დაჰყო. თუ რა მძიმე პირობებში ცხოვრობდა ის, მკითხველი თავად დარწმუნდება. ქართველი ემიგრანტის ვახტანგ ჯობაძის მოგონებათა წიგნში “ჩემი თავგადასავალი “ ამგვარადაა დახასიათებული ალექსანდრე ასათიანის პიროვნება (ავტორისეული სტილი სრულადაა შენარჩუნებული): “პოლიტიკური საქმიანობის მხრივ ყველაზე საინტერესო და მძიმე წონის პიროვნება იყო გამჭრიახი გონებისა და პირადად მართლაც უმწიკვლო ალექსანდრე ასათიანი, რომელიც მამა რაფაელ ინგილოს მსგავსად, ეროვნულ- დემოკრატიული პარტიის თვალსაჩინო წარმომადგენელი და მგონი, ერთ დროს მისი ლიდერიც კი იყო. ბატონი ალექსანდრე უაღრესად პატიოსანი იყო, რაც მან განსაცდელში და მძიმე დღეებშიც კი უმანკოდ შეინარჩუნა. ის იყო აგრეთვე სავსებით უსახსრო, ერთი ნაცრისფერი ნაწილობრივ გაქონილი კოსტუმის მეტი არფერი გააჩნდა; სისუფთავის დიდი მოყვარული იყო და ამ კოსტუმს ხელის გადასმით წამდაუწუმ წმენდდა, რაც ცხიმიან ადგილებს კიდევ უფრო აპრიალებდა. ხშირად ფიქრებში იყო გართული, სიარულით და მოქმედებით ნელი, ბევრი ლაპარაკი არ უყვარდა და კარგი მსმენელი იყო. ყველაზედ ხშირად ხმარობდა გამოთქმას: „ასეთი არის ჩვენი ცხოვრება“. სასადილოდ დადიოდა მამა რაფაელ ინგილოსთან, რომელიც არა მხოლოდ მისი თანამოაზრე, არამედ ჩინებული მზარეული და გემრიელი, შემარგი სმა-ჭამის შემძლე. ბატონი ალექსანდრე ხშირად ესტუმრებოდა ხოლმე პავლე ციციშვილს, რომელსაც სამაწვნე ჰქონდა”. რაფიელ ივანიცკი-ინგილო ამგვარად გამოეხმაურა მეგობრისა და თანაპარტიელის ხსოვნას (ავტორის სტილი დაცულია): “ალექსანდრე ასათიანის ხსოვნას: ემიგრაციაში მისი მოღვაწეობა დაუთმობელი ანტიკომუნისტური ანტირუსული გეზით მიიმართებოდა. სპირიდონ კედიას დასნეულებისა გამო ასათიანს უნდა ხელთ ეღო და ეტვირთა პარტიის მეთაურობა და ამას რასაკვირველია არავინ გამოედავა. მეორე ომის წლებში ალექსანდრე ასათიანი გაბედულათა და მხნედ ამოუდგა გვერდში ყველა იმათ, ვინც თავდადებით შეუდგნენ საქართველოს განთავისუფლებისათვის ბრძოლას. ახალგაზრდებსაც ანცვიფრებდა მისი გატაცებული და უშიშარი მუშაობა გაცოფებული ომის პირობებში. ცნობილია, რომ ასათიანი კავკასიონის მთებსაც მიადგა. გაძნელებულმა მგზავრობამ და შემდგომ მის თავზე დამტყდარმა გარემოებებმა, მოსკოვის დაქირავებულმა უპასუხისმგებლო ვიგინდარებმა, რომ შეჰქმნეს საფრანგეთში, მოხარეს მისი ჯამრთელობა, ის უნდა გადასულიყო ესპანიაში და იქ ოთხი წელიწადი იმყოფებოდა დიდს გაჭირვებაში. სასოწარკვეთილობასა და უიმედობას არ ჰნებდებოდა. არავინ ელოდა მის უდროო განსვლას ამა სოფლიდან. მას დაიტირებს სამშობლოსათვის ბრძოლაგამწევი ქართველობა. საუკუნო იყოს ხსენება მისი!” (“ერის გუშაგი”, #7, 1954). ობიექტურობა მოითხოვს ავღნიშნოთ, რომ ა. ასათიანის პოლიტიკურ მოღვაწეობას, ქართულ ემიგრაციაში არაერთგვარი შეფასება ჰქონდა. ცნობილია მისი დაპირისპირება ედპ-ს აღიარებულ ლიდერ სპირიდონ კედიასთან, რაც ოც წელზე მეტი გრძელდებოდა. ამიტომ გასაგებია, რომ ს. კედიას მომხრეები და უახლოესი ნათესავები ძალზე კრიტიკულნი იყვნენ ა. ასათიანის მიმართ (მაგ. სოფიო ჩიჯავაძე-კედია). თუმცა ამჟამად ჩვენს ამოცანას არ წარმოადგენს ამ ინტრიგების გარჩევა. მას შემდეგ, რაც ეჭვს არ იწვევს, რომ ცსს-ს საიდუმლო მოხსენება ქართველ ემიგრანტ ა. ასათიანს ეხება, უკვე შეიძლება გარკვეული დასკვნების გაკეთება:
1. ქართული ემიგრაცია აშშ-ის ცსს ოპერატიულ-აგენტურული დაინტერესების ობიექტი იყო;
2. 1948-1950-იან წლებში ამერიკის დაზვერვას ჰყავდა აგენტურა ქართულ ემიგრაციაში, რომლისგანაც მიიღო ინფორმაცია ა. ასათიანის პარიზში ჩასვლის შესახებ;
3. ცსს-ს აგენტურას ხელი მიუწვდებოდა ქართულ ემიგრაციის საიდუმლო გეგმებზე;
4. შეიძლება ვივარაუდოთ. რომ ქართული ემიგრაციის გეგმები საბჭოთა კავშირის შიგნით ფარული იატაკქვეშა მუშაობის გაფართოებაზე ცსს-ს მიერ იყო ინიცირებული ან მასთან შეთანხმებული. ამჟამად, როცა უკვე ცნობილია საბჭოთა სპეცსამსახურების გაწაფულობა პოლიტიკური მკვლელობების მხრივ, განსაკუთრებულ დაეჭვებას იწვევს ა. ასათიანის მოულოდნელი გარდაცვალება მიუნჰენში. ისიც უნდა ითქვას, რომ ამ საეჭვო ფაქტს ქართველი ემიგრანტის მეგობრები მაშინაც ხაზს უსვამდნენ. იგივე რაფიელ ივანიცკი-ინგილო ზემოაღნიშნულ პუბლიკაციაში აღნიშნავდა (ავტორის სტილი დაცულია): “აწ განსვენებული ალექსანდრე ასათიანი არ იყო სასიკვდილოთ განმზადებული და განწირული: მაგარი აგებულებისა, ჯანითა და ღონით სავსე ის ამხანაგთა შორის მიჩნეული იყო როგორც ,,სპორტსმენი”.” ეს გარემოება გვაფიქრებინებს: ა. ასათიანის მოულოდნელ გარდაცვალებასთან ხომ არ ჰქონდათ რაიმე კავშირი საბჭოთა სპეცსამსახურებს? ეს არ იქნება გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ქართულ ემიგრაციაში მრავლად იყო საბჭოთა აგენტურა (სულ მცირე ორი მათგანის ვინაობა უკვე დოკუმენტურადაა დადასტურებული: შ. ბერიშვილი სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში და გიორგი გეგელია ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიაში), რომლებსაც წამყვანი პოზიციები ეკავათDუკვე ღრმად მოხუცებული ნოე ჟორდანიას უახლოეს გარემოცვაში. იმედია ამ, და სხვა კითხვებზე პასუხს ისევ ცსს-ს არქივებში მივაკლევთ, რადგანაც საბჭოთა სპეცსამსახურების თუნდაც 70-80 წლის წინანდელი არქივების გასაჯაროების მოლოდინი მხოლოდ ფუჭი ოცნებაა.