გე-ერ-უ-ში დანაკარგებმა იმატა

გე-ერ-უ-ში დანაკარგებმა იმატა

 

 რუსეთის გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (სამხედრო დაზვერვა- “გე-ერ-უ”) უფროსი იგორ სერგუნი 2016 წლის დამდეგს გარდაიცვალა. გარდაცვალების დღე და ადგილი ჯერ-ჯერობით დაზუსტებას საჭიროებს, რის შესახებაც ქვემოთ გვექნება საუბარი.

მცირე დოსიე: იგორ სერგუნი 1957 წლის 28 მარტს დაიბადა. 1973 წლიდან საბჭოთა კავშირის სამხედრო ძალების სუვოროვის სასწავლებლის კურსანტი გახდა. ჩვენი ინფორმაციით სერგუნი რუსეთის გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოში 1984 წლიდან მსახურობდა. 1998 წელს იმყოფებოდა ალბანეთში რუსეთის საელჩოში, ოფიციალურად - სამხედრო ატაშეს რანგში პოლკოვნიკის ჩინით, სინამდვილეში კი რუსეთის სამხედრო დაზვერვის ლეგალური რეზიდენტი იყო. მომდევნო ათ წელიწადში საკმაოდ სწრაფი სამხედრო კარიერა ჰქონდა “გე-ერ-უ”-ს ცენტრალურ აპარატში: იყო ერთ-ერთი მიმართულების უფროსი, სამმართველოს უფროსი, შემდეგ კი მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის, ალექსანდრე შლიახტუროვის მოადგილედ დააწინაურეს. 2011 წლის 26 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა იგორ სერგუნი “გე-ერ-უ”-ს უფროსად დანიშნა. 2012 წლის 31 აგვისტოს მას გენერალ-ლეიტანანტის, ხოლო 2015 წლის 21 თებერვალს - გენერალ-პოლკოვნიკის წოდება მიენიჭა.  მკითხველს მოკლედ შევახსენებთ, თუ რას წარმოადგენს რუსეთის სამხედრო დაზვერვის ფლაგმანი - მთავარი სადაზვერვო სამმართველო (იგივე “გე-ერ-უ”), რომელიც თითმის 90 წელია შიშის ზარს სცემს მსოფლიოს. “გე-ერ-უ” სხვა ქვეყნების ანალოგიური სპეცსამსახურებისაგან, მართლაც, რომ ბევრი კომპონენტით (აქ დადებითიც იგულისხმება და უარყოფითიც) იყო და არის გამორჩეული.  ისრაელის სამხედრო დაზვერვა –“ამანისგან” განსხვავებით რუსეთის (ადრე საბჭოთა) “გე-ერ-უ” არასდროს განიცდიდა დაფინანსების ნაკლებობას და კომუნისტური ხელისუფლება სამხედრო დაზვერვისთვის მატერიალურ, საკადრო და ფინანსურ რესურსებს არ იშურებდა. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ხშირად “გე-ერ-უს” მუშაობის ეფექტიანობისა და მისი საბოლოო “სადაზვერვო პროდუქტის” ხარისხი ბევრად ჩამორჩებოდა მასზე გაწეულ დანახარჯებს     აშშ-ისა და სხვა დემოკრატიული ქვეყნების სამხედრო დაზვერვებისგან განსხვავებით კი, “გე-ერ-უ” არასდროს იყო საშინაო თუ საერთაშორისო ნორმებისა და კანონების მორჩილი სპეცსამსახური. მისი მთავარი დევიზი იყო და არის: “მიზანი ამართლებს საშუალებას”.                               კა-გე-ბეს მარცხს მიჩვეულმა რუსეთის ხელისუფლებამ, “დაუმარცხებელი” და “შეუდარებელი” სამხედრო დაზვერვის –“გე-ერ-უს” ბოლოდროინდელ წაბორძიკებებს ძალზე მწარედ აღიქვამს. ათწლეულების მანძილზე იქმნებოდა ჯერ რუსეთის, შემდეგ კი საბჭოთა კავშირის სამხედრო დაზვერვის უძლეველობის მითი. იმპერიული აზროვნების რუსი პოლიტიკოსები არც ამჟამად მალავენ ამ საეჭვო სიამაყეს. თუმცა ქვემოთ დავრწმუნდებით, რომ საამაყო არაფერი აქვთ.

           “აკვარიუმის” ზვიგენი ზღვაში დაიხრჩო?

 რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (“გე-ერ-უს”) უფროსის მოადგილის იური ივანოვის 2010 წლის 2 აგვისტოს გარდაცვალებამ საერთაშორისო რეზონანსი გამოიწვია. ადამიანი უკვდავი არაა მაგრამ, როდესაც 52 წლის ასაკში, ჯან-ღონით სავსე კაცი, ბანაობისას ზღვაში იხრჩობა და თანაც ეს პიროვნება მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი სპეცსამსახურის ხელმძღვანელია, დაეჭვების საბაბი ყოველთვის იქნება.  დაეჭვებას აძლიერებს გარდაცვალების ოფიციალური ვერსიაც, კერძოდ სიკვდილის ადგილი – რუსეთის სამხედრო დაზვერვის უფროსის მოადგილე იური ივანოვი სირიაში ისვენებდა და – გარდაცვალების გარემოება - ზღვაში ბანაობისას დაიხრჩოო. მსოფლიოს ეს რეგიონი მრავალი ქვეყნის (აშშ, ირანი, თურქეთი, ისრაელი და სხვ.) გეოპოლიტიკური ინტერესების დაპირისპირების ადგილია და გასაკვირია რაღა მაინც და მაინც იქ მოუნდა გენერალ ივნოვს შვებულების გატარება და ზღვაში ჭყუმპალაობა? ვერ დაეტია მშობლიურ “სუპერ კურორტ” სოჭში? ან ზესაიდუმლო ინფორმაციის მცოდნე პიროვნება პირადი დაცვის გარეშე დასეირნობდა? საინტერესოა ის გარემოებაც, რომ როდესაც მსოფლიოს მასმედია გენერალ ივანოვის გარდაცვალების სხვადასხვა ვერსიებს იხილავდა, ოფიციალური მოსკოვი მაშინაც მოჩვენებითი სიმშვიდით ცდილობდა ეს არაორდინალური შემთხვევა მხოლოდ აგვისტოს სიცხით და თავად ივანოვის ზედმეტი თავდაჯერებულობით აეხსნა. პროფესიონალი მზვერავებიც კი, რომლებიც ცურვისას საკუთარ შესაძლებლობებს ზედმეტად შეაფასებენ იღუპებიან აგვისტოს ასეთ სიცხეშიო – ამგვარი უსუსური არგუმენტით ცდილობდა რუსეთის ხელისუფლება თავის დაძვრენას. იგივე სურათია დღესაც.

          ორი გენერალი წითელ მოედანზე

 2012 წლის 9 მაისს მოსკოვში წითელ მოედანზე “გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი აღლუმი” გაიმართა, სადაც ტრადიციისამებრ მოქმედი და ვეტერანი სამხედროებიც მონაწილეობდნენ. ზოგადად რუს ფოტო ჟურნალისტებს უყვართ ჩინ-მედლებით დახუნძლული პერსონების გადაღება. ერთ-ერთ ამგვარ საზეიმო კადრში ხუთი სამხედროფორმიანია აღბეჭდილიl.

საპატიო სტუმრების ტრიბუნის წინა რიგში ორი გენერალ-მაიორია: ერთი შუახნის მამაკაცი, მეორე კი მოხუცი ქალბატონი, რომელიც ასევე საბჭოთა კავშირისა გმირისა და სოციალისტური შრომის გმირის ვარსკვლავებითაა დამშვენებული. შესაძლოა ვინმემ იფიქროს რა იდილიური სურათია: რუსეთის წარსული დიდება და ამჟამინდელი “ძლევამოსილება” ერთადაა აღბეჭდილი!  თუმცა არ ვიჩქაროთ.   ამ ფოტოს გამოქვეყნებიდან მეორე დღესვე რუსმა ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ ეს ქალბატონი ცნობილი ავანტიურისტი და თვითმარქვია გენერალი, ხოლო ორდენები კი ყალბი იყო. ცრუ ქალბატონ-გენერალი წინა, 2011 წლის, აღლუმზე მხოლოდ “პოლკოვნიკი” და ერთგზის “გმირი” ყოფილა. ეს ალბათ ეცოტავა და ჩამოიკიდა რაც კი იშოვა . . .. .    შუახნის მამაკაცის ვინაობა კი ვერანაირად დაადგინეს. თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ ის თავად გამოვიდა კავშირზე. რუსული გაზეთის “კომსომოლკაია პრავდას” სამხედრო მიმომხილველი, ვიქტორ ბარანეცი იხსენებს, რომ სწორედ მას დაურეკა ფოტოზე აღბეჭდილმა გენერალ-მაიორის ფორმაში ჩაცმულმა მამაკაცმა და დარცხვენილმა ფოტოსურათის დაბლოკვა სთხოვა. აი მაშინ გაირკვა, რომ ეს კაცი, არც მეტი და არც ნაკლები, მსოფლიოში ყველაზე გასაიდუმლებული რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (“გე-ერ-უს”) უფროსი იგორ სერგუნი ყოფილა. აქ კი კომენტარი ნამდვილად ზედმეტია, რადგანაც სპეცსამსახურების საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე ეს ფაქტი გე-ერ-უს არაპროფესიონალიზმის მაჩვენებელი იყო!   

 როდის და სად გარდაიცვალა “ჰიბრიდული ომების” ერთ-ერთი შემომქმედი?

 რუსულ მედიაში გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად იგორ სერგუნი 3 იანვარს, რუსეთში, გულის შეტევით გარდაიცვალა. რუსეთის ეროვნული ინტერესების დაცვაში გადაღლილმა გულმა ვერ გაუძლოო – დაახლოებით ამგვარად “მოსთქვამენ” რუსეთის საინფორმაციო საშუალებები.ამერიკული ანალიტიკური კომპანია ,,სტრატფორის“ ინფორმაციით კი რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სამხედრო დაზვერვის უფროსი იგორ სერგუნი სინამდვილეში 1 იანვარს, ლიბანში გარდაიცვალა. ეს კონკრეტული ფაქტი დიდხანს არ დაიმალება, ისევე, როგორც იგორ სერგუნის აქტიური მონაწილეობა ე.წ. “ჰიბრიდული ომების” კონცეფციის შემუშავებასა და მის პრაქტიკაში გატარებაში. ყირიმის ანექსია, უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე საომარი მოქმედებები, “ფსიქოლოგიური ომი” და დივერსიები მთელი უკრაინის ტერიტორიაზე – ესაა სწორედ იმ “ჰიბრიდული ომის” არასრული შედეგი, რომელმაც ნატო-ს მხედართმთავრებს მრავალი თავსატეხი გაუჩინა.

პ.ს. იგორ სერგუნი გარდაიცვალა, თუმცა მისი “პირმშო” ცოცხლობს. ამიტომ მოსალოდნელია, რომ “ჰიბრიდული ომის” ახალ პოლიგონად თურქეთი იქცევა.