აქვს თუ არა პუტინს კომპრომატები აშშ-ის ახალ პრეზიდენტზე?

აქვს თუ არა პუტინს კომპრომატები აშშ-ის ახალ პრეზიდენტზე?
ამერიკის ახლადარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჯერ “თეთრ სახლში” შესული არ იყო, რომ რამდენიმე სკანდალის ეპიცენტრში აღმოჩნდა. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი სექსკომპრომატების სკანდალი იყო, რომელმაც შესაძლოა საფრთხის წინაშე მთელი აშშ დააყენოს. მოვლენები შემდეგნაირად ვითარდებოდა. აშშ-ის სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა დონალდ ტრამპს 2017 წლის 6 იანვარს ნიუ-იორკში გამართულ სპეციალურ შეხვედრაზე მიაწოდეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ შესაძლოა რუსეთის სპეცსამსახურები მასზე პირადი და ფინანსური ხასიათის კომპრომატს ფლობენ. 2017 წლის 9 იანვრს კი ტელეკომპანია ჩNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსული სპეცსამსახურები შესაძლოა აშშ-ს არჩეულ პრეზიდენტზე დონალდ ტრამპზე კომპრომატებს ფლობდნენ. ამის შესახებ საუბარია დოსიეში, რომელიც აშშ-ს სპეცსამსახურების მიერ რუსული ჰაკერული თავდასხმების შესახებ მომზადებული ანგარიშის საიდუმლო ნაწილს ერთვის. აშშ-ს სპეცსამსახურების ხელმძღვანელებმა დოსიე მხოლოდ მოქმედ პრეზიდენტს ბარაკ ობამას, არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს და რვა კონგრესმენს გააცნეს. მსოფლიო მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით შეიტყო ბრიტანეთის დაზვერვის (მი-6) სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა კრისტოფერ სტილმა. ის 1990-იან წლებში რუსეთში სადაზვერვო მისიით იმყოფებოდა, ხოლო შემდეგ დაარსა კერძო კომპანია, რომელიც პოლიტიკურ და საფინანსო-ეკონომიკურ სადაზვერვო ინფორმაციას აგროვებს, უმთავრესად რუსეთის შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით კრისტოფერ სტილს თავდაპირველად აფინანსებდნენ დონალდ ტრამპის კონკურენტები რესპუბლიკელი პარტიიდან, ხოლო მოგვიანებით, როცა ტრამპი პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი გახდა, პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატის, ჰილარი კლინტონის, მხარდამჭერებმა. კრისტოფერ სტილმა აშშD-ის სპეცსამსახურებს აცნობა, რომDრუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა 2013 წელს, მოსკოვში დონალდ ტრამპის ხუთდღიანი ვიზიტის დროს შესაძლოა კომპრომატი მოიპოვა მის დასაშანტაჟებლად გადაიღეს რა სექსვიდეოები ტრამპისა და ორი რუსი ქალბატონის მონაწილეობით.
როცა ზემოდან ყველაფერი კარგად ჩანს
სპეცსამსახურები ყოველთვის წარმატებით იყენებენ ყველა ადამიანისთვის დამახასიათებელ სისუსტეებს. აგენტურის “დავერბოვკების” ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი ხერხი “სექს-ოპერაციაა”. ამ ოპერაციის საბოლოო მიზანი სხვა ქვეყნის მაღალჩინოსნის გადაბირება დაშანტაჟება ან კომპრომეტირებაა. საბჭოთა სპეცსამსახურები ამ საქმისთვის ოდითგანვე იყენებენ “კაზანოვებსა” და “მერცხლებს”. პირველებს ელჩის შეუხედავი ცოლების, მინისტრების გაუთხოვარი, თანაც მახინჯი, მდივნებისა და მბეჭდავების ცდუნება ევალებათ. “მერცხლები” კი ქალური მომხიბვლელობის წყალობით თავად ეშმაკსაც აცდუნებენ. სპეცსამსახურების უახლეს ისტორიაში ყველაზე მეტი “სიძე-კაზანოვა” გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო დაზვერვას ყავდა. მისმა შეფმა მარკუს ვოლფმა თავად დაამუშავა “სექს-ოპერაციების” მეთოდიკა და წარმატებით ხელმძღვანელობდა ფედერაციულ გერმანიაში მათ შეგზავნას. საკუთარი ქვეყნის შიგნით კი “სექს-შანტაჟით” საბჭოთა სპეცსამსახურები ლიდერობდნენ. საბჭოთა კავშირის ყველა იმ სასტუმროსა და რესტორანში, სადაც ძირითადად უცხოელები სტუმრობდნენ, გამოყოფილი იყო მოსასმენი და სათვალთვალო ტექნიკით აღჭურვილი (სპეცსამსახურების ტერმინოლოგიით “პლიუსიანი”) ნომრები და მაგიდები. ასე, რომ გულუბრყვილო უცხოელები ვერც წარმოიდგენდნენ, რომ მათი ყველა “შრიალ-გრიალი” ქუჩასა თუ სასტუმროს ნომერში, საბჭოთა სპეცსამსახურების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იყო. სასტუმროებსა და რესტორნებში მორიგეობდნენ „ინტერგოგონებიც“ ანუ „პუტანკები“, რომლების უცხოელებზე „მუშაობდნენ“. მილიცია მათ ხელს არ უშლიდა, რადგანაც მათი მფარველი ყოვლისშემძლე კა-გე-ბე იყო. ჩვენი მზიური რესპუბლიკაც ხშირად იყო უცხოელი ტურისტების სამოგზაურო მარშრუტებში. ასეთ შემთხვევებში „ცენტრი“ (ანუ მოსკოვი) ადგილობრივ ორგანოებს ოპერატიული დაინტერესების ობიექტის თვალთვალს და მაკომპრომეტირებელი მასალების მოგროვებას ავალებდა. თბილისის პრესტიჟული სასტუმროები „ივერია“ და „აჭარა“ მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ „სექს-ოპერაციებში“. რამდენიმე საუკეთესო ნომრის საძინებელი ოთახები აღჭურვილი იყო სათვალთვალო აპარატურით. ფარული ვიდეოგადაღება, როგორც წესი, ზემოთა ნომრიდან ხდებოდა. საინტერესოა საქართველოს კა-გე-ბეს იმდროინდელი ოპერთანამშრომლების სოციალური სურათი. დიდი უმრავლესობა უცოლო იყო. ყველა უმაღლესი განათლებით, თუმცა თითქმის ყველა ოპერატიულ-სამძებრო საქმეში გამოუცდელი, რის გამოც სპეციალურ განათლებას შემდეგ მოსკოვის, კიევის და მინსკის ერთ ან ორწლიან კურსებზე იღებდნენ. კა-გე-ბე, როგორც წესი, არასდროს ენდობოდა უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს, ამიტომ 1980-იანი წლების დასაწყისიდან „ანდროპოვის პრიზივის“ უმრავლესობა „გე-პე-ი“-ის დიპლომიანი და აუცილებლად კომკავშირელი აქტივისტები იყვნენ. „სექს-ოპერაციებში“ მათ ძირითად ფუნქციას ფარული ვიდეოგადაღებები წარმოადგენდა.
“ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს”
ამ სკანდალურ ინფორმაციას დონალდ ტრამპმა და რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა “სიცრუე” უწოდეს. “კრემლს არც დონალდ ტრამპსა და არც ჰილარი კლინტონზე კომპრომატები არ აქვს. . . კრემლი არავისზე აგროვებს კომპრომატებს,“-აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა. საინტერესოა, მართლაც ასეა? 1960-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერთ-ერთი ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც საკუთარ ქვეყანაში „სოცაილისტური სისტემის“ დამკვიდრებას ცდილობდა და მოსკოვის სამხედრო-ფინანსური დახმარების იმედი ჰქონდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებაც თავს ევლებოდა და ცივ ნიავს არ აკარებდა მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტს. თუმცა თან ეჭვობდა – ფარულად ამერიკელებისკენ არ იმზირებოდესო. ამიტომ საბჭოთა სუკ-მა, ხელისუფლების უმაღლესი პირების თანხმობით, “მეგობარი პრეზიდენტის‘კომპრომეტირების ოპერაცია დაგეგმა. სუკ-ში კარგად უწყოდნენ, სამოცდაათს მიტანებული პრეზიდენტი გულგრილი არ იყო ლამაზი ქალბატონების მიმართ და ამიტომ საპრზიდენტო ნომერში ორი ულამაზესი ქერათმიანი და აშოლტილი „მერცხალი“ შეუგზავნეს. ფარული ვიდეო და ფოტოგადაღება ზემოთა ნომრიდან მიმდინარეობდა. სუკ-ის გენერლები ძალზე კმაყოფილები იყვნენ: მასალა კარგი ხარისხის გამოვიდა, რჩებოდა მხოლოდ „მცირე“ ტექნიკური საკითხი: სტუმრისთვის ეჩვენებინათ მისი ღამის თავგადასავლების ამსახველი ფოტოები და თან „ენუგეშებინათ“ – „თუ ჩვენ მეგობრად დარჩები შენ სიცელქეს ვერავინ გაიგებსო“. სამშობლოში გამგზავრების დღეს პრეზიდენტს საელჩოში მოწიწებით ეწვია ვითომდა სსრკ საგარეო საქმეთაა სამინისტროს მაღალი რანგის ჩინოვნიკი (სინამდვილეში კი სუკ-ის კონტრდაზვერვის სამმართველოს უფროსის მოადგილე) და „ცელქობის ფოტოები“ პასეანსივით წინ გაუშალა სტუმარს და თან „ნუგეშის“ სიტყვებიც არ დაიშურა. ისიც დაამატა: „სხვა შემთხვევაში ამ კომპრომატს თქვენი ქვეყნის მოსახლეობა დაუყოვნებლივ ნახავსო“. პრეზიდენტმა დიდი ინტერესით დაათვალიერა ფოტოები და ბოლოს სუკ-ის გენერალს უთხრა: „თუ შეგიძლიათ ეს ფოტოები და ვიდეოფირები მომეცით და მე თვითონ გავავრცელებ ჩემს ქვეყანაში. სამ თვეში საპრეზიდენტო არჩევნებია და ასეთი რეკლამით მოგება განაღდებული მექნება, ხალხი იტყვის რა მაგარი პრეზიდენტი გვყოლიაო“. ასე შაიშალა დაშანტაჟების მცდელობა. სუკ-მა ვერ გაითვალისწინა, რომ მსულმანურ ქვეყნებში ამგვარი სექსუალური ხასიათის კომპრომატებს საპირისპირო შედეგი მოაქვს. 2016 წელს კი რუსეთის პროსახელისუფლო ტელეკომპანია НТВ-მ რუსეთის ოპოზიციის ლიდერის, მიხეილ კასიანოვის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა გაუშვა. ,,დემოკრატიული კოალიციის“ ლიდერი კასიანოვი და მისივე თანაპარტიელი ნატალია პელევინა საძინებელ ოთახში არიან გადაღებული. ამ კომპრომატმა მნიშვნელოვნად იმოქმედა რუსეთის პოლიტიკური ოპოზიციის იმიჯზე. ზემოთ მოყვანილი ორი რეალური ისტორია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სექსკომპრომატების მოპოვება და დაშანტაჟებისთვის გამოყენება, როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის, ასევე დღევანდელი რუსეთის სპეცსამსახურების ოპერატიულ-აგენტურული საქმიანობის კარგად აპრობირებული ხერხია. მოვლენების შემდგომი განვითარება გვიჩვენებს აქვს თუ არა პუტინს კომპრომატები ტრამპზე.