რა შედეგს მოიტანს უკრაინის სპესამსახურების “ოპერატიული თამაშები”?
მსოფლიო მასმედიაში გასული თვის ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად განხილვადი საკითხი კიევში თავშეფარებული რუსი ჟურნალისტის არკადი ბაბჩენკოს “ინსცენირებული მკლელობა” იყო. ამ, თვით სპეცსამსახურებისთვისაც კი, არაორდინალური ფაქტის გაშუქების დროს ჟურნალისტური ანალიზის დიაპაზონი ძალზე დიდი იყო: “ინსცენირებული მკლელობის” მორალური მხარიდან დაწყებული და უკრაინის (ასევე თავად ბაბჩენკოს) უსაფრთხოების საკითხებით დამთავრებული. ვინ არის არკადი ბაბჩენკო?
მცირე დოსიე: არკადი არკადის ძე ბაბჩენკო დაიბადა 1977 წლის 18 მარტს მოსკოვში. ის არის რუსი მწერალი, ჟურნალისტი და სამხედრო კორესპონდენტი. 1995 წელს მეორე კურსზე სწავლისას გაიწვიეს ჯარში და 1997 წლამდე იბრძოდა ჩეჩნეთის პირველ ომში. ამ გარემოებამ დიდად განაპირობა ბაბჩენკოს მომავალი. 1999 წელს მან დაამთავრა იურიდიული ფაკულტეტი , ჩეჩნეთის მეორე ომის დაწყებისას გააფორმა კონტრაქტი სამხედრო ძალებთან და მონაწილეობა მიიღო კონტრტერორისტულ ოპერაციებში. 2000 წლიდან დღემდე ჟურნალისტი და მუშაობდა სამხედრო კორესპონდენტია . აშუქებდა 2008 წლის “აგვისტოს ომის” მოვლენებს. 2013 წელს ბაბჩენკო თურქეთში იმყოფებოდა და არასანქცირებული გადაღებების გამო ის პოლიციელებმა სცემეს და გამოაძევეს ქვეყნიდან. 2014 წელს გადაურჩა სიკვდილს, როდესაც უკრაინელმა გენერალმა სერგეი კულჩიცკიმ არ აიყვანა მი-8 ბორტზე და აფრენიდან 2 საათის შემდეგ ვერტმფრენი ჩამოვარდა ქალაქ სლავიანსკში და ყველა დაიღუპა. 2016 წლის დეკემბერიდან რუსეთში დაიწყო მუქარა მის მიმართ, ამიტომ მან დროებით დატოვა ქვეყანა და გადავიდა ჩეხეთში. 2017 წლის ივლისიდან იგი ცხოვრობს კიევში და ეწევა ჟურნალისტურ საქმიანობას. ფაქტია, რომ ბაბჩენკო აშკარად ეწეოდა პუტინის კრიტიკას და ამიტომაც არის კრემლისთვის მიუღებელი ჟურნალისტი.
2018 წლის 29 მაისს უსწრაფესად გავრცელდა ინფორმაცია, რომ არკადი ბაბჩენკოს კიევში, საკუთარი სახლის კარებთან ზურგში ესროლეს და ის სასწრაფო დახმარების მანქანაში საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. თუმცა უკვე მეორე დღეს გაირკვა, რომ რუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, ცოცხალია. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ვასილ გრიცაკი სგანცხადებით, ჟურნალისტის მკვლელობა რუსულმა სპეცსამსახურებმა შეუკვეთეს და რომ უკრაინის სპეცსამსახურების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებულია ბაბჩენკოს მკვლელობის მცდელობის ორგანიზატორი. სამწუხაროდ ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა კიევში კრემლისთვის მიუღებელი რუსი ჟურნალისტი მოკლეს- 2016 წელს მანქანაში ააფეთქეს ცნობილი ჟურნალისტი პავლე შერემეტი. კრემლისთვის მიუღებელი ჟურნალისტების განადგურების მოკლე ქრონიკა კი ასე გამოიყურება.
ჟურნალისტების მძიმე ხვედრი რუსეთში
2000 წლიდან მოყოლებული დაიღუპნენ “სოვერშენო სეკრეტნო”-ს მთავარი რედაქტორი არტემ ბოროვიკი, რუსეთის სათათბიროს დეპუტატი, ცნობილი ჟურნალისტი იური შჩეკოჩიხინი (რომელიც გაურკვეველმა ვირუსმა ერთ კვირაში გამოასალმა სიცოცხლეს). 2007 წლის 2 მარტს, დღისით-მზისით საკუთარი სახლის სადარბაზოს ფანჯრიდან “გადმოვარდა” და დაიღუპა გაზეთ “კომერსანტის” სამხედრო მიმომხილველი ივანე საფრონოვი. საინტერესოა, რომ რამდენიმე დღით ადრე ამ სამხედრო ჟურნალისტს ხელში ჩაუვარდა სუპერსენსაციური მასალა იმის შესახებ, რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის ფარულად, რუსეთი ბელორუსიის გავლით თანამედროვე იარაღს აწვდიდა ირანსა და სირიას. ჟურნალისტი ამ მასალის გამოქვეყნებას უახლოეს ნომერში გეგმავდა, რის შესახებაც ტელეფონით მეგობარს ესაუბრა. ამ ფაქტების გამოქვეყნება სერიოზულ ზიანს მიაყენებდა რუსეთის “მშვიდობის მტრედის” იმიჯს და ამიტომაც მეორე დღეს საფრონოვი “შემთხვევით” გადმოვარდა ფანჯრიდან.
საბჭოთა ფორმულა: “არ არის ადამიანი, პრობლემაც აღარ არის” – ამ შემთხვევაშიც გამართლდა. მით უმეტეს, რომ ის სენსაციური მასალებიც გაქრა.
რუსეთის პროკურატურამ საფრონოვის დაღუპვა თვითმკვლელობის მოტივით “დაასაბუთა” და საქმე დახურა.
ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობა კი არ იყო რიგითი დანაშაული თვით რუსეთისთვისაც კი, სადაც შეკვეთილი მკვლელობები უკვე კარგა ხანია ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. საყოველთაო აღიარებით პოლიტკოვსკაია რუსეთში გაქრობის პირას მყოფი დემოკრატიის ერთ-ერთი ბოლო “ბარომეტრი” და ყველაზე ობიექტური ჟურნალისტი გახლდათ. პუტინის “მართვადი დემოკრატიის” რეჟიმში, როდესაც რუსეთის საინფორმაციო სივრცის თითქმის ყველა არხს, სპეცსამსახურები აკონტროლებენ, პოლიტკოვსკაია და ყოველკვირეული “ნოვაია გაზეტა” სიმართლის უკანასკნელი ციტადელი იყვნენ. ეს განსაკუთრებით კრემლის მიერ გაჩაღებული ანტიქართული ისტერიის დროს გამოჩნდა, როცა რუსეთში ყოველივე ქართული იდევნებოდა თითოოროლა ჟურნალისტმა და მხოლოდ ამ გაზეთმა გაბედა სიმართლის თქმა. წლების მანძილზე პოლიტკოვსკაია თამამად ამხელდა რუსეთის ხელისუფლების სისასტიკეს ჩეჩნეთში, იძიებდა ბესლანისა და “ნორდ-ოსტის” ტრაგედიის ნამდვილ მიზეზებს და . . . . კილერის ტყვიამაც არ დააყოვნა. პოლიტკოვსკაიას მკვლელობა არ იყო რუსეთში ჟურნალისტის შეკვეთილი მკვლელობის ან საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების არც პირველი და არც უკანასკნელი შემთხვევა. ჟურნალისტების განადგურების ამ შემზარავი ფაქტების შემდეგ ერთი კითხვა ტრიალებს თავში: რუსეთში სიმართლის მთქმელი დარჩა ვინმე? ამ გარემოებების გამო ბაბჩენკოს მკვლელობაც სავსებით შესაძლებლად იქნა მიჩნეული.