ორმოცდაათი წელი რუსეთის იმპერიის სამსახურში

ორმოცდაათი წელი რუსეთის იმპერიის სამსახურში

2019 წლის 22 იანვარს გენერალ-მაიორ იური კობალაძეს სამოცდაათი წელი შეუსრულდა, საიდანაც თითქმის ორმოცდაათი წელი მან რუსეთის იმპერიის სამსახურში გაატარა და დღესაც წარმატებით მოღვაწეობს მოსკოვში.
`დიადი ქვეყნის~ (ჯერ საბჭოთა კავშირის, შემდეგ კი რუსეთის) ფარული გეგმების განხორციელებაში საკუთარი წვლილი წლების მანძილზე შეჰქონდათ ქართველ ჩეკისტებსაც. ერთ-ერთი ცნობილი ქართველი ეროვნების საბჭოთა `სამხრეებიანი ჟურნალისტი~ იური კობალაძე იყო. ქართველი, მაგრამ ფაქტობრივად გარუსებული კა-გე-ბეს თანამშრომელი, შვიდი წელი იმყოფებოდა სადაზვერვო მივლინებით დიდ ბრიტანეთში.
გენერალ-მაიორი იური კობალაძე საინტერესო ფიგურაა და მის ბიოგრაფიას უფრო დაწვრილებით გაგაცნობთ. დაიბადა თბილისში 1949 წლის 22 იანვარს. 1972 წელს დაამთავრა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი `საერთაშორისო ჟურნალისტიკის~ სპეციალობით. 1972 წლიდან ჩაირიცხა საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის პირველი მთავარი სამმართველოს (საგარეო დაზვერვა) შემადგენლობაში. ეს მართლაც უნიკალური შემთხვევა იყო, რადგანაც ქართველებისთვის სტალინის სიკვდილის შემდეგ საბჭოთა დაზვერვის კარი დაკეტილი იყო. ეს უნდობლობა ათწლეულები გრძელდებოდა.
იური კობალაძე კარგა ხანს, 1972-1977 წლებში, `საერთაშორისო ჟურნალისტის~ საფარქვეშ მუშაობდა სსრკ სახტელერადიო კომიტეტში. 1977-1984 წლებში ხანგრძლივი სამსახურებრივი მივლინებით ლონდონში იმყოფებოდა, როგორც საბჭოთა ტელევიზიისა და რადიოს `ჟურნალისტი~.
საბჭოთა Aდაზვერვის პოლკოვნიკისა და ერთხანს ლონდონის რეზიდენტურაში იური კობალაძის უფროსის, პარალელურად ბრიტანეთის სპეცსამსახურების აგენტის, ოლეგ გორდიევსკის `წყალობით~ გაიშიფრა იური კობალაძე და 1984 წლის ზაფხულში ის იძულებული იყო ლონდონი დაეტოვებინა. აღსანიშნავია, რომ ამ წყენას ქართველი მზვერავი დღესაც, სამი ათეული წლის შემდეგაც ვერ ივიწყებს.

გაშიფრული `სამხრეებიანი ჟურნალისტი~
სამშობლოში ბრუნდება

გაშიფრული და გაძევებული `სამხრეებიანი ჟურნალისტების~ შემდგომი ცხოვრება სხვადასხვაგვარად ვითარდება. უმრავლესობამ პენსიაზე გასვლის შემდეგ ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მემუარების წერას მიჰყო ხელი. თუმცა, არიან `ბედნიერი~ გამონაკლისებიც, რომლებმაც საბჭოთა დაზვერვიდან რუსეთის დაზვერვაში გადაინაცვლეს, ხოლო იქიდან უმტკივნეულოდ გადაბარგდნენ დიდ ბიზნესში.
მოსკოვში დაბრუნებული იური კობალაძე 1984-1991 წლებში სსრკ სუკ-ის პირველი მთავარი სამმართველოს ცენტრალურ აპარატში მუშაობდა. სავარაუდოდ, ამ წლებში შედგა მისი და ვლადიმირ პუტინის ნაცნობობა.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კობალაძე რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურში ჩადგა, რაც `თბილისელი~ ევგენი პრიმაკოვის დამსახურებაა.
1991-1999 წლებში იური კობალაძე რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის საზოგადოებასა და მასმედიასთან ურთიერთობის ბიუროს ხელმძღვანელი იყო და აქტიურად მონაწილეობდა რუსეთის დეზინფორმაციულ ოპერაციებში, მათ შორის საქართველოს წინააღმდეგაც.
1999-2000 წლებში მუშაობდა რუსეთის მთავარ დეზინფორმაციულ სამსახურში _ საინფორმაციო სააგენტო `იტარ-ტასის~ გენერალური დირექტორის პირველ მოადგილედ. ამ თანამდებობაზე, როგორც წესი, `მოქმედი რეზერვის ოფიცრად~ (ე.წ. ოდეერი) რუსეთის სპეცსამსახურების ყველაზე სანდო და გამოცდილი კადრები ინიშნებიან.
2000-2007 წლებში იყო რუსეთის ერთ-ერთი მსხვილი საინვესტიციო კომპანია `რენესანს კაპიტალის~ მმართველი დირექტორი.
2007 წლიდან კი რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო-საფინანსო ჯგუფის Х5 ღეტაილ Gროუპ-ის მმართველი დირექტორია. ეს ჯგუფი რუს მილიარდერებს _ მიხეილ ფრიდმანსა და გერმან ხანს ეკუთვნით.
2010-2012 წლებში იური კობალაძე Х5 ღეტაილ Gროუპ-ის გამგეობის თავმჯდომარის მრჩეველია, ხოლო 2012 წლიდან კი საინვესტიციო ბანკ UBშ-ის კონსულტანტი.
გენერალ იური კობალაძის პიროვნებას კარგად ახასიათებს ის ფაქტი, რომლის შესახებაც ქვემოთ მოგითხრობთ.

ორი მზვერავი სუპერმარკეტში

იური კობალაძე სამართლიანადაა აღიარებული ძალზე კომუნიკაბელურ პიროვნებად. თუმცა ეს რა გასაკვირია, მზვერავს ხომ მუდამ ღიმილი უნდა ეფინოს სახეზე. `სამხრებიან ჟურნალისტებს~ კიდევ ერთი თვისება აქვთ, ესაა ძველი პიროვნული კონტაქტების გამოყენება ბიზნესში. ძნელია ზუსტად იმის თქმა, სად გადაიკვეთა პირველად იური კობალაძის და ვლადიმირ პუტინის გზები (სავარაუდოდ, ეს 1984-1991 წლებში უნდა მომხდარიყო, როდესაც კობალაძე საბჭოთა დაზვერვის ცენტრალურ აპარატში მუშაობდა, ხოლო პუტინი დრეზდენში იგზავნებოდა სადაზვერვო მისიით), მაგრამ დღეს არავისთვისაა დაფარული მათი ურთიერთკეთილგანწყობა. ამის დადასტურება იყო 2009 წლის 24 ივნისს რუსეთის პრემიერ-მინისტრ პუტინის `მოულოდნელი~ ვიზიტი Х5 ღეტაილ Gროუპ-ის ერთ-ერთ სუპერმარკეტ `პერეკრიოსტოკში~.
იური კობალაძე გვერდიდან არ მოსცილებია გაჭირვებულ ხალხზე `მზრუნველ~ `რუსეთის იმპერატორს~, რომელიც ყველაზე მეტად გაყინული ღორის ხორცის ფასმა გამოიყვანა წყობიდან. გაირკვა, რომ სუპერმარკეტი ხორცს 5 დოლარად იღებდა, ხოლო 11 დოლარად ყიდდა.
გენერალ-მაიორმა კობალაძემ თავი მორცხვად დახარა პოდპოლკოვნიკ პუტინის წინაშე და ფასების სასწრაფოდ შემცირება აღუთქვა. მართლაც, მეორე დღიდან სუპერმარკეტში ხორცპროდუქტების გაიაფება დაიწყო.
პუტინის ვიზიტი ყველამ კობალაძის სუპერმარკეტის შეფარულ რეკლამად ჩათვალა, თუმცა ამ შემთხვევაში რუსეთის მაშინდელი პრემიერის თვითრეკლამა და პიარიც არანაკლები იყო.

“ჟურნალისტი” კობალაძის სადაზვერვო ოპერაციები
ოლეგ გორდიევსკის მტკიცებით, მათი დიდი მონდომებისა და მრავალი მცდელობის შემდეგ მხოლოდ იური კობალაძემ მოახერხა ფრედ ჰოლიდეის, მსოფლიო დონის მეცნიერ-არაბისტის და საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტის გადაბირება. ამის შემდეგ ჰოლიდეის სტატიები აშკარად პროსაბჭოთა და ანტიამერიკული გახდა.
სხვა სადაზვერვო ოპერაციებში იური კობალაძის მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია კვლავ მკაცრადაა გასაიდუმლოებული. თუმცა, გარკვეული ვარაუდების საფუძველს პროფ. გურამ შარაძის პუბლიკაციები და ინტერვიუები იძლევა. გაზეთ `ალიას~ 1996 წლის 24-26 აგვისტოს ნომერში დაიბეჭდა ჟურნალისტ მაია ფურცელაძის ინტერვიუ მაშინდელი საქართველოს პარლამენტის მიგრაციისა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე გურამ შარაძესთან.
საგაზეთო რუბრიკა `უხერხული კითხვები~ იყო და ჟურნალისტმაც მრავალი პირდაპირი კითხვა დაუსვა გურამ შარაძეს. მათგან რამდენიმე პასუხია ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო. Pპროფ. შარაძე 1981 წელს ლონდონში მივლინებასთან დაკავშირებით აღნიშნავს:
“ლონდონში ორი კაცი დამიახლოვდა – ერთი საკავშირო ტელევიზიის კორესპონდენტი იყო იური კობალაძე, მეორე – რადიოს კორესპონდენტი ვალერი მაისურაძე. თურმე, ორივე კა-გე-ბეს თანამშრომელი იყო (იური კობალაძე დღეს ცნობილი გენერალია). მე რა ვიცოდი. ყოველდღე მაკითხავდნენ, მირეკავდნენ, მანქანით მომსახურებას მთავაზობდნენ. მთლად სულელი არა ვარ, მაგრამ მაინც არ მიფიქრია, როგორ, ანდა რატომ მიპოვეს ამხელა ლონდონში, ანდა რატომ მეფერებიან ასე. მე ისინი შემიყვარდნენ, როგორც კარგი ქართველი ბიჭები~.
ჟურნალისტთან საუბარში გ. შარაძე ასევე აღნიშნავდა: `მაშინ მთავარი ინგლისიდან ემიგრანტული ლიტერატურის გადმოტანა იყო. მოკლედ, იური კობალაძეს ვუთხარი – სამი შვილი მყავს, რაღაც ორი კაპიკი მომრჩა, რაღაცები შევიძინე, ტვირთი ძალიან დამიმძიმდა, ფული არა მაქვს. იქნებ ან ჰითროუზე გადამატანინო, ან ფული გადამიხადო-მეთქი. კიო – მაშინვე დამთანხმდა. თავისი `ვოლვოთი~ გამომაცილა და იური კობალაძის წყალობით (ისე, რომ არც იცოდა!) აკაკი რამიშვილის მიერ გადმოცემული ის ემიგრანტული ლიტერატურა კომუნისტური რეჟიმის დროს გამოატარეს, როგორც ცენტრალური ტელევიზიისთვის მისი სპეცკორის მიერ გამოგზავნილი ტვირთი. არც არავის გაუსინჯავს და არც არაფერი შეუმოწმებიათ. ასე ჩამოვიტანე პირველი ტვირთი. .~
გურამ შარაძე ზემოაღნიშნულ ინტერვიუში იხსენებს: `წამოვიღე, რა თქმა უნდა, შერჩევით `ბრძოლა~, `ქართლოსი~, `ივერია~, `სამშობლო~, ე.ი. სხვადასხვა და ყველა. დიახ, ასე იყო. რამდენიმე ნომერი გარკვეული წარმოდგენის შესაქმნელად. ვთქვათ, სოციალ-დემოკრატების იყო `ბრძოლა~, ეროვნულ-დემოკრატების – `სამშობლო~, ქართველი ნაციონალისტების – `ქართლოსი~, ფედერალისტების – `სახალხო საქმე~ და ა.შ. ასე გამეხსნა გზა ქართული ემიგრანტული კულტურისადმი. მე ამას ჩვენი პირველი ეროვნული კოალიციური მთავრობის თავმჯდომარის ნოე რამიშვილის უმცროს ვაჟს აკაკი რამიშვილს ვუმადლი~.
ასე აღმოჩნდა იური კობალაძე ანტისაბჭოთა ემიგრანტული ლიტერატურის საბჭოთა კავშირში შემოტანის ხელშემწყობად. საინტერესოა რამ აიძულა ქართველი ეროვნების საბჭოთა მზვერავი ასეთ რისკზე წასულიყო? ემიგრანტული ლიტერატურის მხოლოდ ჩამონათვალიც საკმარისია იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ: კობალაძე არა მარტო სამსახურისა და სამხრეების დაკარგვით რისკავდა, არამედ სისხლის სამართლის დანაშაულს სჩადიოდა. ანტისაბჭოური ლიტერატურის არალეგალური შემოტანა და გავრცელება განსაკუთრებით საშიშ სახელმწიფო დანაშაულად ითვლებოდა. კობალაძე ვითომ იმდენად მიამიტი იყო, რომ საოჯახო ნივთები და არალეგალური ლიტერატურა ერთმანეთისგან ვერ გაერჩია? საკითხავია, რატომ უნდა გაეწირა საკუთარი კარიერა იური კობალაძეს, გურამ შარაძის `ძველი წიგნების~, რეალურად კი ანტისაბჭოთა ლიტერატურის არალეგალური შემოტანისთვის?
ჩვენი აზრით ეს პატარა ეპიზოდი კა-გე-ბეს ერთიანი სადაზვერვო ოპერაციის ნაწილი იყო, რომლის მიზანსაც ქართული ემიგრაციის არქივის საბჭოთა კავშირში დაბრუნება წარმოადგენდა.


(პირველი ნაწილის დასასრული )