ჩინეთი მოდის! ( ნაწილი II. დასასრული)

  ჩინეთი მოდის!
( ნაწილი II. დასასრული)

“ჩინური სასწაულის” ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფარული იარაღი ჩინეთის სპეცსამსახურებია. ისინი აქტიურად მონაწილეობენ ამ ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ-კულტურულ და ა.შ. მოვლენებში. ასევე მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრიათ მათ ჩინეთის საგარეო პოლიტიკაშიც.
ჩინეთმა იცის, რა გაიტანოს სხვა ბაზრებზე, მით უმეტეს, მათი საქონლის თვითღირებულება საკმაოდ დაბალია იაფი სამუშაო ძალის გამო და ამიტომ ჩინურ პროდუქციას ევროპული და ამერიკული ბაზრის სერიოზული სეგმენტი უჭირავს. არის მეორე ფაქტორიც – ჩინური ექსპორტი წარმატებულია ჩინეთის ვალუტის (იუანი) დაბალი კურსის გამო აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში, რაც ჩინური პროდუქციის სიიაფეს იწვევს. ამერიკელები ბრალს სდებენ ჩინეთის ხელისუფლებას, რომ ის ხელოვნურად უწყობს ხელს თავისი ვალუტის დევალვაციას დოლართან და ევროსთან, რომ ჩინური პროდუქცია გაიაფდეს. რამდენიმე თვის წინათ აშშ-სა და კანადაში „ჰუავეის“ წარმომადგენლობას სერიოზული წინააღმდეგობები შეუქმნეს. ასეთ შემთხვევებში ძნელია იმის გარკვევა, სად გადის ზღვარი ჯაშუშობასა და ეკონომიკურ კონკურენციას შორის. ჩვენი აზრით ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის „ჰუავეი“ კონკურენტიცაა და ჩინეთის სპეცსამსახურების დასაყრდენიც.


ეკონომიკური დაზვერვა –ჩინეთის ყველაზე საიდუმლო იარაღი

1980 წლებში, როდესაც ჩინეთის ლიდერმა დენ სიაო პინმა რეფორმების სტრატეგია აირჩია, მას საფუძვლად დაუდო ფინანსური რესურსებისა და მოწინავე ტექნოლოგიების მოპოვების გლობალური პროგრამა. ეს პროგრამა ითვალისწინებდა ჩინეთის სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს პრიორიტეტულ დაფინანსებასა და ტექნიკურ გაძლიერებას. ამ გადაწყვეტილების შედეგები დღესაც იგრძნობა.
აშშ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს კონტრდაზვერვის ყოფილმა შეფმა პოლ რედმონმა ერთხელ ამერიკაში მორიგი ჩინელი ჯაშუშის დაკავების შემდეგ განაცხადა : “კულტურულ დონის გათვალისწინებით, ისინი (იგულისხმებოდა ჩინელები) ცხოვრობენ სრულიად სხვა გარემოში და სხვა დროის ჩარჩოებში. ჩინელები აზროვნებენ არა საათების, დღეების და კვირების, არამედ ათწლეულების კატეგორიით. ისინი ძველ ცივილიზაციას წარმოადგენენ და მათ შეუძლიათ დაგეგმონ მრავალი წლით ადრე”. ჩინელ აგენტებს შეუძლიათ აუღელვებლად ელოდნენ წლები და ათწლეულები, მანამ სანამ არ დადგება მოქმედებისთვის საუკეთესო დრო და ვითარება.
ამგვარი აზროვნების შედეგად, ოდესღაც აზიის ერთ-ერთმა ყველაზე ჩამორჩენილმა ქვეყანამ მოახერხა ატომური იარაღის შექმნა.
M მაო ძე დუნის რეჟიმთან თანამშრომლობის ყველაზე კარგ წლებშიც კი (მით უფრო სტალინის გარდაცვალების შემდეგ) ჩინელები საბჭოთაAსამხედროებს დახურული ობიექტების ნახვის ნებას არ აძლევდენენ, ხოლო ჩინური დაზვერვა, აღმოსავლეთევროპელი კოლეგებისაგან განსხვავებით, მაქსიმალურად ცდილობდა არ დაქვემდებარებოდა საბჭოთა კა-გე-ბეს.

საიმედო კონტრდაზვერვა – ჩინეთის საფირმო ნიშანი

ჩინელი სპეცსამსახურების შესაძლებლობები ყველაზე კარგად კონტრდაზვერვითი ოპერაციების დროს ჩანს. ჩინეთში სადაზვერვო ოპერაციების ჩატარება ყველა ქვეყნის სპეცსამსახურებისთვის ურთულესი ამოცანაა. რადგანაც ჯერ კიდევ “კულტურული რევოლუციის” დროს ჩინეთის სპეცსამსახურებმა აღადგინეს დასმენის უძველესი სისტემა, რომელიც ჯერ კიდევ ჩინელმა იმპერატორებმა მოიგონეს. მას ეწოდება “უ ში ბაი” ანუ “ხუთეული, ათეული, ასეული”. ეს სისტემა გულისხმობს შემდეგ პროცესს: ხუთეულის მეთაური ასმენს თავისი ოჯახის წევრებს, ათეულისა – თავის თანამშრომლებს ან მეზობლებს და ა.შ. ასეთ შემთხვევაში თითქმის შეუძლებელია ჩაატარო აგენტურული მუშაობა ჩინეთის შიგნით, რადგან ‘’ინიციატორთა’’ უზარმაზარი არმია უთვალთვალებს თქვენს ყველა ნაბიჯს. Uცხოელი მზვერავების განცხადებით ჩინეთში არ შეიძლება ბავშვების ნდობაც კი, რადგან ამგვარი “ბრიგადების” მუშაობაში ჩართულნი არიან მოზარდებიც. უფრო იოლია აგენტის გადმობირება ჩინეთის საზღვრებს გარეთ (რუსეთში, ევროპაში ან აშშ-ში), უპირველესად კი სასწავლებლად მყოფი ჩინელი სტუდენტებისა. თუმცა არავის აქვს იმის გარანტია, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ის თანამშრომლობას გააგრძელებს. ჩინელების უცხოელებისადმი დამოკიდებულება კი ისტორიულად ძალზე ფრთხილია. ისინი მათ არ ენდობიან და უცხოელის ყველა გადაადგილება ქვეყნის ტერიტორიაზე მკაცრ კონტროლზეა აყვანილი.


ჩინური ფაქტორი: რეალური, თუ ილუზიური საფრთხე საქართველოსთვის?

აშშ-ს და ევროკავშირს თავისი სატკივარი აქვს, ჩვენ, ჩვენი. საქართველო სტუმართმოყვარე ქვეყანა რომ არის ეს კარგადაა ცნობილი. ქართველებს უცხოელებზე გადაყოლა, რომ გვჩვევია ესეც ფაქტია. რამდენიმე წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩინეთის მოქალაქეებმა ქართული რეალობა პირველად “დააგემოვნეს”. ჩანს მოეწონათ, რადგანაც დროის მცირე მონაკვეთში უამრავი ჩინური მაღაზია და რესტორანი გაიხსნა. უცხოური ინვესტიციების, მათ შორის ჩინურის, საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, მაგრამ ეს პროცესი მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების მიერ.
ჩინეთს შუა აზიასა და კავკასიაში სერიოზული გეოპოლიტიკური ინტერესები აქვს და აღმოსავლური ეშმაკობითა და პედანტურობით ცდილობს მათ განხორციელებას. ჩინეთში სახელმწიფო და კერძო სტრუქტურები ცალ-ცალკე არ არსებობს, ხელმძღვანელი ისევ კომუნისტური პარტიაა, ეს ქვეყანა ყოველდღიურად ძლიერდება და ეროვნული უსაფრთხოების ინტერესები კვლავ პრიორიტეტულია. ჩვენ, სამწუხაროდ, არ ვართ განებივრებულები ინვესტიციებით და ხშირად ჩინური კომპანიები არის ხოლმე ერთადერთი ინვესტორი.
საქართველოს სკოლებში ჩინური ენის სწავლება შესაძლოა უკვე 2019-2020 სასწავლო წლიდან დაიწყოს. სკოლების სურვილების შემთხვევაში ჩინური ენა მეორე უცხო ენის სტატუსს მიიღებს და ნებისმიერ საჯარო სკოლას მე-5 კლასიდან შეეძლება მისი არჩევა. საინტერესოა ვინ უნდა ასწავლოს საქართველოს სკოლებში ჩინური ენა? რამდენმა ქართველმა იცის ეს ენა სკოლაში რომ ასწავლოს? ლოგიკურად რჩება ერთი ვარიანტი: ჩვენს სკოლებში ჩინურ ენას თავად ჩინელები ასწავლიან. ხომ არ იმალება ამ გადაწყვეტილებაში იდეოლოგიური საფრთხე? რეალობა კი ისაა, რომ საქართველოში იოლია ჩინეთის ეროვნული ინტერესის გატარება ჩინური ინვესტიციებით, რადგანაც საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას (ისევე, როგორც წინამორბედებს) “დღევანდელი კვერცხი ურჩევნია ხვალინდელ ქათამს” და ნაკლებად ზრუნავს ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე.
საქართველოშიც ბოლო 8-10 წელია სოკოებივით მომრავლდნენ ჩინური მაღაზიები და ჩინელი ბიზნესმენები. ისინი ჯერ-ჯერობით მცირე (ძირითადად სავაჭრო) ბიზნესს ეწვიან მაგრამ მათ შეუპოვარ შრომას, მოკრძალებულ ყოფას და სახელმწიფოს მხრიდან რეალურ დახმარებას თუ გავითვალისწინებთ, სულ რამდენიმე წელში არააა გამორიცხული, რომ ჩინურმა “ინვესტიციებმა” საქართველოს ყველაზე სტრატეგიულ დარგებშიც დამკვიდრდნენ.
იმ რამდენიმე ათას ჩინელს შორის, რომლებიც ბოლო წლებში ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობენ და ძირითადად წვრილი ვაჭრობით არიან დაკავებული, შესაძლებელია ჩინეთის სპეცსამსახურების აგენტურაც მრავლად არის. მათი ნამდვილი მიზნების გამოვლენა და შესაძლო კანონსაწინააღმდეგო მოქმედებების აღკვეთა ჩვენი სპეცსამსახურების პირდაპირი მოვალეობაა. როგორ ართმევენ თავს ამ ამოცანას უცნობია, რადგანაც კონკრეტული და სარწმუნო ფაქტები ჯერ-ჯერობით არ არსებობს. იმედი ვიქონიოთ, რომ საქართველოს უსასფრთხოების სამსახურის შესაბამისი დანაყოფები უკვე დაინტერესებულნი არიან ამ რეალური საფრთხით და შესაბამის ღონისძიებებსაც ატარებენ. თავსატეხი კი მართლაც ბევრია.

რა იქნება ხვალ ?


ჩინეთის საიდუმლო სამსახურები განსაკუთრებით გულმოდგინედ იმ ქვეყნებში ცდილობენ ოპერატიულ-აგენტურულ შეღწევას და დამკვიდრებას, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები იკვეთება. ერთ-ერთი ასეთი ქვეყანა საქართველოცაა. ჩინეთის მოსახლეობის ზრდის გამო მრავალი მილიონი ჩინელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ცხოვრობს და, როგორც წესი კონტაქტს აგრძელებენ სამშობლოსთან. დღეისათვის ჩინელთა დიასპორის რაოდენობა ამერიკაში 1,5 მლნ ადამიანს აჭარბებს. რუსეთში კი, უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში 1 მლნ-ს მიაღწია, ჩინელები აქტიურად სახლდებიან ევროპაშიც.
დიასპორის შიგნით აგენტურის მუშაობა ჩინეთის დაზვერვის ერთ-ერთი დიდი უპირტესობაა. შესაძლებელია ვინმეს ეგონოს, რომ საქართველო ჯერ შორსაა ამ პრობლემებისგან, მაგრამ ამგვარი მიდგომა ნამდვილად მცდარია. კიდევ ერთხელ უნდა ავღნიშნოთ, რომ “დიდი მსტოვრობა” ჩვენს ქვეყანაში დამოუკიდებლობის მოპოვების პირველი დღეებიდანვე დაიწყო- იხსნებოდა სხვადასხვა ქვეყნების საელჩოები, საკონსულოები, ფირმების სავაჭრო წარმომადგენლობები ანუ ლეგალური შპიონაჟის ე.წ. “სახურავები”. ეს პროცესი დღესაც გრძელდება. ამჟამად საქართველოს ტერიტორიაზე აქტიურად მოქმედებენ აშშ-ის, რუსეთის, ჩინეთის, ევროპის წამყვანი ქვეყნების, თურქეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ირანის და ბევრი სხვა ქვეყნის სპეცსამსახურები. მათი დაინტერესების ობიექტებია, როგორც საქართველოს, ასევე ერთმანეთის სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური, რელიგიური, სოციალურ-კულტურული და ა.შ. საკითხები. ამიტომაც ჩვენი ქვეყნის სპეცსამსახურებს განსაკუთრებული ყურადღება და სიფხიზლე მართებთ.
ამჟამად ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად საკმარისი არ არის მხოლოდ ერთი მოცემული ქვეყნის ინტერესების გამოკვეთა და შემდეგ შესაბამისი ღონისძიებების დასახვა, აუცილებელია სხვა ქვეყნების გეოსტრატეგიული და ლოკალური ინტერესების (ხშირად ფარულის) დადგენა, ორმხრივი მიზნებისა და ინტერესების შესაძლო კონფლიქტის პროგნოზირება და აქედან წარმოშობილი პრობლემების და საფრთხეების განეიტრალება. „მოსკოვი-პეკინის“ კოალიცია მნიშვნელოვნად მოქმედებს მსოფლიოში მიმდინარე სამხედრო-პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებზე. ჩინეთი რუსეთის სტრატეგიულ პარტნიორია და მათი სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების ოფიციალურად გაცხადებული თანხვედრა ფიქსირდება. მათი კოალიცია ხშირად გამოდის დასავლური ინიციატივებისა და განსაკუთრებით, აშშ-სა და ნატოს წინააღმდეგ. აღნიშნული ქმნის რეალურ საშიშროებას, რომ საქართველო ამ ორი ქვეყნის დაპირისპირების არენად გადაიქცეს. საქართველოსა და ჩინეთის შორის ამ ეტაპზე არსებული ოფიციალური ურთიერთობები, რომელიც სავაჭრო - ეკონომიკურსა და კულტარულ-ჰუმანიტარულ არ სცილდება და ეს ქვეყნები ერთმანეთს პირდაპირ საფრთხეს არ უქმნიან. Aამავე დროს საქართველო აქტიურად მიისწრაფვის ჩრდილო-ატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციისკენ და სრულიად დასაშვებია, რომ საქართველო, ჩინეთის მიერ უკვე მოიაზრებოდეს მისი მტრების მეგობრად და პოტენციურ საფრთხედ. Aამიტომ მოსალოდნელია, რომ ჩინეთი სხვადასხვა მეთოდებით კიდევ უფრო გააძლიერებს თავის აქტიურობას სამხრეთ კავკასიაში, კერძოდ კი საქართველოში.
.საქართველოს ეროვნულ ინტერესების აქტუალური საკითხია სეპარატისტული რეგიონების არაღიარების პოლიტიკაში ჩინეთის სტაბილური მხარდაჭერა. ძნელად მოსალოდნელია, რომ ჩინეთი ამ საკითხში მოექცეს რუსეთის გავლენის ქვეშ და შეცვალოს პოლიტიკა. ჩინეთის ეროვნულ ინტერესების სფეროშია საქართველოს სატრანზიტო ინფრასტრუქუტურის საშუალებით (რკინიგზა და პორტები) ექსპორტ-იმპორტის გაზრდა შავი ზღვის მიმართულებით ევროპისკენ. ასევე ჩინეთის სპეცსამსახურებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია საქართველოს სივრცე სადაზვერვო ინფორმაციის მოსაპოვებლად. საქართველოს ხელისუფლების და სპეცსამსახურების წინაშე არსებულ რთულ და საკმაოდ დელიკატურ პრობლემებს კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის გარშემო შექმნილი დაძაბული სიტუაცია. Mმიმდინარე წლის 11 ივნისს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკლ პომპეომ ვაშინგტონში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან ერთობლივ ბრიფინგზე პირდაპირ განაცხადა: " მე იმედს გამოვთქვამ, რომ საქართველო დაასრულებს პორტის (იგულისხმება ანაკლიის პორტი – ბ.ა.) პროექტს, პროექტი გაზრდის საქართველოს ურთიერთობას თავისუფალ ეკონომიკებთან და თავიდან აარიდებს საქართველოს რუსეთისა და ჩინეთის ეკონომიკის ზეგავლენას. მათ არ აქვთ კეთილი სურვილები მთელი გულით". Aამ განცხადებამ ქართული ანდაზა გაგვახსენა: “აქლემების ჭიდილში კოზაკი გაიჭყლიტაო”.