ჯაშუშომანიის ახალი ტალღა რუსეთში
საბჭოთა იმპერიის მთავარი ნიშანი ყოველთვის იყო მტრების ძიება. საზღვრებს გარეთ ესენი იყვნენ “საზიზღარი იმპერიალისტები”: ამერიკა, დიდი ბრიტანეთი და რაღა თქმა უნდა “ნატო”. შინაურ მტრებში, რომლებიც ბუნებრივია უცხოეთის სპეცსამსახურების მიერ იყვნენ “მოსყიდულნი”, პირველ ადგილს პოლიტიკური ოპონენტები და სხვაგვარადმოაზროვნენი, საბჭოთა მეცნიერები, მწერლები და საერთოდ ინტელიგენცია იკავებდა. ათწლეულების შემდეგ რუსეთში არაფერი შეცვლილა. პრეზიდენტმა პუტინმა თორმეტ შეძლო თავისი წინამორბედის, ბორის ელცინის დროს ოდნავ მიჩუმათებული იმპერიული ამბიციების იმ დონეზე გაღვივება, რომ გასული საუკუნის საბჭოთა რეპრესიები შეიძლება რუსეთში რეალობად აუხდეთ.
სოკოებივით მომრავლებული ჯაშუშები, თუ საზოგადოების დაშინების გეგმა?
ყოფილმა კა-გე-ბეშნიკმა პუტინმა სახელისუფლებო ვერტიკალი საბჭოთა სპეცსამსახურების ასევე ყოფილი თანამშრომლების დახმარებით იმგვარად ააგო, რომ საზოგადოებაში “37-იანი წლების” საყოველთაო შპიონომანია კვლავ გამოცოცხლდა. “უცხო ქვეყნების ჯაშუშების” გამოვლენა რუსეთში ისეთივე ყოველდღიური მოვლენა გახდა, როგორც რუსი “მუჟიკის” მიერ ცოლისთვის ხელფასის დამალვა. 1990-იანი წლების ბოლოს დაწყებული ეს პროცესი დღესაც გრძელდება. “პირველი მერცხალი” სამხედრო ჟურნალისტ გრიგორი პასკოს საქმე იყო. ის დაუფარავად ამხელდა რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტში გამეფებულ კორუფციას, რისთვისაც სამაგალითოდ დასაჯეს და როგორც “იაპონიის შპიონს” მრავალწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. პუტინის ხელისუფლების მთავარი მიზანი ის იყო, რომ მაქსიმალურად შეეზღუდათ რუსი მეცნიერების უცხოელ კოლეგებთან არასანქცირებული, ანუ ეფ-ეს-ბეს კონტროლს გარეშე კონტაქტები. 1999 წელს სამხრეთ კორეის დაზვერვის აგენტობის ბრალდებით დააკავეს ყოფილი რუსი დიპლომატი ვალენტინ მოისეევი, რომელსაც მოსკოვის სასამართლომ 12 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სხვადასხვა წლებში ხუთი სასამართლო პროცესი გაიმართა და მტკიცებულებების არ ქონის გამო მოისეევს სასჯელი . . . . ოთხ წლამდე შეუმცირეს. ამავე გეგმის ხორცშესხმას ემსახურებოდა რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული ორი “შპიონური სკანდალი”. კრასნოიარსკის მკვიდრი პროფესორი დანილოვი იაპონიის ჯაშუში “აღმოჩნდა”, ხოლო პროფესორ იგორ სუტიაგინს ბრალი წაუყენეს, როგორც დიდი ბრიტანეთის დაზვერვის აგენტს, რომელიც რუსული წყალქვეშა გემების შესახებ სრულიად საიდუმლო ინფორმაციას მი-6 აწვდიდა. 2005 წელს ეფ-ეს-ბემ დააკავა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ზეპლასტიური ლითონების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი ოსკარ კაიბიშევი. 65 წლის მეცნიერს უცხო ქვეყნის აგენტობა “ვერ აკადრეს” და ბრალად სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნება წაუყენეს. 2006 წლის აგვისტოში სრულიად უდანაშაულო ღვაწლმოსილ მეცნიერს ექვსი წლით პირობითი პატიმრობის განაჩენი გამოუტანეს. რუსეთის სპეცსამსახურების მიერ “შეკერილი საქმეების” კიდევ ერთი მაგალითია კოსმოსური ტექნოლოგიების ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ იგორ რეშეტინის და მისი ორი თანამშრომელი (სერგეი ტვერდოხლებოვი და სერგეი ვიზირი) დაპატიმრება ჩინეთისთვის ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიების გადაცემის ბრალდებით. 2007 წლის დეკემბერში მოსკოვის სასამართლომ სამივე მეცნიერს ხანგრძლივი ვადით პატიმრობა მიუსაჯა. საინტერესოა ერთი ფაქტიც: მას შემდეგ რაც, ტვერდოხლებოვმა თავისი კოლეგების საწინააღმდეგო ჩვენება მისცა, საღსალამათი კაცი მოულოდნელად ინფარქტით გარდაიცვალა. იმ პერიოდშივე გაირკვა ის რეალური მიზეზი, რის გამოც მეცნიერები გაწირეს. აღმოჩნდა, რომ პროფესორი რეშეტინი თვალისდასანახავად ვერ იტანდა სპეცსამსახურებს და თავისი ინსტიტუტის ეფ-ეს-ბეს ეკონომიკური კონტრდაზვერვის სამსახურისა და რუსეთის საგარეო დაზვერვის “ოდეერებისთვის” “საფარად” გამოყენებას ჯიუტად არ თანხმდებოდა. იგორ რეშეტინს სულ რამდენიმე თვეღა რჩებოდა სასჯელის ვადის სრულად მოხდამდე, როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა ის ‘შეიწყალა” და რეშეტინი 2012 წლის ივნისის დასაწყისში გაათავისუფლეს. 2012 წელს თვით რუსეთისთვისაც კი საკმაოდ კურიოზული “ჯაშუშური სკანდალი” მოხდაა: კერძოდ რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილ პოლკოვნიკ ვლადიმერ ლაზარს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა (მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში მოხდით) მიუსაჯეს. ლაზარი პოლკოვნიკის სამხედრო წოდებას და სახელმწიფო ჯილდოებსააც დაემშვიდობა. გამოძიების ვერსიით, რუსეთის გენერალური შტაბის სამხედრო-ტოპოგრაფიული სამმართველოს ყოფილმა პოლკოვნიკმა ლაზარმა 2008 წელს მისი თანაკურსელის_ესტონეთის მოქალაქე ალექსანდრე ლასმენტის საშუალებით ამერიკულ დაზვერვას გადასცა 7 ათასი ელექტრონული გამოსახულება, რომლებიც შეიცავდნენ ტოპოგრაფიულ რუკებს, მათ შორის საიდუმლოსაც. გამოძიების ვერსიით, ლაზარს 2008 წლის შემოდგომაზე დაუკავშირდა მისი თანაკურსელი, ფირმა “ისთმეპის” ხელმძღვანელი, ესტონეთის მოქალაქე ალექსანდრე ლასმენტი. თანაკურსელმა მას სთხოვა მოსკოვში ტოპოგრაფიული რუკების კოლექციონერთან მისვლა და “დისკის” წამოღება, რომელზედაც რუსეთის სხვადასხვა რეგიონის ატლასი იყო. ლასმენტის თქმით, ეს რუკები აუცილებელი იყო რუკათა მსოფლიო ბიბლიოთეკის შექმნისათვის. საქმე ეხებოდა 1:25000 და 1:10000 მასშტაბის რუკებს, რომლებიც რუსეთში დღესაც კი საიდუმლოდ ითვლება. როდესაც ლაზარი მივიდა კოლექციონერთან, მან შესთავაზა ყოფილ სამხედრო მოსამსახურეს რამდენიმე “საინტერესო ტოპოგრაფიული რუკა”, რომლებიც დათარიღებული იყო 1942 წლით (!!!) და შესრულებული იყო საბჭოთა და გერმანელი სპეციალისტების მიერ. რუსეთის გენპროკურატურის მტკიცეით ამ ტოპოგრაფიული რუკების გადაცემამ სხვა სახელმწფოს სამხედრო უწყებისთვის შეიძლება გამოიწვიოს რუსეთის წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციების მომზადება და შესრულება. ლესმენტმა, რომელიც ეფ-ეს-ბეს მტკიცებით ამერიკის სამხედრო დაზვერვის აგენტია, უარყო რაიმე კავშირი ჯაშუშურ საქმიანობასთან. ესტონეთის ტელევიზით მან განაცხადა, რომ მისი ფირმა “ისთმეპი” ლეგალური ბიზნესითა და ინტერნეტის საშუალებით ტოპოგრაფიული რუკების ყიდვა-გაყიდვითაა დაკავებული. ეფ-ეს-ბე კი აცხადებს, რომ ლესმენტმა ჯერ კიდევ 1992 წელს, როდესაც მან თვითნებურად დატოვა ტაშკენტის არმიის საჰაერო თავდაცვის ტოპოგრაფიული სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობდა, გაიტაცა რამდენიმე ათასი სამხედრო რუკა და ტალინში ამერიკულ დაზვერვას მიჰყიდა. XXI-ე საუკუნეში, როდესაც თანამგზავრიდან ავტომობილის ნომრის წაკითხვაც კია შესაძლებელი, მართლაც აქტუალურია მეორე მსოფლიო ომის დროინდელი რუკები? ამ კითხვაზე რუსი ექსპერტები პოლარულად განსხვავებულ პასუხს იძლევიან. ერთნი (უმთავრესად თადარიგში გასული რუსი ოფიცრები) მიიჩნევენ, რომ ამ რუკებმა შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს რუსეთის ეროვნულ უსაფრთხოებას. მათი აზრით ტოპოგრაფიული რუკები, განსაკუთრებით გარკვეული მასშტაბის და თუნდაც მეორე მსოფლიო ომის დროინდელი, სამხედრო ოპერაციის დაგეგმვას დღესაც მნიშვნელოვნად აიოლებს. Aმათი აზრით ისინი დაკავშირებულია კოორდინატების სიტემასთან და ეს ძალიან მნიშვნელოვანია გამოთვლების დროს, განსაკუთრებით, კი ფრთოსანი რაკეტების დამიზნების დროს. რუსი ექსპერტების მეორე ნაწილი კი აცხადებს, რომ რუკების გადაცემით არ შეიქმნა რაიმე რეალური საფრთხე, რომელიც რუსეთს ემუქრება და სასამართლოს მიერ ლაზარისთვის გამოტანილი განაჩენი ძალზე მკაცრია.
უკრაინის მოვლენები და ახალი “ჯაშუშები”
რუსეთის აგრესიამ უკრაინაში პუტინის სპეცსამსახურებს ახალი თავსატეხი გაუჩინა: მათ აუცილებლად უნდა იპოვონ და მკაცრად დასაჯონ უკრაინისა და აშშ-ის ჯაშუშები. ძნელია ბნელ ოთახში შავი კატის პოვნა, თუმცა რუსი ჩეკისტები ამას მაინც “ახერხებენ”.
2015 წლის თებერვლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ რუსეთის კონტრდაზვერვამ ყველა წინა “რეკორდი მოხსნა” და უკვე ექვსი “ჯაშუშის” გამოავლინა. ჯერ კიდევ გასული წლის მაისში “სახელმწიფო ღალატის” ბრალდებით დაუკავებიათ რუსეთის მოქალაქე, ვინმე გენადი კრავცოვი, რომლის შესახებაც სხვა ინფორმაციას ჯერ-ჯერობით არ ამხელენ. Aასევე 2014 წლის ზაფხულში მოსკოვში “შპიონაჟის” ბრალდებით დააკავეს უკრაინის სამხედრო ქარხანა “ზნამიას” ყოფილი დირექტორი იური სოლოშენკო. რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ტანკერ “კოიდას” მეზღვაური, სერგეი მინაკოვიც უკრაინის სასარგებლოდა ჯაშუშობის
ბრალდებითაა დაკავებული.
განსაკუთრებით კურიოზულია მომდევნო სამი “ჯაშუშის” ისტორია.
ერთი თვის წინ ცნობილი გახდა, რომ დაპატიმრებულია რუსეთის მოქალაქე ვინმე ევგენი პეტრინი, რომელსაც სახელმწიფო ღალატსა და აშშ-ის სპეცსამსახურებთან კავშირში ედება ბრალი. მას 20 წლით პატიმრობა ემუქრება. ამ ისტორიაში ყველაზე კურიოზული ისაა, რომ თავად პეტრინი, რომელიც რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოს სინოდის საერთაშორისო საეკლესიო ურთიერთობათა განყოფილებაში მუშაობდა და გარკვეული პერიოდი კიევში იყო მივლინებული, ამტკიცებს, რომ ის . . . ეფ-ეს-ბეს ოფიცერია და საიდუმლო დავალებით იყო ჩანერგილი რუსეთის საპატრიარქოში.
ამ რამდენიმე თვის წინ დააკავეს რუსეთის ქალაქ ვიაზმის მცხოვრები, შვიდი შვილის დედა, სვეტლანა დავიდოვა. რუსეთის სპეცსამსახურების ინფორმაციით ეს ქალბატონი 2014 წლის აპრილში ტელეფონით დაუკავშირდა მოსკოვში უკრაინის საელჩოს და ვითომდა გადასცა საიდუმლო ინფორმაცია რუსეთის საჯარისო შენაერთების გადაადგილების შესახებ. კერძოდ მას ბრალად წაუყენეს ის ფაქტი, რომ უკრაინის მხარეს განუცხადა, რომ ქალაქ ვიაზმაში მის სახლთან ახლოს მდებარე სამხედრო ნაწილი დაცარიელდა და მისი აზრით ეს სამხედროები შეიძლება დონეცკში იყვნენ გაგზავნილნი სეპარატისტების დასახმარებლად. ამ ფაქტმა თავად რუსეთში და მსოფლიოში დიდი რეზონანსი გამოიწვია, სწორედ ამის შედეგად რისეთის სამართალდამცავები იძულებული იყვნენ ეს ქალბატონი გაენთავისუფლებინათ . . . გაუსვლელობის ხელწერილით. ჯერ-ჯერობით ასევე გაუსლელობის ხელწერილი აკმარეს რუსეთის ფედერალური ბირთვული ცენტრის ყოფილ თანამშრომელს, ამჟამად პენსიონერ ვლადიმერ გოლუბევს, რომელმაც 2013 წლის აპრილში პრაღაში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე წაიკითხა მოხსენება. ბრალდებულის ადვოკატების მტკიცებით მოხსენებაში გამოყენებული იყო მხოლოდ ღია წყაროები, რომლებიც ჯერ კიდევ 1980-90-იან წლებში იყო გამოქვეყნებული. Mმიუხედავად ამისა მეცნიერს ბრალი წაუყენეს სახელმწიფო საიდუმლეობის გაცემის მუხლით და მას ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. რუსეთში გახშირებული სახელმწიფო ღალატის და ჯაშუშობის მუხლით დაკავების ფაქტებმა მას შემდეგ განსაკუთრებით იმატა, რაც 2012 წელს რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ ცვლილება განახორციელა რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსში, კერძოდ 275-ე და 283 მუხლები გამკაცრდა. ამჟამად ყველა ის, ვინც ეჭვმიტანილია უცხო სახელწიფოსთვის, საერთაშორისო ან უცხოური ორგანიზაციისთვის, ან მათი წარმომადგენლებისთვის, კონსულტაციეის გაწევის შემთხვევაშიც კი უმკაცრესად ისჯება. Dდასასრულს არ შეიძლება პარალელი არ გავავლოთ პუტინის ხელისუფლების რეპრესიულ პოლიტიკასა და ცხრა წლის მანძილზე საქართველოში მიმდინარე “ნაციონალების” სადამსჯელო ოპერაციებს შორის. ორივე შემთხვევაში არადემოკრატიული რეჟიმები არარსებული ჯაშუშების გამოვლენითა და დასჯით ცდილობდნენ საკუთარი ძალაუფლების გახანგრძლივებას. ისტორია გვიჩვენებს, რომ XXI საუკუნეში ამგვარი რეპრესიულ რეჟიმებს დიდი ხნით არსებობა არ უწერია.