17.03.2014
წლების მანძილზე ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის რესურსი რეალური მტრების ნაცვლად, პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იხარჯებოდა. საერთოდ ოპერატიული ტექნიკა ძალზე სახიფათო “სათამაშოა”. დემოკრატიის ფლაგმანად წოდებული ქვეყნების სპეცსამსახურებიც დიდი სიამოვნებით უსმენენ სხვა ქვეყნების მოქალაქეებისა და ორგანიზაციების საუბრებს. მაგრამ ჩვენსა და დემოკრატიულ სამყაროს შორის სხვაობა ის არის, რომ თუკი დემოკრატიულ ქვეყნებში უკანონო მოსმენების ამბავი გამჟღავნდება, დამნაშავე აუცილებლად ისჯება და საქმე პრეზიდენტების გადაყენებამდეც მიდის. ჩვენში კი დღემდე უკანონო მოსმენებისთვის სერიოზულად არათუ მინისტრები, განყოფილების სპეციალისტიც არავის დაუსჯია.
მას მერე, რაც საქართველოს უშიშროებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები გაერთიანდა, შსს-ს “ერთი მოსასმენი აპარატი” კი არა, არამედ გაცილებით მეტი ერთეული მოსასმენი სპეცტექნიკა გააჩნია. 2012 წლის ნოემბრამდე შსს-ს სულ მცირე რვა ოპერატიულ დანაყოფს ჰქონდა საკუთარი სპეცტექნიკა. თუ ამას დავუმატებთ საქართველოს დაზვერვის სამსახურის, ფინანსთა, თავდაცვის, იუსტიციის, სამინისტროების და მთავარი პროკურატურის ოპერატიულ-ტექნიკური დანაყოფებს, მაშინ გასაგები გახდება თუ რა რაოდენობის სპეცაპარატურა და რა დონის პოტენციური საფრთხეა საქართველოში.
განვლილ პერიოდში “ნაციონალების” სპეცსამსახურებმა და ძალოვანმა სამინისტროებმა უამრავი მოსასმენი სპეცტექნიკა შეისყიდეს და საჭირო დროს “წარმატებითაც” იყენებდნენ. “სახელმწიფო კანცელარიაში აღმოჩენილი ჯაშუში”, “ოპერაცია ენვერი”, “კოჭოია ტერორისტები”, “ფოტოგრაფების საქმე” – კიდევ მრავალი “საქმის” ჩამოთვლა შეიძლება, რომლებიც საქართველოს სპეცსამსახურებმა “გახსნეს”, ტელევიზიებით გადაცემული “შოუები” მოგონილი სამხედრო ამბოხის, არარსებული ჯაშუშობის და დადგმული ტერაქტების გახსნის “სპეცოპერაციების” შესახებ სწორედ, რომ უკანონო ფარული მიყურადების შემდეგ ხელში ჩაგდებული საუბრების მონტაჟს ეყრდნობოდა. წინა ხელისუფლების დროს გამოყოფილი იყო პოლიტიკური, ეკონომიკური, საზოგადოებრივი და, არ გამოვრიცხავთ, რელიგიური სპექტრი, რომელსაც მუდმივად უსმენდნენ.პერიოდული ფარული მოსმენების კონტიგენტი კი იცვლებოდა კონკრეტული დავალების შესაბამისად. დღეს ამ ჟურნალისტს (პოლიტიკოსს, მსახიობს და ა.შ.) უსმენდნენ, ხვალ სხვას. გააჩნია, თუ რა დავალება წამოვიდოდა “ზემოდან”.
ხშირად ჩვენი სპეცსამსახურები და ძალოვანი უწყებები შიდა ბრძოლებითაც “ერთობოდნენ” კომპრომატებს ერთმანეთზე აგროვებდნენ. წლების განმავლობაში სპეცტექნიკა პირადი ინტერესებისა და კლანური დაპირისპირებისთვის გამოიყენებოდა. ამიტომაც, ამდენი ფარული ჩანაწერებისა და შოუების შემდეგ, საზოგადოებას გაუჩნდა ლეგიტიმური შიში, რომ ყველას უსმენდენ და შემდეგაც მოუსმენენ.
ფარული მოსმენების თემამ არც ოქტომბრის არჩევნებში “ქართული ოცნების” გაიმარჯვების შემდეგ დაკარგა აქტუალობა. ეს, მსოფლიოს მრავალი ქვეყნისთვისაც მტკივნეული საკითხი, ჩვენ საზოგადოებას კვლავაც აღელვებს. დემოკრატიულ ქვეყნებში სპეცსამსახურებს დიდი ბრძოლა უხდებათ. “ნაცმოძრაობის” პერიოდში კი ვინღა ეკითხებოდა მოსამართლეებს?
საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები.
სერიოზულ ცვლილებებს საჭიროებს კანონი “ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ”, სადაც ერთი შეხედვით საკმაოდ ნათლადაა ჩამოყალიბებული სამართლებრივი გარანტიები და კანონი მკაცრად არეგულირებს მოსმენის პროცედურებსაც, მაგრამ ორი ძალზე მნიშვნელოვანი პრობლემა იჩენს თავს: ჯერ ერთი, კანონი ისეა შედგენილი, რომ კარგი მექოთნე ყურს საიდანაც უნდა, იქიდან მიაბამს და მეორე – ხშირად სპეცსამსახურების ბევრი ახალგაზრდა ხელმძღვანელი ვერ უძლებს ცდუნებას და კრიმინალური სამყაროს ნაცვლად ჟურნალისტებს, პოლიტიკურ ოპონენტებს, კონკურენტ ჩინოვნიკებს უსმენს. მით უმეტეს, თუ პასუხს არავინ მოსთხოვს.
ამ კანონით სპეცსამსახურს არა აქვს უფლება, აგენტურა ჰყავდეს პარლამენტსა და პოლიტიკურ პარტიებში, მოისმინოს მათი საუბრები, მაგრამ კანონში ერთი მეტად საინტერესო «ხვრელია». კერძოდ, წერია, რომ მოსმენებისა და აგენტების ჩანერგვის უფლება ზემოხსენებულ უწყებებში არავის აქვს, თუ მათი საქმიანობა არ არის მიმართული სახელმწიფო ინტერესების, ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ. ისმის კითხვა: როგორ გაიგებ ამა თუ იმ პარტიის საქმიანობის მიზნებს და იმას, არის თუ არა მისი საქმიანობა სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული, თუ შიგ აგენტურას არ შეგზავნი და არც ფარულად მოუსმენ?
საკმარისია, ვიღაცამ ანონიმური წერილი დაწეროს, რომ მაგალითად, პარტია «მოდინახეს» საქმიანობა მიმართულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ და აღვივებს შუღლს კახელებსა და იმერლებს შორის, რომ სპეცსამსახურს პარტიის მოსმენის, თვალთვალისა და აგენტურის შეგზავნის უფლება ეძლევა. კანონში არის მოთხოვნა, რომ პირადი და კომერციული ინფორმაცია, რომელიც არ ეხება კონკრეტულ საქმეს, უნდა განადგურდეს, მაგრამ ვინ აკონტროლებს, განადგურდა თუ არა? აქ ხომ დიდია შანტაჟის ცდუნება?! ამას გარდა, როცა მოსმენა ზეპირი ბრძანებით ხდება და დოკუმენტი არ არსებობს, ვერც გავიგებთ, გვისმენენ თუ არა. დღეს მოქმედი კანონით მოსამართლეს კი აქვს უფლება, დაგიკანონოს ან ჩათვალოს, რომ მოსმენა არაკანონიერი იყო. თუმცა ინფორმაცია უკვე მიღებულია. კანონი რომ ზედმიწევნით სრულდებოდეს, სალაპარაკოც არაფერი იქნებოდა. მოსმენის გარდა, არსებობს კიდევ ფარული თვალთვალი, ინფორმაციის მოხსნა კომპიუტერიდან, ელექტრონული წერილების წაკითხვა... უნდა ვაღიაროთ, რომ არავინ იცის, “ნაციონალების” პერიოდში შეძენილი სპეციალური ტექნიკა სათანადოდ იყო, თუ არა აღრიცხული. თუ ყველაფერი, ასე ვთქვათ, დოკუმენტირებულია, ახალი ხელისუფლების პირობებში, უნდა განხორციელდეს მათი ზუსტი აღრიცხვა და ინვენტარიზაცია. რაც მთავარია კანონმდებლობის ფარგლებში უნდა გამკაცრდეს საზოგადოებრივი კონტროლი სპეცსამსახურების, როგორც მთელ საქმიანობაზე, ასევე ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების კანონიერებაზე.