ფარული მოსმენები საბჭოთა იმპერიაში

  ფარული მოსმენების საკითხი უკვე მრავალი წელია მსოფლიო პრობლემადაა ქცეული. უსმენენ ყველას: ცოლებს, ქმრებს, შვილებს, საყვარლებს და საყვარლის საყვარლებს, ოპოზიციას, ბიზნეს კონკურენტებს, მოკლედ მტერ-მოყვარეს. განსაკუთრებით საინტერესოა ვინ-ვის უსმენს და როგორ.                                
  ჩვენი საზოგადოების დიდი ინტერესი ფარული მოსმენების თემისადმი ყოველთვის დიდი იყო, არის და იქნება. “ნაცმოძრაობის” მმართველობის პერიოდში უკანონო ფარული ჩანაწერები და მათი მონტაჟის საფუძველზე აგებული “ტელე-შოუები” ლამის ერთადერთი მტკიცებულება იყო სასამართლო პროცესებზე. წინა ხელისუფლებისთვის მიზანი ამართლებდა საშუალებას. ცხოვრების ამგვარი კრედო და კონკრეტული სამარალდარღვევები სააკაშვილის ხელისუფლებას საბჭოთა კომუნისტური რეჟიმის გვერდით მიუჩენს ადგილს. ქაღალდზე საბჭოთა რეჟიმიც იცავდა დემოკრატიის პრინციპებსა და ადამიანის უფლებებს, რეალობაში კი ბევრს გვახსოვს, თუ რა ხდებოდა.
საბჭოთა კავშირში კა-გე-ბე და შსს უსმენდნენ ყველას და თუ “კრემლის” სანქცია იყო, თვით რესპუბლიკების და ოლქების პირველ პირებსაც კი. დაუწერელი კანონით პარტიული მუშაკის მოსმენა იკრძალებოდა, მაგრამ თუ ის მეგობრობდა ბაზრის დირექტორთან, ცნობილ მეცნიერთან ან მსახიობთან, მაშინ კა-გე-ბე ერთ ეშმაკურ ხერხს იყენებდა _ ის მოსმენაზე რთავდა არა უშუალოდ ოპერატიული დაინტერესების ობიქტს, არამედ მის სამეგობროს და სანათესაოს, რომელთანაც ობიექტს სისტემატური სატელეფონო კონტაქტი ჰქონდა. ამ მეთოდით ბუნებრივია ადრე თუ გვიან ამ პარტიულ მუშაკზეც დაიდებოდა კომპრომატი, რომელსაც საჭირო დროს აუფრიალებდნენ ცხვირწინ ზემდგომი პარტიული ჩინოვნიკები. ფარული მოსმენების ეს სისტემა საბჭოთა დიქტატორმა იოსებ სტალინმა შექმნა.                

             ფარული მოსმენების დიდოსტატი

დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო ისტორიაში არ არსებობდა დიქტატორი, რომელიც სტალინის დარად იყენებდა სპეცსამსახურების შესაძლებლობებს. ჯაშუშობა, დეზინფორმაციის გავრცელება, ფარული მოსმენები და ბოლოს – მისთვის მიუღებელი პოლიტიკური ოპონენტების ლიკვიდაცია, ეს ყველაფერი საბჭოთა დიქტატორის პირადი ძალაუფლების გამყარებას ემსახურებოდა  ისიც უნდა ითქვას, რომ სტალინისთვის მიზნის მისაღწევად არ არსებობდა არც რაიმე სამართლებრივი ან მორალური დაბრკოლება.
  “ვინც ფლობს ინფორმაციას ის ბატონობს სხვებზე”. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ეს ჭეშმარიტება ერთ-ერთმა პირველმა იოსებ სტალინმა გამოიყენა პრაქტიკაში. 1922 წელს საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივნის თავდაპირველად შედარებით უმნიშვნელო პოსტზე დანიშნულმა, მან შემდგომ მდგომარეობა იმით განიმტკიცა, რომ ჯერ პოლიტიკურად, ხოლო შემდეგ კი ფიზიკურად გაანადგურა მოწინააღმდეგენი.  ამ საიდუმლო ოპერაციებში სტალინის მთავარი უპირატესობა ის იყო, რომ ფარულად უსმენდა ოპნენტების სატელეფონო საუბრებს და ადრევე იცოდა მათი მიზან-ზრახვანი.                                            პირველ ეტაპზე, როცა საბჭოთა სპეცსამსახურებს სტალინის კადრები ჯერ კიდევ არ ხელმძღვანელობდნენ, ეს დელიკატური მისია მის ყველაზე ერთგულ თანაშემწეებს ევალებოდათ. თუმცა საკუთარ კაბინეტში მოწყობილი პულტიდან მას თავადაც შეეძლო ქვეყნის იმ უმაღლესი თანამდებობის პირების, მწერლების და ხელოვნების მუშაკების ფარული მოსმენა, რომელთაც ნომენკლატურული თანმდებობების გამო სპეცტელეფონები ედგათ და სპეცატეესიდან ემსახურებოდნენ. სტალინის ერთ-ერთი თანაშემწე ბორის ბაჟანოვი თავად შეესწრო ამგვარ ფაქტს.
 მცირე დოსიე:  ბორის ბაჟანოვი (1900-1982 წწ.) საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს ტექნიკური მდივანი იყო 1923-1927 წლებში და ამ პერიოდში ყოველდღიური შეხვედრები ჰქონდა სტალინთან. ის ამზადებდა პოლიტბიუროს დღის წესრიგს და ხელმძღვანელობდა ყველა ორგანიზავიული საკითხის გადაჭრას. ამიტომაც მას სტალინის სამუშაო კაბინეტში წინასწარი შეთანხმების გარეშე შესვლის უფლება ჰქონდა.                    1928 წლის 1 იანვარს ბორის ბაჟანოვმა არალეგალურად გადაკვეთა სპარსეთის საზღვარი და უცხოეთში გაიქცა. 1929-1930 წლებში საფრანგეთის გაზეთებში იბეჭდებოდა მისი მოგონებები. სტალინი იმდენად ყოფილა დაინტერესებული ამ პუბლიკაციებით, რომ გაზეთს, გამოსვლის დღესვე მოსკოვში უგზავნიდნენ.               ბაჟანოვი თავის მოგონებებში აღწერს ერთ საინტერესო შემთხვევას. სტალინის კაბინეტში მოულოდნელად შესულმა დაინახა, რომ სტალინს ხელში ტელეფონის ყურმილი ეკავა და დაძაბული უსმენდა. გავიდა საკმაო დრო – სტალინი კვლავ უსმენს, თავად კი ხმას არ იღებს. სტალინის მაგიდაზე კი ხელუხლებელი დევს ოთხი ტელეფონი. მათ შორის ერთი, ყველაზე საიდუმლო ე.წ. “ვერტუშკა” (სსრკ პარტიული და სამთავრობო სატელეფონო კავშირის დახურული სისტემა), რომლითაც მხოლოდ 200-მდე აბონენტი სარგებლობდა. მხოლოდ ამის შემდეგ შეამჩნია ბაჟანოვმა, რომ სტალინს სულ სხვა, მეხუთე ტელეფონის ყურმილი ეკავა, რომლის სადენიც სტალინის სამუშაო მაგიდის ერთ-ერთი მოზრდილი უჯრისკენ მიიკლაკნებოდა. ამ დროს სტალინმაც აიხედა და გამგმირავი მზერა მიაპყრო ტექნიკურ მდივანს. ბაჟანოვმა ბოდიში მოიხადა და კაბინეტი დატოვა.                                                                           ბაჟანოვის მტკიცებით სტალინი იმ საიდუმლო ტელეფონით სწორედ ე.წ. “ვერტუშკას” უსმენდა. როგორც შემდეგ გაირკვა ამ ფარული მოსმენების ტექნიკურ მზარეზე პასუხისმგებელი სტალინის სხვა ტექნიკური მდივანი – გრიგორი კანერი ყოფილა. მისი სიტყვებით “ვერტუშკაც” და ფარული მოსმენის აპარატურაც ერთმა ჩეხოსლოვაკიელმა ინჟინერმა დაამონტაჟა, რომელსაც მალევე ჯაშუშობა დააბრალეს და დახვრიტეს.               შემდეგ წლებში “ვერტუშკა” “ვეჩეთი” შეიცვალა  და სტალინის ამგვარ დავალებებს მისი ერთგული სახკომები და მინისტრები: იაგოდა, ეჟოვი, ბერია, მერკულოვი, აბაკუმოვი, კრუგლოვი და იგნატევი ხელმძღვანელობდნენ.       ქვემოთ გვინდა ერთი სრულიად საიდუმლო დოკუმენტის თარგმანი წარმოვადგინოთ, საიდანაც კარგად ჩანს, თუ როგორ მნიშვნელობას ანიჭებდა სტალინი ფარულ სატელეფონო მოსმენებს.
საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარმა ნიკოლაი ეჟოვმა სტალინს სრულიად საიდუმლო მოხსენება გაუგზავნა.
” სკპ(ბ) ცკ-ას მდივან სტალინს
სსრკ შინსახკომი 22 მარტი 1937 წ.  # 56360
 გიგზავნით სახელმწიფო უშიშროების მთავარი სამმართველოსოპერატიული განყოფილების ინჟინერის იგორ ვასილის ძე ვინეცკის დაკითხვის 4 ოქმს.  ვინეცკი სსრკ შინსახკომში  მუშაობდა 1928 წლიდან და საიდუმლო სატელეფონო ტექნიკა, მათ შორის მაღალი სიხშირის “ვჩ”-ს სადგურიც ებარა. ის 1928-1933 წლებში შინსახკომის საიდუმლო მუშაობისთვის საჭირო სატელეფონო მოწყობილობების შეძენის მიზნით არაერთხელ იმყოფებოდა საზღვარგარეთ. 1929 წელს, იმყოფებოდა რა ბერლინში ვინეცკი გადაიბირა გერმანიის სამხედრო დაზვერვამ, რომლის დავალებითაც ასრულებდა სადაზვერვო ხასიათის დავალებებს. ვინეცკი სისტემატურად უსმენდა “ვჩ”-ს ხაზით პარტიისა და მთავრობის ხელმძღვანელების საუბრებს, რომელთა შინაარსს გერმანიის სამხედრო დაზვერვას გადასცემდა მათი აგენტების, ფირმა “სიმენსის” წარმომადგენლების: შვარცის, ბერგმანისა და ერუზალიმ-ვალტერის მეშვეობით.  ყურადღებას იპყრობს ვინიცკის ჩვენება იმის შესახებ, რომ იაგოდას (შინსახკომის ყოფილი უფროსი, იმ პერიოდში საბჭოთა კავშირის კავშირგაბმულობის სახალხო კომისარი ჰენრიხ იაგოდა დააპატიმრეს იმავე წლის 5 აპრილს, ხოლო 1938 წლის 15 მარტს დახვრიტეს  – ბ.ა) სპეციალური დავალებით მან საზრვარგარეთ შეიძინა “ვჩ”-ს ხაზის მოსასმენი განსაკუთრებული აპარატი, რომელიც იაგოდას კაბინეტში იქნა დაყენებული. ეს აპარატი მოხსნილი იყო რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე მე შინაგან საქმეთა სახალხო კომისრად დავინიშნებოდი.              ჩემი არაერთგზის შეკითხვის მიუხედავად ვოლოვიჩი მე მატყუებდა და მარწმუნებდა, რომ იაგოდას მხოლოდ ჩვეულებრივი, საქალაქო სატელეფონო ქსელის მოსასმენი აპარატი ჰქონდა.                                      ვოლოვიჩი დაპატიმრებულია.
სსრკ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი,
სახელმწიფო უშიშროების გენერალური კომისარი ეჟოვი”.

 მოხსენებაზე სტალინის რეზოლუცია იკითხება: "გამომძიებელმა არ იცის საქმე, ის თითქმის პასიურია დაკითხვის დროს. საქმე ძალზე სერიოზულია, გამომძიებელი კი ისე ეკიდება, როგორც ჩვეულებრივ საქმეს”
სტალინის რეზოლუციი შემდეგ ამ საქმის გამომძიებელს კარგი ბედი რომ არ ეწეოდა ეს გასაგებია. თავად ვინეცკი კი 1937 წლის 14 აგვისტოს დახვრიტეს, როგორც გერმანიის ჯაშუში. უშიშროების უფროსი მაიორი (რაც არმიაში პოლკოვნიკის სამხედრო წოდების ტოლფასი იყო) ზახარ ილიას ძე ვოილოვიჩი, რომელიც იმ პერიოდში ოპერატიული განყოფილების უფროსის მოადგილე იყო, დახვრიტეს 1937 წლის 14 აგვისტოს.                 ნიკოლაი ეჟოვის ბედიც კარგადაა ცნობილი – ის 1940 წლის 4 თებერვალს დახვრიტეს.                       მართლაც უსმენდა ფარულად იაგოდა პარტიისა და მთავრობის ლიდერებს და მათ შორის სტალინს, თუ ის, მისი შემცვლელის, ნიკოლაი ეჟოვის ინტრიგებს შეეწირა?  დღევანდელი გადასახედიდან ძნელი დასადგენია ამ კონკრეტულ შემთხვევაში რა ფაქტორმა ითამაშა სტალინისთვის გადამწყვეტი როლი: იმან რომ ჰენრიხ იაგოდა (რომელმაც ბევრი მისი დავალება უკვე შეასრულა და ძალზე ბევრი საიდუმლო იცოდა) უკვე მოსაცილებელი იყო, თუ იმ ფაქტმა, რომ ვიღაცამ მას მონოპოლია წაართვა და მისი ნებართვის გარეშე ფარულ სატელეფონო მოსმენებს ახორციელებდა?                            
დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ საბჭოთა კავშირის საგარეო-პოლიტიკური კურსის ფორმირებაში ფარულ მოსმენებს დიდი ადგილი ეკავა. 1922 წლიდან მოყოლებული მოსკოვში განლაგებული სხვადასხვა ქვეყნების საელჩოების შენობა-ნაგებობები (როგორც სამუშაო კაბინეტები, ასევე საცხოვრებელი ბინები და დასასვენებელი ოთახები) მოსასმენი აპარატურით იყო აღჭურვილი. ბუნებრივია ისმინებოდა მათი სატელეფონო საუბრებიც. დოკუმენტური წყაროები და მემუარული ლიტერატურა ადასტურებს, რომ საერთაშორისო კონფერენციებზე (თეირანი, იალტა და პოტსდამი) ფარული მოსმენები სტალინის უშულაო დავალებით ხორციელდებოდა.