რუსეთის იმპერიული ამბიციები

 

ბესიკ ალადაშვილი, 20.03.2014.


უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ რუსეთის უმთავრესი პრობლემა, ისტორიულად და ამჟამადაც, მისი იმპერიული ამბიციებია. ეს ქვეყანა ყოველთვის ძნელად და “დიდი ტკივილებით” თმობს იმპერიულ აზროვნებას და მესიანურ როლზე პრეტენზიას, არა მარტო სლავურ სამყაროში, არამედ მისი უახლოესი მეზობლების მიმართაც.  “ეს არს ჩვენი ბოლო და გადამწყვეტი ბრძოლა” _ ეს ციტატა “კომუნისტური ინტერნაციონალიდან” რუსეთის ხელისუფლების შინაგან ლოზუნგად და ფარულ მანიფესტად არის ქცეული. თუ დავაკვირდებით ამ მოწოდებით სულდგმულობდა რვა ათეული წლის მანძილზე სახელწოდებით საბჭოთა, ხოლო შინაარსით რუსეთის იმპერია. ამჟამადაც რუსეთი ცდილობს ყველანაირი, დაშვებული თუ მიუღებელი ხერხებითა და მეთოდებით იბრძოლოს საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების რეალიზაციისთვის. ეს დადებით ფაქტად მანამდე შეიძლება დარჩეს, სანამ სხვა ქვეყნების ეროვნულ უსაფრთხოებას არ “დაეჯახება”. შემდეგ კი რუსეთის ეს სტრატეგია უკვე იმპერიული პოლიტიკის მექანიზმად იქცევა.                                                                საგარეო პოლიტიკაში რუსეთი ყოველთვის უფრო “სტაიერია”, ვიდრე “სპრინტერი”. ეს ქვეყანა ხანგრძლივ ისტორიულ პერიოდებზე გათვლილ პოლიტიკას აწარმოებს, რაც არამარტო მისი უზარმაზარი და უკიდეგანო ტერიტორიით, არამედ უკვე მოსახლეობისა და ხელისუფლების მენტალიტეტით იყო და არის განპირობებული. საუკუნეების მანძილზე განვითარდა და ჩამოყალიბდა საკმაოდ საინტერესო ფენომენი _ ერთი შეხედვით მოუხეშავი და “ბუნჩულა დათვის” ვერაგობა და ეშმაკობა”, როცა შეიძლება დაიხიო უკან, დამარცხდე და დათმო ცალკეული ბრძოლა, მაგრამ მოიგო ომი. გავიხსენოთ თუნდაც ნაპოლეონისა და ჰიტლერის დამარცხება უკვე წაგებულ ომებში.

               რად უნდა მგელს ცხვრის ქურქი?

 პუტინის პრეზიდენტობისას მალევე გამოიკვეთა რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი ტენდენცია _ მისი გეოპოლიტიკური ინტერესები უფრო გაცხადდა, უფრო აგრესიული გახდა და ელცინისა და “ადრინდელი პუტინის” პერიოდისთვის დამახასიათებელი “სიმორცხვე” დაკარგა. რუსეთი უკვე აღარ თამაშობს ცხვრის ქურქში გახვეული მგლის როლს. ეს მას აღარ სჭირდება. მის ქმედებებში მგლურმა ინსტიქტმა იმძლავრა და მოჩვენებითი წესიერება რაღად უნდა? მსოფლიო არენაზე ის უკვე ღიად აცხადებს –“მსურს ამ რეგიონში ჩემი სტრატეგიული ინტერესები დავაფიქსირო, მსურს ამა და ამ ქვეყანში მყავდეს მოკავშირე (რეალურად მარიონეტი  _ ბ.ა.) ხელისუფლება. ამას მივაღწევ ჩემს ხელთ არსებული ყველა (იგულისხმება: ეკონომიკური, პოლიტიკური, სამხედრო, სპეცსამსახურების და ა.შ. – ბ.ა.) ღია თუ ფარული ბერკეტით”.  სამწუხაროდ დასავლეთმა დროულად ვერ მოთოკა რუსეთის იმპერიული ამბიციები, რისი აშკარა ნიშნები ჯერ კიდევ 2000 წლების დასაწყისიდან უკვე სახეზე იყო (თუნდაც რუსული პასპორტების დარიგება აფხაზეთსა და სამაჩაბლოში), დღეს კი, ამ შეცდომის შედეგებს ვიმკით.